საქმე # 330141224010249562
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№ 61-25 17 იანვარი, 2025 წელი
შ. ფ. 61-25 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ფ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. დ–ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის განაჩენით:
1.1. ფ. შ–ს – პირადი ნომრით ..........., – წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 93-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან (1960 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია);
1.2. ფ. შ– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა – 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა;
1.3. ფ. შ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავებიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2005 წლის 10 ივნისიდან 2005 წლის 16 ივნისის ჩათვლით.
2. 2024 წლის 18 ოქტომბერს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ძებნილი მსჯავრდებულის ფ. შ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენება.
2.1. პროკურორ გიორგი ცეცხლაძის შუამდგომლობას ერთვოდა მათ შორის: მსჯავრდებულ ფ. შ–ს ადვოკატ დ. დ–ის განცხადება, დაზარალებულთა: ა. შ–ისა და ი. კ–ს ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები ფ. შ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებაზე თანხმობის შესახებ.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით:
3.1. ძებნილ მსჯავრდებულ ფ. შ–ს ერთი მეხუთედით შეუმცირდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა – 1 წლითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ ფ. შ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. დ–მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ფ. შ–ს დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლებას. დაცვის მხარის განმარტებით, წარმოდგენილია ორი დაზარალებულის ი. კ–სა და ა. შ–ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები ფ. შ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების შესახებ. მესამე დაზარალებულის მოძიება კი ვერ ხერხდება (აღნიშნულზე ასევე მითითებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის განაჩენში), შესაბამისად, ფ. შ–ს მიმართ ამნისტია უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.
3. სასამართლო ითვალისწინებს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი მეხუთედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს ან ქალ მსჯავრდებულს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
4. სასამართლო ითვალისწინებს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის განაჩენით ფ. შ– მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დანაშაულთა იდეალური ერთობლიობისათვის განსაზღვრული აქვს ერთიანი სასჯელი.
6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი-მე-3 მუხლები, ამასთან, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებას არ შეიცავს ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი. შესაბამისად, ვინაიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის განაჩენით ფ. შ–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული აქვს ერთიანი სასჯელი, – ფ. შ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სწორად შემცირდა 1/5-ით.
7. ამდენად, კასატორის მიერ დაზარალებულთა თანხმობებზე და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-8 პუნქტზე მითითებით ფ. შ–ს სასჯელისაგან სრულად გათავისუფლები მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ ზემოაღნიშნული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი არ ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლებას. შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დაზარალებულთა (ი. კ–სა და ა. შ–ის) ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები და ის ფაქტი რომ ერთ ერთი დაზარალებულის ვ. ც–ს მოძიება ვერ ხდება, გავლენას ვერ ახდენს ფ. შ–ს მიმართ "ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებაზე.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ფ. შ–ს ადვოკატ დ. დ–ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ფ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. დ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე