Facebook Twitter

საქმე # 330100124005156436

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №855აპ-24 ქ. თბილისი

ნ. კ. 855აპ-24 17 იანვარი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. ნ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. ნ–სა და ლ. ბ–სის, ასევე საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ირინე ჩოჩიას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:

1.1. კ. ნ–ს, – პირადი ნომერი ........., – ბრალად ედებოდა ქურდული სამყაროს წევრობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.1.1. ნ. მ–ეს, – პირადი ნომერი ........., – ბრალად ედებოდა ქურდული სამყაროს წევრობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.1.2. ა. ა–ეს, – პირადი ნომერი ........., – ბრალად ედებოდა ქურდული სამყაროს წევრობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.1.3. მ. მ–ს, – პირადი ნომერი ..........., – ბრალად ედებოდა ქურდული სამყაროს წევრობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.1.3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით კ. ნ–ის, ნ. მ–ის, მ. მ–ისა და ა. ა–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

ნ. მ–ე, კ. ნ–ე, ა. ა–ე და მ. მ–ი აღიარებენ „ქურდულ სამყაროს,“ სისტემატიური კავშირი აქვთ საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებთან“ და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან. თავისი ქმედებით გამოხატავენ მზადყოფნას, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისათვის, ასევე აქტიურად მონაწილეობენ ,,ქურდული სამყაროს“ მიზნების განსახორციელებლად.

ე.წ. „კანონიერ ქურდ“ ი. ტ–ს დაპირისპირება აქვს თ-ში მცხოვრებ ე.წ. „კანონიერ ქურდ“ პ. ბ–ესთან, რომელიც ი. ტ–ს კრიმინალურ სამყაროში და გავლენიან წრეებში როგორც „კანონიერ ქურდს“ არ აღიარებს. ი. ტ–მა გ–ში მცხოვრებ კრიმინალურ ავტორიტეტებს და მის მიმდევრებს დაავალა „კანონიერ ქურდ“ პ. ბ–ესთან აქტიურ კავშირზე მყოფი ქურდული სამყაროს წევრისათვის – მ. მ–ისთვის, მეტსახელად „ჩ–სთვის“ წაერთმიათ კუთვნილი ავტომანქანა „აუდი A7“, სახ. ნომრით „........“

აღნიშნული ავტომანქანა „აუდი“ მ. მ–მა დროებით სარგებლობისთვის ათხოვა მეგობრებს – ბ. ა–ს და ვ. ს–ეს. კანონიერი ქურდებისაგან მიღებული დავალება სისრულეში მოიყვანეს კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, რომლებმაც ბ. ა–ს და ვ. ს–ეს 2021 წლის თებერვალში, ქ. გ–ში წაართვეს ავტომანქანა და გადამალეს თ–ში.

ფაქტის გაგების შემდეგ, მ. მ–მა „ქურდული წესების“ თანახმად, ბ. ა–ს მოსთხოვა კუთვნილი ავტომანქანის დაბრუნება. ამასთან, მ. მ–ის სასარგებლოდ დავის ქურდული წესების შესაბამისად გარჩევასა და გადაწყვეტაში ჩაერთო „კანონიერი ქურდის“ პ. ბ–ის აქტიური მოკავშირე, ქურდული სამყაროს წევრი – ა. ა–ე, მეტსახელად „ბ..“ მ. მ–ისა და ა. ა–ის გადაწყვეტილებით, ქურდული წესების შესაბამისად, ზემოაღნიშნული წართმეული მანქანის უკან დაბრუნება დაევალათ ბ. ა–სა და ვ. ს–ეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მ. მ–ისათვის მანქანის ღირებულების შესაბამისი თანხა უნდა მიეტანათ.

თავის მხრივ ბ. ა–მა და მამამისმა ზ. ნ–ემ დავის მათ სასარგებლოდ გადაწყვეტისა და ავტომანქანის დაბრუნების მიზნით, მიმართეს „ქურდული სამყაროს“ წევრებს: კ. ნ–ეს და ნ. მ–ეს, რომლებმაც გარკვეული მატერიალური სარგებლის მიღების პირობით, „კანონიერ ქურდ“ „ი. ტ–ს“ სთხოვეს ავტომანქანა „აუდი“ დაბრუნებოდა მესაკუთრე მ. მ–ს, რომლის გადაწყვეტილებითაც ავტომანქანა „აუდი A7“, სახ. ნომრით „......“, დაუბრუნდა მ. მ–ს.

ბ. ა–ს „კანონიერი ქურდის“ ი. ტ–ის და „ქურდული სამყაროს“ წევრების – ნ. მ–ისა და კ. ნ–ის გადაწყვეტილებით, დავის მათ სასარგებლოდ გადაწყვეტის სანაცვლოდ, დაევალა 4000 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ზ. ნ–ემ და ბ. ა–მა კ. ნ–ეს გადასცეს 1500 აშშ დოლარი, რაც ნ. მ–ეს უნდა გაეგზავნა „კანონიერ ქურდ“ ი. ტ–ისთვის.

1.2. კ. ნ–ეს, – ბრალად ედებოდა ასევე ქურდული სამყაროს წევრობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.2.1. ნ. მ–ეს, – ბრალად ედებოდა ასევე ქურდული სამყაროს წევრობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.2.3. ბ. გ–სეს, – პირადი ნომერი ......, – ბრალად ედებოდა ქურდული სამყაროს წევრობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.2.5. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით კ. ნ–ის, ნ. მ–ისა და ბ. გ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

ნ. მ–ე, კ. ნ–ე და ბ. გ–ე აღიარებენ „ქურდულ სამყაროს,“ სისტემატიური კავშირი აქვთ საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებთან“ და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან. თავისი ქმედებით გამოხატავენ მზადყოფნას, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისათვის, ასევე აქტიურად მონაწილეობენ ,,ქურდული სამყაროს“ მიზნების განსახორციელებლად.

კ. ლ–ემ 2021 წლის მარტში თავის ბიზნეს პარტნიორ ა. უ–თან არსებული ფინანსური დავის გადასაწყვეტად, თავისი ნათესავის გ. გ–ის მეშვეობით, ასევე მიმართა „ქურდული სამყაროს“ წევრებს: ბ. გ–სეს, კ. ნ–ესა და ნ. მ–ეს.

ბ. გ–სე, ნ. მ–ე, კ. ნ–ე დაუკავშირდნენ ა. უ–ს და გ. გ–ესთან ერთად შეხვდნენ ქ. გ–ში, მდებარე ა. უ–ის კუთვნილ ოფისში, სადაც ა. უ–ს მოუწყვეს „ქურდული გარჩევა“ და დააკისრეს კ. ლ–ის სასარგებლოდ თანხის გადახდა.

ა. უ–მა შეასრულა ქურდული გარჩევის შედეგად მასზე დაკისრებული ვალდებულება და კ. ლ–ის სასარგებლოდ დაფარა ბანკში არსებული დავალიანება 37 000 ლარის ოდენობით.

ა. უ–თან არსებული ფინანსური დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტისათვის კ. ლ–ემ „ქურდული სამყაროს“ წევრებს: ნ. მ–ეს, კ. ნ–ეს და ბ. გ–სეს გადმოურიცხა 100-100 ევრო.

1.3. ნ. მ–ეს, – ბრალად ედებოდა ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

1.3.1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. მ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ნ. მ–ემ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ქ. ხ–ი, ი–ს ქუჩა N..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ქარხნული წესით დამზადებული 45 კალიბრიანი (11, 43მმ) („COLT Mod.1911“) მოდელის პისტოლეტს, რომლიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ვარგისია სროლისათვის.

აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი 2021 წლის 16 სექტემბერს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნ. მ–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.

1.4. ბ. გ–სეს, – ბრალად ედებოდა ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

1.4.1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. გ–სის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ბ. გ–სემ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ქ. ხ–ი, ი–ს ქუჩა N...-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა ქარხნული წესით დამზადებული 9მმ ნომინალური კალიბრის „BLOW Magnum Mod. 2000“ მოდელის N..... პისტოლეტი, რომლიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის; 1 ცალი 9 მმ კალიბრიანი 1908 წლის ნიმუშის „ბორხარტ-ლუგერის“ პისტოლეტის ვაზნა და 1 ცალი 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრიანი ვაზნა, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.

ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა 2021 წლის 16 სექტემბერს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბ. გ–სის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის განაჩენით:

2.1. ნ. მ–ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში (ბ. ა–ის ეპიზოდი) და გამართლდა;

2.1.1. ნ. მ–ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში (ა. უ–ის ეპიზოდი) და გამართლდა;

2.1.3. ნ. მ–ე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

2.1.4. ნ. მ–ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან;

2.1.5. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ნ. მ–ეს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

2.2. ბ. გ–სე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

2.2.1. ბ. გ–სე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

2.2.2. ბ. გ–სეს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 16 სექტემბრიდან.

2.3. კ. ნ–ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში (ა. უ–ის ეპიზოდი) და გამართლდა;

2.3.1. კ. ნ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ბ. ა–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

2.3.2. კ. ნ–ეს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 16 სექტემბრიდან.

2.4. ა. ა–ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

2.4.1. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ა. ა–ეს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

2.5. მ. მ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილზე;

2.5.1. მ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

2.5.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

2.5.3. მ. მ–ს სასჯელის ვადა აეთვალა განაჩენის მიღების მომენტიდან – 2022 წლის 13 ივნისიდან და მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა სასჯელი, რომელიც წინა განაჩენით მოხდილი აქვს ნაწილობრივ – 2021 წლის 24 მაისიდან 2022 წლის 13 ივნისამდე.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:

3.1. მსჯავრდებულ ბ. გ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ტ. კ–ემ და გ. ღ–მა, რომლებმაც მოთხოვეს გასაჩივრებული განაჩენის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა;

3.2. მსჯავრდებულ კ. ნ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ. ნ–ემ და ლ. ბ–სემ, რომლებმაც მოითხოვეს კ. ნ–ის უდანაშაულოდ ცნობა;

3.3. მ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა თ. გ–ემ და დ.მ–მა, რომლებმაც მოითხოვეს მ. მ–ის უდანაშაულოდ ცნობა;

3.4. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ირინე ჩოჩიამ, რომელმაც მოითხოვა გამართლებულებისა და მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით.

3.5. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებლები წარმოადგინეს მსჯავრდებულ ბ. გ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ღ–მა და მსჯავრდებულის მ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა თ. გ–ემ და დ.მ–მა. ადვოკატებმა მოითხოვეს, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

5.1. მსჯავრდებულ კ. ნ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატები – მ. ნ–ე და ლ. ბ–ე ითხოვენ კ. ნ–ის სრულად უდანაშულოდ ცნობას;

5.2. საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი ირინე ჩოჩია ითხოვს გამართლებულებისა და მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით. კერძოდ, ნ. მ–ის და ა. ა–ის ცნობას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბ. ა–ის ეპიზოდში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; კ. ნ–ის, ნ. მ–ის და ბ. გ–სის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ა. უ–ის ეპიზოდში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; ნ. მ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო მ. მ–ის – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ნაცვლად მსჯავრადშერაცხილი საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. კერძოდ, ბრალდების მხარემ მოითხოვა გამართლებულებისა და მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით, კერძოდ: ნ. მ–ის დამნაშავედ ცნობა – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით; ბ. გ–სის – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით; კ. ნ–ის – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი), ა. ა–ისა და მ. მ–ის – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით. მსჯავრდებულ კ. ნ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – მ. ნ–ემ და ლ. ბ–მ – მოითხოვეს მსჯავრდებულის გამართლება.

7.1. ამდენად, დაცვის მხარის შესაბამისი საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, დავის საგანს არ წარმოდგენს არც ბ. გ–სის მსჯავრდება და სასჯელი, არც მ. მ–ის უდანაშაულობის საკითხი. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იხილავს აღნიშნულს.

7.2. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია: კ. ნ–ემ, ნ. მ–ემ, ბ. გ–მ და ა. ა–ემ ჩაიდინეს თუ არა ის დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებშიც უდანაშაულოდ იქნენ ცნობილი; კ. ნ–ემ ჩაიდინა თუ არა მსჯავრადშერაცხილი ქმედება, ხოლო მ. მ–მა (დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არ არსებობის პირობებში) მსჯავრადშერაცხილი ქმედებით ჩაიდინა „ქურდული სამყაროს“ წევრობა (რასაც ედავება ბრალდების მხარე) თუ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა (რაშიც მსჯავრდებულია).

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას მსჯავრდებულ კ. ნ–ის უდანაშაულობისა და იმის შესახებ, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა/წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია მის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენის მტკიცებისათვის და ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის – ბ. ა–ის, ზ. ნ–ის, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალებით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის 2022 წლის 21 აპრილის დასკვნითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა კ. ნ–ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ბ. ა–ის ეპიზოდი).

9. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება ბ. ა–ის, ზ. ნ–ის ცრუ ჩვენებებს, რომლებიც, იმავდროულად, არ დაადასტურა, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ვ. ს–ემ (აღნიშნულმა მოწმემ უარყო ბ. ა–ის ჩვენება, რომ ისინი ერთად იყვნენ, როდესაც ავტომანქანა წართვეს; კერძოდ, განმარტა, რომ: იგი ავტომანქანის წართმევის ფაქტს არ შესწრებია, ასეთ დროს ავტომანქანაში არ ყოფილა; მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს ბ. ა–ისთვის ავტომანქანის წართმევის შესახებ; ბ. ა–ს მისი თანდასწრებით კ. ნ–ისთვის თანხა არ გადაუცია და ამის შესახებ არც ინფორმაცია მიუღია. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მას არასდროს უსაუბრია), ითვალისწინებს ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას, რომელიც, გარდა იმისა, რომ შესაბამისობაშია მოწმეების – ბ. ა–ისა და ზ. ნ–ის ჩვენებებთან და ადასტურებს კ. ნ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას, იმავდროულად, ადასტურებს ბ. ა–ისა და ვ. ს–ის ერთად ყოფნას ავტომანქანის წართმევისას, ასევე ამ საკითხზე ვ. ს–ის საუბრებს (იგი გამოთქვამს ვარაუდებს, როგორც ავტომანქანის წართმევის დეტალებთან, ასევე ფულის განაწილების ნაწილშიც), მათ შორის, ფულთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით ვერ გაიზიარებს ვერც მოწმე ვ. ს–ის მტკიცებას, რომ იგი ავტომანქანის წართმევის ფაქტს არ შესწრებია და არც დავის მოგვარების გამო გადასახდელი თუ გადახდილი თანხის შესახებ იცის რაიმე და ვერც დაცვის მხარის პოზიციას, რომ მოწმე ვ. ს–ის ჩვენება გამორიცხავს კ. ნ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას.

9.1. კასატორი დაცვის მხარის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ ბ. ა–ს სასამართლო სხდომაზე არ დაუდასტურებია კ. ნ–ის ნათქვამი, რომლის თანახმადაც ის დაუკავშირდა ქურდ ი. ტ–ს, რომელმაც, თავის მხრივ, უთხრა, რომ გადაწყვეტილი იყო ავტომანქანის დაბრუნების საკითხი, სასამართლო ითვალისწინებს:

9.1.1. ზ. ნ–ის ჩვენებას, რომლის თანახმად, მას შემდეგ რაც შვილისგან – ბ. ა–ისგან – გაიგო ავტომანქანის წართმევის და მ. მ–ის მიერ საქმეში კანონიერი ქურდის ჩართვის შესახებ, დაუკავშირდა ბიძაშვილს – კ. ნ–ეს, რათა დახმარებოდა და მიეცა რჩევები ქურდულ ტადიციებთან დაკავშირებით. საბოლოოდ, კ. ნ–ემ აღუთქვა დახმარება (12:21:35; 12:27:20). დაადგინეს, რომ ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ ადამიანები, ვინც მეგობრობდნენ ი. ტ–თან (12:26:46). მოწმემ დააზუსტა, რომ დავის მათ სასარგებლოდ გადაწყვეტისა და ავტომანქანის დაბრუნების მიზნით, მან და მისმა შვილმა, საქმეში ჩართეს კრიმინალური გავლენის მქონე ნათესავი – კ. ნ–ე, რომელმაც, თავის მხრივ, ნ. მ–ის საშუალებით საქმეში ჩართო ი. ტ–ი, რომლის დახმარებითაც მოხდა ავტომანქანის მათთვის დაბრუნება (12:35:36). ავტომანქანის წამოყვანისას, შეხვედრაზე მისულ პირებს გაუკვირდათ მ. მ–ის ავტომანქანის წასაყვანად ზ. ნ–ის მისვლის ფაქტი, იმავდროულად, ასაუბრეს პირს, რომელიც გაეცნო ს. ტ–ის სახელით, რომელმაც მ. მ–ი მოიხსენია შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ასევე აუხსნა, რომ ავტომანქანა არ წაურთმევიათ ბ. ა–ისათვის, მაგრამ იმის გამო, რომ მათ (ნ–ებს) სთხოვდნენ დაბრუნებას, აძლევდნენ მათ, იქვე უთხრა, რომ შეეძლო არც დაებრუნებინა მ. მ–ისათვის, რაზეც ზ. ნ–ემ იქვე უპასუხა, რომ იგი მსგავსი ქმედების გამკეთებელი არ იყო (12:24:50). მადლობის გადახდისას კ. ნ–ემ ზ. ნ–ეს უთხრა, რომ დახმარებისთვის პატივი ეცა – ,,ვინც დაგვეხმარა იქ, ს–ს, პატივი ვცეთ”. შესაბამისად, ბ. ა–ს მისცა ფული, საიდანაც ამ უკანასკნელმა 300 აშშ დოლარი გადასცა კ. ნ–ეს პატივისცემის მიზნით (12:32:07).

9.1.2. ბ. ა–ის ჩვენებას, რომლის თანახმად, ავტომანქანის დაბრუნებაში დახმარებისთვის მიმართეს კ. ნ–ეს (13:36:36; 13:41:00), რომელმაც უთხრა, რომ მეგობარი ნ. მ–ე (მოწმემ განმარტა, რომ თავად ნ. მ–ესთან შეხვედრილი არ არის და არც კომუნიკაცია ჰქონია როდესმე) დაეხმარებოდა (13:45:10). საბოლოოდ, რამდენადაც კ. ნ–ისაგან გაიგო, ი. ტ–ს დაუკავშირდა ნ. მ–ე და სთხოვა ავტომანქანის დაბრუნება, რაც შეასრულეს კიდეც, კერძოდ, მამამისი – ზ. ნ–ე ჩავიდა თბილისში და გამოატანეს ავტომანქანა (13:45:58). ამასთან, მ. მ–ისათვის ავტომანქანის დასაბრუნებლად მას გაჰყვა კ. ნ–ე, თუმცა არც გაჩერებულა გაბრუნდა უკან (13:48:40). მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მან მამამისს გამოართვა ფული, საიდანაც კ. ნ–ეს გადასცა 300 აშშ დოლარი, რათა პატივი ეცა იმ პრებისათვის ვინც დაეხმარა. კ. ნ–ე თავად გადაწყვეტდა, ვის, როგორ სცემდა პატივს ამ თანხით, თავად მოიხმარდა თუ სხვას მისცემდა (13:53:04).

9.1.2.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნ. მ–ესთან მიმართები აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ირიბია და მათი გამოყენება მსჯავრდების მიზნებისათვის დაუშვებელია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

9.1.3. დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ არცერთი მტკიცებულებით, მათ შორის, ბ. ა–ის ჩვენებითაც, არ დასტურდება, რომ ავტომანქანის ქურდებს შორის დაპირისპირების გამო წაიყვანეს მ. მ–ის ავტომანქანა, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმე ბ. ა–მა დაკითხვისას აღნიშნა, რომ თავდაპირველად მ. მ–მა უთხრა, რომ ერთად მოეძებნათ ავტომანქანა, თუმცა შემდეგ შეცვალა პოზიცია და დაუთქვა კონკრეტული დრო ავტომანქანის მისაყვანად. დაპირისპირების მიზეზი და ავტომანქანის წართმევის მიზეზი იყო კანონიერ ქურდ – ი. ტ–თან დაკავშირებით მ. მ–ის ნათქვამი, რომ იგი ქურდი არ არის (13:34:28).

10. დაცვის მხარის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაზიარებული ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან კვლევა ჩაატარა ე. კ–მა, რომელიც არ არის ფილოლოგი, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ: კასატორი დაცვის მხარე არ ასაბუთებს (არ უთითებს რაიმე ნორმატიულ აქტს) თავის პოზიციას, რომ აღნიშნული ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტის კომპეტენციის სავალდებულო კომპონენტს წარმოადგენს ფილოლოგის დარგში განათლება; საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს 15 წლის სტაჟის მქონე ექსპერტის პროფესიულ არაკომპეტენტურობაზე; იმავდროულად, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ შეჯიბრებით სამართალწარმოებაში (იხ. საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლი) მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა (საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლი), მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ (საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე კონკრეტული მტკიცებულება (მათ შორის, მაგალითად ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, მოწმე ექსპერტის ჩვენება), რაც დაადასტურებდა სადავო დასკვნის მცდარობას და რომელიც სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგების საეჭვოდ მიჩნევის ან/და არგაზიარების საფუძველი გახდებოდა, რაც სასამართლოს საშუალებას მისცემდა გაეზიარებინა დაცვის მხარის პოზიცია; სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 144-ე მუხლს და იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება და კასატორიც არ უთითებს, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა მტკიცებულებების მოპოვებისა თუ ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56).

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის განსაზღვრული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, რაც არ გულისხმობს მტკიცებულებათა მხოლოდ რაოდენობრივ მახასიათებელს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საქმეზე N 400აპ-21).

11.1. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რომელი სახის და რა რაოდენობის მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში დაიშვება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, მითუფრო არ ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ პირდაპირი ხასიათის გამამტყუნებელ მტკიცებულებებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022წლის 21 ივლისის N594აპ-22 განჩინება). სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც მტკიცებულება მყარია და მის სანდოობასთან მიმართებით არ არსებობს რისკები, დამატებითი მტკიცებულების საჭიროება, შესაბამისად, მცირეა” (Tortladze v. Georgia, no. 42371/08, §69, ECtHR, 18/06/2021; იხ. ასევე Lisica v. Croatia, no. 20100/06, §49, ECtHR, 25/02/2010; Gäfgen v. Germany [GC], no. 22978/05, §162-165, ECtHR 2010; Prade v. Germany, no. 7215/10, § 33-34, ECtHR, 3/03/2016; Kobiashvili v. Georgia, no. 36416/06, §§56-58, ECtHR, 14/09/2019).

11.2. შესაბამისად, საკითხი იმის შესახებ, თუ რა სახის და რა რაოდენობის მამხილებელი მტკიცებულების ერთობლიობაა საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, წყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, რის გამოც სასამართლო ვერც ამ ნაწილში დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას.

12. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ კ. ნ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. ნ–ისა და ლ. ბ–სის პოზიციას, რომ კ. ნ–ეს არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ბ. ა–ის ეპიზოდი).

13. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას: ნ. მ–ის – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით; ბ. გ–სის – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით; კ. ნ–ის – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი), ა. ა–ისა და მ. მ–ის – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის შესახებ, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მათ მიერ იმ დანაშაულების ჩადენა, რომლებშიც უდანაშაულოდ იქნენ ცნობილნი და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ნ. მ–ის, ა. ა–ის სრულად გამართლება, კ. ნ–ისა და ბ. გ–სის ნაწილობრივ გამართლება, ხოლო მ. მ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება მათ მიერ ბრალადშერაცხილი ქმედებების ჩადენა.

13.1. დაზარალებულ ა. უ–ის ჩვენების (მასსა და კ. ლ–ეს შორის არსებობდა ფინანსური დავა; კ. ლ–ემ აღნიშნული დავის მოგვარების მიზნით მასთან გააგზავნა ა. უ–ისთვის უცნობი ორი პირი, რომელთაც უნდოდათ დავის „ქურდული გარჩევის“ გზით გადაწყვეტა. აღნიშნულზე ა. გაბრაზდა და პირდაპირ უთხრა, რომ არ ცნობდა „ქურდულ სამყაროს“ და მათ მიერ საქმის გარჩევას, გადაიხდიდა მხოლოდ იმ თანხას, რაც კანონით ეკუთვნოდა. ისინი შეეცადნენ „ქურდული გარჩევის“ გაგრძელებას, მაგრამ მან არ მოუსმინა, ადგა და გავიდა ოფისიდან. ის ორი პირი მას მერე არ შეხმიანებია და არც უნახავს. ა. უ–ის განმარტებით მისი და კ. ლ–ის ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე წარმოშობილი ფინანსური დავალიანების მისი კუთვნილი წილი მან ნებით, ყოველგვარი ქურდული სამყაროს წევრების ჩარევისა და ზეწოლის გარეშე გადაიხადა. კ. ნ–ე მასთან საქმის გარჩევის მიზნით არასოდეს მისულა), მოწმე კ. ლ–ს ჩვენების (მისთვის ბრალდებულების და დაზარალებულის შეხვედრების დეტალები არ არის ცნობილი და შესაბამისად, რაზე ისაუბრეს არ იცის) და იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეპიზოდში გამართლებულებმა უარყვეს კ. ლ–ის ჩვენებაში მითითებული გარემოებები შესაძლო ,,ქურდული გარჩევის” თაობაზე, ასევე, სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულან: კ. ლ–ე (პირი, რომელმაც შეუკვეთა ე.წ. ,,ქურდული გარჩევა“) და გ. გ–ე (პირი, რომელმაც ბრალდებულები და კ. ლ–ე დააკავშირა), გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ნ. მ–ის, ბ. გ–სისა და კ. ნ–ის მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენა.

13.2. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (ბრალდების მხარე ძირითადად აპელირებს ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებზე) გონივრულ ეჭვს მიღმა ასევე არ დგინდება ნ. მ–ისა და ა. ა–ის მიერ ბ. ა–ის ეპიზოდში ,,ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად, დავის გადაწყვეტის ფაქტი, განსხვავებით მსჯავრდებულ კ. ნ–ისა, რომელზეც პირდაპირ მიუთითეს მოწმეებმა – ბ. ა–მა და ზ. ნ–ემ, როგორც პირზე, რომელსაც მიმართეს ავტომანქანის დაბრუნებაში დახმარებისათვის და რომლისგანაც მოგვიანებით გაიგეს, რომ იგი დაუკავშირდა „კანონიერ ქურდ“ ი. ტ–ს და გადაწყვეტილი იყო ავტომანქანის დაბრუნების საკითხი.

13.3. კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნასთან – მ. მ–ს მსჯავრი დაედოს ბრალადწარდგენილი (საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით) კვალიფიკაციით (საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების ნაცვლად) – საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა მ. მ–ის მიერ – ,,ქურდული სამყაროს წევრობა’’, თუმცა დასტურდება ,,ქურდული სამყაროს’’ საქმიანობის განხორციელებისათვის ხელის შეწყობა, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში, მოწმე ბ. ა–მა სასამართლო სხდომაზე მართალია განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც მას ავტომანქანა წაართვეს, დაუკავშირდა მ. მ–ს, რომელმაც თავდაპირველად გამოხატა მზაობა, ერთად ემოქმედათ ავტომანქანის დაბრუნებისათვის, თუმცა შემდგომ აზრი შეიცვალა და ბ. ა–ს დაუთქვა კონკრეტული დრო, რა დროშიც მას უნდა უზრუნველეყო ავტომანქანის უკან დაბრუნება. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ასევე ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დგინდება, რომ მ. მ–ი წარმოადგენს – ქურდული სამყაროს წევრს ან/და პირდაპირი კავშირი აქვს რომელიმე „კანონიერ ქურდთან“ და ქურდული გარჩევის გზით წყვეტს ბ. ა–ისგან ავტომანქანის დაბრუნების საკითხს; თუმცა, ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ჩანაწერებით უტყუარად დასტურდება, რომ მ. მ–ი აქტიურად არის ჩართული ავტომანქანის დაბრუნების საკითხის გარკვევაში. შესაბამისად, მ. მ–ი სრულად ინფორმირებული იყო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და აქტიური ქმედებით ხელს უწყობდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას, შესაბამისად, არ არსებობს კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების და მ. მ–ის საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში მსჯავრდების საფუძველი.

14. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას ნ. მ–ის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და ითვალისწინებს, რომ:

14.1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, სახელმწიფო ბრალდება ნ. მ–ეს ედავება, რომ იგი საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ, ქარხნული წესით დამზადებული 45 კალიბრიან (11, 43მმ) („COLT Mod.1911“) მოდელის პისტოლეტს (რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ვარგისია სროლისათვის);

14.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 სექტემბრის განჩინებით პროკურორ ირინე ჩოჩიას შუამდგომლობა, მათ შორის, ნ. მ–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის თაობაზე, დაკმაყოფილდა;

14.3. სახლის ჩხრეკის 2021 წლის 16 სექტემბრის ოქმის თანახმად, ნ. მ–ის საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს, მათ შორის, პისტოლეტი; აღნიშნული გარემოება დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა, აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე გამომძიებლებმა. ოქმის შენიშვნის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე – ნ. მ–ემ, უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერაზე. იმავდროულად, ოქმში არ არის დაფიქსირებული შენიშვნა, მათ შორის, გამომძიებლებისა და ნ. მ–ის გარდა სხვა პირის საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის თაობაზე (ტ. N7; ს.ფ. 27-33);

14.4. ბალისტიკური ექსპერტიზის 2021 წლის 22 სექტემბერს N.... დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოსაკვლევად წარდგენილი ქარხნული წესით დამზადებული, ამერიკული წარმოების (CШA), 45 კალიბრის (11,43მმ) „COLT Mod. 1911“ მოდელის პისტოლეტი, რომლის ჩარჩოზე იკითხება ციფრები „.........“, კონსტრუქციული გადაკეთების კვალი არ აღენიშნება, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის;

14.5. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2022 წლის 28 იანვრის N......... დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტი, წარწერით: ,, პისტოლეტიდან, მჭიდიდან და ვაზნებიდან აღებული ანაწმენდები…” მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ. მ–ეს;

14.6. დეტექტივმა – შ. დ-მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2021 წლის 16 სექტემბერს ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში – ნ. მ–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. მოწმემ დაადასტურა, რომ საგამოძიებო მოქმედებას უწყვეტად ესწრებოდა ნ. მ–ე (14:35:06). მას შენიშვნა ან განცხადება არ დაუფიქსირებია (14:36:54).

14.7. გამომძიებელმა – გ. ქ–მა განმარტა, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2021 წლის 16 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო, მათ შორის, ნ. მ–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. ოქმში დეტალურად აღწერა საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობა და შესაბამისად, ეთანხმება მის შინაარსს. საგამოძიებო მოქმედებას სრულად ესწრებოდა ნ. მ–ე და მის გარეშე ნივთები არ ამოუღიათ (15:02:01).

14.8. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს მოწმე გ. ქ–ის (ნ. მ–ის მეუღლე) გამოკითხვის ოქმს (უდავო მტკიცებულება) რომლის თანახმად, სახლის ჩხრეკისას იგი პოლიციის თანამშრომლებს დაჰყვებოდა. პოლიციელმა მისი გარდაცვლილი მამამთილის ოთახიდან ამოიღო პისტოლეტი და იკითხა: „ეს რა არის?“, რაზეც ნ. მ–ემ უპასუხა, რომ მისი არ იყო, ოთახი ეკუთვნოდა მის გარდაცვლილ მამას და სავარაუდოდ იარაღიც მისი იქნებოდა. პოლიციის თანამშრომელმა ჰკითხა: „არა, არის შენი“ და, იმავდროულად, ნ-ს იარაღი ხელში მიაწოდა, რომელმაც უკან დაუბრუნა; ასევე, მოწმე ნ. მ-ს (ნ. მ–ის დედა) გამოკითხვის ოქმს (უდავო მტკიცებულება), რომლის თანახმად, სახლის ჩხრეკისას ამოღებული პისტოლეტი და ჯავშანჟილეტი ეკუთვნოდა მის გარდაცვლილ მეუღლეს, რომლის გარდაცვალების შემდეგ, მის ოთახში არავინ შედიოდა, მათ შორის, არც მის შვილი – ნ. მ–ე.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნ. მ–ის საცხოვრებელ სახლის ჩხრეკა 2021 წლის 16 სექტემბერს ჩატარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 სექტემბრის განჩინების საფუძველზე. ამასთან, სისხლის სამართლის მასალებით დგინდება, რომ ნ. მ–ის საცხოვრებელ სახლის ჩხრეკისას არ განხორციელდა ვიდეოგადაღება; იმავდროულად, ერთი მხრივ, ჩხრეკის ოქმით (და ჩხრეკის მწარმოებელი გამომძიებლების ჩვენებებით) არ დგინდება, რომ ჩხრეკას ესწრებოდა ნეიტრალური პირი; ამასთან, მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებით (მოწმე – გ. ქ–ის გამოკითხვის ოქმით) დგინდება, რომ ჩხრეკის წარმოებას ესწრებოდა, მათ შორის, მოწმე გ. ქ–ე, რომელმაც დაადასტურა, რომ ჩხრეკის მიმდინარეობისას მსჯავრდებულს პოლიციის თანამშრომელმა ხელში მიაწოდა, ხოლო მსჯავრდებულმა უკან დაუბრუნა სადავო პისტოლეტი. ამასთან, იმ გარემოებს გათვალისწინებით, რომ ჩხრეკის მწარმოებელი პირების დაკითხვისას, ბრალდების მხარეს სადავო არ გაუხდია და არც დაუსვამს შეკითხვა აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისა და ნ. მ–ის გარდა მოწმე გ. ქ–ის მონაწილეობის შესახებ, In dubio pro reo-ს პრინციპიდან გამომდინარე, არ არსებობს არც ამ ნაწილში ბრალდების მხარე კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

16. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ზოგადად, პირის მფლობელობაში ნივთის აღმოჩენა ქმნის იმის პრეზუმფციას, რომ ეს ნივთი მას ეკუთვნოდა და ეს ჰიპოთეზა შეუსაბამო არ არის მტკიცების ტვირთთან და in dubio pro reo-ს პრინციპთან, თუმცა ამ პრეზუმფციის ნეიტრალური მტკიცებულებებით გამყარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როდესაც აღმოსაჩენი ნივთი შეიძლება პირის ბრალდების მთავარი საფუძველი იყოს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-104). ამასთან, თვითმხილველი მოწმე პოლიციელების ჩვენებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს: მიუხედავად იმისა, რომ „პოლიციელთა ჩვენებები, ზოგადად, სანდო მტკიცებულებებია და არ არსებობს რაიმე a priori საფუძველი, რომ ამ უკანასკნელთა ჩვენებებს იმაზე ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭოს, ვიდრე, მაგალითად, სხვა პირებისას, თუმცა, კიდევ ერთხელ, ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული არ გულისხმობს, რომ პოლიციელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია ადეკვატური შემოწმების გარეშე იმთავითვე სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს. მტკიცებულების სანდოობის შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებების სრული და ყოველმხრივი შესწავლის შედეგად, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ფუნქციაა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N2/2/1276 „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-102). ნ. მ–ის ბრალდება ძირითადად ემყარება სადავო ჩხრეკის შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებსა და პოლიციელთა ჩვენებებს, ჩხრეკის მიმდინარეობისას არ იყო დაცული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნა, შესაბამისად, სასამართლო ამ ნაწილშიც ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს.

16.1. საკასაციო სასამართლო ასევე, კვლავაც აღნიშნავს, რომ: ბრალდების მხარის ვალდებულებაა, გამოიყენოს კანონიერი საშუალებები იმისათვის, რომ გაამყაროს ჩხრეკა/ამოღების ფაქტისადმი სანდოობა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს სამართალდამცავთა ცალსახა ვალდებულება, მოიპოვონ ჩხრეკის სანდოობის უზრუნველმყოფი მტკიცებულებები, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-106). „ბუნებრივია, საგამოძიებო მოქმედების კომპლექსურობის გათვალისწინებით, ყველა შემთხვევაში, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ვერ მოხდეს ჩხრეკის ფაქტის ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარება, თუმცა უნდა დადასტურდეს, რომ უფლებამოსილმა პირმა მიიღო გონივრული ზომები იმისთვის, რომ უზრუნველყო ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება“ (იქვე, II-107). „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, როგორც წესი, გადაულახავ სირთულესთან არ არის დაკავშირებული ჩხრეკის დაფიქსირება თუნდაც მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოკამერით, რომელიც დღესდღეობით ფაქტობრივად ყოველდღიური მოხმარების ნივთს წარმოადგენს” (იქვე, II-109). „როდესაც აშკარაა, რომ პოლიციელს შეეძლო მოეპოვებინა ჩხრეკის სანდოობის გამამყარებელი მტკიცებულება და მან ეს არ გააკეთა, მისი ქმედებებისადმი ნდობის ხარისხი მნიშვნელოვნად იკლებს” ( იქვე, II-108).

17. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გამართლებული პირების მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენას. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.

18. მსჯავრდებულებისათვის შეფარდებულ სასჯელთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. მხარეებს არ წარუდგენიათ რაიმე მტკიცებულება/არგუმენტი, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულებისათვის სასჯელის შემსუბუქება/დამძიმება.

19. მსჯავრდებულებს მიერ ჩადენილ დანაშაულებზე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება.

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

22. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

23. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

24. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ კ. ნ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. ნ–ისა და ლ. ბ–სის, ასევე საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ირინე ჩოჩიას საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე