საქმე # 330100123007841923
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1257აპ-24 ქ. თბილისი
გ. გ., 1257აპ-24 23 იანვარი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი პროკურორის დავით კაპანაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: გ. გ–ს, - პ/ნ ......., - ბრალად ედებოდა საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვა მოჩვენებითი გარიგებით, ჩადენილი მოსალოდნელი ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
გ. გ–ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 11 ივნისს, შპს ლ–დ–ის“ (ს/ნ .........) ფაქტობრივმა ხელმძღვანელმა – გ. გ–მა განახორციელა შპს-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია, რისი დეკლარირებაც მოახდინა 2021 წლის 15 ივლისს, რის შედეგადაც კომპანიას მომდევნო დღიდან წარმოეშვა სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი დავალიანება – 24 616 ლარის ოდენობით. გ. გ–მა, მოსალოდნელი ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით განიზრახა მოჩვენებითი გარიგებით, დიდი ოდენობით ქონების გადამალვა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ შპს „რ. დ-ს“ (ს/ნ ........) 2021 წლის 3 ივლისს გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების და სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე გადააწერა ჯამში 95.376 ლარის ღირებულების პროდუქცია, ხოლო სახელმწიფოს მოესპო შესაძლებლობა, ქონების რეალიზაციის გზით ამოეღო დავალიანება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 მაისის განაჩენით:
2.1. გ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 10 000 ლარი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა დავით კაპანაძემ, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა გ. გ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 სექტემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი პროკურორი დავით კაპანაძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილებას და მსჯავრდებულ გ. გ–ის მიმართ მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის - განსაზღვრას.
6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ გ. გ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
8. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს გ. გ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
9. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
10. საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
11. მოცემულ შემთხვევაში, ჩადენილი დანაშაულის კატეგორიის, დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ გ. გ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულმა გ. გ–მა აღიარა და მოინანია ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, ზიანი ნაწილობრივ ანაზღაურებულია და მზაობას გამოთქვამს სრულად აანაზღაუროს ზიანი (მსჯავრდებულის განმარტებით, დედის ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო ზიანის სრულად ანაზღაურება, თუმცა თავს თვლის დამნაშავედ და სურს რომ ზიანი აანაზღაუროს (იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 სექტემბრის სხდომის ოქმი (11:52:05-11:53:31; 11:58:03-11:58:45)).
12. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისთვის სპეციალური პრევენციის მნიშვნელობას და იმ გარემოებას, რომ რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება).
13. „სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქმედებს პრინციპი ინდივიდის თავისუფლების სასარგებლოდ. აღნიშნული გულისხმობს, რომ პატიმრობის გზით პირის თავისუფლების შეზღუდვა არის არა წესი, არამედ გამონაკლისი. პირის თავისუფლების შეზღუდვა წარმოადგენს უკიდურეს ღონისძიებას, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევასა და ვითარებაში, მაშინ, როდესაც აღნიშნული ღონისძიება არის აბსოლუტურად აუცილებელი და ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არ არსებობს სხვა ალტერნატივა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება N 3/5/1341,1660 „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-33).
14. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი; 2022 წლის 3 ივნისის №388აპ-22 განჩინება; 2024 წლის 10 ივლისის 36აპ-24 განჩინება, 2024 წლის 17 ივლისის N500აპ-22 განჩინება). იმავდროულად, დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის №51აპ-19 განჩინება; 2021 წლის 12 ოქტომბრის №389აპ-21 განჩინება; 2024 წლის 16 ივლისის 504აპ-24 განჩინება; 2024 წლის 1 აგვისტოს 854აპ-24 განჩინება; 2024 წლის 14 ნოემბრის 845აპ-24 განაჩენი).
15. სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების ხასიათს, შედეგებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზანს, ხერხს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს, ზომას და იზიარებს გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრულ როგორც სასჯელის სახეს, ასევე - ოდენობას.
16. ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
17. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 2051 მუხლით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია
17.1. იმავდროულად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა). შესაბამისად, გ. გ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სასჯელზე – ჯარიმა 10 000 ლარზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება ვერ გავრცელდება.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
19. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
20. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი პროკურორის დავით კაპანაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე