Facebook Twitter

საქმე # 330100123006678609

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1084აპ-24 ქ. თბილისი

ხ-ი დ, 1084აპ-24 25 მარტი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც-ა და მსჯავრდებულ გ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 ივლისის განაჩენით:

1.1. დ. ხ–ი, - დაბადებული --- წლის .. ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა დ. ხ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ხ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 18 ნოემბრიდან.

1.3. გ. ს-ე, - დაბადებული --- წლის .. ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა გ. ს-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ ს-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 18 ნოემბრიდან.

1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 დეკემბრის განაჩენით:

· დ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად, მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.

· გ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად, მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.

· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების მიხედვით, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 500 ლარი. საბოლოოდ, გ. ს-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი).

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ხ-მა და გ. ს-ემ ჩაიდინეს ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2022 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით 09:40 საათზე, ქ. თ-ი, მეტროსადგურ „რ-ს“ მიმდებარე ტერიტორიასთან, 2021 წლის 7 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით პირობით მსჯავრდებულებმა - დ. ხ-მა და გ. ს-ემ არასრულწლოვან დ. ჯ-ს გასტაცეს 820 ლარად ღირებული „ჰონორ 9X“ მოდელის მობილური ტელეფონი, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. დ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა დ. ხ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ხ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 18 ნოემბრიდან.

3.4. გ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3.5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა გ. ს-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ს-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 18 ნოემბრიდან.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ დ. ხ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ც-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: დ. ხ–ის ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებზე და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.

4.1. მსჯავრდებულ გ. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ხ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენის გაუქმება და გ. ს-ს გამართლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ დ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც-ა და მსჯავრდებულ გ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ-ს მოსაზრებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მსჯავრდებულების მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ დ. ჯ-ს ჩვენებით, მოწმეების - ა-ს, თ. გ-ს, ხ. ჯ-ს, კ. კ-სა და სხვათა ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით, შესყიდვის აქტით, სასაქონლო ექსპერტიზის N---- დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

3. დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის მსჯავრდებულების შემთხვევის ადგილზე ყოფნისა და დაზარალებულთან გარკვეული კომუნიკაციის დამყარების ფაქტს, მათ შორის, დ. ჯ-სათვის მობილური ტელეფონის გამორთმევას, ლომბარდში ჩაბარების მიზნით. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა კვალიფიკაციის საკითხი.

4. დაზარალებულმა დ. ჯ-მ თანმიმდევრულად გადმოსცა 2022 წლის 17 ნოემბერს დილის საათებში რ-ს მეტროდან ამოსვლის შემდეგ სკოლაში მისვლამდე განვითარებული მოვლენები და განმარტა, რომ დ. ხ–მა და გ. ს-ემ მას წაართვეს მობილური ტელეფონი. კერძოდ, თავდაპირველად ,,დ--მ“, როგორც შემდეგ გაირკვა, დ. ხ-მა, შესთავაზა მობილური ტელეფონის „დალომბარდება“ და მიღებული თანხის „ქურდებისთვის“ გადარიცხვა; მან რამდენჯერმე გაუმეორა, რომ ტელეფონი „დაელომბარდებინა“. საუბრის დროს მათთან მივიდა იმ დროისათვის მისთვის უცნობი გ. ს-ე, რომელმაც ასევე ტელეფონის „დალომბარდებაზე“ დაუწყო საუბარი, შემდეგ კი დარეკვის მიზნით სთხოვა ტელეფონი. დ. ჯ-მ არ უარყო, რომ მან ამ ეტაპზე ნებაყოფლობით გადასცა მობილური ტელეფონი გ. ს-ეს, თუმცა მან დარეკვის ნაცვლად, მისი კუთვნილი ნივთი გადაცემისთანავე ჯიბეში ჩაიდო და ჰკითხა ეხლა რას იზამო. დაზარალებულმა ნათლად ახსნა მისი უმოქმედობის მიზეზებიც და მიუთითა, რომ დ. ხ–სა და გ. ს-ეს ჰქონდათ ტატუები და აპელირებდნენ ციხიდან ახლად გამოსვლის ფაქტზე, რის გამოც შეეშინდა აღნიშნული პირების და ვერაფერი მოიმოქმედა, შეშინებული წავიდა სკოლაში.

5. სკოლაში მისვლის შემდგომ, დ. ჯ-ს მიერ მასწავლებლისათვის ტელეფონის დაკარგვისა და არა მისი წართმევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას სძენს მისი ჩვენებას და მიუთითებს, რომ დაზარალებულს მსჯავრდებულების მიმართ რაიმე პირადი ინტერესი არ გააჩნია და სასამართლოს წინაშე მათ მამხილებელ ჩვენებას აძლევს არა მათთან რაიმე სახით ანგარიშსწორების მიზნით, არამედ შემთხვევის დროს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს გულწრფელად, ფაქტებს ასახავს ისე, როგორც რეალურად ჰქონდათ ადგილი, განმარტავს, რომ იყო შეშინებული.

6. დაზარალებულ დ. ჯ-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ამყარებს სკოლის მანდატურის - ა-ს ჩვენება, რომელმაც დ. ჯ-ს კლასის დამრიგებლის - ლ. მ-ნ შეიტყო, რომ დ. ჯ-ს „რ--ს“ მეტროსთან ორმა უცნობმა პირმა გამოართვა მობილური ტელეფონი და აღარ დაუბრუნეს. ამავე დროს, მოწმემ პირადად ნახა დაზარალებული და მიუთითა, რომ კლასის დამრიგებელთან ერთად მყოფი დაზარალებული იყო აღელვებული, რაც კიდევ უფრო ამყარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ მისგან მობილურ ტელეფონს დაეუფლნენ ძარცვის შედეგად და კუთვნილი ნივთის მსჯავრდებულებისათვის ნებაყოფლობით გადაცემას ადგილი არ ჰქონია.

7. საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით კრიმინალიზებულია ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას თვალნათლივ იმ პირისათვის, ვის საკუთრებაში, მფლობელობას ან სარგებლობაშიც ნივთი იმყოფება, ან სხვა ადამიანისათვის. ნივთის აშკარა დაუფლება ხდება მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირთა თანდასწრებით და აუცილებელია მძარცველს შეგნებული ჰქონდეს მისი ქმედების აშკარა ხასიათი. დაზარალებულის განმარტებით, დ. ხ–მა და გ. ს-ემ არაერთხელ მოუწოდეს - მიეცა მათთვის კუთვნილი მობილური ტელეფონი „დასალომბარდებლად“, საიდან აღებული თანხაც „ქურდებისთვის“ უნდა გადაერიცხათ. ამასთანავე, გ. ს-ემ მის წინაშე აღნიშნა, რომ სხვა პირს უკვე წაართვეს მობილური ტელეფონი. მას შემდეგ კი, რაც დ. ჯ-მ უთხრა, რომ ის იყო სკოლის მოსწავლე და არ სურდა რაიმე სახის კავშირი ჰქონოდა „ქურდებთან“, ასევე უარი განაცხადა მათ შეთავაზებაზე, რომ კუთვნილი ნივთი გაეცვალა სხვა დაზიანებულ ან მოპარულ ტელეფონში, გ. ს-ემ უკვე თითქოსდა დარეკვის მიზნით სთხოვა მას მობილური ტელეფონი. შესაბამისად, მსჯავრდებულები დაზარალებულის კუთვნილი ქონებას დაეუფლნენ აშკარად, დაზარალებულის მკაფიოდ გამოხატული ნების საწინააღმდეგოდ.

8. უსაფუძვლოა დაცვის მხარის ვერსია, თითქოსდა მსჯავრდებულებს არ გააჩნდათ დ. ჯ-ს ტელეფონის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ეტყოდნენ მას თავიანთ სახელებსა და გვარებს და ლომბარდში ჩაბარების ნაცვლად, გაყიდდნენ მისგან დაუფლებულ ნივთს.

9. საკასაციო სასამართლო, გასაჩივებული განაჩენის მსგავსად, მიიჩნევს, რომ ერთი მხრივ, მხოლოდ დ. ხ-მა უთხრა დ. ჯ-ს, რომ ერქვა დ-, რაც გვარისა და სხვა პირადი მონაცემების მიწოდების გარეშე, შეუძლებელს ხდის პირის იდენტიფიცირებას. ამასთან, ქონების დაუფლება გულისხმობს, რომ პირს რეალური შესაძლებლობა აქვს, განკარგოს ეს ქონება საკუთარი შეხედულებით. ამის შემდგომ თუ რა გზით განკარგავს პირი დაუფლებულ ქონებას - გაყიდის, ლომბარდში ჩააბარებს, პირადი მოხმარებისთვის დაიტოვებს თუ სხვა, ან საერთოდ მოახერხებს თუ არა ამ შესაძლებლობის რეალიზებას, გავლენას ვერ მოახდენს მისი ქმედების საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დასრულებული დანაშაულით (ამ შემთხვევაში ძარცვით) დაკვალიფიცირებაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ პროცესში რაიმე სახის არსებითი დარღვევა, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა სისხლის სამართლის საქმის შედეგზე, გამოკვეთილი არ არის. ამასთან, დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც საეჭვოდ გახდიდა ბრალდების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა უტყუარობას და დაადასტურებდა მსჯავრდებულების - დ. ხ-ისა და გ. ს-ს უდანაშაულობას მათ მიმართ ბრალად შერაცხულ ბრალდებებში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულთა მიერ მათ მიმართ შერაცხული ქმედებების ჩადენის საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა. ამდენად, არ არსებობს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი.

11. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე, მსჯავრდებულების ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 59-ე და 67-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დ. ხ–სა და გ. ს-ეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ განსაზღვრული სასჯელები საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულთა პიროვნულ მახასიათებლებს.

12. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაცვის მხარეების მოსაზრებებს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, ამასთან, დეტალურად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს.

13. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულების - დ. ხ-ისა და გ. ს-ს მიმართ უნდა აღსრულდეს „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

14. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

15. ამდენად, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ დ. ხ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით, რაც შეადგენს 3 წელსა და 4 თვეს, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 10 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 6 თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი და 6 თვე.

16. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ დ. ხ–ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით, რაც შეადგენს 5 წელს.

17. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს დ. ხ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ხ–ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

18. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

19. ამდენად, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ს-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად დანიშნული სასჯელი - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით, რაც შეადგენს 3 წელსა და 9 თვეს, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 6 თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად.

20. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების მიხედვით, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 500 ლარი. საბოლოოდ, გ. ს-ეს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 6 თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი და 6 თვე.

21. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ს-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით, რაც შეადგენს 5 წელს.

22. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს გ. ს-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ს-ეს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ დ. ხ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც--ა და მსჯავრდებულ გ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ-ს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. დ. ხ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და შეეფარდოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე დ. ხ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და შეეფარდოს 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი სასჯელი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი და 6 თვე;

5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს დ. ხ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ხ-ს სასჯელის ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

6. დ. ხ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2022 წლის 18 ნოემბრიდან;

7. ცნობად იქნეს მიღებული, რომ დ. ხ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

8. გ. ს-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და შეეფარდოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

9. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე გ. ს-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად დანიშნული სასჯელი - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და შეეფარდოს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

10. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების მიხედვით, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 500 ლარი. საბოლოოდ, გ. ს-ეს სასჯელის ზომად განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი და 6 თვე;

11. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გ. ს-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ს-ეს სასჯელის ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

12. გ. ს-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2022 წლის 18 ნოემბრიდან;

13. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ. ს-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

14. ნივთიერი მტკიცებულებები:

· გ. ს-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონები, რომელიც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

· დ. ხ–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

· შპს „ი-ნ“ ამოღებული მობილური ტელეფონი „Huawei hinor 9x“ დაუბრუნდა დაზარალებულ დ. ჯ-ს (ხელწერილი ს.ფ.277);

· შპს „ი-ნ“ ამოღებული შესყიდვის აქტი, რომელიც თან ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

· გ. ს-ს კუთვნილი ტანსაცმელი, რომელიც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

15. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე