საქმე N 330100123008435813
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე N1343აპ-24 17 მარტი, 2025 წელი
ს-ი ა., N1343აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვასილ სამხარაძისა და მსჯავრდებულ ა. ს–ის ინტერესების დამცველის, ა. ბ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. ს–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც მართავს ამ სატრანსპორტო საშუალებას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით, 13:10 საათზე თ–ში, ვ ......სა და ბ.....ის ქუჩების კვეთასთან, ვ........ის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ს–ი მართავდა სატვირთო ავტომობილს – „ჰოვოს“, ტრანზიტული ნომრით: ......... ა. ს–მა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, დაუგორდა ავტომობილი და შეეჯახა ქვეითს – გ. პ–ს, რომელიც მიღებული სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ჯანმრთელობის მრავლობითი დაზიანებების გამო, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ივნისის განაჩენით, ა. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით. მასვე, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ვასილ სამხარაძემ და მოითხოვა ა. ს–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.
2.3. განაჩენი ასავე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ს–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ. ძ–ემ და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშული სასჯელის შემსუბქება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით ბრალდების და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 30 ოქტომბერს, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ვასილ სამხარაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით ა. ს–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.
3.3. 2024 წლის 1 ნოემბერს, მსჯავრდებულ ა. ს–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ. ძ–ემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ა. ს–ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება და პირობითად ჩათვლა ან სასჯელის დანიშვნა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ა. ს–ის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომა არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, ვინაიდან გარდაიცვალა არასრულწლოვანი პირი ა. ს–ს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკევთა მაქსიმალური ვადით.
4.2. დაცვის მხარის პოზიციით, დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, ვინაიდან ა. ს–ს მსჯავრი დაედო გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენისათვის, რაც მან აღიარა და მოინანია, უდავოდ გახადა მტკიცებულებები, იგი ნასამართლობის არმქონეა და სრულად აცნობიერებს მისი ქმედებით გამოწვეულ ტრაგედიას. ამასთან, ა. ს–ს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და იგი არის 70 წლის. მსჯავრდებულის ახლობლებს ჰქონდათ მცდელობა, შერიგებოდნენ დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, თუმცა მან არ ისურვა საუბარი. შესაბამისად, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სახეზეა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი ყველა პირობა, რათა ა. ს–ს შეუმსუბუქედეს დანიშნული სასჯელი, რაც ჩაეთვალოს პირობით ან მის მიმართ დანუშნულ სასჯელზე გავრცელდეს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
5.4. „დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, პირადი და ეკონომიკური პირობები, კერძოდ: ა. ს–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას, ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ა. ს–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რაც სრულად შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.6. ამასთან, საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიიჩნია დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა ან მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულ სასჯელზე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება.
5.7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვასილ სამხარაძისა და მსჯავრდებულ ა. ს–ის ინტერესების დამცველის, ა. ბ–ის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე