საქმე N 330100122006056787
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1149აპ-24 ქ. თბილისი
წ–ი ნ., 1149აპ-24 19 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 სექტემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. წ–ს ბრალად ედება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი), დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2022 წლის 15 თებერვალს, დილის საათებში, თ–ში, ......-ში ნ. წ–მა, არასრულწლოვანი შვილიშვილების თანდასწრებით, მეუღლის მშობელს – გ. გ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, საოჯახო დანის ტარი 3-4-ჯერ ჩაარტყა თავში, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ü 2022 წლის 15 თებერვალს, დილის საათებში, თ–ში, მ–ში, კორპუსი №.. , ბინა №..-ში, ნ. წ–ი მეუღლის მშობელს – გ. გ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ü 2022 წლის 23 თებერვალს, დილის საათებში, თ–ში, .....ში, ..... გამზირზე ნ. წ–მა მეუღლის მშობელს – გ. გ–ს, აპლიკაცია „მესენჯერის“ მეშვეობით მისწერა მოკლეტექსტური შეტყობინება და დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით. დაზარალებულმა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივნისის განაჩენით ნ. წ–ი, – დაბადებული .. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2022 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი).
ნ. წ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და, საბოლოოდ, ნ. წ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 400 (ოთხასი) საათით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2022 წლის 26 თებერვლიდან 2022 წლის 28 თებერვლის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდა და განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 385 (სამას ოთხმოცდახუთი) საათით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახლად დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი და, საბოლოოდ, ნ. წ–ს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 385 (სამას ოთხმოცდახუთი) საათით და ჯარიმა – 500 (ხუთასი) ლარი.
ნ. წ–სის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა და გირაოს სახით გადახდილი თანხა, 3000 (სამი ათასი) ლარი – უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
მსჯავრდებულ ნ. წ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალა, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. ამასთან, მსჯავრდებულის მიმართ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ნ. წ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2022 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი) და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ნ. წ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2022 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი) და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, შემდეგი საფუძვლებით: კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ, ნაწილობრივ, სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები; პროკურორის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა – დაზარალებულის ჩვენება და მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ადასტურებს მუქარის ჩადენის ფაქტს 2022 წლის 15 თებერვლის ეპიზოდშიც; ბრალდების მხარეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათის გათვალისწინებით, მის მიმართ შეფარდებული არასაპატიმრო სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ნ. წ–ს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებას, განსხვავებით ბრალდების დანარჩენი ეპიზოდებისგან, კერძოდ:.
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისათვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება. ამდენად, მუქარის შემადგენლობა სახეზე გვაქვს მაშინ, როცა პირი კონკრეტულ ადამიანს დაემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით და ეს მუქარა ადამიანს გაუჩენს მუქარის აღსრულების საფუძვლიან შიშს. აქედან გამომდინარე, მუქარა მატერიალური შემადგენლობის დანაშაულია, რომლისთვისაც აუცილებელია, მუქარის შედეგად პირს გაუჩნდეს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო თუ მუქარას ამგვარი შიში არ გამოუწვევია, ასეთ დროს დანაშაულის შემადგენლობა სახეზე არ გვექნება.
10. მოცემულ შემთხვევაში, მუქარის, 2022 წლის 15 თებერვლის ეპიზოდთან მიმართებით, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს ერთადერთი მტკიცებულება, დაზარალებულ გ. გ–ს ჩვენების სახით. სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც მუქარის ფაქტს დაადასტურებდა, საქმის მასალებში არ მოიპოვება. საყურადღებოა დაზარალებულის ჩვენების შინაარსიც, კერძოდ, გ. გ–მ განმარტა, რომ 2022 წლის 15 თებერვალს, ნ. წ–მა დაუწყო ჩხუბი და სახლიდან გაგდება, რა დროსაც სამზარეულო ოთახში საოჯახო დანის ტარი 3-4-ჯერ ჩაარტყა თავში, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამასთან, იგი ემუქრებოდა ყელის გამოჭრით, მაგრამ არ იცის, იმ დროს რას განიცდიდა, ვინაიდან არ იცის, რამდენად აღასრულებდა ის მუქარას. მუქარა ბევრნაირია, როცა ადამიანს დანაც უჭირავს, მისთვის ეს მუქარა მიუღებელი იყო და მაგ დროს არც იცის, განიცდიდა თუ არა რაიმეს, შესაძლოა, მოულოდნელობისგან შიშიც ყოფილიყო, არ იცის.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ დაზარალებულის ჩვენებით უტყუარად არ იკვეთება მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი სავალდებულო ელემენტის – მუქარის შედეგად დაზარალებულის მიერ, მისი აღსრულების საფუძვლიანი შიშის განცდის ფაქტი, რაც, როგორც უკვე აღინიშნა, ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტი ფაქტორია. ამდენად, ბრალდების მხარემ მითითებულ ეპიზოდში ვერ შეძლო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.
12. საკასაციო სასამართლო სასჯელთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ნ. წ–ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
13. აქვე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის (ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე) შესაბამისად, ნ. წ–ს მიმართ გასაჩივრებული განაჩენით შეფარდებულ სასჯელზე, ამნისტიის შესახებ კანონით გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება, ვინაიდან მან ჩაიდინა ოჯახური დანაშაულები. ამავე კანონის ამავე მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით, ამნისტიის კანონი ასევე არ ვრცელდება ნ. წ–სის მიმართ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის განაჩენით შეფარდებულ სასჯელზე – ჯარიმაზე.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი