საქმე # 330100123007595464
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1133აპ-24 თბილისი ქ. თბილისი
ზ-ი ნ, 1133აპ-24 1 აპრილი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, ბადრი შონია
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 სექტემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:
2023 წლის 22 აპრილს დილით თ-ში, ა. ქ-ის ქუჩის №..-ის, ბინა №...-ში, დ. თ-მა თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, განზრახ მოკვლის მიზნით, ხელთარსებული მჭრელი საგნით, სხეულის სხვადასხვა ადგილზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა მასთან სტუმრად მყოფ ზ. ე-ს. მიღებული დაზიანების შედეგად ზ. ე-ი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა;
ნ. ზ-მა და ზ. ბ-მ მიუხედავად იმისა, რომ ისინი უშუალოდ იმყოფებონენ შემთხვევის ადგილზე და იცოდნენ აღნიშნული ფაქტი არ შეატყობინეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 იანვრის განაჩენით:
ნ. ზ-ი, დაბადებული ... წლის .... სექტემბერს, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
ზ. ბ-ძე, დაბადებული ... წლის .... ივლისს, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
ნ. ზ-ისა და ზ. ბ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და ისინი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულებს განემარტათ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 სექტემბრის განაჩენით:
თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორი – თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი ლევან ვეფხვაძე ითხოვს ზ. ბ-სა და ნ. ზ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მათთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლოს არ გასჩენია კითხვები დ. თ-ის ჩვენების სანდოობაზე. ზ. ბ-ძე არ დაინტერესდა, თუ რა დაემართა ზ. ე-ს. ამასთან, პასუხგაუცემელია კითხვა, თუ რატომ დასჭირდა ზ. ბ-ს უცხო პირისათვის მობილური ტელეფონის გამორთმევა. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულბები ერთობლივად ადასტურებს ზ. ბ-ის დანაშაულებრივ ქმედებას, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნა საჭირო აღარ იყო. ყველა ნეიტრალური მოწმე მიუთითებს, რომ ზ. ბ-ძე შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა. ერთი მხრივ, სასამართლო უთითებს ზ. ბ-ის ტანსაცმელზე აღმოჩენილ ზ. ე-ის სისხლის კვალზე და გამორიცხავს მის მონაწილეობას კონფლიქტში, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნავს, რომ ნ. ზ-ის ტანსაცმელზე სისხლის კვალი არ აღმოჩენილა და მისი არსებობის შემთხვევაში, მოცემულს, შესაძლოა, დაედასტურებინა ბრალდებულის კონფლიქტში მონაწილეობა.
4.2. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ბრალდების მხარემ გამოძიების სტადიაზე გამორიცხა ბრალდებულების კონფლიქტში უშუალოდ მონაწილეობა. სხვა შემთხვევაში, მათ წარედგინებოდათ ბრალდება არა საქართველოს სსკ-ის 376-ე, არამედ სხვა, შესაბამისი მუხლით. ბრალდების მხარე მათ კონფლიქტში ჩართულობას მოიზარებს იმგვარად, რომ ისინი ცდილობდნენ გაეშველებინათ ორი დაპირისპირებული ადამიანი: დ. თ-ი და ზ. ე-ი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. შესაბამისად, საკასაციო პალატა ბრალდების მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად, განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საქმის მასალებით დადგენილი ფაქტია დ. თ-ის საცხოვრებელ ბინაში ნ. ზ-ის, ზ. ბ-ისა და ზ. ე-ის ყოფნის ფაქტი, მაგრამ ამავე მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება ნ. ზ-ისა და ზ. ბ-ის მიერ კონფლიქტში მონაწილეობა და ზ. ე-ის მკვლელობის თაობაზე დეტალების ცოდნა.
8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში შეაფასებს, მოწმე დ. თ-ის ჩვენების შინაარსს, ვინაიდან, მოცემული მტკიცებულება შეეხება შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებს და პირდაპირ უკავშირდება ნ. ზ-სა და ზ. ბ-ის თავის საცხოვრებელ ბინაში ყოფნისა და მისი დატოვების დეტალებს.
9. დ. თ-მა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას არ დაადასტურა მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია და განმარტა, რომ იმ დროისათვის იგი საღად ვერ აზროვნებდა, ჰქონდა სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და ბოლო სტადიის ტვინის შერყევა. ამჯერად უფრო კარგად ახსოვს ყველაფერი. 2023 წლის 22 აპრილს, დაახლოებით, 11:00 საათზე, დაურეკა ნ. ზ-მა და უთხრა, რომ მის სახლთან ახლოს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, იყვნენ ნასვამები და მივიდოდნენ მასთან, რაზეც დასთანხმდა. ნ. ზ-ი მივიდა ზ. ბ-სა და ზ. ე-ნ ერთად (რომლებსაც არ იცნობდა). ზ-მა ჭაჭის არაყი მიიტანა და დაიწყეს დალევა. თავად მაღაზიაში იყიდა ერთი ბოთლი არაყი „გომი“ და „პეპსი“. ზ-ის ქცევა არ მოსწონდა, ვინაიდან იქცეოდა უხეშად, ცინიკურად, გამომწვევად და არაკულტურულად. უთხრა, რომ ,,ნოუთბუქი,“ რომელიც ედო მაგიდაზე, ეჩუქებინა მისთვის. შემდეგ ნ. ზ-ი სადღაც გავიდა. ზ. ბ-ძე კი ცოტა ხანში ზ-ის მოსაძებნად წავიდა. ნ. ზ-ი რომ აღარ გამოჩნდა, ზ-ს უთხრა, ისიც წასულიყო სახლში, რაზეც ზ-ი გაღიზიანდა და დაუწყო ცემა. ზ-ი საკმაოდ ძლიერი იყო და მისი დარტყმების შედეგად ეცემოდა ძირს, ის კი არ ჩერდებოდა. ცემის დროს ზ. ე-ის ხელში დაინახა დანა, რომელიც წაართვა და შემდეგ თავად იქნევდა ზ-ის მიმართულებით. ბოლოს ზ-ი წავიდა. მისთვის დანა არ დაურტყამს, ამის შეგრძნება არ ჰქონია. მოწმეს დაზიანებები მიაყენა ზ. ე-მა და იქ სხვა არავინ ყოფილა. ნ. ზ-ი და ზ. ბ-ძე მანამდე წავიდნენ. შაბათი იყო და მონასტერში წასასვლელად სადარბაზოს უკანა გასასვლელიდან გავიდა ეზოში. სახლიდან გასვლის დროს ჩანდა სადარბაზოს წინა გასასვლელიც, თუმცა იქ წაქცეული არავინ შეუმჩნევია. სახლში ყოფნის პერიოდში სასწრაფო დახმარების ან პოლიციის მისვლა არ გაუგია. ნ. ზ-ს მასთან მისვლის დროს რაიმე დაზიანება ჰქონდა თუ არა, არ ახსოვს. პოლიციის დეპარტამენტში დ. თ-სა და ზ. ნ-ის შეხვედრის ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერის გამოკვლევისას, მოწმემ განმარტა, რომ იგი ამ დროს დაზიანებების გამო საღად ვერ აზროვნებდა, აწუხებდა ტკივილები.
10. დ. თ-ა გამორიცხა ფაქტი, რომ ზ. ე-ის ჭრილობის მიყენების მომენტში ნ. ზ-ი და ზ. ბ-ძე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ (როგორც ეს ბრალდების შესახებ დადგენილებაშია აღწერილი). მოცემულ შემთხვევაში, დ. თ-ს სასამართლოში მოწმედ დაკითხვის დროს, არ მიუთითებია ისეთი სახის ინფორმაციაზე, რომელიც ნ. ზ-ისა და ზ. ბ-ის მსჯავრდების საფუძველი შესაძლოა გამხდარიყო.
11. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ გასჩენია კითხვები დ. თ-ის ჩვენების სანდოობაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოწმის სხდომაზე მიცემული ჩვენება შესაძლებელია შეიცავდეს გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციისგან განსხვავებულ შინაარსს, თუმცა, ამ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს, თუ რამ გამოიწვია კონკრეტული ფაქტების განსხვავებული შინაარსით გადმოცემა. ამასთან, ვინაიდან საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, მოწმის ჩვენება მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაციაა, სასამართლოს არ გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი ნ. ზ-სა და ზ. ბ-ის მსჯავრდებას საფუძველად დაუდოს დ. თ-ის გამოძიების სტადიაზე გამოკითხვის ოქმით მიწოდებული ინფორმაცია.
12. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული არაერთი მასალა, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნა, დაკავების ოქმი ასახავს დ. თ-ის ფიზიკურ მდგომარეობას. სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნაში აღნიშნულია დ. თ-ის დიაგნოზი: სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, არტერიული ჰიპერტენზია, ორივე თვალბუდის ტრავმა, დორსალგია. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით, თვალბუდის მიდამოებში აღენიშნებოდა ჰემატომები, სუბკონიუნქტივალური ჩაქცევა მეტად მარჯვენა თვალში. კტ კვლევის CD დისკის თანახმად, არსებულ გამოსახულებაზე ფიქსირდება: მარჯვნივ ყვრიმალის რკალის, ორბიტის გვერდითი (ყვრიმალის), ქვედა (ზედა ყბის ძვალი) კედლების მოტეხილობები; ჰაიმორის წიაღის წინა-გვერდითი კედლების (ზედა ყბის ძვალი) მოტეხილობები. ძვლოვანი დაზიანებები ტოპიკურად განეკუთვნება სახის ქალას. დაზიანებების ხანდაზმულობა მითითებულ თარიღს (22.04.2023) არ ეწინააღმდეგება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. დაკავების ოქმში აგრეთვე აღწერილია დ. თ-ს ფიზიკური მდგომარეობა. მათ შორის მითითებულია, რომ ორივე თვალბუდის არე და ყვრიმალები მას შესიებული აქვს. წარბი გახეთქილი.
13. ამდენად, დ. თ-ს მითითებები სახეზე არსებული დაზიანებების, მოტეხილობების ნაწილში შეესაბამება წარმოდგენილ საქმის მასალებს; რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა მოწმეზე ზეწოლის თაობაზე პროკურორს არ წარმოუდგენია; შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ხსენებული მოწმის ჩვენების შინაარსს ნ. ზ-ისა და ზ. ბ-ს ბრალდების დამადასტურებლად ვერ გამოიყენებს.
14. პროკურორი არ ეთანხმება ზ. ბ-ის განმარტებას, იმის შესახებ, რომ როდესაც მან სადარბაზოში ნახა დაჭრილი ზ. ე-ი, ქუჩაში გამვლელი უცნობი მამაკაცის (ვ. გ-ის) ტელეფონით დარეკა ,,112-ში.“ პროკურორის მითითებით, თუ ზ. ბ-მ მართლაც დარეკა, აღნიშნული მაინც ვერ განიხილება ,,შეტყობინებად,“ რადგან დანაშაულის შეუტყობინებლობა გულისხმობს ფაქტს, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს არ ატყობინებ ინფორმაციას იმის თაობაზე, რაც იცი და რაც მოხდა.
15. ბრალდებულმა ზ. ბ-მ თავის დასკვნით სიტყვაში მიუთითა, რომ სადარბაზოში ნახა დაჭრილი ზ. ე-ი და ქუჩაში გამვლელი უცნობი მამაკაცის (ვ. გ-ის) ტელეფონით ,,112-ში“ დარეკა, რომელსაც უთხრა, რომ კაცი იყო დაჭრილი. იქვე მყოფმა პირმა მას ზუსტი მისამართი უკარნახა.
16. მოწმე ვ. გ-ის ჩვენებით, 2023 წლის 22 აპრილს მასთან მართლაც მივიდა უცნობი მამაკაცი და უთხრა, ტელეფონზე დამარეკინე, კაცი კვდებაო. კარგად არც შეუხედავს იმ პირისთვის, ტელეფონზე აკრიფა: ,,112,“ დარეკა და მიაწოდა უცნობს. აღნიშნული მამაკაცი ესაუბრა ,,112-ს,“ თუმცა, რას ეუბნებოდა არ ახსოვს, არ მოუსმენია. ტელეფონი რომ დაუბრუნა, ქ-ის ქუჩის №..-დან გაიგო ბავშვების ყვირილის ხმა და იქით გაემართა. აღნიშნული უცნობი მამაკაცი სად წავიდა არ დაუნახავს, ყურადღება არ მიუქცევია. შემთხვევის ადგილზე შეკრებილი იყვნენ მეზობლები. სადარბაზოსთან ნახა, რომ უცნობი მამაკაცი იწვა ზურგზე და ძნელად სუნთქავდა. შეკრებილებიდან იცნო მეზობელი გ. ბ-ი, სხვები არ ახსოვს. ის პიროვნება, რომელმაც მანამადე დარეკვა სთხოვა იქ მივიდა თუ არა, არ ახსოვს. საკაცეზე დასაწვენად დაჭრილს ფეხებში მოჰკიდა ხელი, გ-იმ ხელებში და აწევის დროს დაუნახა ჭრილობა. ფოტოსურათებით ამოცნობისას ის ადამიანი ვერ ამოიცნო. არც დარბაზში მყოფებიდან არ შეუძლია ამოცნობა, ვინაიდან მისთვის სახეზე არ შეუხედავს. უცნობი ოპერატორს ესაუბრა სასწრაფო დახმარება მოვიდეს, კაცი კვდებაო, ქუჩის მისამართს კითხულობდა, მეზობელს ჰკითხა და მანაც უპასუხა. სასწრაფო დაახლოებით, 20 წუთში მივიდა. პოლიცია სასწრაფოს წასვლის შემდეგ დაახლოებით 20 წუთში. შემთხვევის ადგილიდან წამოსვლის შემდეგ, იქ მისულმა საპატრულო პოლიციამ დაურეკა ვინაიდან მისი ნომრიდან იყო ზარი შესული, მან კი უთხრა, რომ ტელეფონზე დაარეკინა უცნობს.
17. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, მოწმე ვ. გ-ან ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა, რა დროსაც მოწმემ მისთვის წარდგენილი 4 ფოტოსურათიდან ვერ ამოიცნო ვერცერთი პიროვნება, რომელმაც 2023 წლის 22 აპრილს ა. ქ-ის ქუჩაზე სთხოვა დაერეკა ,,112-ში“.
18. დანაშაულის შესახებ შეტყობინებების რეგისტრაციის №1129606 ბარათით, 2023 წლის 22 აპრილს, თ-სში, ა. ქ-ის ქუჩის №...-თან მოქალაქე ვ. გ-ს (დაბადებული ... წელს) მისთვის უცნობმა პირმა თხოვნით მიმართა ტელეფონით ,,112-ზე“ დასარეკად, რომელმაც ,,112-ის“ ოპერატორს განუცხადა, რომ ქ-ის ქუჩა №...-ში კაცი კვდებოდა.
19. სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112-დან“ გამოთხოვილი სატელეფონო შეტყობინებების ჩანაწერები. მე-4 ჩანაწერში ისმის მამაკაცის ხმა „კაცია დაჭრილი, თ-ში, ქ-ის ქუჩაა, დ-ა, ... ნომერი, ა. ქ-ის ქუჩაა, ქუჩაში ვდგავართ“, ისმის სხვა მამაკაცის ხმაც, რომელიც ინიციატორს ეუბნება მისამართს. ზ. ბ-მ ჩანაწერის გამოკვლევისას განმარტა, რომ ეს არის მისი ხმა, ვინაიდან სწორედ ამ სიტყვებით ესაუბრა ,,112-ის“ ოპერატორს. ამასთან, აქვს მისთვის დამახასიათებელი იმერული კილო. სად იმყოფებოდა ზუსტად არ იცოდა და მისამართს ეკითხებოდა გვერდით მყოფ მამაკაცს.
20. ამდენად, ზ. ბ-ის მიერ გაცხადებული გარემოებები მართალია, გარკვეულწილად შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს (მათ შორის ვ. გ-ის მიერ სასამართლო სხდომაზე მითითებას იმის თაობაზე, რომ მასთან მართლაც მივიდა უცნობი მამაკაცი, რომელმაც ,,112-ში“ დარეკვა სთხოვა), მაგრამ ფაქტი, რომ ,,112-დან“ გამოთხოვილ აუდიოჩანაწერში უტყუარად ზ. ბ-ის ხმა ისმის, გამოძიების სტადიაზე მოპოვებული მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურებული არ არის, ვინაიდან საქმეზე არ არის ჩატარებული ფონოსკოპიური ექსპერტიზა. ამასთანავე, გამოძიების სტადიაზე ბრალდებული ზ. ბ-ძე მოწმე ვ. გ-ის ამოსაცნობად ფიზიკურად არ წარუდგენიათ. მით უმეტეს, როგორც ზ. ბ-მ განმარტა ვ. გ-ნს ამოსაცნობად წარედგინა რამდენიმე წლის წინ გადაღებული ფოტოები. იმჟამად კი იგი მონასტერში ცხოვრობდა და ატარებდა წვერს. საქმეში არსებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმში, ფოტოსურათით ამოცნობის ჩატარების საფუძვლად მითითებულია: „ამ დროისთვის წარდგენა შეუძლებელია, ვინაიდან ბრალდებული ზ. ბ-ძე მოთავსებულია №.. საპყრობილეში და დაკავშირებულია ძალისხმევასთან.“ დამატებით გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოწმე ვ. გ-ის ჩვენების მიხედვით, მას კარგად არც შეუხედავს იმ კაცისთვის, ტელეფონზე აკრიფა: ,,112,“ დარეკა და მიაწოდა უცნობს.
21. რაც შეეხება ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N... დასკვნას, აღნიშნულის თანახმად, ზ. ბ-ის ჯინსის შარვალზე, მარცხენა ტოტის წინა, შუა მესამედსა და მარჯვენა ტოტის წინა, ქვედა მესამედში აღმოჩნდა ზ. ე-ის სისხლის კვალი, ხოლო ნ. ზ-ის ტანსაცმელზე ზ. ე-ის ან დ. თ-ის სისხლის კვალი არ აღმოჩენილა.
22. ზემოაღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, მხოლოდ პირის ტანსაცმელზე სისხლის კვალის ამოსვლის ფაქტი, თავისთავად არ ადასტურებს ამ პირის მიერ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიუთითებს ზ. ბ-ის განმარტებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ზ. ე-ის საკაცეზე დაწვენასა და სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში მოთავსებაში დაეხმარა. შესაბამისად, ამ დროს გამორიცხული არ არის, მას შარვალზე მოსცხებოდა დაჭრილი ადამიანის სისხლი. თუმცა, საკასაციო პალატა კვლავ განმარტავს, რომ შარვლის ტოტზე სისხლის კვალის ამოსვლა, სხვა უტყუარი, დამატებითი მტკიცებულებების გარეშე, არ მიუთითებს პირის კონფლიქტში მონაწილეობაზეც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზ. ბ-ან აღნიშნული შარვალი, ამოღებულია მომხდარი ფაქტიდან 7 დღის შემდეგ, 2023 წლის 29 აპრილს, მისივე თანხმობით. რაც შეეხება ადგილზე მყოფ მოწმეებს, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მათი მითითება დაჭრილი ზ. ე-ის საკაცეზე დაწვენასა და მანქანაში მოთავსებაზე ფაქტობრივად განსხვავებულად არის გადმოცემული. მაგალითად, თუ ნ. დ-ძე მიუთითებს, რომ დაზარალებულის საკაცეზე დაწვენაში ექიმებს მიეხმარნენ ის და გ. ბ-ი, ვ. გ-ნი მიუთითებს, რომ საკაცეზე დასაწვენად დაჭრილს ფეხებში მან მოჰკიდა ხელი, გიორგიმ ხელებში და ასე დააწვინეს. თავად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა, ე. გ-ამ კი მიუთითა, რომ საკაცეზე დაწვენაში იქ მყოფი ადამიანები დაეხმარნენ, რომელთა ამოცნობა სახეზე არ შეუძლია.
23. რაც შეეხება ნ ზ-ს, მასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აგრეთვე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ თავად დ. თ-ის მითითებით, ჩხუბის დაწყებამდე, ზ-მა მისი ბინა დატოვა; სხვა მტკიცებულება, რომელიც უტყუარად, პირდაპირი ფორმით მიუთითებდა ნ. ზ-ის კონფლიქტში რაიმე ფორმით მონაწილეობასა თუ ზ. ე-ის მიყენებული ჭრილობების დანამდვილებით ცოდნაზე, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
24. პროკურორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა კიდევ ერთ არგუმენტზე, კერძოდ, რომ ბრალდების მხარემ საქმეზე გამოძიებისას გამორიცხა ბრალდებულების კონფლიქტში უშუალოდ მონაწილეობა, სხვა შემთხვევაში, მათ წარედგინებოდათ ბრალდება არა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით, არამედ სხვა, შესაბამისი მუხლით. ბრალდების მხარე მათ კონფლიქტში ჩართულობას მოიზარებს იმგვარად, რომ ისინი ცდილობდნენ გაეშველებინათ ორი დაპირისპირებული ადამიანი: დ. თ-ი და ზ. ე-ი.
25. ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ნ. ზ-ისა და ზ. ბ-ის კონფლიქტში უშუალოდ ჩართულობამ შესაძლოა გამორიცხოს კანონსაწინააღმდეგო ქმედების შეტყობინების ვალდებულება, ხოლო რაც შეეხება მითითებას იმის თაობაზე, რომ მათ ჰქონდათ – მხოლოდ ,,გამშველებლის“ სტატუსი, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან აღნიშნულზე დ. თ-ს არც გამოძიებაში და მით უმეტეს, არც სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს არ მიუთითებია.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები: მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის დ. თ-ის ჩვენება, ექსპერტიზის დასკვნები, საგამოძიებო, საპროცესო მოქმედების ოქმები, ნივთიერი მასალა და მიაჩნია, რომ ხსენებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ მიუთითებს ნ. ზ-სა და ზ. ბ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაზე.
27. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76).
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 სექტემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე – ლ. თევზაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ბ. შონია