საქმე # 010100123008162450
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1160აპ-24 ქ. თბილისი
ს-ძე დ, 1160აპ-24 17 მარტი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 აგვისტოს განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დ. ს-ს, - დაბადებულს ... წლის … თებერვალს, - ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ორზე მეტი პირის მიმართ და იმ პირის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 მარტის განაჩენით განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევმა დ. ს-მ, 2023 წლის 7 სექტემბერს, ქ. ბ-ში, გ-ის ქუჩის N..-ში მდებარე რესტორან „მ-ში“, დანის გამოყენებით, დუნდულოსა და საზარდულის არეში დარტყმებით, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებები მიაყენა რ. ც-ნს, ვ. ე-სა და რ. ს-ს, რამაც მათი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის განაჩენით:
2.1. დ. ს-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. დ. ს-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2.3. გამართლებულ დ. ს-ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 აგვისტოს განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 აგვისტოს განაჩენის გაუქმება, დ. ს-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა დ. ს-ის მიერ დაზარალებულების - რ. ც-ის, ვ. ე-სა და რ. ს-ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებები მიყენების ფაქტს, რამაც მათი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაზარალებულები - ვ. ე-ნი, რ. ც-ნი, რ. ს-ძე არ დაეთანხმნენ არც გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებში ასახულ ინფორმაციას და არც ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებს. ვ. ე-მა და რ. ს-მ კატეგორიულად გამორიცხეს დ. ს-ის მონაწილეობა მომხდარ ინციდენტში და განაცხადეს, რომ ბრალდებულის სკამზე მჯდარი მამაკაცი 2023 წლის 7 სექტემბერს რესტორან ,,მ-ში“ საერთოდ არ დაუნახავთ და არც მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში მიუღია მას მონაწილეობა. დაზარალებულმა რ. ც-მა კი განაცხადა, რომ მას არ შეუძლია, გარეგნულად აღწეროს ის პირი, რომელმაც დაზიანებები მიაყენა დანით, არ ახსოვს როგორ გამოიყურებოდა ის. იყო საკმაოდ ნასვამი და არც ის ახსოვს რა ჩვენება მისცა გამომძიებელს. ვ. ე-მაც დაადასტურა, რომ საგამოძიებო ორგანოში მთვრალი მიიყვანეს და ისე მიაცემინეს ჩვენება, ოქმს ასევე გაუცნობიერებლად მოაწერინეს ხელი. ორივე მათგანის ჩვენების მიხედვით, ისინი ჯერ რესტორან ,,რ-აში“ ქეიფობდნენ, სადაც დაახლოებით 1,5 ლიტრი არაყი დალიეს, შემდეგ მ-ის მიწვევით გადავიდნენ რესტორან ,,მ-აში“ და იქაც განაგრძეს ალკოჰოლის მიღება. მათ სიმთვრალეზე მიუთითებს ასევე მოწმის სახით დაკითხული ო. პ-აც და განსაკუთრებით ხაზს უსვამს რ. ც-ის ძლიერ სიმთვრალეს. შესაბამისად გონივრულია ეჭვი, რომ მთვრალი ვ. ე-ნი და რ. ც-ნი მათ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ვერ აღიქვამდნენ და გადმოსცემდნენ სათანადოდ.
8. ასევე უმნიშვნელოვანესია ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთ პირის - ე. მ-ის ჩვენება, რომელმაც კატეგორიულად უარყო გამოკითხვის ოქმში ასახული ინფომაციის სისწორე, განმარტა, რომ არც წითელმაისურიანი ახალგაზრდა უნახავს და არც დაჭრის მომენტი. ყველაფერი, რაც მისი გამოკითხვის ოქმში წერია ტყუილია და პოლიციელების მიერ შეთხზული. განყოფილებაში პირდაპირ რესტორნიდან მიიყვანეს ნასვამი და რა ჩაწერეს გამოკითხვის ოქმში, ან მას რაზე მოაწერინეს ხელი, არ იცის. ე. მ-ის განმარტებით წარდგენილი ფოტოებიდან არცერთი პირი არ ამოუცვნია, სწორედ ამას მოაწერა ხელი ოქმის ბოლოს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ოქმში სხვა მონაცემები იყო შეტანილი. მისი თქმით, ფიზიკური დაპირისპირების და ადამიანების დაჭრის ფაქტს საერთოდ არ შესწრებია.
9. რესტორან ,,მ-ში“ დასაქმებულმა პირებმა, მენეჯერმა ს. ი-მ, მიმტანებმა - გ. გ-მ, ვ. ხ-მა, ბ. დ-მ განმარტეს, რომ რესტორნის გარე სივრცეში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების უშუალო თვითმხილველები არ არიან. იმყოფებოდნენ რესტორნის სხვა ნაწილში და მხოლოდ ცალკეული ეპიზოდების აღწერა შეუძლიათ. არ დაუნახავთ არც დანიანი ახალგაზრდა, არც სამი პირის დანით დაჭრის მომენტი და ვერც ბრალდებულ დ. ს-ზე მიუთითებენ, როგორც მომხდარი ინციდენტის მონაწილესა, თუ სამი პირის დაჭრაში დამნაშავეზე. იგივე უთხრეს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვისას გამომძიებელსაც, თუმცა დაღლილებმა, უძილოებმა და პოლიცის განყოფილებაში მთელი ღამით ნამყოფებმა ყურადღებით არ წაიკითხეს გამოკითხვის ოქმები, ისე მოაწერეს ხელი. ს. ი-მ ასევე განმარტა, რომ არ ამოუცნია ფოტოებიდან პირი, რომელმაც დაჭრა ადამიანები. პოლიციის თანამშრომლებმა ხელი მოაწერინეს რაღაც დოკუმენტებზე, მაგრამ არ გაცნობია მათ შინაარსს.
10. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს გამოძიების ეტაპზე გამოკითხულ მომხდარი ინციდენტის შემსწრე სამ მოწმეზე, ესენი არიან ა. გ-ი, მ. ა-ნი და მ. თ-ძე. მათგან სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მხოლოდ მ. თ-ძე, რომელმაც ასევე კატეგორიულად უარყო მისი გამოკითხვის ოქმში ასახული ინფომაცია, განმარტა, რომ ჩვენების დიდი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს და უფრო მეტიც, სხვა მოწმის, კერძოდ კი ა. გ-ის გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ჩვენების ზუსტი ასლია. მისი განმარტებით, დაჭრის მომენტი არ დაუნახავს, დაინახა დაჭრილი მამაკაცი, ასევე ჩხუბში ჩართული მამაკაცი და მისი ამოცნობაც შეუძლია, მაგრამ იყო თუ არა ის პირი, რომელმაც სხვები დაჭრა, არ იცის. ბრალდებულის სკამზე მჯდომი პირი იქ არ დაუნახავს. მთელი ღამე განყოფილებაში გაატარებინეს, იყო უძილო და დაღლილი, თან უჩვეულო სიტუაციაში მყოფი, ამიტომ სურდა, რაც შეიძლება, მალე წასულიყო იქიდან და ენდო გამომძიებელს, არ გადაიკითხა და ისე მოაწერა ხელი გამოკითხვის ოქმს. რაც შეეხება ფოტოსურათით ამოცნობას, წარუდგინეს ოთხი ფოტო და გამომძიებელმა პირდაპირ დაადო ხელი ერთ-ერთს, უთხრა, რომ იცოდა სწორედ ის იყო მომხდარში დამნაშავე, აჩვენა ამ მამაკაცის ფეისბუკგვერდიც. იმდენად დადასტურებულად იყო ნათქვამი, თან ძალიან უნდოდა მალე წასულიყო განყოფილებიდან, წინააღმდეგობა აღარ გაუწია და დაეთანხმა.
11. საზღვარგარეთ ყოფნის გამო, რაც დადასტურდა სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციით, სასამართლო სხდომაზე ვერ მოხერხდა მ. ა-სა და ა. გ-ის დაკითხვა. მათი გამოკითხვის ოქმები საჯაროდ გამოქვეყნდა. გამოკითხვის ოქმების თანახმად, პირი რომელიც გამოესარჩლა ო. პ-ას გაიძახოდა რომ იყო დ. ს-ძე, რომელიც ინციდენტის დასრულების შემდეგ მათ მაგიდასთან მივიდა, ხელში ეჭირა, მ. ა-ის გადმოცემით - დაკეცილი, ხოლო ა. გ-ის ჩვენების მიხედვით - გაშლილი დანა და მას სთხოვა გაჰყოლოდა რესტორნის გასასვლელისკენ.
12. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას, რომ რამდენადაც მ. ა-სა და ა. გ-ან ერთად მყოფი მ. თ-ძე სასამართლოს წინაშე დაკითხვისას სრულიად სხვაგვარ ფაქტებს გადმოსცემს და საუბრობს პოლიციის განყოფილებაში დაწერილ არასწორ ჩვენებაზე, ეს ფაქტი უკარგავს დამაჯერებლობას ა. გ-ისა და მ. ა-ის გამოკითხვის ოქმში ასახულ ინფორმაციასაც. საყურადღებოა ისიც, რომ ორივე მათგანის გამოკითხვის ოქმებში იდენტური ინფორმაციაა ჩაწერილი, იდენტური ფრაზებით, წინადადებების იდენტური წყობით, რაც კიდევ ერთი დამატებითი მიზეზია გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაციის უტყუარობაში ეჭვის შეტანისა.
13. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას დაკითხულმა არცერთმა პირმა არ დაადასტურა, რომ დ. ს-ძე იყო ის, რომელმაც დანის გამოყენებით დაჭრა სამი პირი. ყველა მათგანმა მნიშვნელოვანწილად უარყო გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაცია და ისაუბრა აღნიშნულ ოქმებში აღწერილი ფაქტებისგან განსხვავებულ ვითარებაზე. სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც პირდაპირ მიუთითებდა დ. ს-ის ბრალეულობაზე, არ არის წარმოდგენილი.
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
15. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება დ. ს-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 აგვისტოს განაჩენზე დ. ს-ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
მ. გაბინაშვილი