Facebook Twitter

საქმე # 190100124008931274

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1304აპ-24 ქ. თბილისი

ჭ-ი ი, 1304აპ-24 25 მარტი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჟანა ერემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 ივნისის განაჩენით:

1. ი. ჭ-ი, - დაბადებული ... წლის .... ოქტომბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ლი მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1150 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

1.2. ი. ჭ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2024 წლის 13 თებერვლიდან იმავე წლის 15 თებერვლის ჩათვლით და საბოლოოდ, სსკ-ის 62-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

1.3. გაუქმდა ი. ჭ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, გირაოს თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

1.4. ლ. რ-ი, - დაბადებული ... წლის ... აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1100 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

1.5. ლ. რ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2024 წლის 14 თებერვლიდან იმავე წლის 15 თებერვლის ჩათვლით და საბოლოოდ, სსკ-ის 62-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

1.6. გაუქმდა ლ. რ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად გირაოს თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ჭ-მა და ლ. რ-მა ჩაიდინეს ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2024 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 17:30 საათზე, გ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ფ-ში, ი. ჭ-მა და ლ. რ-მა, სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების მრავალჯერადი დარტყმებით, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დ. ს-ს, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სახის არეში მიიღო დაზიანებები.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. ი. ჭ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.

3.3. „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის საფუძველზე, ი. ჭ-ს დანიშნული პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა და გამოსაცდელი ვადა შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა, 1 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით. მას თავისუფლების აღკვეთის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2024 წლის 13 თებერვლიდან იმავე წლის 15 თებერვლის ჩათვლით.

3.4. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი.

3.5. ლ. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.

3.6. „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის საფუძველზე, ლ. რ-ს დანიშნული პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა და გამოსაცდელი ვადა შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა, 1 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით. მას თავისუფლების აღკვეთის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2024 წლის 14 თებერვლიდან იმავე წლის 15 თებერვლის ჩათვლით.

3.7. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი.

3.8. ცნობად იქნა მიღებული, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხები, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეთ გირაოს შესაბამის ანგარიშზე შემტან პირებს.

4. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ჟანა ერემაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: დაზარალებულ დ. ს-ისა და მოწმეების - გ. გ-ს, ს. დ-ის, ზ. კ-იას, გ. ლ-ის, ს. მ-ას, ჯ. მ-ს გამოკითხვის ოქმები, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოცნობის ოქმები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მსჯავრდებულების - ი. ჭ-ისა და ლ. რ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, რასაც არც კასატორი ხდის სადავოდ.

7. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულების - ი. ჭ-სა და ლ. რ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმებას.

8. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76); საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. აღნიშნული, თავის მხრივ, გულისხმობს არა აბსოლუტურად ყველა არგუმენტზე პასუხების დეტალურად გაცემას, არამედ იმ ფაქტორებზე მითითებას, რომლებიც გადამწყვეტია კონკრეტული საქმის შედეგისათვის (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ,,ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Lobzhanidze and Peradze v. Georgia), N21447/11, N35839/11, 27/02/2020, §66).

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე - შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ ჟანა ირემაშვილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულების - ი. ჭ-ისა და ლ. რ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიაჩნია, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. ამდენად, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს მის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს, სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით.

12. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულების - ი. ჭ-ისა და ლ. რ-ის სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, რისი მხედველობაში მიღებითაც, მათ შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალათ პირობით (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ), კერძოდ: ი. ჭ-ისა და ლ. რ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ ორივე აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, პირველად არიან სამართალში, უდავოდ გახადეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყვეს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჟანა ერემაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულების - ი. ჭ-ისა და ლ. რ-ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე