საქმე # 160100123007336997
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1277აპ-24 ქ. თბილისი
მ-ი ტ, 1277აპ-24 25 მარტი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძისა და მსჯავრდებულ ტ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ტ. მ-ს, - დაბადებულს .. წლის ... აგვისტოს, - ბრალად ედება გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120- ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა, ესე იგი პირის დამცირება, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2022 წლის 31 იანვარს, ღამის საათებში, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-ში მდებარე ტ. მ-ის ოჯახის საცხოვრებელ სახლში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რჩევის მიცემაზე გაბრაზებულმა ტ. მ-მა მისაღებ ოთახში მდგარი სკამი ზურგისა და თავის არეში დაარტყა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ს. ბ-ს, რომელმაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
· 2023 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 04:00 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-ში მდებარე ტ. მ-ის ოჯახის საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სხვა კაცთან მიმოწერის გამო გაბრაზებულმა ტ. მ-მა გაშლილი ხელი დაარტყა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ს. ბ-ს, რომელმაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
· 2023 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 04:00 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-ში მდებარე ტ მ-ის ოჯახის საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სხვა კაცთან მიმოწერის გამო გაბრაზებული ტ. მ-ი დანის დემოსტრირებით და ვერბალურად სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ს. ბ-ს, რომელმაც რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
· 2023 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 04:00 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-ში მდებარე ტ. მ-ის ოჯახის საცხოვრებელი სახლის სასტუმრო ოთახში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიიჩნევდა რა, რომ საკუთარი ღირსება უნდა დაეცვა, სხვა კაცთან მიმოწერის გამო გაბრაზებულმა ტ. მ-მა დაამცირა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე ს. ბ-ა, კერძოდ, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, იატაკზე დააწვინა, გულმკერდის არეში მუხლით დააწვა და საპარსი მანქანით გადაპარსა თავი, რის გამოც ს. ბ-მ განიცადა მორალური ტანჯვა.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენით:
2.1. ტ. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 31 იანვრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2023 წლის 23 თებერვლის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. ტ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,1443-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 7 აპრილიდან.
3. სასამართლომ დაადგინა რომ 2023 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 04:00 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-ში მდებარე ტ. მ-ის ოჯახის საცხოვრებელი სახლის სასტუმრო ოთახში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიიჩნევდა რა, რომ საკუთარი ღირსება უნდა დაეცვა, სხვა კაცთან მიმოწერაზე გაბრაზებულმა ტ. მ-მა დაამცირა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე ს. ბ-ა, კერძოდ, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, იატაკზე დააწვინა, გულმკერდის არეში მუხლით დააწვა და საპარსი მანქანით გადაპარსა თავი, რის გამოც ს. ბ-ამ განიცადა მორალური ტანჯვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით:
4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ტ. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 31 იანვრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2023 წლის 23 თებერვლის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და 111,1443-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5.1. მსჯავრდებულ ტ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჩ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და ტ. მ-ის გამართლება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს, სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ტ. მ-ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენისათვის და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „In dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
8. პროკურორის მიერ მითითებულ მოტივებს სააპელაციო პალატამ არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლო ეთანხმება, ამასთან, რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი საჩივარში არ უთითებს. ბრალდების მხარე რეალურად ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულის შემაკავებელ ორდერსა და ოქმში გამოხატულ პოზიციას, რომელიც მან სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას არ დაადასტურა და განმარტა, რომ პოლიციაში ვინ დარეკა არ იცის, პოლიციელები მეორე დღეს მივიდნენ და გამოკითხეს; გამოკითხვისას თქვა, რომ ტ-მა სცემა, მაგრამ ეს სიმართლე არაა, მაშინ სტრესსა და შოკში იყო თმის გადაპარსვის გამო. დაზარალებულმა დასძინა, რომ 2022 წლის 31 იანვარს და 2023 წლის 23 თებერვალს ტ. მ-ს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. გამოკითხვის ოქმში 23-24 თებერვალი შეცდომითაა მითითებული, ფაქტი 23-24 მარტს მოხდა, შეიძლება თვე შეცდომით თვითონ უთხრა, რადგან ძალიან შეშინებული და შოკში იყო. ტ. მ-ი დანის დემონსტრირებით დაემუქრა მოკვლით, მაგრამ არ შეშინებია, ყურადღება საპარს აპარატზე ჰქონდა, თმების გადაპარსვის უფრო ეშინოდა. დროის გასვლის შემდეგ მიხვდა, რომ დამნაშავე თვითონაა. ტ. მ-ის მიმართ პრეტენზია არ აქვს. მოწმის სახით დაკითხულმა ზ. ბ-მ დაადასტურა, რომ დაზარალებულს არასდროს უთქვამს, რომ ტ. მ-მა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ასეთ ფაქტს და არც თმების გადაპარსვის ფაქტს აქამდე ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არცერთი პირდაპირი მოწმის ჩვენებითა და გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ტ. მ-მა ჩაიდინა დაზარალებულ ს. ბ-ას მიმართ ბრალად შერაცხული გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
9. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს მსჯავრდებულ ტ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ-ის მოსაზრებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც, ტ. მ-ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 111,1443-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
10. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მითითება, რომ თითქოს დაზარალებულმა დაადასტურა მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის არ ჩადენა და ტ. მ-ს იგი არ დაუმცირებია და არ დაუჩაგრავს; პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაზარალებულს ზემოაღნიშნულის მსგავსი განმარტება არ გაუკეთებია. ს. ბ-ამ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ იგი ეხვეწებოდა მეუღლეს არ გადაეპარსა მისთვის თმა, თუმცა ტ. მ-მა მაინც განახორციელა ჩაფიქრებული და ელექტრო საპარსით თმა გადაპარსა. დაზარალებულის მითითებით, თმა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მასზე ამგვარმა ძალადობამ მორალურად ძალიან იმოქმედა, რასაც ადასტურებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N... დასკვნაც.
11. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად მიუთითებს, რომ მსჯავრდებულმა ტ. მ-მა მეუღლე დაამცირა მიზანმიმართულად. მან იცოდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო დაზარალებულისთვის საკუთარი თმა. ქმედების მიზანს კი სწორედ დაზარალებულის მიერ საზოგადოებაში საკუთარი თავის დამცირებულად გრძნობა წარმოადგენდა. ნიშანდობლივია, რომ ს. ბ-ა პირველ ინსტანციაში სასამართლო პროცესზე გამოცხადდა ე.წ. ,,პარიკით“ და განაცხადა, რომ ძალიან სცხვენოდა ამგვარ მდგომარეობაში საჯარო ადგილას გასვლა. ამასთან, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებული საკუთარ მეუღლეს არ აღიქვამს როგორც თანასწორს, არ ცდილობს ცივილური მეთოდებით ურთიერთობის მოგვარებას და მიაჩნია, რომ ს. ბ-ას წინააღმდეგ შეუძლია ჩაიდინოს ნებისმიერი ქმედება, მათ შორის, დაამციროს იმგვარად, რომ საზოგადოების ფართო წრისთვის გახდეს თვალსაჩინო. ამდენად, სახეზეა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ტ. მ-ის მხრიდან დაზარალებულის დამცირება, რამაც მას მორალური ტანჯვა მიაყენა.
12. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძისა და მსჯავრდებულ ტ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ტ. მ-ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე