საქმე N 190100123007511169
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1166აპ-24 ქ. თბილისი
გ. რ., 1166აპ-24 24 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. გ-ს, მსჯავრდებულ ს. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ხ-ს და ასევე − რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით:
1.1. რ. გ-ს ბრალად ედება: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი, სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით; ძარცვა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით; განსაცდელში მიტოვება, ესე იგი, დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით.
1.2. ს. ი-ს ბრალად ედება: ძარცვა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით; განსაცდელში მიტოვება, ე.ი დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით.
1.3. ა. თ-ს ბრალად ედება: ძარცვაში დახმარება, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 25, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით; განსაცდელში მიტოვება, ე.ი. დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით.
2. რ. გ-ს, ს. ი-სა და ა. თ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2023 წლის 14 აპრილს, დილის საათებში, ისრაელის მოქალაქე მ. ლ. ჩამოფრინდა საქართველოში, ... აეროპორტში კი დახვდნენ მისი ნაცნობი − ს. ი. და მისი თანმხლები რ. გ.. მათ, მ. ლ. წაიყვანეს ...., საერთო ნაცნობის − ა. თ-ს საცხოვრებელში, რომელშიც დასვენების მიზნით გაჩერდნენ რამდენიმე საათით. დღის მეორე ნახევარში, ს. ი-მ, რ. გ-მ და ა. თ-მ წინასწარი შეთანხმებით, ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი „ჰიუნდაის” მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით – „......“, მ. ლ., მისივე თხოვნით, ქვეყნის დათვალიერების მიზნით გაიყვანეს ქალაქიდან, თუმცა მალევე დაბრუნდნენ უკან, რის შემდეგაც გადაადგილდებოდნენ ... შემოვლითი საავტომობილო გზის მე-18 კმ-ის მიმდებარედ, სადაც ა. თ-მ გააჩერა ავტომანქანა; რ. გ-მ პირადი მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ავტომობილიდან გადასულ მ. ლ-ს. კერძოდ, ხელები და ფეხები რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას, რითაც მას ნაფლეთოვანი ჭრილობის სახით, მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება.
ü ზემოაღნიშნულ დროს, რ. გ. ს. ი-სა და ა. თ-თან შეთანხმებული გეგმის, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მ. ლ-ს კუთვნილ ფულად თანხას, მათ შორის − 800 ამერიკული დოლარისა და 65 ევროს ოდენობით, ასევე − ოქროს ნივთებსა და ,,სამსუნგის’’ მოდელის მობილურ ტელეფონს, რის შედეგადაც, დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ü ზემოაღნიშნულ დროს, რ. გ-მ, ს. ი-მ და ა. თ-მ შექმნილი სიტუაციის შედეგად სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი მ. ლ., რომელსაც ძალადობის შედეგად აღენიშნებოდა დაზიანებები და წართმეული ჰქონდა მობილური ტელეფონი, დატოვეს შემთხვევის ადგილზე, მისთვის სრულიად უცხო მხარეში, დასახლებული პუნქტისგან მოშორებით, რის შემდეგაც, ა. თ-ს დახმარებით, მისივე მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით მიიმალნენ.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენით:
3.1. რ. გ., − დაბადებული ..., − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში;
რ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით − თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით − თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 აპრილის განჩინებითა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის − ჯარიმების მოუხდელი ნაწილი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
რ. გ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან − 2023 წლის 15 აპრილიდან.
გაუქმდა რ. გ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა.
3.2. ს. ი., − დაბადებული ..., − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში;
ს. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ს. ი-ს დანიშნული სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან − 2023 წლის 15 აპრილიდან;
გაუქმდა ს------- ი------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა.
3.3. ა. თ., − დაბადებული ..., − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 25, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 128-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში.
გაუქმდა ა. თ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ა. თ-ს განემარტა, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
ცნობად იქნა მიღებული, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მ. ლ-ს კუთვნილი ნივთები, ასვე − სასტუმროს ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა და სხვა პირადი ნივთები, დაუბრუნდა მესაკუთრეს.
ნივთმტკიცებები: ა. თ-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, ა. თ-ს კუთვნილი ავტომანქანა და გასაღები, უნდა დაუბრუნდეს მის მფლობელს ან ოჯახის სრულწლოვან წევრს; რ. გ-ს ტანსაცმელი, უნდა დაუბრუნდეს მას ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს; სასტუმროს ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, სათვალე, სავარცხელი, სასტუმროდან ამოღებული ჟურნალი, დაუბრუნდეს მათ მესაკუთრე/მფლობელებს; სისხლისმაგვარი ლაქები, ნერწყვის ნიმუში, მიკრონაწილაკები, ანაწმენდები, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო დისკები და მ. ლ-ს სამედიცინო დოკუმენტის ასლები, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ რ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. გ-მ, მსჯავრდებულ ს. ი-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ხ. ხ-მ და ასევე − რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა.
ü მსჯავრდებულ რ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. გ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რ. გ-ს უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით შერაცხილ ბრალდებებში, ხოლო მისი დამნაშავედ ცნობა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ü მსჯავრდებულ ს. ი-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ხ. ხ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის გამართლება მის მიმართ შერაცხილ ბრალდებებში.
ü ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: რ. გ-ს, ა. თ-სა და ს. ი-ს დამნაშავედ ცნობა მათ მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში და სამართლიანი სასჯელების შეფარდება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ რ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. გ-მ, მსჯავრდებულ ს. ი-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ხ. ხ-მ და ასევე − რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა.
ü მსჯავრდებულ რ. გ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. გ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს რ. გ-ს უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით შერაცხილ ბრალდებებში, ხოლო მის დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, შემდეგი ძირითადი არგუმენტებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელი და არასამართლიანია; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ ადასტურებს რ. გ-ს ბრალეულობას, ვინაიდან წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება; სხვა მოწმეთა ჩვენებები და მტკიცებულებები კი ირიბია, რის გამოც, ისინი საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს; რ. გ-ს დაზარალებულის ცემა სურდა მხოლოდ ეჭვიანობის ნიადაგზე და არც გაძარცვის სურვილით; დაზარალებულის ჩვენებით დგინდება, რომ რ. გ. ფარულად დაეუფლა მის ნივთებს, შესაბამისად, მის ქმედებაში იკვეთება მხოლოდ ქურდობის ნიშნები; ძარცვის ჯგუფურად ჩადენის ფაქტს, უტყუარად არ ადასტურებს ის გარემოება, რომ დაზარალებულის ნივთები ამოიღეს რ. გ-სა და ს. ი-ს საერთო საცხოვრებელი სახლიდან; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით არ არის დადგენილი, რომ დაზარალებულმა მ. ლ-მ მიიღო მძიმე ხარისხის დაზიანება.
ü მსჯავრდებულ ს. ი-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ხ. ხ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის გამართლებას მის მიმართ შერაცხილ ბრალდებებში, შემდეგი ძირითადი არგუმენტებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ დაარღვია კონსტიტუცია და კანონები; გამოძიება არ ჩატარებულა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ხოლო საქმის განხილვა მიმდინარეობდა არასრულად და ცალმხრივად; არ დანიშნულა შესაბამისი ექსპერტიზა, არ ამოღებულა ვიდეოჩანაწერი და არ დაკითხულან მნიშვნელოვანი მოწმეები; პოლიციის თანამშრომლები არიან დაინტერესებული პირები, ამავე დროს – ირიბი მოწმეები; საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს ს. ი-ს ბრალეულობას.
ü ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: რ. გ-ს, ა. თ-სა და ს. ი-ს დამნაშავედ ცნობას მათ მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში და სამართლიანი სასჯელების შეფარდებას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: პროკურორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან ბრალდების მხარეს სამივე პირის მიმართ წარმოდგენილი აქვს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობა; წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად დადგენილია, რომ დაზარალებულის გაძარცვის მიზნით, სამივე ბრალდებული თავიდანვე, წინასწარი შეთანხმებით, შესაბამისი გეგმით მოქმედებდნენ, რომლის აღსრულებაში, ა. თ-ც დასაწყისიდანვე იყო ჩართული; დადასტურებულია ის ფაქტიც, რომ დაზარალებულის გაძარცვისა და რ. გ-ს მიერ მისთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენების შემდეგ, ბრალდებულებმა ის მარტო დატოვეს უკაცრიელ ადგილას, ღამის საათებში, წაართვეს მობილური ტელეფონი და მოუსპეს კომუნიკაციის ყველანაირი შესაძლებლობა, რაც ადასტურებს დაუხმარებლად მიტოვების ბრალდებასაც.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ რ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. გ-ს, მსჯავრდებულ ს. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ხ-ს და ასევე − რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრები ზეპირი მოსმენის გარეშე დაშვებულ იქნა განსახილველად – 2025 წლის 24 თებერვალს, რის შესახებაც ეცნობათ მხარეებს.
8. 2025 წლის 21 თებერვალს მსჯავრდებულ ს. ი-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ხ. ხ-მ დაზუსტებული საკასაციო საჩივრით (საჩივარს ხელს აწერს მხოლოდ ადვოკატი) მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. ადვოკატი საჩივარში უთითებს, რომ ს. ი. ცვლის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ნაცვლად, მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობისა და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას შემსუბუქების კუთხით, ვინაიდან მსჯავრდებული თავს სრულად ცნობს დამნაშავედ, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. ადვოკატი ასევე მოითხოვს ს. ი-ს მიმართ ამნისტიის კანონის გავრცელებას და დარჩენილი სასჯელისგან გათავისუფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ს. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ხ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ (ამნისტიის გავრცელების ნაწილში), მსჯავრდებულ რ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ – ე. გ-ს და ასევე − რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ რ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ – ე. გ-სა და მსჯავრდებულ ს. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ – ხ. ხ-ს მოსაზრებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ რ. გ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, ხოლო ს. ი-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ. ლ-ს ჩვენებით, მოწმეების: ლ. ა-ს, მ. ტ-ს, ხ. პ-ს, დ. ხ-ს, რ. ს-ს, გ. ხ-ს, პ. ზ-ს და სხვათა ჩვენებებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2023 წლის 15 აპრილის ოქმით, მოწმე ლ. ა-ს მონაწილეობით ჩატარებული 2023 წლის 15 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სასტუმრო ,,...“ N... ოთახის ჩხრეკის 2023 წლის 15 აპრილის ოქმით, 2023 წლის 15 აპრილს კლინიკა "..." ჩატარებული მ. ლ-ს ტანსაცმლის ამოღების ოქმით, რ. გ-სგან ტანსაცმლის ამოღების 2023 წლის 15 აპრილის ოქმით, რ. გ-ს მონაწილეობით ჩატარებული 2023 წლის 15 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ს. ი-ს მონაწილეობით ჩატარებული 2023 წლის 15 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დაზარალებულ მ. ლ-ს მონაწილეობით ჩატარებული 2023 წლის 19 აპრილის სხვადასხვა ნივთების ამოცნობის ოქმებით, დაზარალებულ მ. ლ-ს მონაწილეობით ჩატარებული რ. გ-ს ფოტო-სურათებით ამოცნობის 2023 წლის 20 აპრილის ოქმით, დაზარალებულ მ. ლ-ს მონაწილეობით ჩატარებული ს. ი-ს ფოტო-სურათებით ამოცნობის 2023 წლის 20 აპრილის ოქმით, დაზარალებულ მ. ლ-ს მონაწილეობით ჩატარებული ა. თ-ს ფოტო-სურათებით ამოცნობის 2023 წლის 20 აპრილის ოქმით, მ. ლ-ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, „ნ-იდან“ ამოღებული სამედიცინო დოკუმენტაციით, ლომბარდ შპს „...“ ამოღებული ვიდეოჩანაწერებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
3. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ პროცესში რაიმე სახის არსებითი დარღვევა, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა სისხლის სამართლის საქმის შედეგზე, გამოკვეთილი არ არის. ამასთან, დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც საეჭვოდ გახდიდა ბრალდების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა უტყუარობას და დაადასტურებდა მსჯავრდებულების: რ. გ-სა და ს. ი-ს უდანაშაულობას მათ მიმართ მსჯავრად შერაცხილ ბრალდებებში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულთა – რ. გ-სა და ს. ი-ს მიერ მათ მიმართ შერაცხილი ქმედებების ჩადენის საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა. ამდენად, არ არსებობს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების კანონისმიერი საფუძველი.
4. საკასაციო სასამართლო აგრეთვე არ იზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ა. თ-ს საქართველოს სსკ-ის 25, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 128-ე მუხლით, ხოლო – რ. გ-სა და ს. ი-ს საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავეებად ცნობის შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელ ნაწილშიც სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რის საფუძველზეც, ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება მითითებულ ბრალდებებში ა. თ-ს, რ. გ-სა და ს. ი-ს უდანაშაულოდ ცნობისა და მათი გამართლების შესახებ, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე, მსჯავრდებულების ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 59-ე და 67-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, რ. გ-სა და ს. ი-ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ განსაზღვრული სასჯელები საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მსჯავრდებულთა პიროვნულ მახასიათებლებს.
6. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარეების მოსაზრებებს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, ამასთან, დეტალურად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება (როგორც გამტყუნების, ისე გამართლების ნაწილში), რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს.
7. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს როგორც დაცვის, ისე – ბრალდების მხარეთა მოსაზრებებს და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ამომწურავად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, ხოლო მასში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001).
8. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულების – რ. გ-სა და ს. ი-ს მიმართ – უნდა აღსრულდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, კერძოდ:
9. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
10. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ერთი მეხუთედით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს ან ქალ მსჯავრდებულს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულების – რ. გ-სა და ს. ი-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელებზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი – სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება – ვერ გავრცელდება, ვინაიდან ამ პუნქტით დადგენილი ამნისტია არ ეხება სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილს. ამასთან, რადგან მსჯავრდებულების მიმართ არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და, ამავდროულად, სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტები ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრულ ჩამონათვალში არ ექცევა, მსჯავრდებულ რ. გ-ს მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი – სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირება, ხოლო ს. ი-ს, როგორც ქალი მსჯავრდებულის მიმართ – ამავე კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის მოქმედება – სასჯელის ერთი მეხუთედით შემცირება.
12. რაც შეეხება რ. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება, მათ შორის – იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი რ. გ-ს მიმართ აგრეთვე ვერ გავრცელდება ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 აპრილის განჩინებითა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ივლისის განაჩენით – ჯარიმის სახით დანიშნულ სასჯელებზე, ვინაიდან ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით, სასჯელის შემცირება არ ვრცელდება ჯარიმაზე.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ს. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ხ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ (ამნისტიის გავრცელების ნაწილში), მსჯავრდებულ რ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. გ-ს და ასევე − რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, უნდა შეიცვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლითა და 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ს. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ხ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ (ამნისტიის გავრცელების ნაწილში), მსჯავრდებულ რ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. გ-ს და ასევე − რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენი:
3. რ. გ. ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში;
3.1. რ. გ. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. რ. გ. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 6 (ექვსი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით შეფარდებულმა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებულმა სასჯელმა, შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქას ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 აპრილის განჩინებითა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის − ჯარიმების მოუხდელი ნაწილი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
3.5. რ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან − 2023 წლის 15 აპრილიდან.
3.6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ რ. გ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა – გაუქმებულია.
4. ს. ი. ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში;
4.1. ს. ი. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეხუთედით და განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით, 9 (ცხრა) თვითა და 18 (თვრამეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა.
4.2. ს. ი-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან − 2023 წლის 15 აპრილიდან;
4.3. ცნობად იქნას მიღებული, რომ ს. ი-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა – გაუქმებულია.
5. ა. თ. ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 25, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 128-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში.
5.1. ცნობად იქნას მიღებული, რომ ა. თ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა – გაუქმებულია.
5.2. ა. თ-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი