Facebook Twitter

საქმე N190100124009231990

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №8აპ.-25 19 მარტი, 2025 წელი

ი–ი ა. №8აპ.-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ნოემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. ი–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – 3 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით 18:05 საათზე, ქ.გ–ში, გ–ს ქუჩის .. შესახვევში, ბინ №...-ში მდებარე სახლში, ა. ი–მა ვ. ი–ას უთხრა, რომ მასთან ცხოვრება აღარ სურდა, მოსთხოვა სახლიდან წასვლა, რის გამოც, ორჯერ გაშლილი ხელის სახის არეში გარტყმისა და ფეხის ზურგის არეში ჩარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის – ვ. ი–ას მიმართ. ა. ი–ის ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ვ. ი–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2024 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ.გ–ში, გ–ს ქუჩის .. შესახვევში, ბინ №...-ში მდებარე სახლში, ა. ი–მა ვ. ი–ას უთხრა, რომ ეზიზღებოდა და, საწოლში შეხების გამო, მარცხენა თვალთან ერთხელ მუშტის დარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის – ვ. ი–ას მიმართ. ა. ი–ის ძალადობრივი ქმედების შედეგად, ვ. ი–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.4. 2024 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ.გ–ში, გ–ს ქუჩის .. შესახვევში, ბინ №...-ში მდებარე სახლში, ა. ი–მა ვ. ი–ას სახლიდან წასვლა და ბავშვების დატოვება მოსთხოვა, რის გამოც, თმის მოქაჩვის გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის – ვ. ი–ას მიმართ. ა. ი–ის ძალადობრივი ქმედების შედეგად, ვ. ი–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. პირველმა ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა. ი–ის მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენას.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ივნისის განაჩენით, ა. ი–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 12 ნოემბრის, 2024 წლის 10 თებერვლისა და 2024 წლის 2 აპრილის ეპიზოდები) წარდგენილი ბრალდებებით.

2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ა. ი–ის დამნაშავედ ცნობა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ნოემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2024 წლის 20 ნოემბერს, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად ა. ი–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

3.3. გამართლებულ ა. ი–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ტ–მ წარმოდგენილი შესაგებლით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნის იმ ერთობლიობას, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დანაშაულის შესახებ შეტყობინება, შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი, მოწმე ე. ა–ას გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაცია საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. ი–ის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა – ვ. ი–მ უარი განაცხადა ოჯახის წევრის – მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლას მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ა. ი–ის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე ვ. ი–მ სასამართლოში არ დაადასტურა.

5.4. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, ავტომატურად არ უკარგავს სამართლებრივ წონას მისი მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტებს. თუმცა ცალკე შეფასების საგანია მტკიცებულებათა საკმარისობის საკითხი, რომელიც ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლომ უნდა დაადგინოს ინდივიდუალურად.

5.5. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შემაკავებელ ორდერში დაფიქსირებული ჩანაწერი, რომელიც არ შეიცავს ქმედების კონკრეტულ აღწერას, იმდენად მწირია, რომ შეუძლებელია საკმარისად იქნეს მიჩნეული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნულ მტკიცებულებაში ასახული ინფორმაცია, რომელიც არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით – არასაკმარისია ძალდობის (რამოდენიმე ეპიზოდი) და შედეგად ტკივილის განცდის დასადასტურებლად.

5.6. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებული მოწმის ე. ა–ას გამოკითხვის ოქმთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ აღნიშნულმა მოწმემ ზოგადად დაადასტურა მის შვილს – ა. ი–სა და რძალს – ვ. ი–ას შორის არსებული კონფლიქტები, თუმცა უარყო 2023 წლის 12 ნოემბერსა და 2024 წლის 10 თებერვალს ა. ი–ის მხრიდან მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტები.

5.7. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №.......... დასკვნის თანახმად, კი, გარეგანი დათვალიერებით, ვ. ი–ას 2024 წლის 9 აპრილს ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება. პირადი გასინჯვისას ჩივილები არ აქვს.

5.8. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც თავისი შინაარსით უკავშირდება ა. ი–ის მიერ ძალადობის არაერთი ფაქტის განხორციელებას საქმეში წარმოდგენილი არ არის. რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.9. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოება, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე