საქმე # 330802225011133570
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№54I-25 ქ. თბილისი
დ-ი ა, 54I-25 31 მარტი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. დ-სა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატის პ. ბ-ის და ადვოკატ ო. გ*ის საკასაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 14 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა. დ-ის მიმართ მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები საქართველოში:
2021 წლის 28 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თ-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. დ-ი;
2021 წლის 30 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ა. დ-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა გირაო – 100 000 ლარი, პატიმრობის უზრუნველყოფით;
2021 წლის 31 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ზემოაღნიშნული თანხის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ს. ზ-ის (პ/ნ: ...) საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების (მდებარე: ხ-ის რაიონის, სოფელ ა-ში (ზონა – ხ-რი 22, სექტორი – გ-იო 29, კვარტალი – .., ნაკვეთი – ...), 100 000 ლარის წილს და იმავე დღეს ა. დ-ი გათავისუფლდა პატიმრობისაგან;
2022 წლის 20 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო თ-ის რესპუბლიკის შუამდგომლობა ა. დ-ის ექსტრადიციის თაობაზე და თანდართული დოკუმენტები.
2025 წლის 4 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, ა. დ-ის ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო 2025 წლის 19 თებერვალს.
2. ა. დ-ის მიმართ თ-ს რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2016 წლის 7 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქუჩუქჩექმეჯეს პირველი ინსტანციის მე-13 სისხლის სამართლის სასამართლოს N2013/65-2016/684 განაჩენით ა. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N 5237 სისხლის სამართლის კოდექსის 204/1 მუხლით (ოფიციალური დოკუმენტების გაყალბება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
იმავე განაჩენით, ა. დ-ჩი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 220/1 მუხლით (დანაშაულის ჩადენის მიზნით დაჯგუფების ჩამოყალიბება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
იმავე განაჩენით, ა. დ-ჩი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 143/1 და 142/1.ბ (ჩაკეტილ სივრცეში მოთავსებული ნივთის ქურდობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით;
იმავე განაჩენით, ა. დ-ჩი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 143/1 და 142/1.ე მუხლებით (ჩვევიდან გამომდინარე ღია სივრცეში მოთავსებული ნივთის ქურდობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით;
იმავე განაჩენით, ა. დ-ჩი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142/1.ბ მუხლით (ჩაკეტილ სივრცეში მოთავსებული ნივთის ქურდობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
იმავე განაჩენით, ა. დ-ჩი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142/1.ბ მუხლით (ჩაკეტილ სივრცეში მოთავსებული ნივთის ქურდობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
იმავე განაჩენით, ა. დ-ჩი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142/1.ე და 142/1.ბ მუხლებით (ჩვევიდან გამომდინარე ღია სივრცეში მოთავსებული ნივთის ქურდობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
იმავე განაჩენით, ა. დ-ჩი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142/1.ე მუხლით (ჩვევიდან გამომდინარე, ღია სივრცეში მოთავსებული ნივთის ქურდობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
2019 წლის 27 მაისს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბოლის რეგიონალური სასამართლოს მე-7 პალატის 2018/3802-2019/1218 გადაწყვეტილებით აღნიშნული განაჩენი დარჩა უცვლელად და შევიდა კანონიერ ძალაში;
2019 წლის 26 დეკემბერს, ქუჩუქჩექმეჯეს პირველი ინსტანციის მე-13 სისხლის სამართლის სასამართლოს 2019/174 გადაწყვეტილებით, შეიკრიბა ქუჩუქჩექმეჯეს პირველი ინსტანციის მე-13 სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით დადგენილი სასჯელები და ა. დ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 29 წლითა და 18 თვით;
2022 წლის 6 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის ქუჩუქჩექმეჯეს მთავარმა საჯარო პროკურატურამ გასცა ა. დ-ის დაპატიმრების ბრძანება, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით;
2020 წლის 22 ივლისიდან ა. დ-ი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
3. ფაქტები:
2007-2008 წლებში თ-ის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ა. დ-მა და მისმა თანამონაწილეებმა დააარსეს დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომლის მიზანიც იყო ქურდობით, სამშენებლო ტექნიკის დაუფლება და შემდგომში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით გასაღება, როგორც თ-ის, ასევე – უცხო ქვეყნების ტერიტორიაზე. ა. დ-ი ორგანიზებას უწევდა დანაშაულებრივ საქმიანობას და წარმოადგენდა დაჯგუფების ლიდერს. აღნიშნულმა ორგანიზაციამ 2007-2008 წლებში სხვადასხვა ქალაქში ჩაიდინა 48 დანაშაულებრივი აქტი, გაყიდა მძიმე სამშენებლო ტექნიკა და მიიღო უკანონო შემოსავალი – 1 600 000 ევროს ოდენობით.
4. 2025 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორმა მეგი გურჩიანმა და მოითხოვა ა. დ-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 14 მარტის განჩინებით:
საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორ მეგი გურჩიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;
დასაშვებად იქნა ცნობილი ა. დ-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქუჩუქჩექმეჯეს პირველი ინსტანციის მე-13 სისხლის სამართლის სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის 2019/174 გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოხდის მიზნით.
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ა. დ-ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები: ო. გ-ძე და პ. ბ-ძე საკასაციო საჩივრებით ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 14 მარტის განჩინების გაუქმებასა და ექსტრადიციის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას;
6.1. საკასაციო საჩივრების თანახმად, ა. დ-ი წლებია ს-შია, რა დროსაც მას არ ჩაუდენია რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება. თ-ში იგი იდევნება საკუთარი ბიზნესის გამო. ა. დ-ის ექსტრადიციის შემთხვევაში, იგი ვერ ისარგებლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. მას თ-ის ციხეში ემუქრება წამება და არაადმიანური მოპყრობა. იგი იდევნება პოლიტიკური შეხედულებებისა და ქრისტიანული სარწმუნოების გამო. 2019 წელს გამოტანილი განაჩენი ხელოვნურად არის შექმნილი.
7. ადვოკატის საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 28 მარტს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორმა მეგი გურჩიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და მოითხოვა ა. დ-ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 14 მარტის განჩინების უცვლელად დატოვება.
7.1. პოზიციის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია თ-ის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები (ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმების მხრივ. ხსენებულ მექანიზმებს შორისაა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ისინი ერთობლივად, თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით, მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნიან. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თ-ის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების ფარგლებშიც არ გამოკვეთილა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საექსტრადიციო მასალების თანახმად, ა. დ-ის ექსტრადიცია მოითხოვება მძიმე კატეგორიის დანაშაულებისათვის. მას მისჯილი აქვს 29 წლითა და 18 თვით თავისუფლების აღკვეთა. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ა. დ-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირისა და მისი ადვოკატების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თ-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. დ-ი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს 2021 წლის 28 დეკემბერს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე – საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 თავი დეტალურად განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს; საკასაციო სასამართლო თითოეულ მათგანს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს, არსებობს თუ არა, ა. დ-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ, განჩინების შეცვლის რაიმე სახის საფუძველი.
5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაული:
5.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რათა დანაშაული ექვემდებარებოდეს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება:
1) მოცემული დანაშაული, როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით იყოს დასჯადი, 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უკვე მსჯავრდებულია, აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით, სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება შეიძლება, განხორციელდეს აგრეთვე, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა შეეხება რამდენიმე დანაშაულს, რომლებიც ისჯება როგორც საქართველოს, ისე – შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით და რომელთაგან ზოგიერთი ვერ აკმაყოფილებს სასჯელის ზომის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ან სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას.
5.2. ა. დ-ის მიერ ზემოაღწერილი ქმედებების (რომლებიც ისჯება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსით და აკმაყოფილებს სასჯელის მინიმალურ წესს) საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დაისჯებოდა, სულ მცირე:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ვადით სამ წლამდე, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ვადით ექვსიდან ათ წლამდე და ამავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, შვიდიდან ათ წლამდე.
5.3. ამდენად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. დ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები დანაშაულად ითვლება და ისჯება, როგორც ს-ოს, ისე – თ-ის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში, სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია:
6.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6.2. წარმოდგენილი საქმის მასალებით დასტურდება (23/01/2025), რომ ა. დ-ჩი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ.
6.3. ა. დ-ი თ-ის რესპუბლიკის მოქალაქეა.
7. სამართლიანი სასამართლოს უფლება:
7.1. წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალები ცხადჰყოფს, რომ ა. დ-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა/უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც გამოკვეთდა იმ გარემოებას, რომ თ-ის რესპუბლიკაში იგი დაექვემდებარა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, იარსებებს ასეთი დარღვევის საფრთხე.
7.2. ამასთან, თ-ის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულები არ არის პოლიტიკური ან სამხედრო ხასიათის; ა. დ-ს უფლებები დაცული იქნება საერთაშორისო კონვენციებისა და შიდა კანონმდებლობის შესაბამისად. მას შეუძლია მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.
7.3. წარმოდგენილი მასალის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ, 2019 წლის 27 მაისს, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბოლის რეგიონალური სასამართლოს მე-7 პალატის 2018/3802-2019/1218 გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკის ქუჩუქჩექმეჯეს პირველი ინსტანციის მე-13 სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 7 დეკემერის N2013/65-2016/684 განაჩენი დარჩა უცვლელად და შევიდა კანონიერ ძალაში. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორებს არ მიუთითებიათ კონკრეტულ არგუმენტზე, რომელიც ა. დ-ის მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლების აშკარა ფორმით დარღვევის საფუძველს შექმნიდა.
8. ხანდაზმულობის ვადა:
8.1. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც ა. დ-ი მსჯავრდებულია თ-ის რესპუბლიკაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განეკუთვნება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 6 წელში ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს, 10 წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას.
8.2. ა. დ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წელს, 2022 წელს კი გამოიცა ა. დ-ის დაკავების ბრძანება მოცემული განაჩენით შეკრებილი სასჯელების მოხდის მიზნით. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის და შეჩერებულია.
8.3. ამასთან, თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა 10 წელია, რაც არ არის გასული არც თ-ის რესპუბლიკის კანონმდებლობით.
9. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სტატუსი, ამნისტია, შეწყალება:
9.1. სტატუსი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად (05/08/2024), თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 აგვისტოს განჩინებით, თ-ის რესპუბლიკის მოქალაქის ა. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი აღარ ითვლება საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად.
9.2. ამნისტია:
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით.“
ამასთან, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი კუმულაციურად მოითხოვს ორი წინაპირობის (საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულის ამნისტირება და მასზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელება) არსებობას, რაც განსახილველ საქმეში არ არის დაცული, ვინაიდან საქართველოს არ გააჩნია იურისდიქცია ზემოხსენებულ, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.
9.3. შეწყალება:
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირის მიმართ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, გამოცემულია შეწყალების აქტი.“
წარმოდგენილ საქმის მასალებში არ იკვეთება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოცემულია შეწყალების აქტი იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც მისი გადაცემა მოითხოვება.
10. პრინციპი – ,,Non bis in idem“:
10.1. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირის ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
10.2. ა. დ-ის მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში, არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და ,,Non bis in idem“ პრინციპი.
11. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები:
11.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი რამდენიმე პუნქტად მიმოიხილავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი.
11.2. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მათგან დამატებით გამოყოფს მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსებისშემლახველ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობასთან.“
11.3. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში, ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
11.4. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში, პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K. v. Russia, ECtHR, no 69235/11, §66, 23/05/2011).
11.5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ა. დ-სა და მის ადვოკატებს წარმოდგენილი აქვთ საჩივრები, თუმცა არ უთითებენ კონკრეტულ არგუმენტებზე/მასალაზე, რაც შექმნიდა აშკარა საფუძველს იმის მტკიცებისათვის, რომ ა. დ-ის უფლებები ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლოა, შეილახოს. პალატა დამატებით ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ საქართველოში ა. დ-ის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები დიდი ხანია, მიმდინარეობს. როგორც ზევით აღინიშნა, 2021 წლის 31 დეკემბერს ა. დ-ი გათავისუფლდა პატიმრობიდან, თუმცა, ამ დროის განმავლობაში, მას ევროპული კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლების დარღვევის საფრთხესთან დაკავშირებით, მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. მაშასადამე, საკასაციო პალატა გვერდს არ უვლის საჩივრის ავტორთა მითითებებს იმის შესახებ, რომ თ-ში ა. დ-ის მიმართ უფლებების შელახვის საფრთხე არსებობს, მაგრამ ამავდროულად, სასამართლოს არ გააჩნია კონკრეტული მასალა, რომელზე დაყრდნობითაც შეაფასებდა მოცემული პოზიციის საფუძვლიანობას.
12. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება:
12.1. რაც შეეხება განსახილველი ექსტრადიციის შესაბამისობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევებში გახდეს;
12.2. ამასთან, საგამონაკლისო გარემოებამ ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმური მიზნები უნდა გადაწონოს (იხ. საქმე: „კინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (“King v. The United Kingdom”), N9742/07, 26/01/2010, §29). აღსანიშნავია რომ ა. დ-ის ექსტრადიცია მოითხოვება, მათ შორის, მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის და მოცემულ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ ქმნის ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას კონვენციის მე-8 მუხლის ჭრილში.
13. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 14 მარტის განჩინება კანონიერია, რის გამოც, მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. დ-სა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატის პ. ბ-ს და ადვოკატ ო. გ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 14 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე – ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე