საქმე N 110100121005330438
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე N1360აპ-24 17 მარტი, 2025 წელი
ს–ე ე., №1360აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ე.ს–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. ო–ს – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ე.ს–ე (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2021 წლის 6 ივნისს, დაახლოებით, 08:30 საათზე, ზ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ც–ში, ურთიერთშორის მომხდარი კონფლიქტის გამო, განაწყენების ნიადაგზე, ე.ს–მ, ქვის სროლის შედეგად, განზრახ დააზიანა ზ. ტ–ას კუთვნილი „ფორდ მონდეოს“ მარკის ავტომანქანა სახ. ნომრით ......... ე.ს–ს მიერ ნასროლი ქვა ავტომობილს მოხვდა უკანა მარცხენა ფრთაზე და შედეგად ზ. ტ–ს მიადგა 300 ლარის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით, ე.ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.
2.2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. ს–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – თ. ო–მ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 27 ნოემბერს, მსჯავრდებულ ე. ს–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – თ. ო–მ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ე.ს–სის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ე.ს–ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა. განაჩენი დაფუძნებულია მხოლოდ დაზარალებულის და მისი ოჯახის წევრების არასარწმუნო ჩვენებებზე, რაც არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით და არ უნდა იქნეს გაზიარებული. სინამდვილეში კი, ეგრეთწოდებულ დაზარალებულის ოჯახსა და ე.ს–სის ოჯახის წევრებს შორის არის კონფლიქტი, რის გამოც მას დააბრალეს დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ე.ს–სის საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენას.
5.4. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ ზ. ტ–ს და მოწმეების – ე. ქ–ას და გ. ბ–ის ჩვენებების უტყუარობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მათ დაწვრილებით, დეტალურად და დამაჯერებლად გადმოსცეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მათ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერეს 2021 წლის 6 ივნისს განვითარებული მოვლენები და დამაჯერებლად ისაუბრეს ავტომანქანის დაზიანების ფაქტებთან დაკავშირებით. ამასთან, საქმეში არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც სასამართლოს დაზარალებულების მიკერძოებასა და დაინტერესებაში დაარწმუნებდა. გარდა ამისა, მისი ჩვენება სრულად თანხვდება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
5.5. დაზარალებულის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია გამყარებულია ე. ქ–ასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოსურათებით, ავტომანქანის ამოღების ოქმით, ავტომანქანის დათვალიერების ოქმითა და ფოტოსურათებით, სასაქონლო ექსპერტიზის №....... და №....... დასკვნებით.
5.6. რაც შეეხება ე.ს–ს ჩვენებას, საკასაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან იგი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით, მისი შინაარსიდან გამომდინარე, კონკურენტუნარიანი ვერ იქნება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამხვილებს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლზე, რომლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის არსებული კონფლიქტი, უპირობოდ არ მიუთითებს, რომ დაზარალებული მას აბრალებს დანაშაულს.
5.7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელია, როგორც ფაქტების უტყუარი დადასტურება, ისე – მატერიალური სამართლის ნორმის თითოეული ელემენტის დადასტურებულად მიჩნევა, რაც ქმნის დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას და სახეზეა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5.8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის უტყუარობისა და დამაჯერებლობის საკანონმდებლო სტანდარტს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოება, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.10. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ე.ს–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის, თ. ო–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე