Facebook Twitter

საქმე # 030100124009262409

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1227აპ-24 ქ. თბილისი

ბ-ა გ, 1227აპ-24 17 მარტი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ოქტომბრის განაჩენზე ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე კოდუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ბ-ას, - დაბადებულს .. წლის ... აპრილს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ (შვიდი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2024 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. ფ-ში, ჭ-ის ქუჩის №...-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი გ. ბ-ია არაერთგზის, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ, იმის გამო, რომ იყო ქალი და მხოლოდ მის ნება-სურვილს უნდა დამორჩილებოდა, მეუღლეს - ლ. ბ-ს სწვდა თმაზე ხელით და მოქაჩა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

· 2024 წლის 21 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. ფ-ში, ჭ-ის ქუჩის №...-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ. ბ-ია გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ, იმის გამო, რომ იყო ქალი და მხოლოდ მის ნება-სურვილს უნდა დამორჩილებოდა, მეუღლეს - ლ. ბ*ს სიცოცხლის მოსპობით (თავის მოჭრით) დაემუქრა, რამაც ლ. ბ-ს მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში გაუჩინა.

· 2024 წლის 29 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. ფ-ში, ჭ-ის ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ. ბ-ია გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ, იმის გამო, რომ იყო ქალი და მხოლოდ მის ნება-სურვილს უნდა დამორჩილებოდა, მეუღლეს - ლ. ბ-ს სიცოცხლის მოსპობით (ყელის გამოჭრით) დაემუქრა, რამაც დაზარალებულს მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში გაუჩინა.

· 2024 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 12:29 საათზე, ქ. ფ-ში მყოფი გ. ბ-ია გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ, იმის გამო, რომ იყო ქალი და მხოლოდ მის ნება-სურვილს უნდა დამორჩილებოდა, მობილური ტელეფონით (მოკლეტექსტური შეტყობინებები მისწერა) მეუღლეს - ლ. ბ-ს და დაემუქრა ქონების (ავტომობილის) განადგურებითა და სიცოცხლის მოსპობით, რამაც დაზარალებულს მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში გაუჩინა.

· 2024 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. ფ-ში, ჭ-ის ქუჩის №...-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ. ბ-ია გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ, იმის გამო, რომ იყო ქალი და მხოლოდ მის ნება-სურვილს უნდა დამორჩილებოდა, მეუღლეს - ლ. ბ-ს ქონების (ავტომობილის) განადგურებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რამაც დაზარალებულს მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში გაუჩინა.

· 2024 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 19:44 საათზე, ქ. ფ-ში მყოფი გ. ბ-ია გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ, იმის გამო, რომ იყო ქალი და მხოლოდ მის ნება-სურვილს უნდა დამორჩილებოდა, მობილური ტელეფონის მეშვეობით (მოკლე ტექსტური შეტყობინებები მისწერა), მეუღლეს - ლ. ბ-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რამაც დაზარალებულს მუქარია აღსრულების საფუძვლიანი შიში გაუჩინა.

· 2024 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 16:18 საათზე, ქ. ფ-ში მყოფი გ. ბ-ია გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ, იმის გამო, რომ იყო ქალი და მხოლოდ მის ნება-სურვილს უნდა დამორჩილებოდა, მეუღლეს - ლ. ბ-ს მობილური ტელეფონის მეშვეობით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რამაც დაზარალებულს მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში გაუჩინა.

· 2024 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 18:53 საათზე, ქ. ფ-ში მყოფმა გ. ბ-მ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ, იმის გამო, რომ იყო ქალი და მხოლოდ მის ნება-სურვილს უნდა დამორჩილებოდა, მეუღლეს - ლ. ბ-ს მობილური ტელეფონით სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინებები მისწერა, ასევე დაემუქრა არასრულწლოვანი შვილების ჯანმრთელობის დაზიანებით, რამაც დაზარალებულს მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში გაუჩინა.

2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის განაჩენით:

2.1. გ. ბ-ია ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (შვიდი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. გ. ბ-იას მიმართ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

2.3. გამართლებულს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილე ალექსანდრე კოდუამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და გ. ბ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (შვიდი ეპიზოდი) გათვალისწნებული დანაშაულების ჩადენაში.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. დაზარალებულმა ლ. ბ-მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ისარგებლა მისთვის მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის, მეუღლის - გ. ბ-ას წინააღმდეგ.

7. მოწმის სახით დაკითხული პოლიციელების - ო. ს-ას, ა. ტ-ას, გ. ბ-ას, ბ. ჩ-იას, თ. ს-ას, ი. გ-ას, ო. ხ-ას, ე. წ-ას, მ. ს-იას და ი. მ-ას ჩვენებებთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული მოწმეები არ არიან ფაქტის თვითმხილველნი, მათ დაადასტურეს მხოლოდ საპროცესო მოქმედებების ჩატარება. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

8. საქმეში წარმოდგენილია დანაშაულის შესახებ შეტყობინების ოქმი და შემაკავებელი ორდერი, რომელიც გამოიცა გ. ბ-ას მიმართ. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტები შეიცავს დაზარალებულ ლ. ბ-ის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას, ხოლო მან სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, სასამართლო დანაშაულის შესახებ შეტყობინებას და შემაკავებელ ორდერს გ. ბ-ას მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს ვერ დააფუძნებს.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეში დაუდგენელი რჩება ძალადობის შედეგად ტკივილის განცდის ფაქტი, ხოლო ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაცია ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში მოითხოვს - დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება სუბიექტური და ობიექტური ტესტები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №746აპ-19; 674აპ-20). „ფიზიკური ტკივილის შეგრძნება“ დამოკიდებულია არა მხოლოდ სუბიექტურ, არამედ ობიექტურ კრიტერიუმებზეც - ჩადენილი ქმედების ინტენსივობასა და დაზარალებულისათვის მიყენებულ დაზიანებებზე, რომელთა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დგინდება, განიცადა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებების მსხვერპლმა ფიზიკური ტკივილი (მაგ.იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის N627აპ-19 განჩინება; 2020 წლის 29 ოქტომბრის 443აპ-20 განაჩენი; 2021 წლის 3 თებერვლის 1003აპ-20 განაჩენი).

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.

12. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

14. განსახილველ საქმეში პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ლ. ბ-მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუქარის აღსრულების შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომლის გარეშეც რთულდება პირის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა, მითუფრო, როცა საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის დასადასტურებლად.

15. ამდენად, უსაფუძვლოა ბრალდების მხარის მითითება, რომ სასამართლომ უგულებელყო დადგენილი გარემოებები და ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გ. ბ-ას ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (შვიდი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთან, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება მხოლოდ ბრალმდებელს. მოცემულ პრინციპს განამტკიცებს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომლის თანახმად, უდანაშაულობის პრეზუმფცია საქმის სამართლიანად განხილვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს და სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში დასახელებული პრინციპი მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Kornilov v. Russia, N50624/09, 22/11/2016, §28; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93). საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. შესაბამისად, დასახელებულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ვერ გადალახა.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე კოდუას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ოქტომბრის განაჩენზე გ. ბ-ას მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე