საქმე # 330100123007814111
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1205აპ-24 ქ. თბილისი
მ-ია შ, 1205აპ-24 17 მარტი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ცუცქირიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. შ. მ-ას, - დაბადებულს .. წლის ... მაისს, - ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2023 წლის 7 ივლისს, საღამოს საათებში, ქ.თ-ში, ც-ის ქუჩის N..-ში, შ. მ-ა შვილს - ნ. მ-ას დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, უთხრა, რომ თვალს ამოუგდებდა, რითაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში. ამავე დროს, შ. მ-ია სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ნ. ტ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, ყელს გამოჭრიდა, რითაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენით:
2.1. შ. მ-ია ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. შ. მ-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2.3. შ. მ-ას განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, აქვს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა ცუცქირიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განაჩენის გაუქმება, შ. მ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.
7. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20, N1001აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები ან დაზარალებულმა კატეგორიულად დაადასტურა, რომ რაიმე სახის შიში არ განუცდია, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულებმა - ნ. ტ-მა, ნ. მ-მ, ასევე მოწმეებმა - ნ. მ-მ (შვილი), ნ. მ-მ (შვილი) და ნ. გ-ამ (დედა) ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და შ. მ-ას წინააღმდეგ არ მისცეს ჩვენებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუქარის განხორციელების შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომლის გარეშეც რთულდება პირის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა, მითუფრო, როცა საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის დასადასტურებლად.
10. სახელმწიფო ბრალმდებელი აპელირებს მოწმე ა. დ-ს ჩვენებაზე, რომელმაც გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნების შემდეგ დაადასტურა 2023 წლის 7 ივლისს, შ. მ-სა და მის შვილებს - ნ. მ-ას და ნ. მ-ას შორის სიტყვიერი კონფლიქტის არსებობა; ნ. ტ-ის მიმართ მუქარის შესახებ კი განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ნ. ტ-ი სახლიდან გამოვიდა, შ. მ-ა გახდა აგრესიული და ნ-ას უთხრა - „ნ. ტ-ო, დაგასრულებ, მოგკლავ, ყელს გამოგჭრი“, რაზეც ნ. ტ-ს არ ჰქონია არანაირი რეაქცია, პირდაპირ გამოვიდა და ჩაჯდა მის მანქანაში. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ მოწმის ჩვენება, რომელიც არ არის გამყარებული სხვა რაიმე მტკიცებულებით, ვერ წარმოშობს იმ სტანტარტს, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
11. რაც შეეხება დაზარალებულ ნ. მ-ს მიმართ მუქარას, 2023 წლის 7 ივლისით დათარიღებული შეტყობინებით, ასევე შეტყობინების აუდიოჩანაწერით დგინდება, რომ ნ. მ-ა დაუკავშირდა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ს და ოპერატორს შეატყობინა მამის - შ. მ-ას მიერ თვალის ამოგდებით დამუქრების შესახებ. კიდევ ერთი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც წარმოდგენილია შ. მ-ას ბრალდების დამადასტურებლად, არის 2023 წლის 8 ივლისს, შ. მ-ას მიმართ გამოცემული N.. შემაკავებელი და თანდართული ოქმი, რაც უპირობოდ წარმოადგენს მტკიცებულებას, თუმცა საკასაციო სასამართლოს, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, მიაჩნია, რომ მხოლოდ აღნიშნულ წერილობით მტკიცებულებებში ასახული მწირი ინფორმაცია, რომელიც არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით, არ წარმოადგენს საკმარისს ბრალდების დასადასტურებლად. გარდა იმისა, რომ აღნიშნული ოქმი არ შეიცავს სავარაუდო მუქარის შემთხვევაში ნ. მ-ას მხრიდან შიშის განცდის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას, N1 კითხვაზე: „- ფიქრობთ, რომ მოძალადე მოგაყენებთ ჯანმრთელობის დაზიანებას, მოგკლავთ, ჯანმრთელობას დაუზიანებს ან მოკლავს თქვენ შვილ(ებ)ს ან/და სხვა ახლობელს“, მონიშნულია უარყოფითი პასუხი.
12. მოწმის სახით დაკითხული პოლიციელების - ო. დ-ის და ო. ლ-ის ჩვენებების თანახმად, ისინი არ შესწრებიან მუქარის ფაქტს, შესაბამისად, არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი და გადმოსცემენ მხოლოდ დაზარალებულისგან მიღებულ ინფორმაციას. ამდენად, მათი ჩვენებები ირიბია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას, რომ სასამართლომ უგულებელყო დადგენილი გარემოებები და ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს შ. მ-ას ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014).
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ცუცქირიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე