Facebook Twitter

საქმე # 180100122005957447

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1394აპ-24 ქ. თბილისი

წ-ი ზ, 1394აპ-24 25 მარტი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია კიკალიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ზ. წ-ს, - დაბადებულს .. წლის ... მაისს, - ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2022 წლის 30 მაისს, ღამით, დ-ის მუნიციპალიტეტის დაბა ფ-ში, შ. რ-ის ქუჩის N..-ში მდებარე ზ. წ-ის საცხოვრებელ სახლში, ზ. წ-ი მ. დ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

· 2022 წლის 31 მაისს, დღის საათებში, დ-ის მუნიციპალიტეტის დაბა ფ-ში, შ. რ-ის ქუჩის N..-ში მდებარე ზ. წ-ის საცხოვრებელ სახლში, ზ. წ-ი მ. დ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპიბით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 ივლისის განაჩენით:

2.1. ზ. წ-რი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 30 მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. ზ. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 31 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 საათით, რაც 2022 წლის 2 ივნისის 9 საათი და 50 წუთიდან 2022 წლის 4 ივნისის ჩათვლით, დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 235 საათით.

2.3. მასვე 2 წლით აეკრძალა იარაღთან დაკავშირებული უფლებები: იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები.

2.4. გაუქმდა ზ. წ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება -გირაო და განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს დავით აფციაურს, პირადი N..., უნდა დაუბრუნდეს სს ,,ს-ში’’ შეტანილი საგირავნო თანხა 3000 ლარი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. ზ. წ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 30 მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

3.3. ზ. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 31 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით, რაც პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 165 საათი.

3.4. მასვე, 2 წლით აეკრძალა იარაღთან დაკავშირებული უფლებები, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება.

3.5. ცნობად იქნა მიღებული, რომ აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გადახდილი გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს შესაბამის ანგარიშზე შემტან პირს.

4. კასატორმა - მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია კიკალიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განაჩენის გაუქმება, ზ. წ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორივე ეპიზოდში) სამართლიანი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2022 წლის 31 მაისის ეპიზოდი):

6.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ. წ-ის მხრიდან მ. დ-ს მიმართ ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ მ. დ-ისა და მოწმე თ. ა-ის ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შეტყობინების რეგისტრაციის N... ჩანაწერითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

7. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს ზ. წ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 30 მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაშიც. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ის ჩამონათვალი, რომელიც პროკურორს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებლად აქვს საჩივარში მიმოხილული, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ ადასტურებს ზ. წ-ის მიერ ბრალდების ამ ეპიზოდში მუქარის ჩადენის ფაქტს.

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების პროცესში ხელმძღვანელობს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს საკმარისად ცხად, აშკარა და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა თანაარსებობას; მოცემული მტკიცებულებები ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს (იხ. საქმე ,,ავშარი თურქეთის წინააღდეგ,“ (Avsar v. Turkey), N25657/94, 10/07/2001, §282). მსჯავრდება არ უნდა ემყარებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებს, რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არსებობს (იხ. საქმე ,,ბარბერა, მესეგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ,“ (Barberà, Messegué and Jabardo), N10590/83, 06/12/1988, §77). ევროპულმა სასამართლომ საქმეში Capeau v. Belgium (იხ. საქმე ,,კაპო ბელგიის წინააღმდეგ,“ N42914/98, 13/01/2005, §25) აგრეთვე მიუთითა, რომ ყოველი მტკიცებულების მხედველობაში მიღება უნდა მოხდეს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ფონზე და იგი „inter alia” გულისხმობს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს ბრალმდებელს.

10. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2022 წლის 30 მაისის ეპიზოდი):

10.1. ბრალდების მხარის პოზიცია ზ. წ-ის მიერ მ. დ-ის მიმართ მუქარის ჩადენის ნაწილში ემყარება გამოძიებით დადგენილად მიჩნეულ იმ გარემოებას, რომ 2022 წლის 30 მაისს ღამით დ-ის მუნიციპალიტეტის დაბა ფ-ში, რ-ის N.. მდებარე ზ. წ-ის საცხოვრებელ სახლში ზ. წ-რი მ. დ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპიბით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

10.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ანალიზი ცხადყოფს, ბრალდების მითითებულ ეპიზოდთან დაკავშირებული ბრალდების მხარის მოსაზრება ზ. წ-ის ბრალეულობასთან დაკავშირებით ფაქტობრივად ემყარება ერთი წყაროდან - დაზარალებულ მ. დ-ან მიღებულ ინფორმაციას მის მიმართ 2022 წლის 30 მაისს მუქარის ჩადენის შესახებ.

10.3. ზ. წ-ის მეუღლის - ნ. ლ-ის მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რაზეც საჩივარში აპელირებს ბრალდების მხარე, არ აღწერს რაიმე დანაშაულებრივ ქმედებას; პირიქით, მასში აღნიშნულია, რომ ნ. ლ-ის განმარტებით, 2022 წლის 29 მაისს, სახლში ღამის საათებში, ყვირილით მისვლის გამო, მ. დ-სა და ზ. წ-ს შორის მოხდა ხმამაღალი შელაპარაკება და ზ. წ-ის მხრიდან მ. დ-ს მისამართით რაიმე სახის მუქარას ადგილი არ ჰქონია. მოწმე თ. ა-ის ჩვენება ინფორმაციულია 2022 წლის 31 მაისის მუქარის ეპიზოდთან მიმართებით, რაშიც ზ. წ-რი დამნაშავედაა ცნობილი.

10.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია. ბრალდების ამ ეპიზოდთან მიმართებით მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლების - ვ. ქ-ის, ი. ფ-ის, ზ. ბ-ის, უბნის ინსპექტორ ს. ღ-ის, ექსპერტ კრიმინალისტ ვ. ტ-ის ჩვენებები, რომლებიც არ არიან ფაქტის თვითმხილველნი, არ შესწრებიან ფაქტს, ირიბი ჩვენებებია, რის გამოც ისინი ერთობლიობაშიც კი არ იძლევიან საფუძველს უტყუარი დასკვნისათვის, რომ სახეზე იყოს დასახელებულ ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად სავალდებულო სტანდარტი - ურთიერთთავსებად უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

11. ზ. წ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა:

11.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

11.2. საქმეზე არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ. წ-ის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 31 მაისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა (სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ) ვერ ჩაითვლება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან აშკარად შეუსაბამოდ, ვინაიდან სასჯელის შეფარდებისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ხასიათი, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და ზ. წ-ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

11.3. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელების შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებასა და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ პენიტენციურ დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლირებულად, რაც, ზოგადად, სრულად შეესაბამება სასჯელის მიზნების განხორციელებას.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია კიკალიას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე ზ. წ-ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე