Facebook Twitter

საქმე # 330100122005861797

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1206აპ-24 ქ. თბილისი

თ-რი დ, 1206აპ-24 17 მარტი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. დ. თ-ს, - დაბადებულს .. წლის .. მაისს, - ბრალად ედება თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2019 წლის 16 დეკემბერს, თ-ში, დ-ში, პ. ი-ის ქუჩის N.., ბინა N..-ში, თ. ბ-სა და დ. თ-ს შორის შედგა სიტყვიერი შეთანხმება კარადის დამზადების თაობაზე. კარადის დამზადებისა და ადგილზე დამონტაჟების მომსახურების თანხად განისაზღვრა 1300 ლარი. თ. ბ-მა დ. თ-ს გადასცა კარადის დამზადებისათვის განკუთვნილი თანხა - 1200 ლარი. დ. თ-მა არ შეასრულა სიტყვიერი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, არ დაამზადა ავეჯი და მისთვის გადაცემულ თანხას მოტყუებით დაეუფლა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 თებერვლის განაჩენით:

2.1. დ. თ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. გაუქმდა დ. თ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

2.3. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, დ. თ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა დ. თ-ის მხრიდან საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

7. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთრების უფლება ექცევა როგორც სამოქალაქოსამართლებრივი, ასევე სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობით დაცულ სფეროში. მათ შორის ზღვარის გავლებას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ კუთხით, რომ არც უდანაშაულო პირის მსჯავრდება მოხდეს და არც დამნაშავის ქმედებას მიეცეს იმგვარი არასწორი შეფასება, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაული მიჩნეული იქნეს მხოლოდ სამოქალაქოსამართლებრივი ვალდებულების დარღვევაში გამოვლენილ არაკეთილსინდისიერ საქციელად. ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა დ. თ-ის მოქმედება დანაშაულებრივი განზრახვით და მოტყუების ხერხის გამოყენებით, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტი.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დ. თ-ის მხრიდან სახეზეა სამოქალაქო ვალდებულების შეუსრულებლობა და მისი არაკეთილსინდისიერი ქცევა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა, რომ თ. ბ-ან კარადის აწყობაზე შეთანხმების დროს დ. თ-ი მიზნად ისახავდა დაზარალებულის მოტყუებას, რის გამოც მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები არ იკვეთება.

9. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მოტივაციას და აღნიშნავს, რომ დ. თ-ის ქმედებაში გამოკვეთილია არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, არამედ - მხარეთა შორის არსებული ზეპირი შეთანხმების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო დავა, რაც, შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სამოქალაქო და არა - სისხლის სამართალწარმოების წესით. მოცემულ შემთხვევაში, დ. თ-რი არის შეთანხმების დამრღვევი პირი, რომელსაც, შესაძლოა, დაეკისროს ვალდებულება მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს თაღლითობის კვალიფიკაციას. მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მხარეს ეკისრება სამოქალაქო სამართლწარმოების წესით.

10. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე დ. თ-ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე