საქმე N 170100124008973828
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1068აპ-24 ქ. თბილისი
ჯ–ი გ., 1068აპ-24 3 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აგვისტოს განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ონისე თუთისანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ონისე თუთისანმა – რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, გ. ჯ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) მისთვის წარდგენილ ბრალდებებში და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რამეთუ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით – დაზარალებულის ,,112-სთვის“ შეტყობინების ჩანაწერით; ალკოტესტის ოქმით; ვითარების აღდგენის მიზნით, დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; საგამოძიებო მოქმედების დროს ამოღებული დეფორმირებული სკამითა და მოწმეების: ლ. ხ–ს, მ. გ–ს, ე. ა–ს, ა. ა–სა და ლ. მ–ს ჩვენებებით –უტყუარად დასტურდება მისი ბრალეულობა.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ჯ–ს, – დაბადებულს ....., – ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2 ეპიზოდი, მათ შორის, ერთი – გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (3 ეპიზოდი, მათ შორის, ერთი – გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით), რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2024 წლის 1 იანვარს, საღამოს, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში, გ. ჯ–სა და თ. ო–ს საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა გ. ჯ–მა, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, თვლიდა რა, რომ ქალს არ აქვს ქმრის საუბარში ჩარევისა და მისთვის „ჭკუის სწავლების“ უფლება, არასრულწლოვანი შვილების – 15 წლის მ. ჯ–სისა და 6 წლის გ. ჯ–ს – თანდასწრებით, ესროლა სკამი მასთან არარეგისტირებულ ქორწინებში მყოფ მეუღლეს – თ. ო–ს – რომელიც მოატყა მას და დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. 2024 წლის 1 იანვარს, საღამოს, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში, გ. ჯ–სა და თ. ო–ს საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალი გ. ჯ–ი გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, თვლიდა რა, რომ ქალს არ აქვს ქმრის საუბარში ჩარევისა და მისთვის „ჭკუის სწავლების უფლება“, სიტყვებით: „ – ეხლა მოგკლავ, ყელს გამოგჭრი“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტირებულ ქორწინებში მყოფ მეუღლეს – თ. ო–ს – რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.3. 2024 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით, 17:00 საათზე, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში, გ. ჯ–სა და თ. ო–ს საცხოვრებელ სახლში, თ. ო–ს დედისა და ძმის მიერ კ–დან თანხის გამოგზავნასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ალკოჰოლით მთვრალი გ. ჯ–ი სიტყვებით: „– სამართებლით გამოგჭრი ყელს, მოგკლავ, დაგმარხავ“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტირებულ ქორწინებში მყოფ მეუღლეს – თ. ო–ს – რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.4. 2024 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით, 17:00 საათზე, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში, გ. ჯ–სისა და თ. ო–ს საცხოვრებელ სახლში, თ. ო–ს დედისა და ძმის მიერ კანადიდან თანხის გამოგზავნასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ალკოჰოლით მთვრალმა გ. ჯ–მა, არასრულწლოვანი შვილების – 15 წლის მ. ჯ–ს და 6 წლის გ. ჯ–ს – თანდასწრებით, სახესა და თავში დაარტყა ხელი მასთან არარეგისტირებულ ქორწინებში მყოფ მეუღლეს – თ. ო–ს – რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.5. 2024 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით, 18:45 საათზე, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში, გ. ჯ–სა და თ. ო–ს საცხოვრებელ სახლში, თ. ო–ს მიერ გ. ჯ–ს ძალადობის გამო პოლიციისთვის მიმართვაზე გაბრაზებული, ალკოჰოლით მთვრალი გ. ჯ–ი სიტყვებით: „ – თუ პოლიციაში ნამდვილად დარეკე, სულერთია, ჩემი ხელით მოკვდები, სადაც იქნები, იქ მოგაგნებ და მოგკლავ!“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – თ. ო–ს – რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. გ. ჯ–ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი).
4. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ივნისის განაჩენით გ. ჯ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
5. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ონისე თუთისანმა – რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, გ. ჯ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) მისთვის წარდგენილ ბრალდებებში.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აგვისტოს განაჩენით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადგინდა გ. ჯ–სის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ: დაზარალებულმა თ. ო–მ და არასრულელოვანმა მოწმემ – მ. ჯ–მა – სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები გ. ჯ–ს წინააღმდეგ, ხოლო არასრულწლოვანი მოწმის – გ. ჯ–ს დაკითხვაზე უარი განაცხადა მისმა კანონიერმა წარმოადგენელმა, ამავდროულად გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმეების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას მიწოდებული ინფორმაცია, ისევე, როგორც – საგამოძიებო ექპსერიმენტის ოქმი, რომელიც, თავის მხრივ, არსებითად დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას მიცემული ჩვენებების შინაარსის შემცველია, დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებულ სკამთან მიმართებით, რომელზეც ასევე აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, თ. ო–მ მიუთითა, რომ გ. ჯ–მა მოჰკიდა ხელი რკინის სკამს და ესროლა მას, თუმცა სკამი ოდნავღა მოხვდა ფეხზე, ვინაიდან მათი არასრულწლოვანი შვილი – 15 წლის მ. ჯ–ი – გადაეფარა, შესაბამისად, ძირითადად, ბავშვს მოხვდა ფეხის არეში, შემდეგ კი – კედელს, რის გამოც, დეფორმირდა; დაზარალებულის მიერ ,,112-სთვის“ შეტყობინების ჩანაწერით შეუძლებელია გ. ჯ–სათვის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალადშერაცხილი ქმედებების უტყუარად დადგენა, რამეთუ ოპერატორის შეკითხვაზე: „ – რა ხდება მისამართზე? ზუსტად რომ მომიყვეთ“, თ. ო–ს პასუხობს „ – რა ვიცი, დათვრა მეუღლე და ძაან ის არი... ძალა... ძალადობს, აფორიაქებული არის, ცოტა მინდა, რომ მოვიდეს აზრზე“; ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და თ. ო–ს ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით, დადგინდა, რომ თ. ო–ს გ. ჯ–ს ქმედებებით ფსიქოლოგიური ტანჯვა არ განუცდია. სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული თ. ო–ს გამოკითხვის ოქმის შინაარსი და მის მიერ კლინიკური საუბრისას გადმოცემული ინფორმაცია ერთმანეთთან წინააღმდეგობრივია. გამოკვეთილია თ. ო–ს არამყარი, ლაბილური მდგომარეობა და ამით გამოწვეული იმპულსური ქცევა; მოწმეების – ლ. ხ–ს, მ. გ–ს, ე. ა–ს, ა. ა–სა და ლ. მ–ს ჩვენებები ირიბია და გამომდინარე იქიდან, რომ ინფორმაციის წყაროს დაკითხვა სასამართლოში არ მომხდარა, შეუძლებელია მათი მონათხრობის საფუძველზე ფაქტების სარწმუნოდ დადგენა. შესაბამისად, ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუსლურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში ვერ წარმოადგინა უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გ. ჯ–სათვის წარდგენილი ბრალდებების გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად.
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ონისე თუთისანის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი