Facebook Twitter

საქმე # 330100124009017503

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1264აპ-24 ქ. თბილისი

ხ–ე გ., 1264აპ-24 21 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 სექტემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ივნისის განაჩენით გ. ხ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 (ორი ათასი) ლარი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 2 (ორი) წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

გაუქმდა გ. ხ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.

2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ გ. ხ–მ ჩაიდინა, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:

2020 წლის 16 ოქტომბერს, შპს ,,მ–ს“ და ხ. ხ–ს შორის გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,მ–მ“ ნ. კ–სგან შეიძინა ,,ჰონდა ფიტის’’ (HONDA FIT) მარკის ავტომობილი (სახელმწიფო ნომრით – ........), რაც სარგებლობაში, გამოსყიდვის უფლებით გადაეცა ლიზინგის მიმღებ, ხ. ხ–ს. ამავე დღეს სოლიდარულ თავდებად განისაზღვრა გ. ხ–ე და აღნიშნულ ავტომობილზე გადაეცა მართვის უფლება. გ. ხ–მ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა კომპანიის კუთვნილი ავტომობილი, რომელიც მის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა და განკარგა პირადი შეხედულებისამებრ. ვინაიდან, 2023 წლის 30 ოქტომბერს, შპს ,,მ–ს“ პრობლემური აქტივები გადაეცა შპს ,,....ას“, გ. ხ–ს დანაშაულებრივი ქმედებით, დაზარალებულ კომპანიას მიადგა 7.500 ლარის, მნიშვნელოვანი ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ნათია ჩუბინიძემ, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ნათია ჩუბინიძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ გ. ხ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, თავისუფლების აღკვეთის სახით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. განსახილველ შემთხვევაში პროკურორი ასაჩივრებს მხოლოდ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის სახესა და ზომას. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რისი მხედველობაში მიღებითაც არ გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა და უცვლელად დატოვა გ. ხ–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

9. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ – შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის, მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობით ვლინდება.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (გ. ხ–ე წარსულში არ არის ნასამართლევი, მზადყოფნას გამოთქვამს ზიანის ეტაპობრივად ანაზღაურებაზე, კმაყოფაზე ჰყავს მცირეწლოვანი შვილები), პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდავოდ გახადა, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას) და დამამძიმებელი (არ გააჩნია) გარემოებები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, გ. ხ–ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი – ჯარიმა. მსჯავრდებულ გ. ხ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელი არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება, მათ შორის − საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულზე. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, ამნისტია არ ვრცელდება ჯარიმის სახით შეფარდებულ სასჯელზე.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი