საქმე # 160100123007696145
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1341აპ-24 ქ. თბილისი
ღ-ი ა-ი, 1341აპ-24 3 აპრილი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო პაპაშვილისა და მსჯავრდებულ ა. ღ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. ღ-ს, - დაბადებულს ... წლის.... აგვისტოს, - ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება; საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2023 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, დ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში, ა. ღ-მა, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, დაუძახა რ. მ-ს, რომ მოკლავდა და თანნაქონი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა მისი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
· ა. ღ-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა სროლისათვის ვარგისი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 15 ცალი საბრძოლო ვაზნა.
· 2023 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, დ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ი, რ. მ-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ გადაადგილებისას, ა. ღ-ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა სროლისთვის ვარგის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღსა და 15 ცალ საბრძოლო ვაზნას.
· ა. ღა-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა სროლისათვის ვარგისი 2 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა 2023 წლის 24 ივნისის 23:05 საათამდე, დ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში მდებარე, პაპის - ა. ღ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებულ სამზარეულოში.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის განაჩენით:
2.1. ა. ღ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ორი ცალი საბრძოლო ვაზნის ეპიზოდი).
2.2. ა. ღ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა (ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის და თხუთმეტი ცალი საბრძოლო ვაზნის ეპიზოდი), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ა. ღ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 24 ივნისიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. ა. ღ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ორი ცალი საბრძოლო ვაზნის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
3.3. ა. ღ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა (ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის და თხუთმეტი ცალი საბრძოლო ვაზნის ეპიზოდი), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ა. ღ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 24 ივნისიდან.
4. კასატორმა - ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო პაპაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ა. ღ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ორი ეპიზოდი), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
4.1. მსჯავრდებულ ა. ღ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. მ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და ა. ღ-ის გამართლება.
4.2. ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო პაპაშვილმა შესაგებლით მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, უტყუარად ვერ დადასტურდა ა. ღ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ორი ცალი საბრძოლო ვაზნის ეპიზოდი) მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, ხოლო, მეორე მხრივ, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგინდა მის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა (ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის და თხუთმეტი ცალი საბრძოლო ვაზნის ეპიზოდი) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპირო მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან.
7. დაზარალებულმა რ. მ-მა განმარტა, რომ მეუღლესთან - მ. ღ-სა და შვილთან - გ. ღ-ან ერთად ცხოვრობს დ-ის რაიონის სოფელ მ-ში. მათი სახლის გვერდით ცხოვრობს მამამთილის ძმის შვილიშვილი ა. ღ-ი. ამ ოჯახთან მას აქვს დაძაბული ურთიერთობა მომიჯნავე სადავო მიწის ნაკვეთის გამო. ა. ღ-ი, ცუდი ურთიერთობის გამო, სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, როგორც პირადად მას (რ. მ-ს), ასევე მის შვილსა და მეუღლეს. 2023 წლის 24 ივნისს, ისინი (რ. მ-ი, გ. ღ-ი და მ. ღ-ი) იმყოფებოდნენ თავიანთი საცხოვრებელი სახლის ეზოში, რა დროსაც ეზოს გარედან დაინახა ა. ღ-ი, რომელმაც დაუძახა: რ-ან, უნდა მოგკლა და თანნაქონი ავტომატური ცელსასროლი იარაღიდან დაზარალებულისა და ბევრჯერ გაისროლა მისი ოჯახის წევრების სახლის მიმართულებით. ა. ღ-მა დაცალა რამდენიმე მჭიდი. როდესაც მჭიდს მესამეჯერ ცვლიდა, მათ მოასწრეს და თავი ეზოში მდგარ სახელოსნოს შეაფარეს. სროლის შედეგად დაზიანდა მისი სახლის მეორე სართული, მინები, კედლები, აივანი, სახურავი და ავტოფარეხი. დაზარალებულმა ა. ღ-ის ამგვარი ქცევა აღიქვა რეალურ მუქარად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
8. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა - მ. და გ. ღ-მა.
9. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (თანდართული ფოტოცხრილით) დადგენილია, რომ რ. მ-ის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს დ-ის რაიონის სოფელ მ-ას განაპირას, მდინარე მ-ას ხეობასთან ახლოს. სახლი ორსართულიანია. სახლის კედლები, აივნის ლითონის ნაწილი და ფანჯრები დახვრეტილია. მ. ღ-ის განმარტებით, ეს დაზიანებანი მიიღო სახლმა სროლის შედეგად. დათვალიერებისას სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ლითონის დანაწევრებული პატარა ფრაგმენტები. სახლიდან დაახლოებით 65 მეტრში, გზაზე, ნანახი და ამოღებულ იქნა 15 ცალი სპილენძისფერი გასროლილი ვაზნა.
10. ბალისტიკური ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი 15 ცალი მასრა წარმოადგენს 1974 წლის ნიმუშის 5,45მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,АК-74”, ,,АКС-74”, ,,АКС-74У“ ავტომატებისა და ,,РПК-74”, ,,РПКС-74“ ხელის ტყვიამფრქვევებისათვის განკუთვნილ, ქარხნული წესით დამზადებულ 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების ვაზნის (საბრძოლო მასალის) შემადგენელ ნაწილებს, რომლებიც ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და თხუთმეტივე მასრა გასროლილია 5,45მმ კალიბრიანი კალაშნიკოვის კონსტრუქციის ერთსა და იმავე ავტომატში.
11. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ დაზარალებული და მისი ოჯახის წევრები არიან დაინტერესებული პირები, რათა ა. ღ-ი თავიდან მოიცილონ და გამოკეტონ პატიმრობაში, ვინაიდან მსჯავრდებულ ა. ღ-ის მხარესთან მიწის ნაკვეთის თაობაზე დაობენ სასამართლოში. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე სამოქალაქო დავა სასამართლოში დასრულდა დაზარალებულ რ. მ-ისა და მისი ოჯახის წევრების სასარგებლოდ. ამდენად, გაუგებარია, რატომ უნდა ყოფილიყვნენ განაწყენებული დაზარალებული და მისი ოჯახის წევრები მსჯავრდებულ ა. ღ-ის მხარის მიმართ და რატომ უნდა დაებრალებინათ ტყუილად მისთვის დანაშაულის ჩადენა. ამასთან, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შემთხვევის დღეს ა. ღ-ი იმყოფებოდა სხვა ლოკაციაზე და მითითებულ დანაშაულებს ვერ ჩაიდენდა.
12. ა. ღ-ის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ორი ცალი საბრძოლო ვაზნის ეპიზოდი) მსჯავრდების მოთხოვნასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მოწმეების - ღ. მ-ის, უ. გ-ის ჩვენებებით, ბინის ჩხრეკის ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის N... დასკვნით, ექსპერტ დ. ც-ის ჩვენებით ზოგადად დადგენილი და დადასტურებულია საქმის ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ 2023 წლის 24 ივნისს, დ-ის რაიონის სოფელ მ-აში მდებარე ა. ღ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე დამხმარე შენობა-ნაგებობებში ჩატარდა ჩხრეკა. ჩხრეკისას ეზოში, სახლისგან განცალკევებით არსებულ სამზარეულო ოთახში მდგარი ხისუჯრებიანი კარადის ზედა მარჯვენა უჯრაში აღმოჩნდა ცეცხლსასროლი იარაღის ორი ვაზნა, რომლებიც ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას; თუმცა ზემოხსენებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ასაბუთებს მტკიცების საგანს, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ სწორედ მსჯავრდებულმა ა. ღ-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა სროლისათვის ვარგისი ზემოხსენებული 2 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა 2023 წლის 24 ივნისის 23:05 საათამდე, დ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-აში მდებარე, თავისი პაპის - ა. ღ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებულ სამზარეულოში, როგორც ეს ბრალდების შესახებ დადგენილებაშია მითითებული.
13. მტკიცების საგანს, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ასევე ვერ ასაბუთებს პროკურორ ნინო პაპაშვილის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, კერძოდ: ა. ღ-მა განაცხადა, რომ აღნიშნული ვაზნები არ იყო არც მისი და არც მისი მეუღლის კუთვნილება. მსჯავრდებული ყურადღებას აქცევს პაპა-ბებიას, ხოლო სხვა შვილიშვილები არიან გოგონები და რომ ამოღებული ვაზნები არის სწორედ იგივე კალიბრისა და იმავე იარაღებისთვის განკუთვნილი ვაზნები, როგორიც არის შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 15 ცალი მასრა. აქვე, საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ ეზოში არც ცალკე მდგომი სამზარეულოს კარი და არც ხის კარადის უჯრა, სადაც ინახებოდა ორი ცალი ვაზნა, არ იყო დაკეტილი და შესაბამისად დაცული.
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. მოცემულ საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ 2023 წლის 24 ივნისს, დ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-აში მდებარე, ა. ღ-ის (პაპის) საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებულ სამზარეულოში ჩხრეკისას ამოღებული 2 ცალი საბრძოლო ვაზნა მსჯავრდებულ ა. ღ-ის საკუთრება იყო, რომ მან შეიძინა და თავისი პაპის საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებულ სამზარეულოში შეინახა ისინი.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო პაპაშვილისა და მსჯავრდებულ ა. ღ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე