Facebook Twitter

საქმე # 330100124009026072

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1034აპ-24 ქ. თბილისი

ნ. ე. 1034აპ-24 20 იანვარი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ნ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. თ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ე. ნ–ს – პ/ნ ........... – ბრალად ედებოდა:

1.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის 27 იანვარს, ქ. თ–ში, სოფელ ფ–ში, ტყეპარკის მიმდებარედ, ე. ნ–მა უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინი – წონით 0,1321 გრამი უკანონოდ გაასაღა ჩ. ა–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ;

1.2. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება (ორი ეპიზოდი), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის 30 იანვარს, ქ. თ–ში, სოფელ ფ–ში, ა–ს ქუჩაზე, ე. ნ–მა უკანონოდ შეძენილი და შენახული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინი – წონით 0,48969 გრამი, უკანონოდ გაასაღა ჩ. ა–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა;

2024 წლის 31 იანვარს, ქ. თ–ში, სოფელ ფ–ში, ა–ს ქუჩაზე, ე. ნ–მა უკანონოდ შეძენილი და შენახული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინი – წონით 0,35662 გრამი, უკანონოდ გაასაღა ჩ. ა–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილის განაჩენით: ე. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის 30 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

2.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის 30 იანვრის ეპიზოდი) – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.3. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ე. ნ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.5. ე. ნ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან – 2024 წლის 21 თებერვლიდან;

2.6. ე. ნ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 წლით; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 წლით; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 წლით; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 წლით; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 15 წლით; ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 წლით; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 წლით.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდებულ ე. ნ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. თ–მ და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის – 12 წლით თავისუფლების აღკვეთის – ¼-ის პირობით მსჯავრად ჩათვლა და საბოლოოდ, ე. ნ–ისათვის სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. ნ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. თ–მ, რომელიც ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, ე. ნ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას და დანიშნული სასჯელის – 12 წლით თავისუფლების აღკვეთის – ¼-ის პირობით მსჯავრად ჩათვლას და საბოლოოდ, ე. ნ–ისათვის სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს ე. ნ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ე. ნ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

10. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილი – თავისუფლების აღკვეთას ვადით თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, ე. ნ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი ზომა (ე. ნ–ისათვის მსჯავრად შერაცხილი დანაშაულები სასჯელის სახით ითვალისწინებს უალტერნატივოდ თავისუფლების აღკვეთას), რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ე. ნ–ი არ არის ნასამართლევი, სასამართლოში საქმის განხილვისას აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და მსჯავრდებულს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, მინიმალური ხანგრძლივობით (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა).

12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის თაობაზე და ითვალისწინებს, რომ კანონმდებელი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობად იმპერატიულად ადგენს შემდეგი გარემოებების კუმულაციურად არსებობას (რაც მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება): ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ დანაშაულის აღიარებას (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელებასა და გამოძიებასთან თანამშრომლობას. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულმა ე. ნ–მა წინასასამართლო სხდომაზე (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 აპრილის სხდომის ოქმი 11:19:19-11:19:20) და საქმის არსებითი განხილვისას (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმი 11:25:19-11:27:49) აღიარა ჩადენილი დანაშაულები, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე არ გახადა მტკიცებულებები სადავოდ. სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულს არ უთანამშრომლია გამოძიებასთან – ე. ნ–მა გამოძიების ეტაპზე გამოიყენა დუმილის უფლება (იხ: 2024 წლის 22 თებერვლის გამოკითხვის ოქმი ტ.1, ს.ფ. 162-165). სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს მსჯავრდებულის დაკავებამდე ჰქონდათ როგორც იდენტიფიცირებული წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია ე. ნ–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და მისი გასაღების შესახებ, ასევე – აღნიშნულის დამადასტურებელი ნივთმტკიცებები მოპოვებული საკონტროლო შესყიდვისა და ვიზუალური კონტროლის განხორციელების შედეგად. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები.

13. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4, მე-5 ან მე-7 ნაწილით.

13.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ე. ნ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის სასჯელი განსაზღვრული აქვს დანაშაულთა იდეალური ერთობლიობის წესით და შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მის მიმართ გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

15. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

17. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ნ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. თ–ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე