საქმე # 330100123007979249
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1366აპ-24 ქ. თბილისი
ე-ძე ზ, 1366აპ-24 3 აპრილი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ე-ისა და მსჯავრდებულ თ. ფ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ქ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 აპრილის განაჩენით:
1.1. ზ. ე-ძე, - დაბადებული .. წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 21 ივლისიდან.
1.2. თ. ფ-ია, - დაბადებული ... წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 21 ივლისიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ე-მ და თ. ფ-მ ჩაიდინეს თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2022 წლის 15 ივლისს, რ. ა-მ დააფუძნა შპს „...“, რომლის საქმიანობის სფეროდ განისაზღვრა სამშენებლო სამუშაოების წარმოება. 2022 წლის 18 აგვისტოს, შპს „....-ის’’ 50%-იანი წილი შეისყიდა რ-ის ფედერაციის მოქალაქემ, ს-ოში ბინადრობის ნებართვის საფუძველზე მყოფმა ე. კ-მა. კომპანიის საქმიან პროცესსა და მასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში აქტიურად ჩაერთო ასევე ე. კ-ის მეუღლე - ე. კ-რი. შპს „...-ის“ წარმომადგენლებს სურდათ, დაბა ჩ-ში, მ. ა-ის ქუჩის N..-ში მდებარე, დაახლოებით 1,2 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთზე საინვესტიციო პირობებით მშენებლობის წარმოება, რისთვისაც საჭირო იყო ზემოაღნიშნული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კომპანიის საკუთრებაში დარეგისტრირება. აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა ზ. ე-ისა და თ. ფ-ის, რის შემდეგაც, ზ. ე-მ თ. ფ-ან წინასწარი შეთანხმებით, განიზრახა, ე. კ-ისა და რ. ა-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება. განზრახვის აღსრულების მიზნით, 2022 წლის აგვისტოში, ქ. თ-ში, დ. ა-ის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კვების ობიექტში, ზ. ე-ძე და თ. ფ-ია, მოლაპარაკების მიზნით, შეხვდნენ ე. კ-სა და რ. ა-ს. ზ. ე-მ მათ განუმარტა, რომ დასახელებული საკითხის მოგვარება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა და შეძლებდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად კომპანიის საკუთრებაში გადაცემას, რის შემდეგაც, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, სახელმწიფოს წინაშე ექნებოდათ აღნიშნულ ნაკვეთზე, 3600000 ლარის ინვესტიციის ვალდებულება. მისივე განმარტებით, საქმის აღნიშნული სქემით მოგვარების სანაცვლოდ, მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღრიცხვის შემდეგ, მათთვის უნდა გადაეცათ თანხა 300000 ლარი, ხოლო, საქმის მოგვარების საწყის ეტაპზე, მხოლოდ 50000 ლარი. ამასთან, ზ. ე-მ, 10000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ე. კ-ს აღუთქვა ს-ოს მოქალაქეობის საკითხის მოგვარება და მეტი დამაჯერებლობისა და ნდობის მოპოვების მიზნით, აღნიშნულში დამხმარედ, ს-ოს პროკურატურის თანამშრომელი დაასახელა, რაშიც სრულად ეთანხმებოდა თ. ფ-ია. რ. ა-ძე და ე. კ-ი დათანხმდნენ თ. ფ-სა და ზ. ე-ძის შეთავაზებას და შეხვედრის მიმდინარეობისას, პირადად, ხელზე გადასცეს 50000 ლარი და 10000 აშშ დოლარი. 2022 წლის ნოემბერში, რ. ა-ეს დაუკავშირდნენ ზ. ე-ძე და თ. ფ-ია, მიულოცეს და აცნობეს, რომ გამოიცა მთავრობის განკარგულება, რომლითაც შპს „...-ს’’ მათთვის სასურველი მიწის ნაკვეთი საინვესტიციო პირობით გადაეცა ერთ ლარად. აღნიშნულის დასტურად, მალევე, ქ. თ-ში, ფ-თა ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, თ. ფ-ამ და ზ. ე-მ რ. ა-სა და ე. კ-ს აჩვენეს, თითქოსდა საქართველოს მთავრობის N... განკარგულება, ვითომდა, ,,დედნის’’ სახით, რომელზეც დასმული იყო ბეჭედი, ჩანაწერით - „საქართველოს მთავრობის კანცელარია“. დამატებით განუმარტეს, რომ აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, რ. ა-ძე და ე. კ-რი შეძლებდნენ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას ეკონომიკის სამინისტროსთან და ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის შპს „..“-ის საკუთრებაში აღრიცხვას მხოლოდ მათთვის დამატებით 20000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ. შეხვედრიდან მეორე დღეს, ე. კ-მა და რ. ა-მ ზ. ე-ს პირადად გადასცეს თანხა 20000 აშშ დოლარი, რასაც ესწრებოდა თ. ფ-აც, თუმცა, განკარგულების ე.წ ,,დედანი’’ აღარ მიუღიათ, გადასცეს მხოლოდ დოკუმენტის ასლი. შეხვედრიდან დროის მცირე ინტერვალში, რ. ა-სა და ე. კ-ის ცნობილი გახდა, რომ ზ. ე-ისა და თ. ფ-ას მიერ დაპირებული მიწის ნაკვეთი, აუქციონის შედეგად, აღირიცხა სხვა კომპანიის საკუთრებაში; ამასთან, არც საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღების საკითხი გადაჭრილა ე. კ-ის სასარგებლოდ. ზ. ე-ისა და თ. ფ-ას თაღლითური ქმედებით, ე. კ-სა და რ. ა-ს, ჯამში, მიადგათ 50000 ლარისა და 30000 აშშ დოლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. ზ. ე-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 21 ივლისიდან.
3.3. თ. ფ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 21 ივლისიდან.
4. კასატორმა - მსჯავრდებულმა ზ. ე-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
4.1. კასატორმა - მსჯავრდებულ თ. ფ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ქ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მსჯავრდებულების - ზ. ე-სა და თ. ფ-ის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების: რ. ა-ის, ე. კ-ის, ე. კ-ის, თ. ხ-ის, ლ. ხ-ის, თ. დ-ის გამოკითხვის ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებებით მოპოვებული მასალებითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების პოზიციას დანიშნული სასჯელის შემცირების შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
8. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, კერძოდ, მსჯავრდებულების ასაკი, ნასამართლობის არქონა; მსჯავრდებულებმა - ზ. ე-მ და თ. ფ-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში, დასკვნით სტადიაზე, აღიარეს ჩადენილი დანაშაული, უდავოდ მიიჩნიეს მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყეს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; ამასთან, ზ. ე-მ თავიდან ადვოკატის გარეშე უარი განაცხადა პოზიციის დაფიქსირებაზე, ხოლო შემდეგ დუმილის უფლება გამოიყენა. უფრო მეტიც, მან სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა და დასკვნითი სიტყვის ეტაპზე ისევ შეიცვალა პოზიცია, რისი გათვალისწინებითაც, ორივე მსჯავრდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე, 58-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენისათვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განესაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში ზ. ე-ისა და თ. ფ-ის განსაზღვრული სასჯელები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას) და სრულად უზურნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. ე-სა და მსჯავრდებულ თ. ფ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ქ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე