საქმე # 120100123006896482
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1148აპ-24 ქ. თბილისი
ა-ძე მ, 1148აპ-24 17 მარტი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. ა-ს, - დაბადებულს ... წლის … აპრილს, - ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სოცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2023 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, ა-ის მუნიციპალიტეტის დაბა ა-ში, ა-ის ქ.N..-ში მდებარე თავიანთი საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა მ. ა-მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ძმას - რ. ა-ს, რა დროსაც მინის დოქი დაარტყა მას შუბლის მარცხენა არეში. რ. ა-მ სხეულზე მიიღო ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, დაკავშირებული ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან - შუბლის ძვლის გარეთა ფირფიტის მოტეხილობასთან.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 10 ივნისის განაჩენით:
2.1. მ. ა-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. გაუქმდა მ. ა-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
2.3. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 10 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენის გაუქმება, მ. ა-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ამასთან - მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადასტურდა მ. ა-ის ბრალეულობა, კერძოდ, დაზარალებულმა რ. ა-მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ხოლო მოწმის სახით დაკითხული ექიმის - პ. ა-ის ჩვენება, რომელზეც აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებთან მიმართებით, არის ირიბი და ვერ დაედება საფუძვლად მ. ა-ის მსჯავრდებას, ისევე როგორც - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია დაზარალებულის მიმართ მიყენებული დაზიანების ხარისხი, თუმცა აღნიშნული დასკვნით არ იკვეთება, რა ვითარებაში მიიღო დაზიანება რ. ა-მ, ან ის, რომ დაზიანების მიმყენებელი პირი მ. ა-ა.
7. სახელმწიფო ბრალმდებელმა გელა მაღრაძემ საკასაციო საჩივარში მ. ა-ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებებად ასევე მოიშველია სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის N4970 შეტყობინება და მისი დათვალიერების ოქმი, შემაკავებელი ორდერი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამ მტკიცებულებებს ვერ მიიღებს მსჯავრდებულის მამხილებელ მტკიცებულებებად; მ. ა-ის მხრიდან დაზარალებულის მიმართ შესაძლო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტის დადასტურება შეუძლებელია ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით; შემაკავებელი ორდერი საფუძვლად დაედო დაზარალებულის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებულ ინფორმაციას, დაზარალებულის მიმართ მსჯავრდებულის მხრიდან ჯანმრთელობის დაზიანების განხორციელების შესახებ. შემაკავებელ ორდერში მითითებული გარემოებების გადამოწმება ვერ მოხერხდა პირველწყაროსთან, რადგან როგორც უკვე აღინიშნა, გარდა იმისა, რომ დაზარალებულმა უარი განაცხადა მ. ა-ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ასევე საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დაზარალებულის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ჩადენის ფაქტს.
8. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში ვერ წარმოადგინა გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობა მ. ა-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის დასადასტურებლად, რისი გათვალისწინებითაც, არც ამ ნაწილში არსებობს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების რაიმე წინაპირობა.
9. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე