ბს-263-206-კ-05 27 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 18 ივლისს ბ. ჭ-ემ წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა და აღნიშნა, რომ 1944 წელს დედ-მამასთან ერთად იძულებით, ყოველგვარი ბრალის წაყენების გარეშე, გადაასახლეს Qჭიათურის რაიონის სოფ. ... (ეწერი) ახალციხის რაიონში.
“საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” 1997წ. 12 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 და მე-3 მუხლებით, მე-4 მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-6 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვდა მისი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით ბ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა 2003წ. 16 მაისს განცხადებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს და აღნიშნა, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი წარმოადგენს დაინტერესებულ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის ძირითადი ფუნქციაა დანიშნოს, გადაიანგარიშოს და დირიცხოს სახელმწიფო პენსიები კანონმდებლობის შესაბამისად. ფონდი არ იყო მიწვეული ზემოაღნიშნული საქმის განხილვაში. გამომდინარე აქედან, სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტისა და 426-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს მოითხოვოს ბ. ჭ-ის პოლიტრეპრესირებულად აღიარების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ამასთან, განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ბ. ჭ-ის ოჯახის ჭიათურის რაიონიდან ახალციხის რაიონში ჩასახლებას პოლიტიკური მოტივი არ ჰქონია და ასეთის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 ივლისის განჩინებით სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის განცხადება დაკმაყოფილდა. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 1 აგვისტოს გადაწყვეტილება გაუქმდა და იმავე სასამართლოს 2003წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ჭ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 ნოემბრის განჩინებით ბ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 იანვრის გადაწყვეტილებით ბ. ჭ-ის სასარჩელო განხცადება არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით კვლავ გაასაჩივრა ბ. ჭ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 აპრილის გადაწყვეტილებით ბ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 იანვრის გადაწყვეტილება, იმავე რაიონის სასამართლოს 2003წ. 28 მაისისა და 2003წ. 10 ივლისის განჩინებები. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის განცხადება წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 1 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 1 აგვისტოს გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 1 აგვისტოსა და 2002წ. 14 იანვრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 1 ოქტომბრის განჩინებით სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 24 იანვრის განჩინებით ბ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 იანვრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა. ამავე კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება ასევე კონკრეტული დანაშაულისათვის ბრალის წაუყენებლად გადასახლებული ან სპეციალურ დასახლებაში გაგზავნილი პირი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება დაკავშირებულია პოლიტიკური მოტივით განხორციელებულ იძულების ფორმებთან. საქმეში არსებული არქივის ცნობით კი არ დასტურდება ბ. ჭ-ის ოჯახის პოლიტიკური მოტივით ახალციხის რაიონში გადასახლება. ამდენად, ბ. ჭ-ის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ის 426-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ერთი თვის ვადაში უნდა იქნეს შეტანილი და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების შესახებ. ვინაიდან, ერთიან სახელმწიფო ფონდს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ 2003წ. 10 აპრილს ეცნობა, შესაბამისად, გასაჩივრების ვადა 2003წ. 10 მაისს გავიდა, მან კი განცხადება ფოსტას 2003წ. 6 მაისს ჩააბარა. ამდენად, განცხადება ვადის დაცვით იყო შეტანილი.
აღნიშნული განჩინება ბ. ჭ-ემ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულება, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ბ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 24 იანვრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
ვინაიდან კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგს:
პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება დაკავშირებულია პოლიტიკური მოტივით განხორციელებულ იძულების ფორმებთან. საქმეში არსებული არქივის ცნობით კი არ დასტურდება ბ. ჭ-ის ოჯახის პოლიტიკური მოტივით ახალციხის რაიონში გადასახლება, პირიქით, მოქალაქეთა გადასახლება ადიგენისა და სხვა რაიონებში საქართველოს სსრ სახკომსაბჭოსა და საქართველოს კპბ ცენტრალური კომიტეტის 1944წ. დეკემბრის “ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის რაიონების დასახლების ღონისძიებათა შესახებ” დადგენილების შესაბამისად ხორციელდებოდა. ჩასახლება ხდებოდა მცირემიწიანი და მოუსავლიანი მიწებიდან. ჩატარდა კოლმეურნეობათა საზოგადოებრივი კრებები, ყველა კოლმეურნე გაეცნო ჩასახლების პირობებს და სურვილი გამოთქვეს, ახალციხის რაიონში ჩასახლებულიყვნენ.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა, სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დასახლების ადგილებში, საცხოვრებელი ადგილიდან გამოსახლება. ამავე კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება ასევე კონკრეტული დანაშაულისათვის ბრალის წაუყენებლად გადასახლებული ან სპეციალურ დასახლებაში გაგზავნილი პირი. ბ. ჭ-ე კი არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებულ პირს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ ემყარება 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტს, განცხადების შეტანის ვადა იწყება იმ დღეს, როცა მხარეს ეცნობა იგი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამასთან, საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სსკ-ის 426-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ერთი თვის ვადაში უნდა იქნეს შეტანილი და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების შესახებ. ვინაიდან ერთიან სახელმწიფო ფონდს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ 2003წ. 10 აპრილს ეცნობა, შესაბამისად, გასაჩივრების ვადა 2003წ. 10 მაისს გავიდა, მან კი განცხადება ფოსტას 2003წ. 6 მაისს ჩააბარა. ამდენად, განცხადება ვადის დაცვით იყო შეტანილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ბ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 24 იანვრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.