საქმე N 180100123007962039
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1155აპ-24 21 მარტი, 2025 წელი
წ-ი გ., №1155აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენზე, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი დოლაკიძის საკასაციო საჩივარი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. წ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით), საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი, მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა, ესე იგი, სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულებისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 11 ივნისიდან 2023 წლის 21 ივლისის ჩათვლით, ღამის საათებში, ქ. მ–-ში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი გ. წ–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიიჩნევდა რა, რომ ყველაფრის უფლება ჰქონდა, სისტემატურად – კვირაში, დაახლოებით, ოთხჯერ – ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ყოფილ მეუღლეს მ–ს. კერძოდ, ჰკრავდა ხელს, აგდებდა საწოლიდან ძირს, რის შემდეგაც ფეხებს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ხოლო 2023 წლის 21 ივლისს, დაახლოებით, 11:00 საათზე ხელით დაზიანება მიაყენა სახის არეში. გ. წ–ის ქმედებების შედეგად მ–ი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას.
1.3. 2023 წლის 11 ივნისიდან 2023 წლის 21 ივლისის ჩათვლით, მათ შორის, 2023 წლის 5 - 6 ივლისს, 10 ივლისს, 19 - 21 ივლისს, ქ. მ–ში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი გ. წ–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიიჩნევდა რა, რომ ყველაფრის უფლება ჰქონდა, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ყოფილ მეუღლეს – მ–ს. კერძოდ, ეუბნებოდა, რომ მოკლავდა. გ. წ–ის მუქარას მ–ი აღიქვამდა რეალურად და უჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2023 წლის 21 ივლისს, დაახლოებით, 11:30 - 18:00 საათამდე, ქ. მ.. ქუჩაზე მდებარე ე.წ. მ–ის პარკში, გ. წ–ი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიიჩნევდა რა, რომ ყველაფრის უფლება ჰქონდა, მის ყოფილ მეუღლეს მ–ს არ აძლევდა უფლებას, ამდგარიყო და წასულიყო ან ესარგებლა მობილური ტელეფონით, ადგომის შემთხვევაში, ეუბნებოდა, რომ არსად წასულიყო, თორემ მოკლავდა. იმის გამო, რომ მ–ს ეშინოდა მუქარის განხორციელების, მისი ნების საწინააღმდეგოდ, იკავებდა თავს წასვლისაგან და ემორჩილებოდა მის მოთხოვნას.
1.5. 2023 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 11:30 - 18:00 საათამდე, ქ. მ... ქუჩაზე მდებარე ე.წ. მ–ის პარკში, გ. წ–ი მის ყოფილ მეუღლეს, მ–ს, სთხოვდა, რომ მისთვის მიეცა ფულადი თანხა 3000 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდა მოკვლით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. წ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისთვის, საკმარისობის თვალსაზრისით, ვერ იქნა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მის მიმართ ამ მუხლებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს შექმნიდა.
2.2. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ წარსულში ოჯახური დანაშაულისათვის ნასამართლევმა გ. წ–მა, კონკრეტულად 2023 წლის 21 ივლისს, ოჯახის სხვა წევრის, ყოფილი მეუღლის, მ–ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტზე.
2.3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის განაჩენით, გ. წ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით.
გ. წ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტზე.
გ. წ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ დამატებითი სასჯელის სახით 2 წლით აეკრძალა იარაღთან დაკავშირებული უფლებები, სახელდობრ: იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები.
გ. წ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2023 წლის 22 ივლისიდან.
2.4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, გიორგი დოლაკიძემ, და მოითხოვა გ. წ–ის დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილი ბრალდებით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი დოლაკიძს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
გ. წ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით.
გ. წ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. წ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტზე.
გ. წ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, 2 წლით აეკრძალა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და ჩამოერთვა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. წ–ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, 2 წლით ჩამოერთვა იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გ. წ–ის მიმართ მსჯავრადშერაცხილ ქმედებებთან მიმართებით, გაიზიარა მის მიერ აღნიშნული ქმედებების ჩადენა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით და დაადგინა, რომ:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევმა გ. წ–მა, 2023 წლის 21 ივლისს, დაახლოებით, 11:00 საათზე, მ–ს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიიჩნევდა რა, რომ ყველაფრის უფლება ჰქონდა ხელით მიაყენა დაზიანება სახის არეში. გ. წ–ის ქმედებების შედეგად მ–ი განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2023 წლის 21 ივლისს, დაახლოებით, 11:30 - 18:00 საათამდე, ქ. მ....... ქუჩაზე მდებარე ე.წ. მ–ის პარკში, გ. წ–ი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიიჩნევდა რა, რომ ყველაფრის უფლება ჰქონდა, მის ყოფილ მეუღლეს მ–ს არ აძლევდა უფლებას, ამდგარიყო და წასულიყო ან ესარგებლა მობილური ტელეფონით, ადგომის შემთხვევაში, ეუბნებოდა, რომ არსად წასულიყო, თორემ მოკლავდა. იმის გამო, რომ მ–ს ეშინოდა მუქარის განხორციელების, მისი ნების საწინააღმდეგოდ, იკავებდა თავს წასვლისაგან და ემორჩილებოდა მის მოთხოვნას.
3.3. 2024 წლის 11 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გიორგი დოლაკიძემ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, გ. წ–ის წარდგენილი ბრალდებებით სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გ. წ–ის გამართლების, ასევე ბრალადწარდგენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტიდან საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების ნაწილში უკანონოა. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: დაზარალებულ მ–ის, მოწმეების – მ-ის, დ–ის, დ-ის, რ-ის, რ-ისა და რ-ის ჩვენებებით, ასევე, ვითარების აღდგენის ოქმით და სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო ბარათით, უტყუარად დადასტურდა გ. წ–ის მიმართ ბრალადწარდგენილი ქმედებები. ამასთან, კასატორმა პოზიციის დასასაბუთებლად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეამოწმა მისი საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი დოლაკიძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
5.2. საკასაციო პალატა თავდაპირველად აღნიშნავს, რომ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს გ. წ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი შეეხება გ. წ–ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით გამართლებასა და საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირებას.
5.3. შესაბამისად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია: სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვებოდა თუ არა იმგვარი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ყველა ეპიზოდთან მიმართებით, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შესაძლებლობას მისცემდა; ასევე, იმის განსაზღვრა, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა თუ არა სააპელაციო სასამართლომ გ. წ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით მსჯავრადშერაცხილ ქმედებას და დანიშნული სასჯელის კანონიერება.
5.4. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში გ. წ–ის მიმართ ბრალადწარდგენილი ქმედებების დასადასტურებლად მიუთითებს დაზარალებულ მ–ის, მოწმეების – მ-ის, დ-ის, დ–ის, რ–ის, რ–ისა და რ–ის – ჩვენებებზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის (ვითარების აღდგენის) ოქმსა და სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პაციენტის N.. სამედიცინო ბარათზე. ამდენად, სასამართლოს შესაფასებელი გარემოებაა, წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია თუ არა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ყველა ეპიზოდთან მიმართებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 ივლისის განაჩენით გ. წ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, შესაბამისად, იგი ბრალადწარდგენილი ქმედებების დროს ითვლებოდა ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევ პირად, რაც სადავოდ არ გამხდარა სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე.
5.6. დაზარალებულ მ–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადასტურებულია, რომ ის და გ. წ–ი 2016 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ საერთო შვილი. 2023 წლის 26 აპრილს გ. წ–ი გათავისუფლდა საპატიმრო დაწესებულებიდან. დაზარალებულის მიმართ მსჯავრდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაერთ ძალადობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიციას არ მიმართავდა. წამლის ზეგავლენის ქვეშ ყოფნის დროს გ. წ–ი ხდებოდა არაადეკვატური. კონკრეტულად, როდის და რომელ დღეს იძალადა, მაგის თქმა არ შეუძლია. მაგალითად, როდესაც ბავშვებთან ერთად სადმე მიდიოდნენ, გ. წ–ი იწყებდა ყვირილს, ასევე ციხიდან გამოსვლის შემდეგ, შეცვალა ტაქტიკა, ცდილობდა, არ დაეტოვებინა სილურჯეები, როდესაც ეძინა, აღვიძებდა და ეუბნებოდა, რატომ ეძინა, მაშინ როდესაც თვითონ ფხიზლად იყო. თუ დაიძინებდა, საწოლიდან აგდებდა, ფეხებით სცემდა. ეს ხდებოდა ყველგან: სახლში, მანქანაში, ბუნებაში. ასევე, ემუქრებოდა და ეუბნებოდა, თუ კიდევ ერთხელ მიმართავდა პოლიციას, მოკლავდა, რასაც რეალურად აღიქვამდა. 2023 წლის 21 ივლისს მან სთხოვა რ–ს დროზე ადრე მისვლა, რადგან გ. წ–ი იყო არაადეკვატურ მდგომარეობაში. სურდა, ბავშვები უსაფრთხო ადგილზე გაეყვანა. რ–ე მათთან მძღოლად მუშაობს, ხოლო მისი მეუღლე – პერიოდულად ძიძად. რ–ის მისვლის შემდეგ, გ. წ–მა დაიწყო ყვირილი. სავარაუდოდ, იმ დღეს უჩვეულო ნარკოტიკი მიიღო და ძალიან გაღიზიანებული იყო. სახლიდან გასვლაში ხელს უშლიდა. ცდილობდა ბავშვების გაყვანას, გ. წ–ი კი – კარს ხურავდა. გარეთ გამოვიდნენ და მანქანაში ჩასხდნენ. თვითონ მძღოლის გვერდით დაჯდა. გ. წ–ი კვლავ ეძახდა, უნდოდა მაისური მიეცა, უთხრა, თვითონ მოეძებნა. არ სურდა სახლში შესვლა, რადგნა იცოდა, რომ რაღაც მოხდებოდა. შემდეგ გ. წ–ი ფანჯრიდან გადმოხტა, მიირბინა მანქანამდე, შევარდა ფანჯარაში, ორი თითი ჩაუყო პირში და მეორე ხელით ცდილობდა სახის გვერდით გაწევას. ძალიან შეეშინდა და ყვიროდა. რ–ე დაეხმარა და გ. წ–ს ხელი გააშვებინა.
დაზარალებულმა, ჩვენების მიცემისას, ასევე დაადასტურა გამოკითხვის ოქმი, რომელშიც ვრცლად აქვს აღწერილი გ. წ–თან ურთიერთობისა და 2023 წლის 21 ივლისს მომხდარი მოვლენები, მათ შორის დააზუსტა იძულების ფაქტი.
დაზარალებულმა დაკითხვისას ასევე დააფიქსირა პოზიცია და განმარტა, რომ გ. წ–ის მიმართ აქვს პრეტენზია, მოითხოვს კანონის შესაბამისად მის დასჯას.
5.7. არასრულწლოვანი მოწმის, რ–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მამა – გ. წ–ი – და დედა – მ–ი – თითქმის ყოველდღე ჩხუბობდნენ, რასაც თავადაც შესწრებია. ის დედის მიმართ ძალადობას უშუალოდ შეესწრო, კერძოდ, დაინახა, რომ გ. წ–მა დედას ხელი დაარტყა. ამ დროს მანქანაში ისხდნენ, რის შემდეგაც წავიდნენ მოედანზე. ამ ფაქტის გარდა, სხვა დროსაც შესწრებია, როგორ სცემდა გ. წ–ი დედას, ეს ხდებოდა ხან სახლში, ხან – მდინარეზე და ზოგჯერ დედა ტიროდა.
5.8. მოწმე რ–ემ განმარტა, რომ არის ტაქსის მძღოლი და მანქანით ემსახურება მ–ის ოჯახს. 2023 წელს, თვე და რიცხვი ზუსტად არ ახსოვს, დაურეკა მ. დაახლოებით, 11:00 საათზე მივიდა მასთან სახლში. მ... უთხრა, რომ ბავშვები უნდა წაეყვანათ პარკში. მოწყენილები იყვნენ, გაბრაზებულები, ჰკითხა, თუ რა ხდებოდა, მაგრამ არაფერი უპასუხეს. მ... დაზიანება არ აღენიშნებოდა. გ. წ–ის და მ... გარდა, სახლში იყვნენ ბავშვებიც. გ. წ–ი სამზარეულოში იყო. გამოსვლამდე მ... გ–იმ ჰკითხა, თუ სად მიდიოდნენ, რაზეც მ.– უპასუხა, რომ ბავშვები მიჰყავდა პარკში. მანქანაში უკან ჩაჯდა პატარა გოგო, ხოლო მის გვერდით დაჯდა მ–ი. ელოდებოდნენ მეორე ბავშვს, ბიჭს, რომელიც გარეთ იყო და ავტომანქანაში უკან უნდა დამჯდარიყო. ამის შემდეგ გ–ი სამზარეულოს ფანჯრიდან გადმოვიდა და მანქანაში დამჯდარ მ.– ხელი მოხვია. ალბათ იმ მიზნით, რომ უნდოდა არ წასულიყვნენ. მან გ–ის ხელი გააშვებინა, იმიტომ, რომ იფიქრა, მოჭერა სურდა. გ–ის მისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მ.– მისკენ მიიწია, წინააღმდეგობას უწევდა გ. წ–ს. ამის შემდეგ საუბრობდნენ – „რომ მიდიხარ, მითხარი, სად მიდიხარ, რისთვის მიდიხარო“. როცა მ... უთხრა პარკში მიმყავს ბავშვები გასასეირნებლადო, გ–იმ უთხრა, მეც წამოვალო. გ–ი ჩაჯდა მანქანაში და წავიდნენ პარკში. გ–ი და მ... დასხდნენ სკამზე და საუბრობდნენ, მისი მხედველობის არეში იყვნენ, მაგრამ საუბარი არ ესმოდა. თავად ბავშვებთან ერთად იყო. გ–ი და მ. ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, ეს საუბარი საღამოს 5-6 საათამდე გაგრძელდა. ამ ხნის მანძილზე გ–ი და მ... არსად წასულან, თვითონ გავიდა მაღაზიაში, წყალი და რაღაცები იყიდა. შემდეგ, მ.– ტაქსი გამოიძახა, ხოლო გ–ი მან ჩაიყვანა სახლში, სადაც თავისი ნივთები აიღო და სოფელში წავიდა. მ–ს არაფერი უთქვამს მისთვის, გ–ის წასვლის შემდეგ უთხრა, რომ ბავშვებს შიოდათ და სავახშმოდ წაყვანა სთხოვა.
მოწმემ ჩვენების მიცემისას ასევე დაადასტურა გამოკითხვის ოქმი, სადაც ვრცლად აქვს აღწერილი გ. წ–ის მიერ 2023 წლის 21 ივლისს, ავტომობილში მ–ის მიმართ განხორციელებული ქმედებები, კერძოდ: გ. წ–ის მიერ მ–ის თავის დაჭერის, პირის ღრუში ხელის ჩაყოფისა და სახის გვერდით გაწევის მცდელობა. რ–ემ დაადასტურა მისი ხელმოწერის ნამდვილობა გამოკითხვის ოქმზე, ასევე ის გარემოება, რომ გამოძიებას მიაწოდა სწორი ინფორმაცია და გამომძიებლის მხრიდან რაიმე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, თუმცა განმარტა, რომ ზუსტად არ ახსოვს, უთხრა თუ არა მ–მა, რომ გ. წ–ი ემუქრებოდა და ვერ ინძრეოდა. დეტალები აღარ ახსოვს, გამოკითხვის დროს უფრო კარგად ახსოვდა.
5.9. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პაციენტის N... სამედიცინო ბარათით დადასტურებულია, რომ 2023 წლის 22 ივლისს, მ–ს გაეწია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, როგორც პაციენტი, უჩიოდა ნაჭდევს სახეზე, მარცხნივ, ყვრიმალის მიდამოში. ზემოაღნიშნული გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექიმმა – რ–მა.
5.10. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ 2023 წლის 22 ივლისს, 01:30 საათიდან 01:50 საათამდე პერიოდში, დაზარალებულ მ–ის მონაწილეობით, ვითარების აღდგენის მიზნით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც, მ–მა მიუთითა ქ. მ–ი, ე.წ. მ–ების ბაღში, იმ ადგილებზე, სადაც თითქმის შვიდი საათის განმავლობაში ისხდნენ ის და გ. წ–ი, რომელიც არ აძლევდა ადგომის საშუალებას, ამავდროულად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, თუკი რაიმეს მოიმოქმედებდა, რისი განხორციელების საფუძვლიანი და რეალური შიშიც ჰქონდა. მ–მა ასევე მიუთითა ადგილზე (ა........), სადაც 2023 წლის 21 ივლისს, გ. წ–მა მას პირის ღრუში ჩაუდო ხელი და ახევდა ტუჩს, ასევე მეორე ხელით ცდილობდა სახის გვერდით მიბრუნებას, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულმა მიუთითა ფანჯარაზეც, რომლიდანაც გადმოხტა გ. წ–ი, როცა ის და ბავშვები სახლიდან გამოვიდნენ. აღნიშნულის შემდეგ მ–მა მიუთითა ბინაში, საძინებელ ოთახში არსებულ საწოლზე, საიდანაც 2023 წლის 19 ივლისს გადმოაგდო გ. წ–მა და წაქცეულს რამდენჯერმე დაარტყა წიხლი, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთანავე, ემუქრებოდა მოკვლით და ამიტომ ვერ მიმართა პოლიციას, რადგან ჰქონდა მუქარის განხორციელების რეალური შიში. მ–ის განმარტებით, აღნიშნული საწოლიდან, ბოლო ორი თვის განმავლობაში, რამდენჯერმე გადმოაგდო გ. წ–მა და ცემა ფეხებით, ყოველ ჯერზე განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. ასევე, ყოველ ჯერზე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით (მოკვლით), თუკი სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავდა ან/და ვინმეს მოუყვებოდა აღნიშნულის შესახებ.
5.11. მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა – მ–ემ, დ–--მა და დ–ემ – დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.
5.12. საკასაციო სასამართლო აფასებს ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს, კერძოდ: დაზარალებულ მ–ის, მოწმეების – მ–ის, დ–ის, დ–ის, რ–ის, რ–ისა და რ–ის – ჩვენებებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის (ვითარების აღდგენის) ოქმსა, სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პაციენტის N... სამედიცინო ბარათს და აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებებით იმის დადგენა, რომ გ. წ–ის მხრიდან მ–ის მიმართ ადგილი ჰქონდა სისტემატური ცემის, სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და გამოძალვის ფაქტებს, შეუძლებელია.
5.13. აღნიშნული მტკიცებულებები მიემართება და დამაჯერებლობის მეტ ხარისხს სძენს დაზარალებულ მ–ის ჩვენებას 2023 წლის 21 ივლისს, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დანარჩენ ეპიზოდებთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაზარალებულის ჩვენებისგან დამოუკიდებლად დაადასტურებდა სხვა სადავო ეპიზოდებს.
5.14. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის (ვითარების აღდგენის) ოქმში მითითებულ ინფორმაციას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მასში დაზარალებულის მიერ განმარტებული მწირი ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს სხვა დანაშაულების ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად. ზემოხსენებულ ოქმში დაზარალებული მუქარის ფაქტებზე მიუთითებს ყოველგვარი თარიღის და კონკრეტიზაციის გარეშე, ასევე არაფერია მითითებული გ. წ–ის მიერ ფულადი თანხის გამოძალვაზე. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებები, მათ შორის, არც აღნიშნული ოქმი არ ქმნის სადავო ეპიზოდებში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებები ფასდება დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის ცალ-ცალკე და წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდნენ არა დანაშაულთა ერთობლიობის გათვალისწინებით, არამედ თითოეული ქმედების ფარგლებში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და ბრალადწარდგენილ თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით, უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას.
5.16. მოწმეების – რ–ის, რ–ისა და რ–ის ჩვენებებიც, მიემართება 2023 წლის 21 ივლისის ეპიზოდს, მათი ჩვენებებით უტყუარად იმის დადასტურება, რომ გ. წ–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სისტემატურ ცემას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია –შეუძლებელია. ისინი არ არიან ფაქტის თვითმხილველი მოწმეები, მათი ჩვენებები, ამ ნაწილში, გარდა რ–ის ჩვენებისა ეფუძნება მ–ის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ხოლო რ–ის მიერ განმარტებული გარემოება, რომ მშობლები ხშირად კამათობდნენ და გ. წ–ი დედას სცემდა, საფუძვლად ვერ დაედება სისტემატური ცემის ფაქტის დადასტურებას.
5.17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სისტემატურობა უკავშირდება ძალადობის განხორციელებას გარკვეული სიხშირით, ანუ ქმედება მეორდება, რაც ქმნის გარკვეულ სისტემას. ამ თვალსაზრისით, მომდევნო ქმედება დროის მოკლე პერიოდში, სულ მცირე, ორჯერ მაინც უნდა იქნეს ჩადენილი, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი რეციდივი. ამდენად, სისტემატურობა სახეზეა მაშინ, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს შორის არსებული დროის პერიოდი იმდენად მოკლეა, რომ დაზარალებული კვლავ განიცდის პირველი ქმედებით მიყენებულ ზიანს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 მაისის N733აპ-18 განაჩენი).
5.18. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს პროკურორის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებულ ბრალდების ფორმულირებაზე, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა და სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, რომელშიც საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით.
5.19. წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენი, პუნქტი 4.1.2.).
5.20. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. წ–ს ბრალდების მხარე ედავება 2023 წლის 11 ივნისიდან 2023 წლის 21 ივლისის ჩათვლით პერიოდში არაერთხელ განხორციელებულ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. თუმცა, საკმარისი მტკიცებულებები მხოლოდ 2023 წლის 21 ივლისს, გ. წ–ის მიერ მ–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის დასადასტურებლადაა წარმოდგენილი. ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ არის აღწერილი 2023 წლის 11 ივნისიდან 2023 წლის 21 ივლისის ჩათვლით პერიოდში, კონკრეტულად, როდის, დროის რა შუალედითა და ინტენსივობით გამოიხატა გ. წ–ის მხრიდან მ–ის მიმართ ძალადობის ფაქტები, რის გამოც გ. წ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტზე.
5.21. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, შესაძლებელია საქართველოს სსკ-ის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების დადასტურება.
5.22. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს, ხოლო სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს, რომლის თანახმადაც, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებსა და მხარეების მიერ წარდგენილ მოსაზრებებათაგან. ამასთან, მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობისაგან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.23. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებებით დასტურდება, 2023 წლის 21 ივლისს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ძალადობისა და იძულების ფაქტები, ხოლო სხვა ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა გ. წ–ის მიერ ბრალადწარდგენილ სადავო ეპიზოდებს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, რის გამოც, გ. წ–ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით.
6. სასჯელის დასაბუთება:
6.1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართალწარმოების სამართლიანობა ვლინდება სამართლიანი სასჯელის დაკისრებაში, რა დროსაც სასამართლო შებოჭილია ვალდებულებით, მის მიერ დანიშნული სასჯელი იყოს ეფექტური და პროპორციული. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს, ასევე განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.3. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას უნდა გაითვალისწინოს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
6.4. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.5. საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც გ. წ–ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით – ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას, ვადით – ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას, ვადით – ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ვადით – ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით – ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
6.6. სასჯელის თანაზომიერება მიზნად ისახავს, მიღწეული იქნეს ბალანსი პირის დასჯის ხარისხსა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების ლეგიტიმურ ინტერესებს შორის, რაც, განსახილველ შემთხვევაში, მიღწევადია სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პირობებში. დანაშაულის ხასიათი და ქმედებით გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნება ასახულია შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებში და ამ კუთხით არ არსებობს სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები.
6.7. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ დამამძიმებელი გარემოებით დანაშაულის ჩადენის დროს დანიშნული სასჯელი ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
6.8. ამდენად, საკასაციო სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს მსჯავრდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს, მისი ქმედებებით გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, ქმედებების განხორციელების სახეს და ხერხს, ასევე იმ გარემოებას, რომ გ. წ–მა აღნიშნული დანაშაულები ჩაიდინა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით დამამძიმებელი გარემოებაა, რის გამოც, მას სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით უნდა განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავრდებულის ქმედებების ხასიათსა და საშიშროებასთან, ასევე უზრუნველყოფს მომავალში საზოგადოებაში მის უსაფრთხო რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნების მიღწევას.
6.9. ამასთან, ვინაიდან გ. წ–მა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, მის მიმართ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
6.10. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11 ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით, 12 ნაწილით (გარდა სისტემატური ცემისა) ან მე-2 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) „ა“ ან „ლ“ ქვეპუნქტით, 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს – 9 თვისა.
6.11. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პირზე ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ იგი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს – 9 თვისა. ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში), 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში) ან 3811 მუხლით, ან იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა), ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს – 9 თვისა.
6.12. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. წ–ი წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, ამასთან, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია დაზარალებულის თანხმობა, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათი, შესაბამისად, ამ პირობებში არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე ამნისტიის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის გავრცელების საფუძველი, ამასთან ვინაიდან მსჯავრდებულის პირად საქმეში მოთავსებულია მსჯავრდებულის თანხმობა მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდება სასჯელი ამნისტიის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების თანახმად, გ. წ–ს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი.
6.13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
6.14. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე არ ვრცელდება ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი, ხოლო გ. წ–ს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, მის მიმართ – დანიშნულ საბოლოო სასჯელზე საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველ ნაწილზე ამნისტიის კანონის გავრცელება – გავლენას ვერ იქონიებს.
6.15. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ გ. წ–ის მიმართ ამნისტიის კანონის გამოყენება არ იწვევს საბოლოო სასჯელის ცვლილებას, საკასაციო სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია დამცავი ორდერის გამოცემა, რადგან დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემდეგ, დამცავი ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვების ამოქმედება გააუარესებს მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დამცავი ორდერი უნდა გამოიცეს ისეთ შემთხვევაში, როდესაც ოჯახურ დანაშაულზე მსჯავრდებულ პირს, ამნისტიის კანონის გამოყენებით შეუმცირდება საბოლოოდ მოსახდელი სასჯელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი დოლაკიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
გ. წ–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით;
გ. წ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;
გ. წ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე;
გ. წ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521 მუხლის საფუძველზე, 2 წლით ჩამოერთვას იარაღთან დაკავშირებული უფლებები: იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება;
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ. წ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521 მუხლის საფუძველზე, 2 წლით ჩამოერთვას იარაღთან დაკავშირებული უფლებები: იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება;
4. გ. წ–ს, სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან – 2023 წლის 22 ივლისიდან;
5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ. წ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;
6. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;
8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე