საქმე # 330141224010176212
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№131-25 22 იანვარი, 2025 წელი
მ.დ. 131-25 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. მ–ას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენით:
1.1. დ. მ–ა, – პირადი ნომრით ........, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 4000 ლარი.
1.2. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის საფუძველზე, დ. მ–ას 6 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ამავე კანონის საფუძველზე, მასვე 5 წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
1.3. მსჯავრდებულ დ. მ–ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის პერიოდი – 2023 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 2 ნოემბრის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა დაკავებიდან სასამართლო სხდომის დარბაზში;
1.4. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ დ. მ–ას ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალა სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. 2024 წლის 8 ოქტომბერს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ დ. მ–ას პირადი საქმე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით:
3.1. მსჯავრდებული დ. მ–ა 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადისაგან;
3.2. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. მ–ამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანას და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენას.
4.1. მსჯავრდებულ დ. მ–ას საჩივარს ერთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2024 წლის 2 დეკემბრის წერილი, რომლითაც დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენით დ. მ–ასათვის განსაზღვრული დამატებითი სასჯელი ჯარიმა – 4000 ლარი – გადახდილია.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.
3. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა). ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სასჯელისგან გათავისუფლება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
4. დ. მ–ას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული ჰქონდა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი, რომლის მოხდისაგანაც გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით.
5. მსჯავრდებულ დ. მ–ას მიერ წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2024 წლის 2 დეკემბრის წერილი, რომლითაც დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენით დ. მ–ასათვის განსაზღვრული დამატებითი სასჯელი ჯარიმა – 4000 ლარი – გადახდილია.
6. სასამართლო ითვალისწინებს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტს, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაული და რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, სასჯელისგან გათავისუფლებასთან ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილებით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).
7. შესაბამისად, ვინაიდან დ. მ–ა ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე გათავისუფლდა ძირითადი სასჯელის მოხდისაგან, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმა გადახილი აქვს სრულად მას უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ დ. მ–ას საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ დ. მ–ას საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. „თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
2. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დ. მ–ა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელის (2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი) მოხდისაგან; ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მასვე აღუდგეს ამ განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა)”.
3. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე