საქმე # 020141224010128357
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №43I-25 თბილისი
ტ-ძე გ 43I -25 14 მარტი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ტ-ის საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განაჩენით:
გ. ტ-ძე, დაბადებული ... წლის ... სექტემბერს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, 2 წელი განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 თვე ჩაეთვალა პირობითად – 1 წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, გ. ტ-ს პირობით მსჯავრთან ერთად დაეკისრა მოვალეობა, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, ქ. ტ-ას თანხმობის გარეშე, არ დაამყაროს მასთან რაიმე ფორმით კომუნიკაცია, არ მიუახლოვდეს მას და მის საცხოვრებელ სახლს;
საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, 2 წელი განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 თვე ჩაეთვალა პირობითად – 1 წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი;
გ. ტ-ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 16 მარტიდან.
2. სპეციალური პენიტენციური სამსახურის N14 დაწესებულების დირექტორმა მსჯავრდებულის მიმართ 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელების მიზნით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 13 თებერვლის განჩინებით:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განაჩენით, გ. ტ-ის დანიშნულ სასჯელზე არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 13 თებერვლის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ტ-მ.
4.1. საჩივარში მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მას მეუღლეზე შვილის თანდასწრებით არ უძალადია. ამასთან, მეუღლემ თანხმობა განაცხადა მის მიმართ ,,ამნისტიის კანონის“ გავრცელებაზე. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საპროცესო წარმომადგენლის დასკვნის საფუძველზე, ,,ამნისტიის კანონი“ გ. ტ-ს მიმართ არ გაავრცელა. შესაბამისად, მსჯავრდებული ითხოვს მის მიმართ ხსენებული კანონით დადგენილი შეღავათის გავრცელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. განსახილველ შემთხვევაში, გ. ტ-ძე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განაჩენით მსჯავრდებულია ორი მუხლით, კერძოდ:
სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მუქარა, ოჯახის წევრის მიმართ).
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 13 თებერვლის განჩინებით 2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის კანონის“ მოქმედება გ. ტ-ის მიმართ, ზემოხსენებულ, არცერთ მუხლთან მიმართებით არ გავრცელდა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლო ზემოხსნებული გადაწყვეტილების მიღებისას, დაეყრდნო ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შესულ, დაზარალებულის საპროცესო წარმომადგენელის – ჟ. მ-ას მიმართვას, რომლითაც ირკვევა, რომ საეჭვოა, არასრულწლოვან დაზარალებულს სწორად ჰქონდეს გაგებული მამის მხრიდან ძალადობის ფსიქოლოგიური და სამართლებრივი სიმძიმე, ის ვერ გააცნობიერებს შემდგომში მოსალოდნელი რეციდივის რისკს და იმ საფრთხეს, რომელიც შესაძლოა, კვლავ დაემუქროს. ამასთანავე, მას არ აქვს სწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად იმყოფება ამჟამად მამა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საეჭვოა, მან შეძლოს: მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და აზრის ობიექტურად დაფიქსირება.
5. ზემოხსენებულ ნაწილში საკასაციო სასამართლო იზიარებს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს პოზიციას და აღნიშნავს, რომ ხსენებული მომართვა, მოცემული შინაარსით, არ წარმოადგენს დაზარალებულის თანხმობას.
6. განსახილველ ეპიზოდში, კერძოდ, სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ), დაზარალებულებს წარმოადგენენ: ქ. ტ-ა (მეუღლე) და მ. ტ-ძე (შვილი). „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ,,...იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა), ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.“ ამდენად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელზე მოცემული ამნისტიის კანონის გავრცელების ერთ-ერთი წინაპირობა არის დაზარალებულის თანხმობა. როგორც აღინიშნა, ხსენებულ შემთხვევაში, მ. ტ-ის თანხმობა სასამართლოში არ წარმოდგენილა. რაც შეეხება ქ. ტ-ს, საქმეში წარმოდგენილია მისი განცხადება, რომელშიც საუბარია იმის თაობაზე, რომ გ. ტ-ეს ეხება ამნისტია და უმსუბუქდება მსჯავრდება, რისთვისაც მისი და მისი შვილის თანხმობაა საჭირო. თუმცა, განცხადებაში დაზარალებული ითხოვს შვილისათვის სოციალური წარმომადგენლის გამოყოფას, რათა მას მიეწოდოს ინფორმაცია ამნისტიის საკითხთან დაკავშირებით. ხსენებული განცხადება საკასაციო სასამართლოს მიერ აგრეთვე არ განიხილება დაზარალებულის თანხმობად.
7. რაც შეეხება მეორე მუხლით, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
8. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტთან მიმართებით, საკასაციო პალატა უთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით, ხსენებული მუხლის ჩამდენს სასჯელი გაუნახევრდება, თუ კუმულატიურად დაკმაყოფილებულია სამი სახის პირობა:
განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არქონა, დაზარალებულის თანხმობა – ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე და მსჯავრდებულის თანხმობა – მის მიმართ დამცავი ორდერის კონკრეტული ვადით გამოცემის შესახებ.
9. განსახილველ შემთხვევაში, მსჯავრდებულის თანხმობა – მის მიმართ დამცავი ორდერის კონკრეტული ვადით გამოცემის შესახებ, წარმოდგენილია, თუმცა, როგორც აღინიშნა, დაზარალებულის თანხმობა არ წარმოდგენილა.
10. ზემოხსენებულ პირობებში, გ. ტ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის გამოყენება გამოირიცხა, ვინაიდან იგი ვერ აკმაყოფილებს მოცემული მუხლით განსაზღვრულ ყველა წინაპირობას; თუმცა საკასაციო სასამართლო, მოცემულის პარალელურად, ითვალისწინებს ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის თანახმადაც:
11. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის ჩადენის (ესე იგი, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის) შემთხვევაში, პირზე, მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია (იგულისხმება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის 1/6-ით შემცირება) გავრცელდება, თუ იგი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა.
12. განსახილველ საქმეში, როგორც აღინიშნა, მსჯავრდებულმა გ. ტ-მ თანხმობა განაცხადა კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაკმაყოფილებულია „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც, გ. ტ-ის მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი უნდა შეუმცირდეს 1/6-ით; თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზემოხსენებული, მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე.
13. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, მაშინ, როდესაც მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის კანონის გამოყენება საბოლოო სასჯელის ცვლილებას არ იწვევს, საკასაციო სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია დამცავი ორდერის გამოცემა, რადგან დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემდეგ, დამცავი ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვების ამოქმედება გააუარესებს მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობას. ,,საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დამცავი ორდერი უნდა გამოიცეს ისეთ შემთხვევაში, როდესაც ოჯახურ დანაშაულზე მსჯავრდებული პირი, ამნისტიის კანონის გამოყენებით სასჯელის შემცირების შედეგად გათავისუფლდება პენიტენციური დაწესებულებიდან“ (იხილეთ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს N731-24 გადაწყვეტილება).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ტ-ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 13 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ტ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 13 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
გ. ტ-ის მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, 2 წელი განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 თვე ჩათვლილია პირობითად – 1 წლის გამოსაცდელი ვადით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული რეალური სასჯელის ნაწილში შემცირდეს ერთი მეექვსედით და საბოლოოდ მიესაჯოს – 2 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი და 8 თვე განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 თვე ჩაეთვალოს პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით;
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე, რომელმაც შთანთქა ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი, არ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება;
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. ვასაძე
მ. გაბინაშვილი