Facebook Twitter

საქმე # 140100122005777822

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1001აპ-24 ქ. თბილისი

ბ. ი. 1001აპ-24 16 იანვარი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 ივლისის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ი. ბ–ს - პ/ნ ........, - ბრალად ედებოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 3 აპრილს, დღისით, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქ–ში მდებარე, მათსავე საცხოვრებელი სახლის ეზოში, საყოფაცხოვრებო საკითხზე განაწყენებული ი. ბ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლის მშობელს - ი. ბ–ს. კერძოდ: უთხრა, რომ ბენზინს მიასხამდა და დაწვავდა, მოაჭრიდა თავს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის განაჩენით:

2.1. ი. ბ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

2.2. გამართლებულ ი. ბ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

3. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანნა ცაგურიამ და მოითხოვა ი. ბ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანნა ცაგურია ითხოვს ი. ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის შესაბამისი, მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ი. ბ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის შესაბამისი, მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ გორის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი ბრალდების მხარის არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

10. ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ხოლო, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ი. ბ–ის მიერ წარმოთქმული მუქარა („ბენზინს მოგასხამ და დაგწვავ“, ასევე „შენ თუ თავი არ მოგაჭრა აი ვნახოთ“) დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა ი. ბ–ის მიერ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

11. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ ი. ბ–ისა და მოწმეთა: თ. ბ–ს, რ. მ–სა და გ. პ–ს ჩვენებებს, რომლითაც დგინდება, რომ ი. ბ–ი დაემუქრა („ბენზინს მოგასხამ და დაგწვავ“, ასევე „შენ თუ თავი არ მოგაჭრა აი ვნახოთ“) ი. ბ–ს, თუმცა დაზარალებულმა ი. ბ–მა, მისივე განმარტებით, მუქარის განხორციელების რეალურობა დაუკავშირა სხვა პირის (ი. ბ–ის ბიძის) – ძალადობისაკენ მიდრეკილების ფაქტს და არა თავად ი. ბ–ის რაიმე ქმედებას/პიროვნებას (რაც დაზარალებულს აფიქრებინებდა, რომ ი. ბ–ი მის მიმართ განხორციელებულ მუქარას შეასრულებდა).

12. იმავდროულად, სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი მოპოვებულია კანონის არსებითი დარღვევით და სასამართლო მოკლებულია მისი გაზიარების შესაძლებლობას. კერძოდ, 2022 წლის 5 აპრილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დათვალიერებულ იქნა თ. ბ–ს მიერ წარდგენილი ტელეფონი. დათვალიერებისას განხორციელდა 2022 წლის 3 აპრილის 12:45 საათზე გადაღებული ვიდეოფაილის დათვალიერება და ასევე – მისი ვიდეოგადაღება მობილური ტელეფონით, რაც ჩაიწერა CD დისკზე (იხ.. ტ.1 ს.ფ. 59-60).

12.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ კომპიუტერული მონაცემის (ვიდეოფაილის) მოპოვება და სისხლის სამართლის საქმეზე დართვა განხორციელდა საქართველოს სსკ-ის 136-ე მუხლით დადგენილი წესის დაუცველად. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დათვალიერებისას კომპიუტერულ სისტემაში არსებული მონაცემების ვიდეოგადაღება (ბრალდების მხარემ გადაიღო მისთვის საინტერესო ვიდეოჩანაწერი და დაურთო სისხლის სამართლის საქმეს) ვერ შეცვლის ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვას საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლით დადგენილი წესით. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება განხორციელდა საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დაუშვებელია მისი გამოყენება მსჯავრდებისათვის (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 10 აგვისტოს N670აპ-22 განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბრის N909აპ-22 განჩინება).

13. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

14. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 ივლისის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე