საქმე # 330100122005808237
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1272აპ-24 ქ. თბილისი
მ–ე ფ., 1272აპ-24 20 იანვარი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის მოადგილის – დავით ხვედელიძის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
1.1. ფ. მ–ეს (პირადი №..........) ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
1.2. ზ. ჩ–ეს (პირადი №............) ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ფ. მ–ის და ზ. ჩ–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2021 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქალაქ თ–ში, მ–ს მე-.. მიკრორაიონი, მე-.. კორპუსი, ბინა N..-ში ფ. მ–ემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის – ნ. ჩ–ის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, მისგან კონკრეტული ქმედებების შესრულების მოთხოვნით, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალი იყო, განახორციელა ძალადობა, კერძოდ, მუშტი ჩაარტყა ზურგსა და თავში, ასევე ხელი დაარტყა სახეში. ფ. მ–ის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად ნ. ჩ–ემ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. 2022 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქალაქ თ–ში, .....ის დასახლება, მე-.. მიკრორაიონი, ..-ლი კვარტალი, კორპუსი №.., ბინა №..-ში ფ. მ–ემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ყოფილი მეუღლის – ნ. ჩ–ის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, მისგან კონკრეტული ქმედებების შესრულების მოთხოვნით, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალი იყო, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, განახორციელა ძალადობა, კერძოდ, წელზე ძლიერად მოხვია ხელი და დაანარცხა იატაკზე, ასევე, ხელი მოკიდა ხელზე და დაანარცხა საწოლზე. ფ. მ–ის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად ნ. ჩ–ემ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.3. 2022 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქალაქ თ–ში, .....ის დასახლება, მე-.. მიკრორაიონი, ..-ლი კვარტალი, კორპუსი №.., ბინა №..-ში ფ. მ–ემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ყოფილი მეუღლის – ნ. ჩ–ს მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, მისგან კონკრეტული ქმედებების შესრულების მოთხოვნით, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალი იყო, განახორციელა ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, რის შედეგადაც, ნ. ჩ–ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.4. 2022 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქალაქ თ–ში, .....ის დასახლება, მე-.. მიკრორაიონი, ..-ლი კვარტალი, კორპუსი №.., ბინა №..-ში ზ. ჩ–ემ შვილის – ნ. ჩ–ის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, მისგან კონკრეტული ქმედებების შესრულების მოთხოვნით, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალი იყო, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, განახორციელა ძალადობა, კერძოდ, მოქაჩა თმებში, თავში ჩაარტყა, ძირს წააქცია და ფეხის გამოყენებით მიაყენა დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში. ზ. ჩ–ის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად ნ. ჩ–ემ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.5. 2022 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქალაქ თ–ში, .....ის დასახლება, მე-.. მიკრორაიონი, ..-ლი კვარტალი, კორპუსი №.., ბინა №..-ში ზ. ჩ–ემ შვილის – ნ. ჩ–ის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, მისგან კონკრეტული ქმედებების შესრულების მოთხოვნით, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალი იყო, განახორციელა ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რის შედეგადაც, ნ. ჩ–ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის განაჩენით:
3.1. ფ. მ–ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 23 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ფ. მ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ფ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.
- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 170 საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ფ. მ–ს სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 170 საათის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2022 წლის 18 აპრილიდან 2022 წლის 20 აპრილის ჩათვლით), შეუმცირდა და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 155 საათის ვადით.
3.2. ზ. ჩ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ზ. ჩ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.
- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 170 საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. ჩ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 170 საათის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2022 წლის 18 აპრილიდან 2022 წლის 21 აპრილის ჩათვლით), შეუმცირდა და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის განაჩენით ფ. მ–ის და ზ. ჩ–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
4.1. 2022 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქალაქ თ–ში, .....ის დასახლება, მე-.. მიკრორაიონი, ..-ლი კვარტალი, კორპუსი №.., ბინა №..-ში ფ. მ–ემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ყოფილი მეუღლის – ნ. ჩ–ის – მიმართ, განახორციელა ძალადობა, კერძოდ, წელზე ძლიერად მოხვია ხელი და დაანარცხა საწოლზე. ფ. მ–ის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად ნ. ჩ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4.2. 2022 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქალაქ თ–ში, .....ის დასახლება, მე-.. მიკრორაიონი, ..-ლი კვარტალი, კორპუსი №.., ბინა №..-ში ფ. მ–ემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ყოფილი მეუღლის – ნ. ჩ–ის – მიმართ, განახორციელა ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, რის შედეგადაც, ნ. ჩ–ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4.3. 2022 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქალაქ თ–ში, .....ის დასახლება, მე-.. მიკრორაიონი, ..-ლი კვარტალი, კორპუსი №.., ბინა №..-ში ზ. ჩ–ემ შვილის – ნ. ჩ–ის მიმართ, განახორციელა ძალადობა, კერძოდ, ფეხის გამოყენებით მიაყენა დაზიანება მარცხენა მუხლის არეში, დარტყმის შედეგად მიეჯახა ორსართულიან საწოლს, რაც გადაყირავდა და დაეცა მხარზე. ზ. ჩ–ის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად ნ. ჩ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4.4. 2022 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქალაქ თ–ში, .....ის დასახლება, მე-.. მ–რი, ..-ლი კვარტალი, კორპუსი №.., ბინა №..-ში ზ. ჩ–მ შვილის – ნ. ჩ–ის მიმართ განახორციელა ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რის შედეგადაც, ნ. ჩ–ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ანა ზედელაშვილმა და მოითხოვა ფ. მ–ის და ზ. ჩ–ის დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილი ყველა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში, აგრეთვე – მათთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის მოადგილე დავით ხვედელიძე საჩივრით ითხოვს ფ. მ–ის და ზ. ჩ–ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში და კანონის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
9. საკასაციო სასამართლო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისას მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. „უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).
10. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ფ. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 23 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. დაზარალებულმა ნ. ჩ–ემ ჩვენების მიცემისას ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ 2021 წლის 23 დეკემბერს, ფ. მ–ეს მისთვის ზურგსა და თავში არ ჩაურტყამს. მეტიც, აღნიშნულ დღეს მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია; ასეთი ფაქტი, არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად ემახსოვრებოდა და დაზიანებებიც ექნებოდა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ეს ეპიზოდი მოხსენიებულია ფ. მ–ის მიმართ გამოცემულ N........ შემაკავებელ ორდერში (პუნქტი 5.1.), სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული შემაკავებელი ორდერი მხარეების მიერ უდავოდ არ იყო ცნობილი, ამასთან სრულად ეყრდნობოდა დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ხოლო დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე - არსებითი განხილვის სხდომაზე - ჩვენების მიცემისას სრულად უარყო 2021წლის 23 დეკემბერს ფ. მ–ის მიერ მისთვის შეურაცხყოფის მიყენება. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ორივე მტკიცებულების წყარო ერთიდაიგივეა, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დამკვიდრებულ პრაქტიკას ამ ნაწილში. იმავდროულად, ასევე იმ გარემოებასაც, რომ მხოლოდ შემაკავებელი ორდერი ( მისი გაზიარებისთვის სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი), სხვა პირდაპირი და გარემოებითი მტკიცებულებების გარეშე, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენისთვის დადგენილ მტკიცებით სტანდარტს.
12. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ორივე მსჯავრდებულთან მიმართებით კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით, რადგან ფაქტის შემსწრე არცერთ პირს, მათ შორის, თავად დაზარალებულ ნ. ჩ–ესაც არ დაუდასტურებია 2022 წლის 17 აპრილს, ფ. მ–ის და ზ. ჩ–ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობის დროს, შემთხვევის ადგილზე არასრულწლოვანი შვილების ყოფნა. აღსანიშნავია, რომ თავად არასრულწლოვანმა მოწმემ – ლ. მ-მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები კი, აღნიშნულ სადავო ფაქტთან მიმართებით ან არაინფორმატიულია, ან წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, ხოლო ირიბი ჩვენების გამოყენება, ვინაიდან შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს, „...დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). ამდენად, ფ. მ–ის და ზ. ჩ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გასაჩივრებული განაჩენით მართებულად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
13. საკასაციო სასამართლო ჩადენილი დანაშაულის მოტივზე (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობა) მსჯელობისას ითვალისწინებს ერთი მხრივ, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილს (საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში) და, მეორე მხრივ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის დანაწესებს (კასატორმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნა უნდა დაასაბუთოს). საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, კასატორს ეკისრება ვალდებულება საკასაციო საჩივარში არამხოლოდ ცხადად და მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საკუთარი მოთხოვნა, არამედ – დაასაბუთოს და მიუთითოს მოთხოვნის კანონიერი არგუმენტი და საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში, მართალია კასატორი ითხოვს ფ. მ–ის და ზ. ჩ–ის დამნაშავედ ცნობას მათთვის ბრალად წარდგენილ ქმედებებში, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არის ზოგადი, დანაშაულის გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენის დასაბუთების გარეშე.
14. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კასატორმა მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ანალოგიურად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილიც საკასაციო საჩივრის დასაშვებობას უკავშირებს ამავე ნაწილში მითითებული საფუძვლების დასაბუთებას, რაც გულისხმობს, რომ მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული რატომ ასაჩივრებს და კონკრეტულად რით ასაბუთებს კასატორი საკუთარ პოზიციას. შესაბამისად, კასატორმა უნდა განსაზღვროს და მიუთითოს, არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი, არამედ – ის კონკრეტული არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლში მითითებული ერთი ანდა რამდენიმე წინაპირობის არსებობას; საკითხები, რომლებიც ქვედა ინსტანციის სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა, არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ, კასატორის აზრით, უკანონოდ ანდა დაუსაბუთებლად არ იყო გაზიარებული (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 20 მაისი განჩინება საქმეზე N1442აპ-23, პარ.8-8.1.; 2024წლის 1 აპრილის განჩინება საქმეზე N1168აპ-23, პარ. 8.1; 2024წლის 29 აპრილის განჩინება საქმეზე N 1193აპ-23, პარ. 14; 2022წლის 1 ნოემბრის განჩინება საქმეზე N 468აპ-22, პარ.28).
15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარში არ არის წარმოდგენილი კასატორის მსჯელობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, არგუმენტი ან/და კასატორის დასაბუთებული მსჯელობა, რის გამოც დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 301-ე და 303-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია.
16. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, საქართველოს სსკ-ის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმად, საუარესოდ შებრუნების ერთ-ერთ სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს ბრალდების მხარის პოზიციის უცვლელობა. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განაჩენით დგინდება, რომ აპელანტი „ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში საერთოდ არ აპროტესტებს დანაშაულის მოტივთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიღებულ გადაწყვეტილებას, რითაც ფაქტობრივად ეთანხმება განაჩენს აღნიშნულ ნაწილში“ ( იხ. გასაჩივრებული განაჩენი, გვ 21). შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, არც ამ ნაწილში არსებობს კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
17. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ფ. მ–ის და ზ. ჩ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების შესახებ, კანონიერი და დასაბუთებულია, რამეთუ, ერთი მხრივ, ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და, მეორე მხრივ, ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რასაც არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ. შესაბამისად, დანაშაულებრივ ეპიზოდებთან მიმართებით სასამართლო სიღრმისეულად არ იმსჯელებს.
18. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.
19. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ როგორც ფ. მ–ეს, ისე ზ. ჩ–ეს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს. არასაპატიმრო სანქციის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიღო მხედველობაში დანაშაულის კატეგორია, მსჯავრდებულების წარსული კანონმორჩილი ცხოვრება, დაზარალებულთან შერიგება, აგრეთვე – მსჯავრდებულთა მიერ დაზარალებულისა და მისი არასრულწლოვანი შვილების მატერიალური მხარდაჭერის ფაქტი.
20. აქვე, საკასაციო პალატა აღნიშნავს: მართალია, ფ. მ–ემ და ზ. ჩ–ემ დანაშაული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით განსაზღვრულ ვადამდე – 2024 წლის 1 ივლისამდე – ჩაიდინეს და მათ მიერ ჩადენილი ოჯახური დანაშაული ექცევა ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ფარგლებში, თუმცა ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე“. შესაბამისად, ვინაიდან გასაჩივრებული განაჩენით ფ. მ–ის და ზ. ჩ–ის მიმართ სასჯელის სახედ გამოყენებულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, არ არსებობს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.
21. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის მოადგილის – დავით ხვედელიძის – საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე