საქმე N 820100123007751449
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1229აპ-24 24 მარტი, 2025 წელი
კ–ე ა., №1229აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. ნ–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. კ–ე (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ, სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ბინაში, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 26 ივლისს, დაახლოებით, 02:00 საათზე, ქ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა. კ–ე სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით დაემუქრა, ოჯახის წევრს, მეუღლეს - ხ. ჯ–ეს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. 2023 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა. კ–ე მესაკუთრის და მფლობელის ოჯახის წევრის, მეუღლის მშობლის - ნ. ჯ–ის ნების საწინააღმდეგოდ, დაკეტილი ფანჯრიდან უკანონოდ შევიდა მის საცხოვრებელ სახლში, რითაც დაირღვა ნ. ჯ–ის ბინისა და მფლობელობის ხელშეუხებლობა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 იანვრის განაჩენით, ა. კ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით.
ა. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად, ა. კ–ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო, 2023 წლის 28 ივლისიდან 2023 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 55 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
2.2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 იანვრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რამაზ შანიძემ, რომელმაც მოითხოვა ა. კ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 იანვრის განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება, კერძოდ:
გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 იანვრის განაჩენი ა. კ–ის საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში.
ა. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თანაბარი ზომის სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. კ–ეს განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ა. კ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავებიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2023 წლის 28 ივლისიდან 2023 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით.
3.2. 2024 წლის 17 ოქტომბერს, მსჯავრდებულ ა. კ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა, პ. ნ-ემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განმარტება, იმის თაობაზე, რომ ა. კ–ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება უკანონოა, ვინაიდან ა. კ–ე მანამდე აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდა მეუღლესთან – ხ. ჯ–ესთან ერთად. მართალია, 2023 წლის 26 ივლისს, ის და ხ. ჯ–ე დაშორებულები იყვნენ, თუმცა მისი განზრახვა მოიცავდა მეუღლესთან შერიგებას და არა – ბინაში უკანონო შეღწევას. ამასთან, აღნიშნული საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეები არიან სხვა პირები, რომლებიც არ დაკითხულან, და შესაბამისად, უცნობია მათი პოზიცია. ამ ფაქტის ირგვლივ დაიკითხნენ ხ. ჯ–ის მშობლები, რომლებიც იმ დროს იყვნენ დაინტერესებული პირები. ამასთან, კასატორის აზრით, ა. კ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი ზედმეტად მკაცრია და მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას არასაპატიმრო სასჯელი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ცვლილება უნდა შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენში, კერძოდ:
5.2. საკასაციო პალატა, თავდაპირველად აღნიშნავს, რომ სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს ა. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი შეეხება ა. კ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის კანონიერებას/სამართლიანობას და საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში დანაშაულის ნიშნების არ არსებობას, ვინაიდან დაცვის მხარის განმარტებით, ა. კ–ის მიერ ხ. ჯ–ის საძინებელ ოთახში ფანჯრიდან გადაძვრომის მიზანი იყო არა ბინაში უკანონო შეღწევა, არამედ – ყოფილ მეუღლესთან შერიგება.
5.3. შესაბამისად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა თუ არა სააპელაციო სასამართლომ ა. კ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრადშერაცხილ ქმედებას და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის კანონიერება.
5.4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ბრალად წარდგენილ ორივე ეპიზოდთან მიმართებით, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
5.5. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიღებული უდავო მტკიცებულებებით: დაზარალებულების: ხ. ჯ–ისა და ნ. ჯ–ის, მოწმეების: ნ–ის, დ–ისა და დ–ის გამოკითხვის ოქმებით, 2023 წლის 26 ივლისის N...... შემაკავებელი ორდერითა და თანდართული ოქმით, 2023 წლის 29 ივლისის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმით, 2023 წლის 29 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ა. კ–ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ბინაში, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას.
5.6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ საკმარის და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით ასევე გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ა. კ–ემ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედებები, ჩაიდინა ოჯახის წევრების მიმართ.
5.7. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად დაკვალიფიცირდა ა. კ–ის ქმედება და ვინაიდან წარსულში მსჯავრდებული მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში, მის ქმედებაში არ არის საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
5.8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობა დაწესებულია ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლის, უკანონო ჩხრეკის ან სხვა ქმედებისთვის, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას. ბინისა და მფლობელობის ცნებაში იგულისხმება არა მარტო საცხოვრებელი ფართი (სახლი, ბინა) არამედ სასტუმროს ნომერი, ოთახი საერთო საცხოვრებელში, სარდაფი, გარაჟი, ეზო და სხვა. ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია ნათლად იყოს გამოხატული ბინის მფლობელის ნება მასში სხვა პირის არასასურველი ყოფნის შესახებ.
5.9. კონკრეტულ შემთხვევაში, დაზარალებულების: ხ. ჯ–ის, ნ. ჯ–ისა და მოწმე ნ–ის გამოკითხვის ოქმებით (უდავო მტკიცებულებები), უტყუარად დასტურდება, რომ 2023 წლის 26 ივლისს, ა. კ–ემ დაახლოებით, 02:00 საათზე, ქ. ბ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მესაკუთრის და მფლობელის ოჯახის წევრის, მეუღლის მშობლის – ნ. ჯ–ის ნების საწინააღმდეგოდ, დაკეტილი ფანჯრიდან უკანონოდ შეაღწია ხ. ჯ–ის საძინებელ ოთახში და სთხოვდა შერიგებას. უარის მიღების შემდეგ კი, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით. ხ. ჯ–ემ მოსთხოვა ოთახის დატოვება და დასახმარებლად მოუხმო მშობლებს. აღნიშნული გამოკითხვის ოქმებით, ასევე დადასტურებულია, რომ მართალია, ა. კ–ე ხ. ჯ–ესთან და მეუღლის მშობლებთან ერთად ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე, თუმცა დაახლოებით 2023 წლის მარტიდან ა. კ–ე და ხ. ჯ–ე დაშორდნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც ა. კ–ე აღარ ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე და ნ. ჯ–ემ აუკრძალა მათ საცხოვრებელ სახლში მისვლა.
5.10. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, უტყუარად დადასტურდა, რომ ა. კ–ეს არ ჰქონდა ხ... და ნ. ჯ–ების მფობელობაში/საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში შესვლის უფლება, რაზეც ასევე მიუთითებს მისი მხრიდან აღნიშნულის განხორციელება გვერდითი გზებით, კერძოდ, ხ. ჯ–ის საძინებელ ოთახში ფანჯრიდან გადაძვრომა, მალულად. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ა. კ–ის საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე.
5.11. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ ნ. ჯ–ის საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი, რომელში შესვლასაც ედავება ბრალდების მხარე ა. კ–ეს, ასევე წარმოადგენს სხვა პირების საკუთრებას, რომლებიც ბრალდების მხარეს არ გამოუკითხავს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებებით, ასევე დადასტურდა, რომ სადავო საცხოვრებელი ფართი – ბინა, იმყოფებოდა ნ. ჯ–ის და მისი ოჯახის წევრების (მეუღლის – ნ–ისა და შვილის – ხ. ჯ–ის) მფლობელობაში, სხვა თანამესაკუთრეები არ ფლობდნენ აღნიშნულ ბინას. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოთხოვნას ა. კ–ის საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე.
5.12. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად მოპოვებული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, უტყუარად დადასტურდა ა. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.
6. სასჯელის დასაბუთება:
6.1. სისხლის სამართალწარმოების სამართლიანობა ვლინდება სამართლიანი სასჯელის დაკისრებაში, სასამართლო კი შებოჭილია ვალდებულებით: მის მიერ დანიშნული სასჯელი იყოს ეფექტიანი და პროპორციული. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს, ასევე განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.3. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას უნდა გაითვალისწინოს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
6.4. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.5. სასჯელის თანაზომიერება მიზნად ისახავს მიღწეული იქნეს ბალანსი პირის დასჯის ხარისხსა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების ლეგიტიმურ ინტერესებს შორის, რაც განსახილველ შემთხვევაში, მიღწევადია სასჯელის სახედ, თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პირობებში. სააპელაციო სასამართლომ, ა. კ–ს, საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 58-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული, სასჯელის მიზნების განხორციელებას და სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
6.6. ამასთან, ვინაიდან ა. კ–მ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, მის მიმართ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი. საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა დაზარალებულების – ხ. ჯ–ისა და ნ. ჯ–ის თანხმობა ა. კ–ის მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით გათვალიწინებული შეღავათის გავრცელების თაობაზე, ასევე ა. კ–ის პირად საქმეში განთავსებულია მსჯავრდებულის განცხადება, რომლითაც ირკვევა, რომ იგი თანახმაა გამოცემული იქნეს დამცავი ორდერი.
6.7. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს – 9 თვისა.
6.8. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პირზე ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ იგი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე. ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში), 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში) ან 3811 მუხლით, ან იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა), ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს – 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.
6.9. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. კ–ე წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, ამდენად, დაზარალებულის თანხმობის არსებობის მიუხედავად საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე ვერ გავრცელდება ამნისტიის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი. ამასთან, ვინაიდან მსჯავრდებულის პირად საქმეში მოთავსებულია მსჯავრდებულის თანხმობა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდება სასჯელი, ამნისტიის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების თანახმად, ა. კ–ეს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი.
6.10. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელს, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების თანახმად, ა. კ–ეს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი.
6.11. ამასთან, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ა. კ–ის მიმართ გამოცემული უნდა იქნეს დამცავი ორდერი, იმ ვადით, რა ვადითაც ამნისტიის შედეგად შეუმცირდება სასჯელი.
6.12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. ნ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ცვლილება შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენში;
3. ა. კ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
4. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
5. საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის თანახმად შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა. კ–ს საბოლოოდ განესაზღვროს – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
7. ა. კ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან – 2024 წლის 27 ნოემბრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2023 წლის 28 ივლისიდან 2023 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით;
8. ცნობად იქნეს მიღებული რომ მსჯავრდებულ ა. კ–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხნა ო–(ს/კ ......) მდებარე, დ... დ... (პ/ნ ......), დ. დ–ა (პ/ნ ......) და ფ-ი დ... (პ/ნ ....... სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების 5000 ლარის ღირებულების წილს;
9. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ა. კ–ის მიმართ გამოიცეს დამცავი ორდერი 3 თვით (იმ ვადით, რა ვადითაც პირს ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი) და ა. კ–ეს აეკრძალოს: დაზარალებულებთან – ხ. ჯ–ესთან და ნ. ჯ–ესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დამყარება, ნებისმიერი სახის ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით, როგორც ვერბალურად, ასევე, მიმოწერის გზით, სოციალური ქსელების, ან სხვა ნებისმიერი საშუალების გამოყენებით; მათ საცხოვრებელ, სამუშაო, ან სხვა ადგილთან მიახლოება, სადაც დაზარალებულები იმყოფებიან, ასევე, პირადად მათთან მიახლოება;
10. დამცავი ორდერი ძალაში შედის ა. კ–ს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე;
11. ა. კ–ს განემარტოს, რომ მის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით;
12. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;
13. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე