Facebook Twitter

¹ბს-266-252(კ-06) 2 ნოემბერი, 2006წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა

საკასაციო პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე)

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ნ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 16 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. ს-ემ მოპასუხე აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:

ა. 2004 წლის 21 მაისიდან 2005 წლის 22 აპრილამდე პერიოდში განაცური ხელფასის ანაზღაურება და ახალი ხელფასის გათვალისწინებით ფულადი ატესტატის გაცემა;

ბ. პენსიაში გასვლასთან დაკავშირებით კომპენსაციის გაცემა.

მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს 2003 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 21 მაისის ¹90პ/შ ბრძანებით ნ. ს-ე აღდგენილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში დასასაქმებლად, თუმცა მისი არაერთგზისი მოთხოვნის მიუხედავად, იგი არ დასაქმებულა. აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 22 აპრილის ¹108პ/შ ბრძანებით ნ. ს-ე 2004 წლის 21 სექტემბრიდან დათხოვნილ იქნა კადრების განკარგულებიდან განსაზღვრული ასაკის მიღწევისა და კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, რა დროსაც მიეცა ფულადი ატესტატი ძველი ხელფასით, რასაც მოსარჩელე არ ეთანხმებოდა (ს.ფ. 1).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს ნ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2004 წლის 21 მაისიდან 2005 წლის 22 აპრილამდე გაზრდილი ხელფასისა და პენსიაში გასვლასთან დაკავშირებით კომპენსაციის გადახდა.

საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ ნ. ს-ე მუშაობდა აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოში, რის გამოც ადმინისტრაცია ვალდებული იყო მოსარჩელისათვის აენაზღაურებინა მიუღებელი ხელფასი მისი მუშაობის პერიოდში. სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ ნ. ს-ე შრომის წიგნაკისა და საბოლოო ანგარიშსწორების მისაღებად დაიბარეს 2005 წლის 22 აპრილის ბრძანების საფუძველზე, იმაზე მეტყველებდა, რომ იგი აღნიშნული ბრძანების გამოცემამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამმართველოში. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. მოსამსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, ნ. ს-ე სამსახურიდან გათავისუფლდა აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მიერ 2005 წლის 22 აპრილს და მოპასუხე ორგანიზაცია ვალდებული იყო 2004 წლის 21 მაისიდან, ანუ მისი დანიშვნის დღიდან გადაეხადა ხელფასი იმ ოდენობით, რაც გათვალისწინებული იყო აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საშტატო განრიგით, მოსარჩელეს ასევე უნდა მისცემოდა კომპენსაცია პენსიაში გასვლასთან დაკავშირებით (ს.ფ. 21-23).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მათი განმარტებები იმის შესახებ, რომ პირი შინაგან საქმეთა ორგანოს მოსამსახურედ ითვლებოდა მხოლოდ თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე. სწორედ ამ პერიოდში ეძლეოდა მას შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), კადრების განკარგულებაში ყოფნისას კი პირს მხოლოდ 4 თვის განმავლობაში ეძლეოდა კანონით გათვალისწინებული ანაზღაურება. საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ნ. ს-ე აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოში მუშაობდა 2004 წლის 21 მაისიდან 2005 წლის 22 აპრილამდე, მაშინ როცა დათხოვნის ბრძანებაში გარკვევით იყო მითითებული, რომ 2004 წლის 21 მაისიდან 2004 წლის 21 სექტემბრამდე ნ. ს-ე იმყოფებოდა კადრების განყოფილების განკარგულებაში.

აპელანტი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევდა ნ. ს-ის მოთხოვნას მიუღებელი ხელფასისა და კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე, რადგან მოსარჩელეს 1998 წლის 14 სექტემბრის შემდეგ არ უმუშავია, ხოლო საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 დეკემბრის ¹121 დადგენილებით 2006 წლის 1 იანვრამდე შეჩერებული იყო შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკებზე დანამატების, კომპენსაციებისა და სხვა სოციალური შეღავათების გაცემა (ს.ფ. 29-30).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება, ნ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 2005 წლის 22 აპრილის ¹108 პ/შ ბრძანებით ნ. ს-ე დათხოვნილ იქნა საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში «შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 67-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე, დადგენილი წესით ასაკის მიღწევის გამო პენსიის მიღების უფლებით, რა დროსაც არ დარღვეულა 2004 წლის 21 მაისიდან 2004 წლის 21 სექტემბრამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის დრო, რომლის ვადა მითითებულ იქნა მისი დათხოვნის ბრძანების ტექსტშიც. სასამართლომ საქმეზე ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ს-ეს 1998 წლიდან 2004 წლის 21 მაისამდე არ უმუშავია შინაგან საქმეთა ორგანოებში და შესაბამისად, არავითარი სამსახურებრივი საქმე არ შეუსრულებია. რაც შეეხებოდა მის მოთხოვნას პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით კომპენსაციის მიღების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 დეკემბრის ¹121 დადგენილებით შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ მუშაკებზე კომპენსაციის გაცემა შეჩერებული იყო 2006 წლის 1 იანვრამდე. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 23 იანვრის ¹61 ბრძანებულების საფუძველზე, «შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 75-ე მუხლის მოქმედება (რომელიც ითვალისწინებდა დათხოვნილ პირებზე შეღავათების და კომპენსაციის მიღების უფლებას), შეჩერებული იყო 2007 წლის 1 იანვრამდე. «შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების მე-12 მუხლის თანახმად, მოხელე კადრების განკარგულებაში ირიცხებოდა არაუმეტეს 4 თვისა, 2 თვის სრული ხელფასის ანაზღაურებით, ხოლო მომდევნო ორი თვე თანამდებობრივი განაკვეთის გარეშე. შესაბამისად, ნ. ს-ეს ჩაეთვალა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა 4 თვე, რაზედაც 2005 წლის 22 აპრილს დაიშვა ბრძანება და ნ. ს-ე მიჩნეულ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილად 2004 წლის 21 სექტემბრიდან. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ნ. ს-ის განმარტება იმის შესახებ, რომ მას კადრების განკარგულებაში ყოფნის დროს არ მიუღია შესაბამისი ანაზღაურება, რადგან აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების მიერ 2006 წლის 11 თებერვალს გაცემული ¹44 ცნობით დასტურდებოდა, რომ მასზე სრულად ანაზღაურებული იყო კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდის თანხა (ს.ფ. 61-65).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო არასწორად მიუთითებს, რომ პოლიციის მუშაკზე არ ვრცელდება «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონი, გარდა მე-6, მე-9, მე-10, 38-ე, 66-ე, 121-ე და 126-ე მუხლებისა. აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოს წევრებზე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიციის თანამშრომლებზე «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი, რომელიც, თავისი შინაარსიდან და მოქმედების სფეროდან გამომდინარე, ვრცელდებოდა პოლიციის თანამშრომლებზე.

კასატორი არასწორად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მან მიიღო კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდის შესაბამისი ანაზღაურება, რადგან აღნიშნული თანხა რეალურად მას არ მიუღია.

კასატორი ასევე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კომპენსაციის მიცემაზე უარის თქმის ნაწილში, რადგან საქართველოს მთავრობის დადგენილებით შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ მუშაკებზე კომპენსაციის გაცემა გაუქმებული არ ყოფილა. აღნიშნული ნორმის მოქმედება შეჩერებული იყო 2006 წლის 1 იანვრამდე, მოგვიანებით _ 2007 წლის 1 იანვრამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის განჩინებით ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» და «გ» ქვეპუნქტების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის კომპენსაციის მიღებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილია:

აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 21 მაისის ¹90პ/შ ბრძანებით ნ. ს-ე აღდგენილ იქნა კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველოს განკარგულებაში და ჩაითვალა კადრების განკარგულებაში მყოფად 1998 წლის 14 სექტემბრიდან. ბრძანების საფუძვლად მიეთითა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 22 აპრილის ¹108პ/შ ბრძანებით ნ. ს-ე, კადრების განკარგულებაში მყოფი 2004 წლის 21 მაისიდან 21 სექტემბრამდე, დათხოვნილ იქნა საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში 2004 წლის 21 სექტემბრიდან. საფუძვლად მიეთითა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების მე-60 მუხლის «ბ» ქვეპუნქტი (განსაზღვრული ასაკის მიღწევა) და ამავე დებულების მე-12 მუხლი (კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლა);

2004 წლის 21 სექტემბრის შემდგომ ნ. ს-ეს აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროში არ უმუშავია.

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების მე-12 მუხლის ბოლო აბზაცის თანახმად, შინაგან საქმეთა ორგანოებში ორგანიზაციულ, საშტატო ღონისძიებათა განხორციელებისას შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შტატგარეშე დარჩენილი თანამშრომელი ირიცხება კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით, 2 თვის მთლიანი ხელფასის შენარჩუნებით, ხოლო მომდევნო ორი თვის განმავლობაში მას მიეცემა სპეციალური წოდების, ნამსახურობის პროცენტული დანამატი და სასურსათო ულუფის კომპენსაცია. ამ თანამშრომლის შრომითი მოწყობის საკითხი უნდა გადაწყდეს აღნიშნული ვადის გასვლამდე. ამდენად, მითითებული ბრძანებულება პირდაპირ განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომელი შეიძლება იმყოფებოდეს კადრების განკარგულებაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომელი ითვლება დათხოვნილად, თუკი არ მოხდება მისი დასაქმება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კადრების განკარგულების ვადის გასვლის _ 2004 წლის 21 სექტემბრის შემდგომ მოსარჩელის დასაქმება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში აღარ მომხდარა.

«საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტი საჯარო მოხელეს ხელფასის მიღების უფლებას ანიჭებს სამუშაოზე დანიშვნის დღიდან სამუშაოდან გათავისუფლების დღემდე. აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 22 აპრილის ¹108პ/შ ბრძანების თანახმად, ნ. ს-ე კადრების განკარგულებიდან სამხედრო ძალების თადარიგში დათხოვნილია 2004 წლის 21 სექტემბრიდან. ამდენად, ნ. ს-ე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს წარმოადგენდა 2004 წლის 21 სექტემბრამდე და აღნიშნული პერიოდის შემდგომ მის მიერ ხელფასის მიღების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების ზემოაღნიშნული ნორმა და მოსარჩელის მოთხოვნა 2004 წლის 21 სექტემბრიდან 2005 წლის 22 აპრილამდე სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე მართებულად მიიჩნია უსაფუძვლოდ, რამდენადაც ამ პერიოდში ნ. ს-ეს მოპასუხე ორგანიზაციაში არ უმუშავია.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ მას კადრების განკარგულებაში ყოფნის თანხა არ ანაზღაურებია, რადგან საქმეში წარმოდგენილია აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილების ცნობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნ. ს-ეს სრულად აუნაზღაურდა კადრების განკარგულების თანხა. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება და არც საკასაციო საჩივარი შეიცავს ამის თაობაზე დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით კომპენსაციის მიღებაზე უარის თქმის ნაწილში დაუსაბუთებელია.

აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 22 აპრილის ¹108პ/შ ბრძანებაში 2004 წლის 21 სექტემბრიდან ნ. ს-ის თადარიგში დათხოვნის ერთ-ერთ საფუძველად მითითებულია «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების მე-60 მუხლის «ბ» ქვეპუნქტი _ განსაზღვრული ასაკის მიღწევა.

«საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 75-ე მუხლი სამსახურიდან პენსიის მიღების უფლებით დათხოვნილი შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლისათვის ითვალისწინებს ერთდროული დახმარების სახით უკანასკნელი 10 თვის ხელფასის, ხოლო პენსიის გარეშე დათხოვნისას (უარყოფითი მოტივით დათხოვნის შემთხვევის გარდა) _ გამოსასვლელი დახმარების გაცემას უკანასკნელი 5 თვის ხელფასის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში ნ. ს-ე სასარჩელო განცხადებით ითხოვს აღნიშნული 75-ე მუხლის თანახმად მისთვის კომპენსაციის გაცემას სამსახურიდან პენსიის მიღების უფლებით დათხოვნის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვის აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა დაასაბუთა მხოლოდ იმ გარემოებით, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 23 იანვრის ¹61 ბრძანებულების საფუძველზე აღნიშნული 75-ე მუხლის მოქმედება შეჩერებულია 2007 წლის 1 იანვრამდე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული არგუმენტი სრულიად შეუსაბამოა. მითითებული 75-ე მუხლის მოქმედება შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის ¹624 ბრძანებულებით 2006 წლის 1 იანვრამდე, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 23 იანვრის ¹61 ბრძანებულებით აღნიშნული მუხლის ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2007 წლის 1 იანვარი. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ნ. ს-ის დათხოვნის პერიოდისათვის _ 2004 წლის 21 სექტემბერს _ მითითებული 75-ე მუხლი წარმოადგენდა მოქმედ ნორმას და თუკი მოსარჩელე აკმაყოფილებდა მასში გათვალისწინებული სოციალური შეღავათის პირობას, ნორმის არარსებობის მოტივით დაუშვებელი იყო მისთვის ამ შეღავათზე უარის თქმა. ამდენად, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო არსებითად განეხილა მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნა და გამოერკვია, წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელე «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 75-ე მუხლის სუბიექტს, კერძოდ, პენსიის მიღების უფლებით დათხოვნილ პირს.

სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს არა აქვს გამორკვეული, მოსარჩელე აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 22 აპრილის ¹108პ/შ ბრძანებით შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილია პენსიის მიღების უფლებით თუ არა. მართალია, აღნიშნული ბრძანების ერთ-ერთი საფუძველია საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების მე-60 მუხლის «ბ» ქვეპუნქტი (განსაზღვრული ასაკის მიღწევა), მაგრამ აღნიშნული ნორმის ბრძანების საფუძვლად მითითება უპირობოდ არ გულისხმობს მოსარჩელის დათხოვნას პენსიის მიღების უფლებით. სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, ნ. ს-ე სამსახურიდან დათხოვნის პერიოდისათვის _ 2004 წლის 21 სექტემბრისათვის აკმაყოფილებდა თუ არა «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 61-ე მუხლით დადგენილ შინაგან საქმეთა ორგანოებში ნამსახურობის ზღვრული ასაკის პირობას და პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით აუცილებელ სხვა პირობებს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, რეალურად, 2004 წლის 21 სექტემბრიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია თუ არა პენსიაზე გასვლის გამო და წარმოადგენს თუ არა მის მიერ სარჩელით მოთხოვნილი სოციალური შეღავათის მქონე პირს.

რამდენადაც ზემოაღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის არსებითად განხილული, ამასთან, აღნიშნული საკითხი საჭიროებს საქმეზე ფაქტობრივი გარემოების დამატებით გამოკვლევას, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანა საკასაციო სასამართლოს მიერ შეუძლებელია საამისოდ შესაბამისი პროცესუალური უფლებამოსილების არქონის გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მოსარჩელისათვის კომპენსაციის მიღებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა დაადგინოს ზემომითითებული გარემოებები და გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის კომპენსაციის მიღებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განაცდური ხელფასის ანაზღაურებასა და ახალი ხელფასის გათვალისწინებით ფულადი ატესტატის გაცემის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.