საქმე N 140100122006088887
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე N1376აპ-24 17 მარტი, 2025 წელი
ტ–ი დ., №1376აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ტ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დ. ტ–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2020 წლის 29 ივლისს, დაახლოებით, 12:55 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ ძ–ში მდებარე დ. ტ–ის საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს გამავალი საავტომობილო გზის გვერდულზე, დ. ტ–მა იძალადა მ. ს–აზე, კერძოდ, ხელი გადაუგრიხა და წააქცია ძირს. აღნიშნული ქმედების შედეგად მ. ს–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივლისის განაჩენით, დ. ტ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარი.
2.2. ამავე განაჩენით, მ. ს–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარი.
2.3. გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. ტ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მისი გამართლება.
2.4. განაჩენი ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ს–ამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ. კ–მ და მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, მ. ს–ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით, მსჯავრდებულ მ. ს–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – კ. კ–ს, ასევე, დ. ტ–ს სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 29 ნოემბერს, მსჯავრდებულმა დ. ტ–მა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მის მიერ დანაშაულის ჩადენა. განაჩენი დაფუძნებულია მხოლოდ დაზარალებულ მ. ს–ს და მისი დედის – ბ. ჯ–ის არასარწმუნო ჩვენებებზე, რაც არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით. სინამდვილეში კი, დედა-შვილი ჯერ თავს დაესხნენ მის შვილს – ლ. ტ–ს და შემდეგ – მას. ამასთან, მ. ს–ს მიმართ არსებული ექსპერტიზის დასკვნა არის ბუნდოვანი, რადგან არ არის დადგენილი დაზიანება და მისი ხანდაზმულობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რის გამოც, უნდა გაუქმდეს და დ. ტ–ს მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. უპირველეს ყოვლისა საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ 2020 წლის 29 ივლისს, დაახლოებით, 12:55 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ ძ–ში მდებარე დ. ტ–ის საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს გამავალი საავტომობილო გზის გვერდულზე, დ. ტ–სა და მ. ს–ას შორის მოხდა კონფლიქტი, თუმცა დაცვის მხარე უარყოფს მ. ს–ას მიმართ ძალადობას.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.
5.4. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. ტ–ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.
5.5. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ მ. ს–ას ჩვენების უტყუარობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მან დაწვრილებით, დეტალურად და დამაჯერებლად გადმოსცა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ განმარტა, რომ 2020 წლის 29 ივლისს, მისი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს, საუბნო გზაზე მივიდნენ საჯარო რეესტრის თანამშრომლები. მათ გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაევალათ საერთო სარგებლობის გზის ზუსტი ადგილმდებარეობის და მ. ს–ს საკუთრების საზღვრების დადგენა. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ მისი მოდავე მეზობლები: დ. ტ–ი და მისი შვილი – ლ. ტ–ი, ასევე მ. ს–ს დედა – ბ. ჯ–ი. შემთხვევის ადგილზე მომხდარი კონფლიქტის დროს დ. ტ–მა მარჯვენა ხელი მოუჭირა ხელზე და თითები გადაუგრიხა. ჭიდილის დროს, დ. ტ–მა მას ხელი გაუშვა, რის გამოც, იგი ძირს – ასფალტზე – დაეცა. დ. ტ–ის ძალადობრივი ქმედებების შედეგად მას ხელის თითები დაუზიანდა და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
5.6. დაზარალებულის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, მის მიმართ ძალადობასა და დაზიანებასთან დაკავშირებით, თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან და გამყარებულია შპს „გ–ს“ მიერ გაცემული სტაციონარული პაციენტის, №....... სამედიცინო ბარათით და ფორმა №......-ით, რომლის თანახმად, 2020 წლის 29 ივლისს, შპს „გ–ში“ თავად გამოცხადდა პაციენტი – მ. ს–ა, რომელსაც აღენიშნებოდა მარცხენა მტევნის მეორე თითის მიდამოში მცირედი შეშუპება, მოხრის ფუნქცია დაქვეითებული ჰქონდა, აღენიშნება მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი. მარჯვენა მუხლის არეში მკრთალი მოლურჯო ფერის მცირე ზომის ორი სისხლნაჟღენთი. მუხლის როტაცია შეზღუდვის გარეშე. აღენიშნება საშუალო ინტენსიობის ტკივილი მარჯვენა მტევნის და წინამხრის არეში. ამასთან, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის, №. დასკვნით დადგინდა, რომ მ. ს–ას სამედიცინო დაწესებულებისთვის მიუმართავს 29.07.2020 წელს და 03.08.2020 წელს, რა დროსაც დაუდგინდა დიაგნოზი მაჯის და მტევნის ზედაპირული ტრავმა, დაუზუსტებელი. წინამხრის ზედაპირული ტრავმა, დაუზუსტებელი. მუხლის დაჟეჟილობა, მტევნის სხვა დაუზუსტებელი ნაწილების დაჭიმულობა გადაძაბვა. ასევე, ჩანაწერებში მითითებულია, რომ აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლჩაქცევების სახით, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
5.7. სასამართლოში დაკითხული მოწმეების: ბ. ჯ–ის, ბ. კ–ს, თ. ტ–ს და შ. რ–ს ჩვენებებით, დადგინდა მ. ს–ასა და დ. ტ–ს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი და, რომ მათ ერთმანეთის მიმართ იძალადეს.
5.8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელია, როგორც ფაქტების უტყუარი დადასტურება, ისე – მატერიალური სამართლის ნორმის თითოეული ელემენტის დადასტურებულად მიჩნევა, რაც ქმნის დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას და სახეზეა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5.9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის უტყუარობისა და დამაჯერებლობის საკანონმდებლო სტანდარტს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოება, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ტ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე