საქმე # 330100123008011838
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1114აპ-24 ქ. თბილისი
კ. გ., 1114აპ-24 4 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-ს საკასაციო საჩივარი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ფ-მ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი ძირითადი არგუმენტებით: ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა იმ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. კ-ს ბრალეულობას; სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმე ზ. გ-ს ჩვენება, რომელმაც მსჯავრდებული ვითომდა ,,ამხილა“ ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში; აღნიშნული მოწმე არის მიკერძოებული და დაინტერესებული პირი; რეალურად, მსჯავრდებული ნარკოტიკს არ ასაღებდა, არამედ იგი დაეხმარა მოწმეს ნარკოტიკული საშუალების მოძიებაში; ისინი ერთად ხშირად მოიხმარდნენ ნარკოტიკულ საშუალებას. აღნიშნული კი, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, არ წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების გასაღებას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 მაისის განაჩენით:
გ. კ., – დაბადებული ...- წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
გ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 500 ლარი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გაუქმდა გ. კ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
გ. კ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 4 სექტემბრიდან;
გ. კ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. კ-მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით ნასამართლევმა გ. კ-მა 2023 წლის 9 ივნისს, .... ზ. გ-ზე უკანონოდ, 100 ლარად გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული, 0.03980 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც იმავე დღეს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს ზ. გ-სგან.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ფ-მ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აგვისტოს განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას, მსჯავრდებულ გ. კ-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების ზ. გ-ს, გ. ლ-ს, მ. გ-ს, კ. ლ-ს, გ. ხ-სა და სხვათა ჩვენებებით, ფულადი თანხის წარმოდგენისა და გადაცემის შესახებ 2023 წლის 9 ივნისის ოქმებით, ფულადი თანხის დაბრუნების შესახებ 2023 წლის 9 ივნისის ოქმით, ზ. გ-სთან ჩატარებული 2023 წლის 9 ივნისის ამოღების ოქმით, სს „...“ ქვითრით, სს „...“ ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნით, 2023 წლის 9 ივნისს განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერითა და აღნიშნული ჩანაწერის კრებსებით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის 2023 წლის 9 ოქტომბრის №... დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის თ. კ-ს ჩვენებით, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის 2023 წლის 10 ოქტომბრის №... დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის ე. ყს ჩვენებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, გ. კ-ს ბრალეულობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, როგორც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, ასევე – ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ნაწილით.
3. კასატორი განმარტავს, რომ მსჯავრდებული ნარკოტიკს არ ასაღებდა, არამედ იგი ზ. გ-ს დაეხმარა მის მოძიებაში, ისინი ერთად ხშირად მოიხმარდნენ ნარკოტიკულ საშუალებას. დაცვის მხარე იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასაც, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის N 589აპ-23 გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, სასამართლომ განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალების გადაცემა ავტომატურად არ ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების გასაღებას და, რომ, ნარკოტიკული საშუალების ხელიდან ხელში გადაცემა არ გამორიცხავს – ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებას. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ გ. კ-ს ქმედებაში არ იკვეთება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. მოწმეების – ზ. გ-ს, გ. ლ--, კ. ლ-ს, გ. ხ-ს და ი. ნ-ს ჩვენებებით და ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით დადგენილია, რომ ზ. გ-მ, გამომძიებლის მიერ გადაცემული თანხით, გ. კ-სგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შემდეგ სრულად გადასცა გამომძიებელს. აღნიშნული ფაქტი ასევე დადასტურებულია ფულადი თანხის გადაცემის ოქმებით, საგამოძიებო მოქმედებების ოქმებითა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებით.
5. მოწმე ზ. გ-ს ჩვენებით დგინდება, რომ 2023 წლის 5 ივნისს, მან განცხადებით მიმართა საგამოძიებო ორგანოს, რომ ნარკოტიკულ საშუალებას იძენდა გ. კ-ისგან. აღნიშნულის შესახებ, იგი გამოიკითხა გამომძიებელთან და თანხმობა განაცხადა საკონტროლო შესყიდვაში მონაწილეობაზე. 2023 წლის 9 ივნისს, გამომძიებელმა ფარულად აღჭურვა ვიდეოკამერით, ასევე, გადასცა ფულადი თანხა - 100 ლარი, რომელიც იმავე დღეს ჩარიცხა მსჯავრდებულის მიერ მითითებულ ანგარიშზე. ამის შემდეგ, მოწმე ფარული ვიდეო-აღჭურვილობით მივიდა შეთანხმებულ ადგილზე, სადაც გ. კ-მ ე.წ. „ინსულინის“ შპრიცში ჩაუსხა მისი კუთვნილი, ჩარიცხული თანხის ოდენობის ნარკოტიკული საშუალება. ზ. გ-მ თანხის ჩარიცხვის ქვითარი და გ. კ-სგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, იმავე ფორმით, შენობიდან გამოსვლიდან, დაახლოებით, ხუთ წუთში გადასცა კორპუსთან შორიახლოს მყოფ გამომძიებელს.
6. გ. კ-ს მიერ ზ. გ-ზე ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტი, გარდა მისი ჩვენებისა, ასევე დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით: საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილი, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ვიდეო-აუდიოჩანაწერსა და მის კრებსებზე, რომლის დეტალურად შესწავლისა და გაანალიზების შედეგად, ცალსახად გამოირიცხება დაცვის მხარის ვერსია და დგინდება, რომ გ. კ-მ ნარკოტიკული საშუალება უკანონოდ გაასაღა ზ. გ-ზე, კერძოდ:
7. 2023 წლის 9 ივნისის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ვიდეო-აუდიოჩანაწერისა და აღნიშნული ჩანაწერის გაშიფრული ე.წ. კრებსის თანახმად, გ. კ- უკმაყოფილებას გამოთქვამს ნარკოტიკის მომხმარებელ იმ პირთა შესახებ („...“, „...“), რომლებსაც „წამლის“ შესაძენად თანხა არ დაუდიათ ანდა სხვა არაერთი მომხმარებელი მოჰყავთ, ასევე, რამდენჯერმე ახსენებს „წამალს“ (მაგ., „ხვალ წამალი უნდა გაიჩითოს“ და ა.შ.). ჩანაწერის მიხედვით, გ. კ. ზ. გ-სა და ოთახში შეკრებილ სხვა პირებს უთითებს, თუ როგორ მოიქცნენ „წამლის“ შესაძენად, კერძოდ, სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე, იგი ეუბნება, რომ მობილური ტელეფონზე „ზედმეტი წერა“ საჭირო არ არის, „აქ ვართ და თუ გეტყვით, რომ მიდი, მიდი რა და დარიცხავ, რომ დარიცხავ, სურათი გამოუშვი, რომ მ-ს დაურიცხე. ადგილი კი იცი“ (რაშიც გულისხმობს იმ მისამართს, სადაც ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა მიმდინარეობს) და თუ რამე შეიცვალა, შეატყობინებს. ასევე, მოუწოდებს, რომ თუ ორი დღის უნდა („დღეს და ხვალ“), ერთად არ დარიცხონ თანხა. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ საუბრის პარალელურად, იგი ანაწილებს ნარკოტიკულ საშუალებას (მათ შორის, ფხვნილის სახით) სხვადასხვა პირებისათვის, ასევე ამზადებს მოსახმარად, რის შემდეგაც ე.წ. „ინსულინის“ შპრიცებში უსხამს ზ. გ-ს და სხვა პირებს. აუდიო-ვიდეოჩანაწერის ერთ-ერთ მონაკვეთში გ. კ. ამბობს: „დათვალე „კაროჩე“ რამდენია ფული, ექვსასი. სამასი მე ავიღე. სამას ლარში ამდენი ხალხია ჩემი კარგი, რა არის ათ-ათი ლარი დადეს?“. ნიშანდობლივია, რომ გ. კ. ზ. გ-ს აძლევს ნარკოტიკულ საშუალებას, მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი მის მიერ მითითებულ ანგარიშზე რიცხავს თანხას, რის სანაცვლოდაც გადაეცემა ნარკოტიკი. მითითებული აუდიო-ვიდეოჩანაწერით ცალსახად დგინდება, რომ გ. კ. ნარკოტიკული საშუალების შეძენა-გასაღების სრულ პროცესს, დაწყებული შესაძენად განკუთვნილი თანხების მის სარგებლობაში არსებულ ანგარიშზე ჩარიცხვიდან, დასრულებული ნარკოტიკის სხვადასხვა პირებზე განაწილება/გადაცემით – თვითონ წარმართავს და 2023 წლის 9 ივნისსაც, თავად მოამზადა და ზ. გ-ზე, 100 ლარის სანაცვლოდ, გაასაღა „ინსულინის“ შპრიცში მოთავსებული, მოსახმარად გამზადებული ნარკოტიკული საშუალება. ყოველივე აღნიშნული კი სრულად გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას, რომ თითქოსდა მსჯავრდებულმა და ზ. გ-მ ერთად შეიძინეს ნარკოტიკული საშუალება, ერთად მოხმარებისათვის.
8. ის ფაქტი, რომ ფარულ ვიდეო-აუდიოჩანაწერში მონაწილე პირი ნამდვილად გ. კ., დადასტურებულია ფონოსკოპიური ექსპერტიზის №... და ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის №... დასკვნებით, ხოლო მის მიერ 2023 წლის 9 ივნისს ზ. გ-სათვის მისაღებული „ინსულინის“ საინექციო შპრიცში მოთავსებული მოყავისფრო ფერის სითხე რომ ნამდვილად ნარკოტიკული საშუალებაა, დადგენილია ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნით, რომლის თანახმადაც, ერთ ცალ 1 მლ-იან ერთჯერადი მოხმარების, ე.წ. „ინსულინის“ სამედიცინო შპრიცში მოთავსებული მოყავისფრო, სპეციფიკური სუნის მქონე სითხე შეიცავს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებას – 0,03980 გრამ ,,ჰეროინს“.
9. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოწმე ზ. გ-ს ჩვენება დამაჯერებელი, თანმიმდევრული და დეტალურია, რაიმე სახის არსებითი წინააღმდეგობები მის ჩვენებასა და ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა შორის არ იკვეთება. მოწმის ჩვენება სრულად შეესაბამება მოწმე პოლიციელების ჩვენებებს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ აუდიო-ვიდეოჩანაწერებს, ფულადი თანხის გადაცემის, ჩაბარებისა და წარმოდგენის ოქმებს, ამოღების ოქმებს, ქიმიური, ფონოსკოპიური, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზების დასკვნებსა და სხვა წერილობით მტკიცებულებებს. აქედან გამომდინარე, ზ. გ-ს ჩვენება სრულად აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ არსებობს მის მიმართ უნდობლობის საფუძველი.
10. ამდენად, ზემოთ წარმოდგენილი და გაანალიზებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ გ. კ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
11. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ. კ-ს მიმართ – უნდა აღსრულდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, კერძოდ:
12. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის − დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა). ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, პირი, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, მასზე ამ მუხლის პირველი ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო გასაღებისა, ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა ან მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღებისა) ჩადენისთვის.
13. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
14. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4, მე-5 ან მე-7 ნაწილით.
15. საქმის მასალების მიხედვით, დგინდება, რომ გარდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განაჩენისა, რომლითაც გ. კ. ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა,შენახვა) და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა), იგი აგრეთვე ნასამართლევია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა, ესე იგი, სხვისი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ამ განაჩენით, მას დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 500 ლარი, რაც მას არ ჰქონდა გადახდილი განსახილველი დანაშაულის ჩადენის დროის – 2023 წლის 9 ივნისის მდგომარეობით, რის გამოც, რეგისტრირებული იყო მოვალეთა რეესტრში (იხ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2023 წლის 21 ივნისის მიმართვა). ამდენად, ვინაიდან იგი ნასამართლევია არა მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისათვის, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვერ გავრცელდება მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელზე. ამასთან, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით შერაცხილ დანაშაულზე არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და, ამავდროულად, ეს მუხლი ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრულ დანაშაულთა ჩამონათვალში არ ექცევა, მას ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს მითითებული მუხლით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი.
16. რაც შეეხება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება ამ დანაშაულზე. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამნისტია ასევე ვერ გავრცელდება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე – ჯარიმაზე.
17. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გ. კ-ს საბოლოო სასჯელი განსაზღვრული ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელზე ამნისტიის გავრცელება გავლენას ვერ იქონიებს მისთვის საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის ზომაზე.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აგვისტოს განაჩენი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლითა და 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აგვისტოს განაჩენი:
3. გ. კ..ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის გამოყენებით, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს და მიესაჯოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4. გ. კ. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქას – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 500 ლარი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ.კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
7. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ. კ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმებულია.
8. გ. კ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 4 სექტემბრიდან.
9. გ. კ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
10. ნივთიერი მტკიცებულებები: ერთი ცალი „ინსულინის“ შპრიცი, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ და ნერწყვის ნიმუში – განადგურდეს; გ. კ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები, დაუბრუნდეს მსჯავრდებულ გ. კ-ს ნდობით აღჭურვილ პირს; ლაზერული დისკები შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
11. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი