საქმე # 330100122006520507
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №857აპ-24 ქ. თბილისი
ნ. ტ.857აპ-24 17 იანვარი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ტ. ნ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. მ–ის, ასევე ადვოკატების – გ. ჭ–სა და ო. მ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ტ. ნ–ს, – პირადი ნომერი ………, – ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ტ. ნ–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: ტ. ნ–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებული და სროლისათვის ვარგისი იარაღი, რომელიც ლულის გაჩარხვით გადაკეთებამდე წარმოადგენდა, ქარხნული წესით დამზადებულ, თავდაცვითი დანიშნულების „EKOL Major“ მოდელის №…….. ხმოვან პისტოლეტს და საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებული, გამოსაყენებლად ვარგისი, 4 ცალი 9მმ. ნომინალური კალიბრის ვაზნა, რომელთაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და 2022 წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით 13:52 საათზე, თ–ში, კ–ს ქუჩა N.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებდა პირადად გადაადგილების დროს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 ივლისის განაჩენით ტ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
3.2. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ტ. ნ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
3.4. მსჯავრდებულ ტ. ნ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 17 ოქტომბრიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულის ტ. ნ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – მ. მ–მა და ო. მ–მა, რომლებმაც მოითხოვეს მსჯავრდებულის გამართლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 ივლისის განაჩენი ტ. ნ–ის მიმართ დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ტ. ნ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – მ. მ–მა, გ. ჭ–მ და ო. მ–მა. კასატორები ითხოვენ ტ. ნ–ის გამართლებას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა ტ. ნ–ის გამართლება.
8.1. ამდენად, დავის საგანია: ჩაიდინა თუ არა ტ. ნ–მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება.
9. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას ტ. ნ–ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: გამომძიებლების, თარჯიმან ნ. კ–ს ჩვენებებით, ბიოლოგიური (გენეტიკური), ქიმიური, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ტ. ნ–ს მიერ მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენა.
10. სასამართლო გამომძიებლების ჩვენებებთან ერთად, იმავდროულად, ითვალისწინებს თარჯიმან ნ. კ–ს ჩვენებას, რომელმაც გამომძიებლების მსგავსად დაადასტურა 2022 წლის 17 ოქტომბერს ტ. ნ–ისაგან ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღება და, მათ შორის, ადვოკატის კითხვაზე დაადასტურა, რომ მან დაინახა მსჯავრდებულისაგან იარაღის ამოღების ფაქტი (19.05.2023; 11:54:49).
11. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ თარჯიმან ნ. კ–ი, იმის გათვალისწინებით, რომ ხელფასს იღებს პოლიციის განყოფილებიდან, არსებითად არის დამოკიდებული ბრალდების მხარეზე, რაც, გარდა იმისა, რომ არის მისი აცილების საფუძველი, იმავდროულად, მას აქცევს არანეიტრალურ მოწმედ, ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 61-ე მუხლის თანახმად, თარჯიმანს უფლება არა აქვს, მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის პროცესში, მათ შორის, მაშინ, როცა არსებითად დამოკიდებულია სისხლის სამართლის პროცესის რომელიმე მონაწილეზე; იმავდროულად, საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს უფლება აქვს, დაკითხვის და სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე, თუ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, ან აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც ჟესტური ენის გარეშე მასთან კომუნიკაციას გამორიცხავს.
11.1. მოცემულ შემთხვევაში, თავად თარჯიმანმა ნ. კ–მა დაკითხვისას განაცხადა, რომ 2022 წლის ოქტომბერში იგი მუშაობდა თარჯიმანთა ბიურო ,,დ–ში“. ამასთან, როგორც წესი მას შემდეგ რაც ბიურო იღებდა შეკვეთას, უკავშირდებოდნენ მას და უშვებდნენ გამოძახებაზე. გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში გამომძიებელი თავად უკავშირდებოდა და სთხოვდა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას, თუმცა აღნიშნული არ ხდება ბიუროს გვერდის ავლით (პროკურორის კითხვაზე: გამომძიებელი თავად, რომ გირეკავთ, ურთიერთობის რა ფორმა არის, ბიურო ამ დროს არაფერ შუაში არ არის?, მოწმემ უპასუხა: ,,შუაშია, როგორ არა”), შესრულებული სამუშაოსათვის გახარჯული დროის შესაბამისად, ანაზღაურებას უხდის ბიურო, და – არა პოლიციელი ან საქართველოს შსს-ს რომელიმე თანამშრომელი (19.05.2023; 11:32:35).
11.3. ამდენად, ვინაიდან კასატორების მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ ნ. კ–ი არსებითად იყო დამოკიდებული ბრალდების მხარეზე (მის რომელიმე წარმომადგენელზე), მათ შორის, განსახილველი საქმის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზარებს დაცვის მხარის ვარაუდებს თარჯიმნის პროცესის რომელიმე მონაწილეზე არსებითად დამოკიდებულების შესახებ, ისევე, როგორც მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობაში ეჭვის შეტანის თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ზოგადად, პირის მფლობელობაში ნივთის აღმოჩენა ქმნის იმის პრეზუმფციას, რომ ეს ნივთი მას ეკუთვნოდა და ეს ჰიპოთეზა შეუსაბამო არ არის მტკიცების ტვირთთან და in dubio pro reo-ს პრინციპთან. თუმცა ამ პრეზუმფციის ნეიტრალური მტკიცებულებებით გამყარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როდესაც აღმოსაჩენი ნივთი შეიძლება პირის ბრალდების მთავარი საფუძველი იყოს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-105). სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მართალია ჩხრეკის ჩატარებისას პოლიციელების მიერ არ მომხდარა ჩხრეკის მიმდინარეობის ვიდეოგადაღება, თუმცა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა თარჯიმანი – სამართალწარმოების მონაწილე, რომელსაც არ გააჩნია საპროცესო დაინტერესება (სისხლის სამართლის საქმის მასალებით ასევე არ დგინდება მისი მიკერძოებული დამოკიდებულება დაცვის ან/და ბრალდების მხარისადმი) და რომელმაც თავისი ჩვენებით გაამყარა სამართლდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 6 სექტემბრის №238აპ-23 განჩინება).
13. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ: ,,ბრალდების მხარის ვალდებულებაა, გამოიყენოს კანონიერი საშუალებები იმისათვის, რომ გაამყაროს ჩხრეკა/ამოღების ფაქტისადმი სანდოობა.... აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს სამართალდამცავთა ცალსახა ვალდებულება, მოიპოვონ ჩხრეკის სანდოობის უზრუნველმყოფი მტკიცებულებები, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-106). „ბუნებრივია, საგამოძიებო მოქმედების კომპლექსურობის გათვალისწინებით, ყველა შემთხვევაში, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ვერ მოხდეს ჩხრეკის ფაქტის ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარება, თუმცა უნდა დადასტურდეს, რომ უფლებამოსილმა პირმა მიიღო გონივრული ზომები იმისთვის, რომ უზრუნველყო ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება“ (იქვე, II-108). „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, როგორც წესი, გადაულახავ სირთულესთან არ არის დაკავშირებული ჩხრეკის დაფიქსირება თუნდაც მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოკამერით, რომელიც დღესდღეობით ფაქტობრივად ყოველდღიური მოხმარების ნივთს წარმოადგენს” (იქვე, II-109). „როდესაც აშკარაა, რომ პოლიციელს შეეძლო მოეპოვებინა ჩხრეკის სანდოობის გამამყარებელი მტკიცებულება და მან ეს არ გააკეთა, მისი ქმედებებისადმი ნდობის ხარისხი მნიშვნელოვნად იკლებს” ( იქვე, II-107).
14. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2023 წლის 13 აპრილის N......... დასკვნასთან (რომლის თანახმად, პაკეტში, წარწერით: ... ,,ანაწმენდები პისტოლეტიდან, მჭიდიდან, ოთხი ვაზნიდან...“ მოთავსებულ: ანაწმენდებზე პისტოლეტის სასხლეტიდან, დამცავი კავიდან (ობ. N..), სახელურიდან (ობ. N..) და ჩარჩოდან, ჩამკეტის გარსაცმიდან, ჩახმახიდან (ობ. N..), აღმოჩნდა ადამიანის ბიომასალა, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ტ. ნ–ს (ობ. N..; პაკეტი, წარწერით: ,,...ნერწყვის ნიმუში...აღებული ბრალდებული ტ. ი–ს ძე ნ–ის... პირის ღრუდან...“.) ანაწმენდებზე მჭიდიდან (ობ. N.. და ოთხი ვაზნიდან (ობ. N..) გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა) მიმართებით დაცვის მხარის პრეტენზიაზე, რომ ბრალდების მხარემ აღნიშნული მტკიცებულება სასამართლოს წარუდგინა საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, ბრალდების მხარეს ამ მტკიცებულების მოპოვების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოში წარმოდგენამდეც, ობიექტურად ჰქონდა შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა, რითიც არსებითი განხილვის სხდომების მიმდინარეობისას არ ისარგებლა (დაცვის მხარის პოზიციით ექსპერტიზის დასკვნა ბრალდების მხარეს 2023 წლის 20 აპრილს მიღებული ჰქონდა), საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, აღნიშნული დასკვნა დათარიღებულია 2023 წლის 13 აპრილით, თუმცა, იმავდროულად, საქმეში წარმოდგენილია გამომძიებელ თ. ხ–ის მიმართვა, რომლის თანახმადაც, მან სადავო დასკვნა პროკურორ გიორგი ნადირაძეს გაუგზავნა 2023 წლის 15 მაისს.
14.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში სახელმწიფო ბრალმდებელი არის პროკურორი. დაცვის მხარეს კი არ წამოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს ადვოკატის მიერ დასახელებულ თარიღში მოპოვებული ჰქონდა ექსპერტიზის დასკვნა. ამასთან, ბრალდების მხარეს საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მიაწოდა იმ მომენტისათვის მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომელი მტკიცებულების წარდგენასაც აპირებდა სასამართლოში, რომელთა შორის ასევე იყო დადგენილება ბიულოგიური ექსპერტიზის დანიშნვნის შესახებ. შესაბამისად, დაცვის მხარეს ობიექტურად ჰქონდა მოლოდინი, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის, როგორც მტკიცებულების მოპოვებისა და საქმზე დართვის შესახებ.
15. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებით სამართალწარმოებაში (იხ. საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლი) მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა (საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლი), მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ (საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლი); საქართველოს სსსკ-ის 144-ე მუხლს და იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება და კასატორიც არ უთითებს, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა საშუალება თავადაც ჩაეტარებინა სადავო იარაღზე შესაბამისი ექსპერტიზა. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო შედეგს ან სულ მცირე ეჭვს მაინც გააჩენდა ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებთან მიმართებით.
16. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ტ. ნ–ის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
18. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად, არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
19. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ტ. ნ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. მ–ის, ასევე ადვოკატების – გ. ჭ–სა და ო. მ–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე