Facebook Twitter

საქმე N 210100122006270315

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№1107აპ-24 17 თებერვალი, 2025 წელი

თ. ზ., 1107აპ-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების – ზ. თ–სა და ი. ძ-ს – ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. უ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ზ. თ, – დაბადებული ...., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 23 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 14 ივლისიდან 2023 წლის 3 თებერვლის ჩათვლით; ი. ძ., – დაბადებული ...., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა – 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 23 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 14 ივლისიდან 2023 წლის 3 თებერვლის ჩათვლით.

2. სასამართლომ დაადგინა, რომ ზ. თ-მ და ი. ძ-მ ჩაიდინეს ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2022 წლის 23 ივნისს, დღის საათებში, ს-ს რაიონის სოფელ ძ-ს მიმდებარედ, ე.წ „...“ მახლობლად, ზ. თ. და ი. ძ. ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ შპს „...“ მიერ 10 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე მოყვანილ 22300 კილოგრამ ხორბლის მოსავალს. აღნიშნული ქმედების შედეგად შპს „....“ მიადგა 20962 ლარის, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, მსჯავრდებულების – ზ. თ-სა და ი. ძ-ს – ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. უ-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ხოლო, მეორე მხრივ, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მიშიკო ჯანგულაშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, მსჯავრდებულებისათვის სასჯელების გამკაცრების კუთხით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების – ზ. თ-სა და ი. ძ-ს – ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. უ-მ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. კასატორის მტკიცებით, ზ. თ-სა და ი. ძ-ს ქმედებაში დანაშაული არ იკვეთება, რამეთუ მათ ი. ძ-ს ნაქირავებ ნაკვეთზე მოწეული ხორბალი ჩააბარეს და არა – მოპარული; დაცვის მხარის არაერთმა მოწმემ დაადასტურა, რომ მსჯავრდებულებს ნამდვილად მოჰყავდათ ხორბალი, ხოლო ბრალდების მოწმეები ცრუობენ, რასაც ცხადყოფს მათ ჩვენებებში გამოკვეთილი აშკარა შეუსაბამობები; გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება სატვირთო ავტომანქანის ორი მძღოლის – მ. ხ-სა და ა. ბ-ს – ჩვენებებს, რომელთა მონათხრობი წინააღმდეგობრივი, არადამაჯერებელი და ძალდატანებითია, რაც ნათლად იკითხება სასამართლო სხდომის ოქმების აუდიოჩანაწერებში; ურთიერთგამომრიცხველია საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მოწმის სახით დაკითხული ა. ბ-სა და დაზარალებულის წარმომადგენლის – ქ. ხ-ს განმარტებები, რომელიც თავის მხრივ, ასევე არ ემთხვევა მოწმეების – ვ. ჯ-სა და ი. მ-ს – მონათხრობს; დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის, რომ ზ. თ-მ და ი. ძ-მ დაიქირავეს ორი სატვირთო ავტომანქანა, რომლებსაც მართავდნენ მ. ხ. და ა. ბ., აიღეს კუთვნილი ხორბლის მოსავალი და არა – შპს ...“, როგორც ეს სასამართლომ მიიჩნია დადგენილად, მიუხედავად იმისა, რომ საპირისპირო მტკიცდება, როგორც თავად მსჯავრდებულების ჩვენებებით, ასევე – საქმეში წარმოდგენილი სხვა არაერთი მტკიცებულებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას, რომელშიც ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ დადგინდა ზ. თ-სა და ი. ძ-ს მიერ მათთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა.

3. პირველ რიგში, აღსანიშნავია: მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ 2022 წლის 23 ივნისს, დღის საათებში, ზ. თ-მ და ი. ძ-მ დაიქირავეს ,,კამაზის“ მარკის ორი სატვირთო ავტომანქანა, რომლებსაც მართავდნენ მძღოლები – მ. ხ. და ა. ბ – და არც ის გარემოება, რომ მ. ხ-სა და ა. ბ-ს სატვირთო ავტომანქანებზე დატვირთული ხორბალი, სულ – 22300 კილოგრამი, იმავე დღეს ჩააბარა ზ. თ-მ ს-ს რაიონის სოფელ ხ-ში არსებულ, მ. ბ-ს მარცველეულის საწარმოში, რაც სარწმუნოდ დადგენილია: მოწმეების – მ. ხ–სა და ა. ბ-ს – ჩვენებებით; მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტებისა და ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმებით; მოწმეების – გ. და მ. ბ-ეების – ჩვენებებით, მათი მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმებით; მ. ბ-ს მარცვლეულის საწყობიდან ამოღებული ჩანაწერების რვეულით; ს-ს რაიონის სოფელ ხ-ში არსებული სასწორიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერითა და მობილური ოპერატორებისგან გამოთხოვილი ინფორმაციით.

4. სადავო არც ისაა, რომ შპს „....“, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, ფლობდა ს-ის რაიონის, სოფელ ძ-ს მიმდებარედ არსებულ, ორ მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდებით: ... და ...), რომლებზეც 2022 წელსაც ჰქონდათ დათესილი ხორბალი და ელოდებოდნენ მოსავალს, რაც დადასტურებულია: შპს „....“ და შპს „...“ შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულებით; დაზარალებულის წარმომადგენლის – ქ. ხ-სა – და მოწმეების: გ. ხ-სა (დაბადებულის ... წელს) და გ. ხ-ს (დაბადებულის ... წელს) ჩვენებებით.

5. ამავდროულად, ბრალდების მხარის მტკიცებით, 2022 წლის 23 ივნისს, ს-ს რაიონის სოფელ ძ-ს მიმდებარედ, ე.წ „..“ მახლობლად, ზ. თ. და ი. ძ. ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ შპს „...“ მიერ 10 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე მოყვანილ 22300 კილოგრამ ხორბლის მოსავალს, ხოლო დაცვის მხარის მითითებით, ზ. თ. და ი. ძ. შპს „...“ კუთვნილ ხორბალს არ დაუფლებიან, არამედ – 2022 წლის 23 ივნისს, გ. ბ-საგან იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მოწეული, საკუთარი ხორბლის მოსავალი აიღეს და ჩააბარეს მ. ბ-ს მარცველეულის საწყობში.

6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ვერსიას, რამეთუ საპირისპირო მტკიცება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას ზ. თ-სა და ი. ძ-ს ბრალეულობის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად, კერძოდ:

7. დაზარალებული კომპანიის წარმომადგენლის – ქ. ხ-ს – ჩვენებით დადგენილია, რომ 2022 წლის 22 ივნისს ნახა, რომ ს-ს რაიონის სოფელ ძ-ს მიმდებარედ, შპს „...“ მიწის ნაკვეთებზე, ხორბალი იყო უკვე ასაღები, თუმცა მოსავალი დაუყოვნებლივ არ აუღიათ, ხოლო 2022 წლის 1 ივლისს აღმოაჩინა, რომ მათი კუთვნილი ხორბალი ვიღაცას აეღო; მოწმეების სახით დაკითხული, სატვირთო ავტომანქანების მძღოლების – მ. ხ-ს და ა. ბ-ს – ჩვენებებით დასტურდება, რომ ზ. თ. და ი. ძ. 2022 წლის 23 ივნისს, .... სატვირთო ავტომანქანების სადგომზე მდგომთ, შეუთანხმდნენ ხორბლის მოსავლის გადატანაზე. აქედან – მ. ხ-ს მსჯავრდებულები თავად გაუძღვნენ მსუბუქი ავტომანქანით და აჩვენეს ს-ს რაიონის სოფელ ძ-ს მიმდებარედ, ე.წ „...“ მახლობლად, არსებული ტერიტორია, ხოლო ა. ბ-ს – ტელეფონით მიასწავლეს გზა. ორივე მოწმის განმარტებით, მიწის ნაკვეთზე, რომლიდანაც, ერთმანეთის მიყოლებით, კუთვნილი ავტომანქანებით წამოიღეს ხორბალი, მუშაობდა რუსული წარმოების, „ნივის“ ფირმის კომბაინი, რომელმაც მოწეული ხორბლით, მ. ხ-ს ავტომანქანის დატვირთვის შემდეგ, ა. ბ-ს ავტომანქანის შევსება დაიწყო. ხაზგასასმელია, რომ ორივე მძოლმა ცალსახად გამორიცხა, რომ ხორბალი შესაძლოა, სხვა, კერძოდ, გ. ბ-ს კუთვნილი ნაკვეთიდან წამოეღოთ, როგორც ამას დაცვის მხარე ამტკიცებს და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ მარცვლეული, რომელიც ს-ს რაიონის სოფელ ხ-ში არსებულ მ. -ს საწყობში მიიტანეს ჩასაბარებლად, სწორედ ს-ს რაიონის სოფელ ძ-ს მიმდებარედ, ე.წ „...“ მახლობლად არსებული, შპს „...“ კუთვნილის მიწის ნაკვეთებიდან ჰქონდათ წამოღებული; მეტად საყურადღებოა, მ. ხ-სა და ა. ბ-ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმები, რომლებიც ცხადყოფს, რომ მ. ხ-მ და ა. ბ-მ, რომლებიც, წარსულში ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, პირადად მიუთითეს სამართალდამცავებს იმ გზებზე, რომლებითაც ზ. თ-სა და ი. ძ-ს მითითებისამებრ, მივიდნენ ს-ს რაიონის სოფელი ძ-ს მიმდებარედ, ე.წ „...“ მახლობლად არსებულ მიწის ნაკვეთებთან, საიდანაც მოწეული ხორბალი გადაიტანეს ს-ს რაიონის, სოფელ ხ-ში არსებულ მარცვლეულის საწყობში; შპს „...“ მენეჯერმა – ქ. ხ-მ – კი დაადასტურა, რომ მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მ. ხ-მ და ა. ბ-მ მიუთითეს, ეკუთვნოდა მათ კომპანიას, რომლიდანაც მოჰპარეს სწორედ ხორბლის მოსავალი; ყურადსაღებია ასევე, რომ მ. ხ-მა და ა. ბ-მ გ. ბ-ს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დათვალიერებისას, მიუთითეს, რომ იქ პირველად იყვნენ და ამ ნაკვეთიდან ხორბალი არასდროს წაუღიათ; აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმები, თანდართულ ფოტოსურატებთან ერთად, ისევე, როგორც მოწმეების – ქ. ხ-ს, გ. და გ. ხ-ების, მ. ხ-ს, ა. ბ-ს, ი. მ-ს, ვ. ჯ-სა და გ. ბ-ის ჩვენებები ცხადყოფს: შპს „...“ და გ. ბ-ს მიწის ნაკვეთების რელიეფი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან, კერძოდ: შპს „...“ მიწის ნაკვეთები არის მინდორში, სწორ ადგილას, ხოლო გ. ბ-ს მიწის ნაკვეთი – დამრეც და ჭაობიან ადგილას, რომელზეც განთავსებულია შენობა და ესაზღვრება ტბას, რაც მეტად საეჭვოს ხდის მტკიცებას იმისა, რომ მ. ხ-ს და ა. ბ-ს, შესაძლოა, ეს ორი მიწის ნაკვეთი ერთმანეთში არეოდა. მით უფრო, როდესაც მ. ხ-მ და ა. ბ-მ დაადასტურეს, რომ გ. ბ-ს მიწის ნაკვეთი იყო დამრეც ადგილას, გარშემო ტბებითა და ჭაობით, მასზე იყო ფერმაც, ხოლო ის ნაკვეთი, რომლიდანაც ხორბალი წამოიღეს, იყო სწორ, თავისუფალ ადგილას. მ. ხ-მ დამატებით დასძინა, რომ თავისი მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, სადავოდ გამხდარ ადგილებს კარგად იცნობდა და, შესაბამისად, ეს ორი მიწის ნაკვეთი ერთმანეთში ვერ აერეოდა. და ბოლოს, მ. ხ-სა და ა. ბ-ს მამხილებელ ჩვენებებთან მიმართებით, ხაზგასასმელია, რომ ვერც დაცვის მხარე უთითებს და არც საქმის მასალებით იკვეთება რაიმე სარწმუნო მოტივი, რატომ უნდა ემხილათ მ. ხ-სა და ა. ბ-ს ესოდენ მძიმე, არჩადენილი დანაშაულის ჩადენაში ზ. თ. და ი. ძ., რომლებთანაც, დადგენილია, რომ წარსულში არაფერი აკავშირებდათ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ზ. თ-მ და ი. ძ-მ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ჩაიდინეს დიდი ოდენობით ქურდობა და, შესაბამისად, მათი მსჯავრდება კანონიერი და დასაბუთებულია, ხოლო შეფარდებული სასჯელები – სამართლიანი.

8. კასატორის სხვა საკვანძო არგუმენტებს – მათ შორის, მტკიცებულებების უტყუარობასთან მიმართებით – რომლებზეც აპელირებდა დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის დროს და რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში, რასაც იზიარებს საკასაციო სასამართლოც. აღსანიშნავია, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

9. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამდენად, ზ. თ-ს და ი. ძ-ს, რომლებსაც ჩადენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც არ ექცევა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული ქმედებების ჩამონათვალში და, ამავდროულად, მასზე არ ვრცელდება ამავე კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელები.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულების – ზ. თ-სა და ი. ძ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. უ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განაჩენი უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულების – ზ. თ-სა და ი. ძ–ს – ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. უ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ზ. თ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯოს – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს – 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალოს 2023 წლის 23 ოქტომბრიდან. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 14 ივლისიდან 2023 წლის 3 თებერვლის ჩათლით;

4. ი. ძ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯოს – 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს – 5 წლით, 2 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალოს 2023 წლის 23 ოქტომბრიდან. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 22 სექტემბრიდან 2023 წლის 3 თებერვლის ჩათლით;

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განაჩენი სხვა – მათ შორის ნივთმტკიცებებისა და ყადაღის ნაწილში – დარჩეს უცვლელად;

6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი