Facebook Twitter

საქმე N 190100123007946176

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1328აპ-24 17 მარტი, 2025 წელი

მ–ა ზ–მ, №1328აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ეუაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ზ. მ–ა (რ–ს მოქალაქე) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2021 წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით, 16:00 საათზე, ქალაქ გ–ში, ...ის ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ამავე სახლის კუთვნილებასთან დაკავშირებით მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ზ. მ–ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეზობლად მცხოვრებ ა. ს–ს, კერძოდ, ხელებით ჩამოჰკაწრა სახესა და ყელზე, ასევე ხის სკამი ჩაარტყა მარჯვენა ფეხის არეში, რის გამოც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მან, ასევე, მარჯვენა კიდურზე, სახისა და გულმკერდის მიდამოებში, სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევების სახით, მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის მოუშლელად.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ზ. მ–ას დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, არ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 აპრილის განაჩენით, ზ. მ–ა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ლაშა მერაბიშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2024 წლის 31 ოქტომბერს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მარიამ ეუაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, ზ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს ზ. მ–ას ბრალეულობას. კერძოდ, დაზარალებულმა სრულად დაადასტურა გამოძიებაში მიწოდებული ინფორმაცია, რაც გამყარებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. შესაბამისად, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ზ. მ–ას მიერ ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ა. ს–ას ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ 30 წელია ცხოვრობს გ-ში მეუღლის სახლში. იგი ქვრივია და ცხოვრობს მარტო. ზ. მ–ას მისი სახლიდან არ გააქვს ნივთები, რის გამოც აქვთ კონფლიქტი. 2021 წლის 17 ოქტომბერს, საღამოს, დაახლოებით 5-6 საათზე, ზ. მ–ა მივიდა მასთან და ურთიერთშელაპარაკების დროს სცემა მას. კერძოდ, სკამი ფეხზე დაარტყა, სახესა და ყელზე ჩამოჰკაწრა, რის გამოც, განიცადა ფიზიკური ტკივილი. შემთხვევას შეესწრო ზ. მ–ას მეუღლე – ვ. ს–ი, რომელიც მეუღლეს ართმევდა სკამს, რა დროსაც მოხვდა ფეხში. მან მეორე დღეს დარეკა 112-ში და გამოიძახა სასწრაფო დახმარება, ასევე პოლიციაში მიიტანა ტანსაცმელი, რომელზეც იყო სისხლის კვალი. იმავე დღეს პოლიციაში არ მივიდა, რადგან კვირა დღე იყო და ეგონა, არ მუშაობდნენ.

5.3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულის ჩვენება გამყარებული უნდა იყოს სხვა პირდაპირი მტკიცებულებით, რადგან, მისი ნათქვამის საპირწონედ, წარმოდგენილია ზ. მ–ას ჩვენება, რომელიც კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ ფაქტს და აცხადებს, რომ ა. ს–ას მიმართ ფიზიკურად არ უძალადია, ხოლო იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული არსებითად უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენით პირის მსჯავრდება, სასამართლოსათვის აუცილებელია დამატებითი, ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, რომელიც დაზარალებულის ნათქვამის სისწორეს დაადასტურებს, რაც მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი არ ყოფილა. პალატის მიზანს არ წარმოადგენს რაიმე ფორმით მოახდინოს დაზარალებულის ჩვენების დისკრედიტაცია ან აქციოს იგი არასანდოდ, თუმცა, ამავდროულად, სასამართლოს ამოცანაა, შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების უტყუარობა ერთობლიობით და ისე მიიღოს გადაწყვეტილება პირის დამნაშავეობა/უდანაშაულობის შესახებ.

5.4. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად მნიშვნელოვანია, სასამართლოში დაკითხულ პირთა მიერ შემოთავაზებული პოზიციების გადამოწმების საშუალება არსებობდეს საქმეზე წარმოდგენილი სხვა დამატებითი ნეიტრალური მტკიცებულებებით, თუმცა ასეთი დამატებითი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოდგენილა.

5.5. რაც შეეხება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და 2021 წლის 18 მაისის განცხადებას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მათში ასახული მწირი ინფორმაცია დაზარალებულის ჩვენების ანალოგიურია, რაც სხვა ნეიტრალური მტკიცებულებით არ დადასურებულა. ამდენად, მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება ზ. მ–ას მხრიდან ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი დაზიანებები კი ვერ განსაზღვრავს ვერც დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობას, ვერც ზუსტ დროს და იმ გარემოებებს, რა ვითარებაში მიიღო აღნიშნული დაზიანებები ა. ს–ამ.

5.6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა სტანდარტს და არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა ზ. მ–ას დამნაშავედ ცნობისათვის.

5.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

5.8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).

5.9. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

5.10. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ზ. მ–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ეუაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე