Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №1057აპ-24 თბილისი

ჩ-ი ლ., 1057აპ-24 21 იანვარი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ. ჩ-ს ბრალად დაედო:

· გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი);

· გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი – სამი ეპიზოდი).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

o ლ. ჩ-ი გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილ მეუღლე მ. გ-ეს მიიჩნევდა პირად საკუთრებად და მისი პირადი ცხოვრების გაკონტროლების უფლება იყო თავისი, როგორც მამაკაცის უფლება. ამის გამო ლ. ჩ-ი მ. გ-ეს, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლიდან განქორწინებულნი იყვნენ, მუდმივად მოუწოდებდა, არ შეექმნა ახალი ოჯახი და თუ სხვას გაჰყვებოდა ცოლად, აუცილებლად მოკლავდა ქმართან ერთად. აღნიშნული მოსაზრების გამო, 2022 წლის მაისში (ზუსტი რიცხვი უცნობია), დღის საათებში, ხ-ში, ბ-ის ქუჩაზე, ლ. ჩ-ი ავტომობილის საჭესთან მყოფ ყოფილ მეუღლე მ. გ-ეს, მათი არასრულწლოვანი შვილის – 2011 წლის 22 სექტემბერს დაბადებული ნ. ჩ-ის – თანდასწრებით, კარის ჩამოწეული მინიდან ხელით თმაში სწვდა და ძლიერად მოჰქაჩა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

o ლ. ჩ-ი გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილ მეუღლე მ. გ-ეს მიიჩნევდა პირად საკუთრებად და მისი პირადი ცხოვრების გაკონტროლების უფლება იყო თავისი, როგორც მამაკაცის უფლება. ამის გამო ლ. ჩ-ი მ. გ-ეს, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლიდან განქორწინებულნი იყვნენ, მუდმივად მოუწოდებდა, არ შეექმნა ახალი ოჯახი და თუ სხვას გაჰყვებოდა ცოლად, აუცილებლად მოკლავდა ქმართან ერთად. აღნიშნული მოსაზრების გამო, 2022 წლის მაისში (ზუსტი რიცხვი უცნობია), დღის საათებში, ხ-ში, ბ-ის ქუჩაზე, ლ. ჩ-ი ავტომობილის საჭესთან მყოფ ყოფილ მეუღლე მ. გ-ეს, ჯერ მათი არასრულწლოვანი შვილის -- დაბადებული ნ. ჩ-ის – თანდასწრებით, გაუსწორდა ფიზიკურად, კერძოდ, კარის ჩამოწეული მინიდან ხელით თმაში სწვდა და მიაყენა ტკივილი, შემდეგ, როდესაც მ. გ-ემ, თავის საშველად ავტომობილი დაძრა, ლ. ჩ-ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, აგინებდა და უყვიროდა, რომ დაწვავდა ამავე სატრანსპორტო საშუალებაში. აღნიშნულის გამო დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

o ლ. ჩ-ი გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილ მეუღლე მ. გ-ეს მიიჩნევდა პირად საკუთრებად და მისი პირადი ცხოვრების გაკონტროლების უფლება იყო თავისი, როგორც მამაკაცის უფლება. ამის გამო ლ. ჩ-ი მ. გ-ეს, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლიდან განქორწინებულნი იყვნენ, მუდმივად მოუწოდებდა, არ შეექმნა ახალი ოჯახი და თუ სხვას გაჰყვებოდა ცოლად, აუცილებლად მოკლავდა ქმართან ერთად. აღნიშნული მოსაზრების გამო, 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებში (ზუსტი რიცხვი უცნობია), ხ-ში, ჭ-ას ქუჩაზე, ლ. ჩ-ი ავტომობილის საჭესთან მყოფ ყოფილ მეუღლე მ. გ-ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ: აგინებდა და უყვიროდა, რომ ჩააკლავდა შიგნით, რის გამოც, თავის საშველად მ. გ-ემ დაძრა სატრანსპორტო საშუალება, რა დროსაც ლ. ჩ-ი ხელებისა და ფეხების დარტყმით შეეცადა ავტომობილის დაზიანებას. აღნიშნულის გამო დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

o ლ. ჩ-ი გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილ მეუღლე მ. გ-ეს მიიჩნევდა პირად საკუთრებად და მისი პირადი ცხოვრების გაკონტროლების უფლება იყო თავისი, როგორც მამაკაცის უფლება. ამის გამო ლ. ჩ-ი მ. გ-ეს, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლიდან განქორწინებულნი იყვნენ, მუდმივად მოუწოდებდა, არ შეექმნა ახალი ოჯახი და თუ სხვას გაჰყვებოდა ცოლად, აუცილებლად მოკლავდა ქმართან ერთად. აღნიშნული მოსაზრების გამო, 2023 წლის 28 ივნისს, დაახლოებით, 13:00 საათზე, ხ-ი, ჭ-ს ქუჩაზე, ლ. ჩ-ი ყოფილ მეუღლე მ. გ-ეს, ჯერ მაღაზია -- წინ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, აგინებდა და უყვიროდა, რომ ყელს გამოსჭრიდა, რის გამოც, იგი თავის საშველად გაიქცა კუთვნილი ავტომობილისკენ, რათა გასცლოდა მოძალადეს. წასვლამდე ლ. ჩ-ი ისევ უყვიროდა, რომ ბენზინის გადასხმით გამოწვავდა სატრანსპორტო საშუალებაში. ამის შემდეგ, იგი სხვა ავტომობილით უკან გაჰყვა მ. გ-ეს და ხ-ში, შ-ას ქუჩაზე -- ჭიშკართან, ისევ გააგრძელა ყოფილი მეუღლისათვის სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი სიტყვებით, რომ აუცილებლად დასწვავდა, მიმართვა. აღნიშნულის გამო დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 მარტის განაჩენით ლ. ჩ-ი, -- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი – 2022 წლის მაისის, 2023 წლის ივნისისა და 2023 წლის 28 ივნისის ეპიზოდები) წარდგენილი ბრალდებებისათვის. მასვე განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ლ. ჩ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

5. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მამუკა ნადირაძემ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება; ლ. ჩ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, როგორც თითოეული ეპიზოდისათვის, ასევე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადით განსაზღვრა, სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მამუკა ნადირაძემ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას; ლ. ჩ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, როგორც თითოეული ეპიზოდისათვის, ასევე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადით განსაზღვრას, სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.

10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს, სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ლ. ჩ-ის ბრალეულობას მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენისათვის და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „In dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე – „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

11. პროკურორის მიერ მითითებულ მოტივებს სააპელაციო პალატამ არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება, ამასთან, რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი საჩივარში არ უთითებს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

12. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე