Facebook Twitter

საქმე N 190100122006218404

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1258აპ-24 6 მარტი, 2025 წელი

მ-ი მ., №1258აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. მ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2022 წლის 13 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ. გ.... სადარბაზოში, მ. მ–მა მაღაზიაში შელაპარაკების გამო, შურისძიების მოტივით, დანის გამოყენებით ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა რ. ხ–ს, კერძოდ ს–ას მაღაზიაში, რ. ხ–ი და მ. მ–ი შელაპარაკდნენ, რის შემდეგაც მ. მ–ი დაბრუნდა დანით ხელში, გაეკიდა კორპუსებში გაქცეულ რ. ხ–ს, დაიჭირა N- სადარბაზოში და ცდილობდა მისთვის დანის გამოყენებით დაზიანების მიყენებას, ერთხელ დაუსვა დანა ცხვირის არეში და მიაყენა ნაკვეთი სისხლმდენი ჭრილობა, ცხვირის შუალედისა და მარცხენა ნესტოს სრული დარღვევით, ასევე მუშტები და ფეხები რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში. მ. მ–ის ქმედებით ფიზიკური ტკივილი განიცადა და სახის წარუშლელი დამახინჯების სახით, სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო რ. ხ–მა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგინა, რომ მ. მ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 მარტის განაჩენით, მ. მ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე. მ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 7250 ლარი. მ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2022 წლის 15 აგვისტოდან 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით და საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი.

2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა და მოითხოვა მ. მ–ის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ცვლილება შევიდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 მარტის განაჩენში. მ. მ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე. მ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7250 ლარი. მ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2022 წლის 15 აგვისტოდან 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით და საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის საფუძველზე მ. მ–ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

3.2. 2024 წლის 10 ოქტომბერს, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, მ. მ–ის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ რ. ხ–ს ცხვირის მიდამოში არსებული სწორნაპირებიანი ნაწიბური წარუხოცელია და დროთა განმავლობაში თავისით არ გამოსწორდება, ამასთან იწვევს სახის ასიმეტრიას, რითაც დასტურდება მ. მ–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმადაც სახის წარუშლელი დამახინჯება დაკვალიფიცერებულია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმე თავისი შინაარსით არის მნიშვნელოვანი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

5.2. უპირველეს ყოვლისა საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ მ. მ–მა დაზარალებულ რ. ხ–ს მიაყენა დაზიანება სახისა და მხრის არეში, რამაც სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N.......... სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით. ბრალდების მხარის მიერ სადავოდაა გამხდარი მ. მ–ის ქმედების სამართლებრივი შეფასება, კერძოდ იმ გარემოების დადგენა, რ. ხ–ისთვის მიყენებული დაზიანება, იწვევს თუ არა სახის წარუშლელ დამახინჯებას.

5.3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც იწვევს სახის წარუშლელ დამახინჯებას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების თავისებური სახეა, რადგან იგი არ ხასიათდება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის აუცილებელი ნიშნებით (მაგ. არაა სახიფათო ჯანმრთელობისათვის და სხვა).

5.4. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, რ. ხ–ს დაზიანება მიყენებული აქვს სახის არეში და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N.......... სამედიცინო კომისიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ,,ნაწიბური წარუხოცელია, დროთა განმავლობაში თავისით არ გამოსწორდება, იწვევს სახის ასიმეტრიას. მიმიკის შეცვლას არ იწვევს“, თუმცა აღნიშნული დაზიანება იწვევს თუ არა სახის დამახინჯებას - უნდა შეფასდეს ესთეტიური კრიტერიუმებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიუალურად. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, საქმეში წარმოდგენილ დაზარალებულ რ. ხ–ის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, იგი არ მიიჩნევს თავს დამახინჯებულად, მიყენებული დაზიანების კვალის გამო, ფსიქოლოგიურ ტანჯვას არ განიცდის და შესაბამისად, მ. მ–ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. ამასთან, საქმის მასალებით (N.......... სამედიცინო კომისიური ექსპერტიზის დასკვნის ფოტოილუსტრაცია) დასტურდება, რომ დაზარალებულის სახეზე არსებული წარუშლელი დაზიანება არ ამახინჯებს მის სახეს, არ არის შესაზარი, არ იწვევს ზიზღს ან სიბრალულს.

5.5. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ერთის მხრივ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N............ სამედიცინო კომისიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ რ. ხ–ისთვის მიყენებული ჭრილობები ერთობლიობაში მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხოლო მეორეს მხრივ, კი საქმის მასალებით არ დადგინდა, რომ მიყენებულმა დაზიანებამ სახის დამახინჯება გამოიწვია - ბრალდების მხარის მოთხოვნა მ. მ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციის თაობაზე საფუძველს მოკლებულია.

5.6. საკასაციო პალატის აღნიშნული დასკვნა არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკისგან. კერძოდ, საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სახეზე არსებული ნაწიბურები არ იწვევს სახის ასიმეტრიასა და მიმიკის მოშლას, ამასთან, ესთეტიკურად არ იწვევს ზიზღს, შეცოდებას ან რაიმე მსგავს განწყობას, ან ემოციებს როგორც დაზარალებულის, ასევე სხვა ობიექტური მესამე პირისათვის, პალატის მოსაზრებით, ვერ ჩაითვლება სახის წარუშლელ დამახინჯებად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 398აპ-17 გადაწყვეტილება).

5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ურთიერთშეჯერებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ. მ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

6. სასჯელის დასაბუთება

6.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

6.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

6.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

6.4 სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნების განსასაზღვრად, სრულყოფილად უნდა შეფასდეს ყველა ის გარემოება, რაც სასჯელის დანიშვნის დროს არის გასათვალისწინებელი და ასევე ნათლად უნდა იქნეს გაანალიზებული საფრთხე ან საფრთხეები, რაც შექმნა დამნაშავის ქმედებამ.

6.5. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასჯელის სამართლიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი ხასიათდება ინდივიდუალურობით, შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

6.6. საკასაციო სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს (მ. მ–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობებს და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, მ. მ–ს უნდა განესაზღვროს – ჯარიმა 12000 ლარი, რაც საკასაციო პალატის შეფასებით სრულად შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს და მსჯავრდებულის პიროვნებას.

6.7. საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. მ–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ და მიუთითებს, რომ ამნისტიის აქტით დამნაშავე შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ხოლო მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელისაგან ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით.

6.8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით, მ. მ–ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა სასჯელის სახე და ზომა, რისი გათვალისწინებითაც საქართველოს სსკ-ის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატას, ამნისტიის შესახებ კანონის ფარგლებში, იგი უნდა გაეთავისუფლებინა სასჯელისაგან ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეემცირებინა ან შეეცვალა უფრო მსუბუქი სასჯელით.

6.9. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით გამოძიების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია ამნისტიის აქტი. კერძოდ, გამოძიება უნდა შეწყდეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეწყდეს თუ გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს ჩადენილი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. ხსენებული ნორმა ეხება პირებს, რომლებიც არ არიან მსჯავრდებულნი და პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების მხედველობაში მიღებით, არსებობს წინაპირობები დასმული და განხილული იქნეს საკითხი, ამნისტიის კანონის საფუძველზე, პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისა და გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

6.10. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ერთმნიშვნელოვნად არის დადგენილი ამნისტიის აქტის საფუძველზე დამნაშავის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისა და მსჯავრდებულის სასჯელისაგან გათავისუფლების ანდა მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირების ან უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საფუძვლები.

6.11. ამასთან, მართალია მ. მ–მა მსჯავრადშერაცხილი დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, თუმცა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა). შესაბამისად, მ. მ–ის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის განსაზღვრისას, მის მიმართ ვერ გავრცელდება ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.

6.12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. მ. მ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

4. მ. მ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 12000 ლარი.

5. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2022 წლის 15 აგვისტოდან 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით), მ. მ–ს დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს და მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარი.

6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ. მ–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი ჯარიმა 5000 ლარი აღსრულებულია.

7. მ. მ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

8. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ. მ–ს დაბრუნებული აქვს ჩამორთმეული პასპორტი და პირადობის მოწმობა.

9. საქმეს დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

დანა, ლაქები, სისხლის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში, ხელის კვლები - განადგურდეს;

ტანსაცმელი - დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს;

დისკი – შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;

11. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე