Facebook Twitter

საქმე # 120100124008546467

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1249აპ-24 ქ. თბილისი

ს-ნი ა, 1249აპ-24 17 მარტი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აგვისტოს განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. ს-ს, - დაბადებულს .. წლის ... სექტემბერს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2023 წლის 15 დეკემბერს, ა-ის რაიონის სოფელ ქვემო ს-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით ნასამართლევმა ა. ს-მა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - პ. პ-ნს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2023 წლის 15 დეკემბერს, ა-ის რაიონის სოფელ ქვემო ს-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით ნასამართლევმა ა. ს-ნი რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - პ. პ-ს და შვილიშვილს - მ. ს-ნს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის განაჩენით:

2.1. ა. ს-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. გაუქმდა ა. ს-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება- გირაო. გირაოს შემტან ა. ს-ს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირის, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე: სს ,,ს-ი’’ ბანკის კოდი BAGAGE22; მიმღები ანგარიშის ნომერი GE...-ზე 2024 წლის 9 იანვარს შეტანილი თანხა 3000 ლარი.

2.3. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აგვისტოს განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აგვისტოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ა. ს-ის მიერ მეუღლის - პ. პ-ის მიმართ ძალადობის, ასევე მეუღლისა და შვილიშვილის - მ. ს-ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენას.

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით ისჯება ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.

9. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20, N1001აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები ან დაზარალებულმა კატეგორიულად დაადასტურა, რომ რაიმე სახის შიში არ განუცდია, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

11. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულებმა - პ. პ-მა და მ. ს-მა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და მეუღლისა და ბაბუის - ა. ს-ის წინააღმდეგ არ მისცეს ჩვენება.

12. საქმეში წარმოდგენილი 2023 წლის 15 დეკემბრის შეტყობინებითა და მისი დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შეტყობინების ავტორი ნამდვილად იყო დაზარალებულად ცნობილი მ. ს-ნი. შეტყობინების ინიციატორი გაუმართავი ქართული ენით აღნიშნავს, რომ მისი პაპა „ტაპორით“ არის, დალია და ძალადობს მასზე, ბებოსა და ბავშვებზე. ამბობს, რომ არიან გამოპარულები და დახმარებას ითხოვს სოფელ ს-ის სკოლასთან. მ. ს-ნი განმარტავს, რომ ფიზიკურად შეეხო ბებოს, თუმცა სასწრაფო არ ესაჭიროება. იგი ასევე აღნიშნავს, რომ კონფლიქტი პირველად მასთან მოხდა, შემდეგ - ბებიასთან.

13. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მდებარეობს ქვემო ს-ში. მასში მონაწილე პირმა - პ. პ-მა საძინებელ ოთახში მიუთითა ის ადგილი, სადაც იგი წააქცია იატაკზე ა. ს-მა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო მას და მის შვილიშვილს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

14. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, აღარ მიუთითებს იმ შინაარსობრივ წინააღმდეგობასა და გამოძიების ეტაპზე დაშვებულ ხარვეზებზე, რაც წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს ქმნის და რაზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ნათლად არის მითითებული. მათ შორისაა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებში ძალადობისა და მუქარის არასრული აღწერა და მისი აცდენა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის შინაარსთან, შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზნობრიობა სავარაუდო ძალადობის ფაქტიდან მესამე დღეს, მაშინ, როდესაც ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში უკვე აკრძალული ჰქონდა დაზარალებულებთან მიახლოება. გასათვალისწინებელია, რომ შეტყობინებაც დათვალიერდა მისი ავტორის გარეშე. თავად შეტყობინების შინაარსი კი, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მისი ინიციატორი არასაკმარისად ფლობს ქართულ ენას და ცალკეულ ფრაზებს კონტექსტიდან ამოვარდნილად ამბობს. მ. ს-ის თარჯიმნის საჭიროების ფაქტი კი, საქმის სხვა მასალებითაც დასტურდება.

15. პროკურორი თამუნა მურჯიკნელი ა. ს-ის მიმართ წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად აპელირებს მოწმე პოლიციელებისა და ექსპერტების გამოკითხვის ოქმებზე. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დასახელებული მოწმეები არ ყოფილან დანაშაულის რომელიმე ეპიზოდის თვითმხილველნი და ისინი ინფორმაციას ფლობენ უშუალოდ დაზარალებულისგან. შესაბამისად, მათი ჩვენება ირიბია.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლითა და 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობა შედეგით დაფუძნებული დელიქტია, ანუ ქმედების ძალადობად და მუქარად კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა, ქმედებას შედეგად მოჰყვეს მსხვერპლში შესაბამისად - ტანჯვის, ტკივილის, ხოლო მუქარის შემთხვევაში - საფუძვლიანი შიშის განცდა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობა არ იარსებებს. ტანჯვის, ტკივილის, შიშის განცდა კი სუბიექტური შეფასების საგანია. ტკივილი ობიექტურად შეიძლება შეფასდეს მაშინ, თუკი დაზიანების მასშტაბი არის მოცულობითი და მრავლობითი. განსახილველ შემთხვევაში, ტკივილის განხორციელებისა და საფუძვლიანი შიშის სუბიექტურ განცდასთან მიმართებით, დაზარალებულების შეფასება არ არსებობს, იმავდროულად, საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც ობიექტური კრიტერიუმებით დაადასტურებდა დაზარალებულის სხეულზე არსებულ დაზიანებებსა და მის მიერ ტკივილის განცდის არსებობას. საქმეში არსებული მტკიცებულებით ასევე არ დგინდება, გაუჩნდათ თუ არა დაზარალებულებს მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

18. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს, რაზეც აპელირებს კასატორი, ოქმების თანახმად, დაზარალებულმა პ. პ-მა მიუთითა საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ოთახზე, სადაც 2023 წლის 15 დეკემბერს მისმა მეუღლემ ხელების დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით; ხოლო მ. ს-მა იმავე სახლში მიუთითა ერთ-ერთ ოთახზე, სადაც 2023 წლის 15 დეკემბერს ბაბუამ ხელების დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ბებიას - პ. პ-ს და მასაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

18.1. მოცემულ შემთხვევაში, 2023 წლის 15 დეკემბერს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა პ. პ-ისა და მ. ს-ან მიღებული ჩვენებების შესამოწმებლად. საქართველოს სსსკ-ის 129-ე-130-ე მუხლებიდან გამომდინარე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე დაზარალებულებს მიეცათ წინადადება - დეტალურად აღედგინათ საქმის ვითარება. წარმოდგენილი ოქმის თანახმად, დაზარალებულებმა აღადგინეს ის ვითარება, რაც გამომძიებელს მანამდე უამბო, ხოლო დამატებით რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი არ აღმოჩენილა.

18.2. იმ პირობებში, როდესაც პ. პ-მა და მ. ს-მა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურეს/არც უარყვეს საგამოძიებო ექსპერიმენტის შინაარსი, მოცემული ოქმი ა. ს-ის ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.

18.3. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (იხ. №424აპ-16, №561აპ-15; №682აპ-21), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს გარკვეულ შემთხვევებში გააჩნია პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებითი ძალა:

18.3.1. N561აპ-15 სისხლის სამართლის საქმეში საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულებს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში.“ ე.ი. ამ სისხლის სამართლის საქმეში საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ვითარება აღდგა სწორედ იმ ,,სპეციალური ხერხების“ დემონსტრირებით, რაც პირმა მისთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად გამოიყენა, რის გამოც ოქმი მიჩნეულ იქნა ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად.

18.3.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №424აპ-16 გადაწყვეტილების თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს მიენიჭა მტკიცებულებითი ძალა, ვინაიდან ბრალდებულმა გამომძიებლებს მიუთითა იმ მაღაზიასა და მასში განთავსებულ სექციაზე, სადაც დანები იყო დალაგებული. თავის მხრივ, მაღაზიის თანამშრომელმა მოწმედ დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ ამ მაღაზიაში, სწორედ ამ ადგილას, ისეთივე ტიპისა და ფორმის დანები იყიდებოდა (რაც ასევე დასტურდებოდა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მაღაზიაში გადაღებული ფოტოდოკუმენტით).

18.3.3. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა (საგამოძიებო ექსპერიმენტის გაზიარების კუთხით), პირობითად სხვა შემთხვევა შეიძლება იყოს მოცემულობა, როდესაც მოწმის/დაზარალებულის ჩვენებაში ასახული ინფორმაციის აღდგენის პროცესში, საქმეზე დამატებით აღმოჩნდება რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ესე იგი, საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ასახავდეს ჩვენებისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას, რომლის რეალურობაც სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოწმდება. მაგალითად, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას პირმა მიუთითა, თუ სად დამალა დანაშაულის საგანი, რომლის ნამდვილობა შემოწმდა, გამართლდა და გამომძიებლებმა იგი ამოიღეს.

19. ამდენად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში საგამოძიებო ექსპერიმენტის 2023 წლის 15 დეკემბრის ოქმი არ შეესაბამება არცერთ ზემოაღწერილ შემთხვევას, მასში გადმოცემულია მხოლოდ დაზარალებულეის ჩვენება, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი ა. ს-ის ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება.

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

21. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაემტკიცებინა ა. ს-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობა.

22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

24. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აგვისტოს განაჩენზე ა. ს-ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე