Facebook Twitter

საქმე # 190100124009140411

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1192აპ-24 ქ. თბილისი

ბ. ბ. 1192აპ-24 22 იანვარი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ბ–ს, - პირადი ნომრით ........., - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის 10 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ თ–ში, თავის სახლში, ბ. ბ–მა, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ორჯერ მუშტის თავის არეში დარტყმით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის - ნ. ნ–ას მიმართ. ბ. ბ–ის ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ნ. ნ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2024 წლის 20 მარტს, დაახლოებით 01:40 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ თ–ში, თავის სახლში, ბ. ბ–მა, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტისას, მუშტის ერთხელ, მარჯვენა ხელის არეში დარტყმით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის - ნ. ნ–ას მიმართ. ბ. ბ–ის ძალადობრივი ქმედების შედეგად, ნ. ნ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 ივნისის განაჩენით:

2.1. ბ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2024 წლის 10 მარტის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 150 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

2.2. ბ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2024 წლის 20 მარტის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 150 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ბ. ბ–ისთვის დანიშნულმა ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ ბ. ბ–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 150 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

2.4. ბ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2024 წლის 20 მარტიდან 2024 წლის 21 მარტის ჩათვლით (2 დღე) შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი (ჯამში – 10 საათი) და საბოლოოდ, ბ. ბ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 140 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილება სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, ბ. ბ–ისათვის მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 სექტემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 ივნისის განაჩენი.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულ ბ. ბ–ისათვის შესაბამისი მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ ბ. ბ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

8. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

9. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

10. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც ბ. ბ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ, გაითვალისწინა, რომ ბ. ბ–მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რაც აღიარა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი.

11. სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების ხასიათს, შედეგებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზანს, ხერხს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს, ზომას და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრულ როგორც სასჯელის სახეს, ასევე - ოდენობას. იმავდროულად, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში არ უთითებს რაიმე მტკიცებულებაზე/არგუმენტზე, რაც დაადასტურებდა მსჯავრდებულის პიროვნებიდან (დამნაშავის ან/და ჩადენილი კონკრეტული დანაშაულის ინდივიდუალური მახასიათებლებიდან) გამომდინარე სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას. კასატორი სასჯელის დამძიმების საფუძვლად უთითებს მხოლოდ დანაშაულის კატეგორიას (ოჯახური დანაშაული) და ბრალის სახეს, რაც per se ვერ გახდება სასჯელის დამძიმების საფუძველი, ვინაიდან გათვალისწინებული იყო კანონმდებლის მიერ დანაშაულისათვის ალტერნატიული სასჯელების დაწესებისას. შესაბამისად, აღნიშნულისა და პატიმრობის ultima racio ხასიათიდან გამომდინარე, არ არსებობს კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

12. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებასთან დაკავშირებით, სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის თანახმად, ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

13. იმავდროულად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე. შესაბამისად, ვინაიდან ბ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, მის მიმართ არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება.

13.1. სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 21 ოქტომბრის წერილს, რომლის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 ივნისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის – 140 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის – მოხდა ბ. ბ–მა დაასრულა 2024 წლის 18 ოქტომბერს (იხ.: ტ.2, ს.ფ. 39).

14. საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე უარი თქმის შემთხვევაში, როდესაც ,,საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

15. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე