საქმე # 330100124009105256
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1361აპ-24 ქ. თბილისი
ქ-ძე გ, 1361აპ-24 25 მარტი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ივლისის განაჩენით:
1.1. გ. ქ-ე, - დაბადებული ... წლის ... აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ქ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2024 წლის 7 მარტიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ქ-მ ჩაიდინა ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2024 წლის 5 მარტს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქ.თ-ში, უ-ს ქუჩის N...-ში გ. ქ-მ ურთიერთშელაპარაკების გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა მიდამოში ჭრილობები მიაყენა ლ. და ბ. კ-ბს. დაზიანებების შედეგად ლ. კ-ე ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ბ. კ-ძე შემთხვევის ადგილიდან გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში და დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. გ. ქ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მაისის განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 27 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ერთი მეექვსედით შემცირებული სასჯელი - 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, გ. ქ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2024 წლის 7 მარტის 05:45 საათიდან.
4. კასატორმა - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.
4.1. მსჯავრდებულ გ. ქ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. ბ-მ შესაგებლით მოითხოვა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მსჯავრდებულ გ. ქ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ ბ. კ-ისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ. კ-ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ს. რ-ის, ე. დ-ს, თ. კ-ის და ზ. ნ-ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, დაკავების ოქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... და N.. დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.
7. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა - პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ მოითხოვა მხოლოდ მსჯავრდებულ გ. ქ-ის დანიშნული სასჯელის დამძიმება.
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. ქ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე (მან ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული), გ. ქ-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მან სადავოდ არ გახადა საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობით ითანამშრომლა გამოძიებასთან, დაზარალებულ ნ. კ-ს პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იქნას კანონით გათვალისწინებული შეღავათები, რისი მხედველობაში მიღებითაც, შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ქ-ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე