საქმე N 330100123008443244
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე N1284აპ-24 7 მარტი, 2025 წელი
წ–ი ლ., №1284აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. წ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. მ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ლ. წ–ი (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ((2023 წლის 1 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2021 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 14:45 საათზე, ქ. რ–ში, ფ–ს ქუჩაზე, N.. ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს, ლ. წ–მა თავისა და სხეულის არეში არაერთი დარტყმით ა. ც–ს და ვ. ც–ს მიაყენა ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
1.3. 2021 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 14:45 საათზე, ქ. რ–ში, ფ–ს ქუჩაზე, N.. ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს, ლ. წ–მა რამდენჯერმე დაარტყა ფეხი შპს „.......ის“ კუთვნილ ,,HONDA CRV“-ს მარკის ავტომანქანას, რის შედეგადაც დააზიანა ავტომანქანის წინა მარცხენა კარი და მარცხენა უკანა ხედვის სარკე, რითაც ზემოაღნიშნულ კომპანიას მიაყენა 1350 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ივნისის განაჩენით, ლ. წ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 1 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 1 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. წ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. წ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ბ–ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ივნისის განაჩენში.
ლ. წ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 1 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 1 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. წ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ლ. წ–ი ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
ლ. წ–ი ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
3.2. 2024 წლის 8 ნოემბერს, მსჯავრდებულ ლ. წ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. მ–ემ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ლ. წ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ლ. წ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენას. განაჩენი დაფუძნებულია მხოლოდ დაზარალებულების არასარწმუნო ჩვენებებზე, რაც არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით და არ უნდა იქნეს გაზიარებული. სინამდვილეში კი, ეგრეთწოდებული დაზარალებულები თავს დაესხნენ დედა-შვილ წ–ს, განახორციელეს მუქარა და მანქანა შეაჯახეს წ–ის ავტომობილს, რის შედეგადაც დაზიანდა ლ. წ–ის ავტომანქანა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. უპირველეს ყოვლისა საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ 2021 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 14:45 საათზე, ქ.რ–ში, ფ–ს ქუჩაზე, N.. ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც, ა. ც–სა და ვ. ც–ს მიაყენეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და ასევე დაზიანდა შპს „......ის“ კუთვნილი ,,HONDA CRV“-ს მარკის ავტომანქანის წინა მარცხენა კარი და მარცხენა უკანა ხედვის სარკე, რითაც ზემოაღნიშნულ კომპანიას მიადგა 1350 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, თუმცა დაცვის მხარე უარყოფს აღნიშნულ ინციდენტში ლ. წ–ის მონაწილეობას.
5.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლ. წ–ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.
5.4. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენას.
5.5. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულების: ა. ც–სა და ვ. ც–ის – ჩვენებების უტყუარობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მათ დაწვრილებით, დეტალურად და დამაჯერებლად გადმოსცეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, საქმეში არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც სასამართლოს დაზარალებულების მიკერძოებასა და დაინტერესებაში დაარწმუნებდა. გარდა ამისა, მათი ჩვენება სრულად არის თანხვდენილი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. დაზარალებულებმა ა. ც–მა და ვ. ც–მა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერეს 2021 წლის 15 ნოემბერს განვითარებული მოვლენები და დამაჯერებლად ისაუბრეს, როგორც ლ. წ–ის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის და შედეგად განცდილი ტკივილის, ისე ავტომანქანის დაზიანების ფაქტებთან დაკავშირებით.
5.6. დაზარალებულების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და ავტომანქანის დაზიანებასთან დაკავშირებით გამყარებულია ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, გადაუდებელი დახმარების ცენტრ „112“-ის N......... და N......... შეტყობინებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N..........1, N.......... დასკვნებით, ავტომობილის დათვალიერების ოქმით, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზის N.........დასკვნით, სს ,,ს–დან“ გამოთხოვილი ინფორმაციითა და დათვალიერების ოქმებით.
5.7. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას ლ. წ–ის შემთხვევის ადგილზე არყოფნის თაობაზე - აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან ფაქტობრივი გარემოებების დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით ლ. წ–ის ჩვენება, მისი შინაარსიდან გამომდინარე, კონკურენტუნარიანი არ არის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.
5.8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის აუცილებელ საკანონმდებლო სტანდარტს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებას, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა - კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
5.9. სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა დაზარალებულების – ა. ც–ისა და ვ. ც–ის ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადებები, რომელთა შესაბამისად, მათ თანხმობა განაცხადეს ლ. წ–ის მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე, რის საფუძველზეც სააპელაციო პალატამ ლ. წ–ი გაათავისუფლა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ ამნისტიის აქტით დამნაშავე შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ხოლო მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელისაგან ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №1258აპ-24 გადაწყვეტილება).
5.10. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,საკასაციო სასამართლოს უფლება არა აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან მიიღოს მსჯავრდებულისთვის არასასიკეთო სხვა გადაწყვეტილება, თუ საქმე განიხილება მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის საჩივრის საფუძველზე და ბრალდების მხარეს საჩივარი არ შეუტანია“. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი შემოტანილია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს ლ. წ–ის საუარესო გადაწყვეტილება, შესაბამისად არ მსჯელობს ზემოხსენებულ საკითხზე.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.12. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. წ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. მ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე