Facebook Twitter

საქმე N 210100122006522109

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1327აპ-24 4 მარტი, 2025 წელი

გ–ი ტ., №1327აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ტ. გ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ორი პირის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთ წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2022 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. წ–ში მდებარე ე.წ. „ბ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ტ. გ–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – ფ. ს–ს, კერძოდ, გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს ესწრებოდნენ დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილები –ვ. გ., ნ. გ–ი, ბ. გ–ი და მ. სა.

1.3. 2022 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. წ–ში მდებარე ე.წ. „ბ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ტ. გ–ი სიტყვიერად სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა („ცემაში სულის ამოხდით“) მეუღლეს - ფ. ს–ს. აღნიშნულის გამო, ფ. ს–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.4. 2022 წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. წ–ში მდებარე ე.წ. „ბ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფუძვლო მოტივით, ტ. გ–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს – ბ. გ–ის, კერძოდ, გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.5. 2022 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. წ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, უსაფუძვლო მოტივით, ტ. გ–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილებს – ვ. გ–სა და ნ. გ–ს, კერძოდ, ხელით მიაყენა დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

1.6. 2022 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ქ. გ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ტ. გ–იმ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – ფ. ს–ს, კერძოდ, ამოუგრიხა მარცხენა ხელის მტევანი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ტ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

2.2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის განაჩენით, ტ. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით.

2.3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა ცუცქირიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ტ. გ–ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2024 წლის 31 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიშიკო ჯანგულაშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა. მართალია დაზარალებულებმა – ფ. ს–სმ, მ. ს–მ, ვ. გ–მ, ნ. გ–მ და ბ. გ–იმ უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რომელიც ვითარების აღდგენის მიზნითაა ჩატარებულიდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით უტყუარად დადასტურდა ტ. გ–ის ბრალეულობა. ექსპერტიზის დასკვნებში აღწერილია საქმის გარემოებები, ამასთან ექსპერტიზის დასკვნები დაადასტურა ექსპერტმა თ. ზ–მა, რომელმაც დამატებით მიუთითა, რომ მკვრივი-ბლაგვი საგანი შეიძლება იყოს ბევრი რამ, მათ შორის ხელი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა ტ. გ–ის მიმართ ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.

5.3. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ტ. გ–ის ბრალი ედებოდა ოჯახში ძალადობისთვის, კერძოდ, მეუღლის და შვილების მიმართ განხორციელებული: ძალადობისათვის, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაზარალებულებმა – ფ. ს–მ, მ. ს–მ, ვ. გ–მ, ნ. გ–მ და ბ. გ–იმ ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი. სხვა მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა ტ. გ–ის მიერ განხორციელებული ოჯახში ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებს, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულებმა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია მათ მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მათ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ტ. გ–ის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.

5.5. კასატორის არგუმენტაციით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულებმა გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი წარმოადგენს დამოუკიდებელ მტკიცებულებებს, რომელიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

5.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებები, რომლებზეც კასატორი აპელირებს მტკიცების საგანთან მიმართებით ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად არაინფორმატიულია. ზემოთხსენებული მტკიცებულებებით, იმის დადგენა, რომ ტ. გ–იმ ფიზიკურად იძალადა ოჯახის წევრებზე და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ფ. ს–ს – შეუძლებელია. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითა და ექსპერტ – თ. ზ–ის ჩვენებით, იმ ფაქტის დადგენა, როდის, ვის მიერ და რა ვითარებაში მიიღეს დაზიანებები ნ. გ–მ და ვ. გ–მ, მათ მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლების გამოყენების ფარგლებში (ჩვენებების მიცემაზე განაცხადეს უარი) - შეუძლებელია.

5.7. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულის სასარგებლოდ.

5.8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.9. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე