Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №992აპ-24 თბილისი

ჯ. ვ., 992აპ-24 25 დეკემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილის – იოსებ ხუციშვილისა და მსჯავრდებულ ვ. ჯ-ას ადვოკატ ა. ბ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ. ჯ-ას ბრალად დაედო:

· განზრახ მკვლელობა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი);

· ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი);

· ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

o 2020 წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით, 13:30 საათზე, თ-ში, ა-----ში მდებარე თავის მფლობელობაში არსებული მაღაზიის წინ, ვ. ნ-სთან შელაპარაკებისას, ვ. ჯ-ამ ხელთარსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლებით, განზრახ მოკვლის მიზნით, ვ. ნ-ს, მისივე კუთვნილ „კიას“ მარკის ავტომობილში (სახელმწიფო ნომრით – -), თავისა და ტანის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მრავლობითი დაზიანებები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ. ნ- შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა;

o ვ. ჯ-ამ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და ამავე იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილი, 1908 წლის ნიმუშის, „პარაბელუმის“ 9X19 კალიბრიანი 9 ვაზნა, რომლებიც მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა გამოძიებით დაუდგენელ ადგილზე;

o 2020 წლის 23 ოქტომბერს, თ-ში, ----ში მდებარე თავის მფლობელობაში არსებული მაღაზიის წინ ვ. ჯ-ა პირადად, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღსა და ამავე იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას – 1908 წლის ნიმუშის, „პარაბელუმის“ 9X19 კალიბრიან 9 ვაზნას.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 აპრილის განაჩენით ვ. ჯ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებითა და 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდებებისათვის. მასვე განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – გია შაიშმელაშვილმა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება; ვ. ჯ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებითა და 108-ე მუხლით და კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 აპრილის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:

§ ვ. ჯ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდებისათვის;

§ ვ. ჯ-ა, - დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. ჯ-ას განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვლება დაკავებიდან.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:

Ш მსჯავრდებულ ვ. ჯ-ას ადვოკატმა – ა. ბ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და ვ. ჯ-ას სრულად გამართლებას;

Ш თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილემ – იოსებ ხუციშვილმა, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას; ვ. ჯ-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებითა და 108-ე მუხლით და თავისუფლების აღკვეთის სახით კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი; წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა მოსაზრებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით, მათ შორის: მოწმეთა ჩვენებებით, საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით, სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, ექსპერტიზების დასკვნებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ვ. ჯ-ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა.

10. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება ვ. ჯ-ას როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მსჯავრდებასთან მიმართებით, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდებისათვის უდანაშაულოდ ცნობასა და გამართლებასთან დაკავშირებით. ამასთან, სასჯელთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ვ. ჯ-ას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

11. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორისა და მსჯავრდებულის ადვოკატის მოსაზრებებს და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ, ამომწურავად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, ხოლო მასში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

12. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).

13. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ვ. ჯ-ას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით შეფარდებულ სასჯელებზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი ვერ გავრცელდება, ვინაიდან ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით (გარდა 236-ე მუხლის პირველი ნაწილისა) გათვალისწინებულ დანაშაულზე.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილის – იოსებ ხუციშვილისა და მსჯავრდებულ ვ. ჯ-ას ადვოკატ ა. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე