Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2I-25 თბილისი

დ. ჰ., 2I-25 16 იანვარი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. დ-ის – ადვოკატ ი. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ჰ. დ-ის მიმართ ჩატარებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები თურქეთის რესპუბლიკაში:

· 2019 წლის 27 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის ჩორუმის პირველი სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ჰ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №- სისხლის სამართლის კოდექსის 227-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებითა (პირის პროსტიტუციაში ჩაბმა, პროსტიტუციის იძულება, პროსტიტუციაში შუამავლობა ან პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფა – 9 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 220 მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზაციის შექმნა). აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაშია 2021 წლის 7 დეკემბრიდან;

· 2022 წლის 25 მაისს თურქეთის რესპუბლიკის ჩორუმის აღმასრულებელი სასამართლოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული განაჩენით შეფარდებული სასჯელები შეიკრიბა და ჰ. დ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 19 წლითა და 62 თვით თავისუფლების აღკვეთა;

· 2023 წლის 2 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის ჩორუმის მთავარმა პროკურატურამ გასცა ჰ. დ-ის დაკავების ბრძანება.

2. საქმის მასალების მიხედვით, ჰ. დ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგით: ჰ. დ-მა ჩამოაყალიბა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ეწეოდა ქალბატონების პროსტიტუციაში ჩაბმასა და პროსტიტუციის ორგანიზებას.

3. ჰ. დ-ის მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:

§ 2023 წლის 16 ოქტომბერს, 2024 წლის 19 აგვისტოსა და 7 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისაგან მიიღო ჰ. დ-ის საექსტრადიციო მასალები;

§ 2024 წლის 23 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰ. დ-ი;

§ 2024 წლის 24 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ჰ. დ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა 3 თვით საექსტრადიციო პატიმრობა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 23 ივლისიდან;

§ 2024 წლის 18 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით ჰ. დ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2025 წლის 23 იანვრამდე.

4. 2024 წლის 16 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ. დ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინებით პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ. დ-ის, -- თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ჩორუმის აღმასრულებელი სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. დ-ის ადვოკატმა – ი. ა-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და თურქეთის რესპუბლიკაში ჰ. დ-ის ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას იმ საფუძვლებით, რომ ჰ. დ-ს საქართველოში მინიჭებული აქვს თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი და ექსტრადიციის შემთხვევაში მას თურქეთის რესპუბლიკაში არ ექნება დაცვის უფლება.

7. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორი თემურ ცინდელიანი ითხოვს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილოს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ადვოკატის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დატოვოს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინება, იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს ჰ. დ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს და ორმაგი დასჯის აკრძალვის (Non bis in idem) პრინციპებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, არის დაცული.

3. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ძებნილი ჰ. დ-ის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებისა და საექსტრადიციო პატიმრობის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. გარდა ამისა, საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ჰ. დ-ი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, იგი არ არის საქართველოს მოქალაქე და არ ითვლება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის 2024 წლის 15 ოქტომბრის წერილით გაირკვა, რომ 2022 წლის 3 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ. დ-მა, რომელიც დარეგისტრირდა თავშესაფრის მაძიებლად, თუმცა კანონით დადგენილი პროცედურების გასავლელად გამოუცხადებლობის გამო 2023 წლის 13 ოქტომბერს მიგრაციის დეპარტამენტში შეწყდა მის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა. მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება სასამართლოში არ გასაჩივრებულა და ჰ. დ-ი არ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად. ამავე დროს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესახებ მიმდინარე სამართალწარმოება (სამართალწარმოების არსებობის შემთხვევაში) ვერ მიიჩნევა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის დამაბრკოლებელ გარემოებად.

5. საკასაციო პალატა არ იზიარებს ადვოკატის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ჰ. დ-ის ექსტრადიცია არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო ნორმებს. ამასთან, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ადვოკატის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, დაირღვევა ჰ. დ-ის უფლებები. ამავე დროს, ვერც საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ იქნა მოპოვებული თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ჰ. დ-ის მიმართ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფის ან უფლებების სხვაგვარი, მათ შორის, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულება.

6. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაუშვებელია პირის ექსტრადიცია, თუ არსებობს არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან/და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე. ამასთან, კასატორმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არსებობს მისი უფლებების შელახვის რისკი. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილის გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას (ECtHR, №36378/02, შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), 12/04/2005, §352). უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით (ECtHR, №46827/99, 46951/99, მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) 04/02/2005, §70).

7. ამავე დროს, საკასაციო პალატა ითვალისწინებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ გარანტიებს, რომელთა თანახმად: თურქეთის რესპუბლიკა წარმოადგენს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მონაწილე მხარეს; თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ჰ. დ-ის უფლებები დაცული იქნება საერთაშორისო კონვენციებისა და შიდა კანონმდებლობის შესაბამისად; მას მიეცემა დაცვის ყველანაირი კანონიერი შესაძლებლობა. ამასთან, მისთვის წარდგენილი ბრალდება არ არის პოლიტიკური ან სამხედრო ხასიათის.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. დ-ის – ადვოკატ ი. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე