საქმე # 150100123007761009
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1113აპ-24 ქ. თბილისი
ნ. დ. 1113აპ-24 21 იანვარი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 სექტემბრის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: დ. ნ–ს - პ/ნ ........., - ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი).
მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2023 წლის თებერვალში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), ა–ს რაიონის სოფელ ჭ–ში მცხოვრებმა დ. ნ–მ, მის საცხოვრებელ სახლში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, სხეულის სხვადასხვა არეში ხელის რამოდენიმეჯერ დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილს - ნ. ნ–ეს, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი და-ძმის - მ. და ც. ნ–ების თანდასწრებით, რის შედეგადაც ნ. ნ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
- 2023 წლის მარტში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), ა–ს რაიონის სოფელ ჭ–ში მცხოვრებმა დ. ნ–ემ, მის საცხოვრებელ სახლში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, სხეულის სხვადასხვა არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილს - ნ. ნ–ეს, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი და-ძმის - მ. და ც. ნ–ეების თანდასწრებით, რის შედეგადაც ნ. ნ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
- 2023 წლის მაისში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), ა–ს რაიონის სოფელ ჭ–ში მცხოვრებმა დ. ნ–ემ, მის საცხოვრებელ სახლში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, სხეულის სხვადასხვა არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილს - ნ. ნ–ეს, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი და-ძმის - მ. და ც. ნ–ეების თანდასწრებით, რის შედეგადაც ნ. ნ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის თებერვალში, ამავე წლის მარტსა და მაისში (ზუსტი რიცხვები დაუდგენელია), ა–ს რაიონის სოფელ ჭ–ში მცხოვრებმა დ. ნ–ემ, მის საცხოვრებელ სახლში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, მას შემდეგ, რაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილს - ნ. ნ–ეს, ამ უკანასკნელს ასევე დაემუქრა მოკვლით, რის გამოც ნ. ნ–ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და იძულებული გახდა მამისგან თავის დასაღწევად ნათესავებთან გაპარულიყო.
2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 14 მაისის განაჩენით:
2.1. დ. ნ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151- ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში;
2.2. დ. ნ–ეს განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 276-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 14 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და დ. ნ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 სექტემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 14 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი ორჯონიკიძე ითხოვს დ. ნ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს დ. ნ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი ბრალდების მხარის არგუმენტებზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ნ. ნ–ემ და მოწმეებმა: დ. მ–მა (დ. ნ–ის მეუღლე), ბ. ნ–ემ (დ. ნ–ის მამა), არასრულწლოვნებმა – მ. ნ– და ც. ნ– (დ. ნ–ის შვილები) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მათი ახლო ნათესავის – დ. ნ–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია დ. ნ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისთვის – უნდა დასტურდებოდეს, რომ დამნაშავის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ფსიქოლოგიური ტანჯვა.
12. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში, დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმის ჩვენებების არარსებობის პირობებში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება დ. ნ–ის ქმედებებით დაზარალებულისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ფიზიკური ტკივილის მიყენება და მუქარის განხორციელების შიშის საფუძვლიანობა.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებები: დანაშაულის შესახებ N........ შეტყობინება, შემაკავებელი ორდერი N....., მოწმეთა – ა. ნ–ს, შ. მ–ს, მ. პ–ს ჩვენებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს დ. ნ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას. ვინაიდან:
14. საკასაციო სასამართლო საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ში განხორციელებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით კვლავაც აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა სასამართლოში ჩვენების მიცემისას არ დაადასტურა შეტყობინებაში მითითებული ინფორმაცია, შეუძლებელია, მოცემული შეტყობინება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ დაზარალებულის შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, შეტყობინებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით (მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის N1072აპ-23 განჩინება).
14.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2023 წლის 12 ივლისის მუქარის ფაქტი ბრალდების მხარეს დ. ნ–ისათვის ბრალად არ აქვს წარდგენილი.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეები: ა. ნ–ე, შ. მ–ი და მ. პ–ი არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი, ისინი არ შესწრებიან მუქარის ან/და ძალადობის ფაქტებს და მათ ამის შესახებ იციან მხოლოდ დაზარალებულის გადმოცემით. შესაბამისად, მათი ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
15.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ მოწმეთა: შ. მ–სა და მისი მეუღლის მ. პ–ს ჩვენებები მხოლოდ იმის დადგენის შესაძლებლობას იძლევა, რომ 2023 წლის მაისში ნ. ნ–ე წავიდა სახლიდან, რის მიზეზადაც ასახელებდა მამის მხრიდან განხორციელებული მუქარისა და ძალადობის ფაქტებს. თუმცა არცერთი წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დგინდება ძალადობის ფორმა და შედეგი. მოწმეები გამოკითხვის ოქმში არ უთითებენ რა თქვა არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ნ. ნ–მ და კონკრეტულად რაში გამოიხატა დ. ნ–ის მიერ ჩადენილი ქმედებები.
15.2. ხოლო, მოწმე ა. ნ–ს მიერ მოწმის სახით ჩვენების მიცემისას 2023 წლის 12 ივლისთან დაკავშირებით გაკეთებულ განმარტებაზე (2023 წლის 12 ივლისს, იმყოფებოდა სახლში დაახლოებით 17:00 საათზე გავიდა სახლიდან, ვინაიდან შემოესმა ხმაური. ეზოში იმყოფებოდა დ. ნ–ის მეუღლე - დ. მ–ი, რომელიც თავის შვილს - ნ. ნ–ეს სთხოვდა სახლში გაყოლას და ეუბნებოდა, რომ ხელს არ დაადებდა მამამისი. ნ. ნ–ე ცოტა შეშინებული იყო და სახლში წასვლაზე უარს აცხადებდა) სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ. ნ–ს 2023 წლის 12 ივლისის ძალადობის ან/და მუქარის ფაქტები ბრალად არ აქვს წარდგენილი და კვლავაც აღნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა.
16. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ N.... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმთან მიმართებით (რომელიც ხელმოწერილია, როგორც დაზარალებულის, ასევე – დ. ნ–ის მიერ) სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემული დოკუმენტი დ. ნ–ისათვის ბრალად წარდგენილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების სამტკიცებლად ირელევანტურია, ვინაიდან შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმში მითითებულია დ. ნ–ის მიერ – ნ. ნ–ის მიმართ ჩადენილ მუქარის ფაქტზე 2023 წლის 12 ივლისს, რაც დ. ნ–ეს ბრალად არ აქვს წარდგენილი, ხოლო დ. ნ–ის მიერ სხვა დროს ჩადენილი მუქარის ან/და ძალადობის ფაქტის შესახებ შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმში მითითებული არ არის (იხ.: ტ.1, ს.ფ. 95-100).
17. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა დ. ნ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
18. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
19. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
20. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 სექტემბრის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე