საქმე N 330100123007511664
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№1092აპ-24 13 თებერვალი, 2025 წელი
მ. ი., 1092აპ-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 იანვრის განაჩენით ი. მ., – დაბადებული ....., – ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 12 მაისის ეპიზოდი) – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 12 მაისის ეპიზოდი) – 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 13 მაისის ეპიზოდი) – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 13 მაისის ეპიზოდი) – 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 18 მაისის ეპიზოდი) – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და განესაზღვრა – 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ი. მ-ს, საბოლოოდ, განესაზღვრა – 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 18 მაისიდან. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ ი. მ-მ ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის (სამი ეპიზოდი) და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ნასამართლევმა და პირობით მსჯავრდებულმა – ი. მ-მ – უკანონოდ შეინახა და ა. ლ-ს ასევე უკანონოდ მიასაღა ნარკოტიკული საშუალება – „ბუპრენორფინი“, წონით – 0,0109 გრამი, რომელიც, 2023 წლის 12 მაისს, .... მიმდებარედ, ამოიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ნასამართლევმა და პირობით მსჯავრდებულმა – ი. მ-მა– უკანონოდ შეინახა და ა. ლ-ს ასევე უკანონოდ მიასაღა ნარკოტიკული საშუალება – „ბუპრენორფინი“, წონით – 0,00927 გრამი, რომელიც, 2023 წლის 13 მაისს, .... მიმდებარედ, ამოუღეს მას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ნასამართლევი და პირობით მსჯავრდებული – ი. მ. უკანონოდ ინახავდა 0,00176 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რომელიც 2023 წლის 18 მაისს, ... მიმდებარედ, ამოუღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – გ. გ-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლასა და ი. მ-ს ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნობას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – გ. გ-მ.
6. კასატორი ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლასა და ი. მ-ს ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა მოწმე ა. ლ-ს მამხილებელი ჩვენება, მიუხედავად იმისა, რომ უდავოდ დასტურდება, რომ მსჯავრდებულს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მიზანი არ ჰქონია. საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა ა. ლ-სა და ი. მ-ს შორის რაიმე საუბრის ან შეთანხმების დამადასტურებელი სამხილი, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანია მსჯავრადშერაცხილი ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის. ი. მ. დაავადებულია ნარკომანიით, ჩართული იყო ნარკომანიის ჩანაცვლებით პროგრამაში, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ცნობითა და მოწმის სახით დაკითხული ექიმის ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა, რომ კლინიკის ბენეფიციარები, 70 ლარის სანაცვლოდ, იღებენ პრეპარატის კუთვნილ დოზას, რომლის კლინიკიდან გატანა დასჯადია. მაგრამ, ამავდროულად, დაკითხვისას ვერ მიუთითა, ვინ და როდის გააცნო მსჯავრდებულს ხსენებული აკრძალვის შესახებ. ი. მ.არსად მუშაობს, არ აქვს საცხოვრებელი, შესაბამისად, ყოველდღე, 70 ლარის შოვნა მისთვის არ იყო მარტივი, რის გამოც, სხვა ნარკოდამოკიდებულებთან ერთობლივად აგროვებდა თანხას და შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარდა ა. ლ-სა და სხვებთან ერთად. გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო რამდენიმეწამიანი ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ასახულია, როგორ იღებს მსჯავრდებული ავტომანქანის სალონიდან 70 ლარს, რასაც, შესაბამისი, ახსნა მისცა ი. მ-ს, რომელსაც ნარკოტიკული საშუალება მეგობრისთვის არასდროს მიუსაღებია. სასამართლოს საფუძვლიანად უნდა გამოეკვლია საქმეში წარმოდგენილი, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული, მასალები, რასაც, განსახილველ შემთხვევაში, ი.მ-სა და ა. ლ-ს შორის კომუნიკაციის შინაარსის დასადგენად და, შესაბამისად, დავის საგნად ქცეული დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხის გადასაწყვეტად, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. საქმეში ასევე არ მოიპოვება მსჯავრდებულისა და მოწმის სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი მასალები, რაც, ცხადია, ნათელს მოჰფენდა მათ შორის შეთანხმების პირობებსა და ნარკოტიკული საშუალების სადავო გასაღების საკითხს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ კასატორი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განაჩენს სადავოდ ხდის მხოლოდ ი. მ-ს მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების მსჯავრდების ნაწილში, რამეთუ დაცვის მხარის მტკიცებით, მსჯავრდებულს ა. ლ-სათვის ნარკოტიკული საშუალებები არასდროს მიუსაღებია, არამედ – მათ რიგრიგობით გამოჰქონდათ დამოკიდებულების სამედიცინო მართვის ცენტრიდან ნარკოტიკული საშუალებები, რომლებსაც ერთად მოიხმარდნენ კიდეც ხოლმე.
3. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ბრალდებებში ი. მ-ს უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით, რამეთუ საპირისპიროს მტკიცება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომელზეც არგუმენტირებულად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის საფუძველს წარდგენილი კვალიფიკაციით მისი გონივრულ ეჭვს მიღმა დამნაშავედ ცნობისათვის, კერძოდ:
4. მოწმე ა. ლ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2023 წლის 11 მაისს, პირადი ჩხრეკისას, პოლიციელებმა ამოუღეს ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“, რომელიც 70 ლარად ჰქონდა შეძენილი ი. მ-საგან. მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, 2023 წლის 12 და 13 მაისს, ჩამწერი მოწყობილობით აღჭურვილი ავტომანქანით შეხვდა ი. მ-ს, რომლისგანაც, ორივე ჯერზე, 70-70 ლარად შეიძინა ნარკოტიკული საშუალება – „სუბოქსინი“, რომლებიც შეძენიდან მალევე წარუდგინა გამომძიებელს. ი. მ-საგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვებს ვიზუალურად აკონტროლებდნენ პოლიციის თანამშრომლები. ნარკოტიკული საშუალებების შეძენიდან გამომძიებლისათვის წარდგენამდე, იგი არავის შეხვედრია.
5. შპს ,,...“ დირექტორის – ზ. ლ-ს – ჩვენებით ირკვევა, რომ ი. მ, ხელშეკრულების საფუძველზე, იყო ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამის განყოფილების პაციენტი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის №.... და №.... ბრძანების შესაბამისად, მათი დაწესებულების პაციენტებს, ნარკოტიკული საშუალების დაწესებულების გარეთ გატანის უფლება არ აქვთ, რაც ცნობილია ყველა ბენეფიციარისათვის ხელშეკრულების გაფორმებისას და, ამავდროულად, ხსენებული რეგულაცია გამოკრულია დაწესებულების თვალსაჩინო ადგილას. სამედიცინო პერსონალი ყოველდღიურად ახსენებს მათ, რომ არ აქვთ ნარკოტიკული საშუალების დაწესებულებიდან გატანის უფლება, რაც დასჯადია სისხლისსამართლებრივად. ბენეფიციარებს პრეპარატი ეძლევათ პოლიეთილენის ერთჯერადი ჭიქებით, რომელსაც პირის ღრუში ითავსებენ ვიდეოკამერის წინ, სამედიცინო პერსონალისა და დაცვის თანამშრომლის თანდასწრებით, ყოვნდებიან არანაკლებ სამი წუთით და მხოლოდ ამის შემდეგ ტოვებენ დაწესებულების ტერიტორიას.
6. შპს „...“ დირექტორის 2023 წლის 25 მაისის წერილის თანახმად, ი. მ. 2020 წლის 3 ივლისიდან 2023 წლის 19 მაისის ჩათვლით, ირიცხებოდა შპს „...“ ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამის განყოფილების პაციენტად, ყოველდღიურად (დღეში ერთხელ) ცხადდებოდა და დანიშნულებით იღებდა პრეპარატ „tab. Addnok-N“ – 12 მილიგრამს. პაციენტის დღიური დოზა წარმოადგენს მრგვალი ფორმის, თეთრი ფერის, ერთ 8-მილიგრამიან და ორ 2-მილიგრამიან აბს, რომელიც გაიცემა მთლიანობადარღვეული სახით. პრეპარატი შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერება „ბუპრენორფინს“ და „ოპიოიდურ ანტაგონისტ ნალოქსონს“. პაციენტს პრეპარატის დაწესებულების გარეთ გატანის უფლება არ აქვს. ი. მ-ს კანონით გათვალისწინებული მედიკამენტის გატანის უფლებით არ უსარგებლია.
7. მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის – ბ. ლ-ს – ჩვენებით ირკვევა, რომ ა. ლ-ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის საქმეზე მიმდინარე გამოძიებისას, გამოიკვეთა ი. მ-ს შესაძლო ბრალეულობა. ა. ლ-ს მონაწილეობით ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები. ა. ლ-მ ი. მ-საგან, 2023 წლის 12 და 13 მაისს, 70-70 ლარად, შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები. საკონტროლო შესყიდვებს ვიზუალური თვალთვალით აკონტროლებდნენ პოლიციის ოპერატიული თანამშრომლები. ი. მ-საგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები, ორივე ჯერზე, მან ამოუღო ა. ლ-ს.
8. მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლების – ლ. ხ-სა და გ. რ-ს – ჩვენებებით დგინდება, რომ მონაწილეობდნენ 2023 წლის 18 მაისს, ... და ... ქუჩების კვეთასთან ჩატებულ, ი. მ-ს პირად ჩხრეკაში. მსჯავრდებულს ხელჩანთაში აღმოაჩნდა ვერცხლისფერ ქაღალდში შეხვეული აბის ნატეხები, რომლებიც, ი. მ-ს განმარტებით, იყო ე.წ. ,,პროგრამიდან“ გამოტანილი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ი. მ-ს არ ჰქონდა ნარკოტიკული საშუალების კლინიკიდან გატანის უფლება.
9. ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების შესახებ 2023 წლის 12 მაისის ოქმის მიხედვით, გამომძიებელმა – ბ. ლ-მ – ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით, ა. ლ-ს გადასცა 70 ლარი.
10. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერით დგინდება, რომ 2023 წლის 12 მაისს, 09:12:30 საათიდან 09:14:10 საათამდე, ... მიმდებარედ, ავტომანქანის საჭესთან მჯდომი ა. ლ. ვიღაცას ელოდება. ცოტა ხანში მანქანის წინა სავარძელზე ჯდება ი. მ.. ა. ლ. უწვდის ხელს და ეკითხება: „ – მომიტანე?“ ი. მ. ა. ლ-ს გაწვდილ ხელისგულზე უდებს პატარა, ღია ფერის ქაღალდში გახვეულ შეფუთვას და ეუბნება: „ – დამიკავე ეს, ძმა ...“ /?/ და ჩემთანო ფულიო“, რის შემდეგაც იღებს სალონის ღია სათავსში ჩადებულ, შუაზე მოკეცილ, რამდენიმე ფულის კუპიურას, გადათვლის და იდებს საფულეში. ი. მ. ეუბნება ა. ლ-ს: ,, – მოსრისო უნდა...?“ ა. ლ. კი დაკვირვებით ატრიალებს ხელში პატარა შეფუთვას, რომელიც ი. მ-მ გადასცა.
11. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების – „საკონტროლო შესყიდვის“ შესახებ 2023 წლის 12 მაისის ოქმის მიხედვით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების „საკონტროლო შესყიდვის“ დავალების საფუძველზე, განხორციელდა ი. მ-საგან სავარაუდო ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა. ამ მიზნით ა. ლ--ს გადაეცა 70 ლარი. 2023 წლის 12 მაისს, ა. ლ. მივიდა .... მიმდებარედ, სადაც შეხვდა ი. მ-ს, რომელიც ჩაუჯდა ავტომანქანაში და გაემართნენ ... ძეგლის მიმართულებით. ხ-ს ქუჩის ასახვევთან, ა. ლ-მ გააჩერა ავტომანქანა და ჩამოსვა ი. მ., ხოლო თავად განაგრძო გზა ლ-ისკენ. ი. მ-სა და ა. ლ-ს შეხვედრასა და ა. ლ-ს გადაადგილებას ლ-ისკენ, თვალს ადევნებდა დეტექტივი – ნ. ა., რომელმაც ზემოაღნიშნული დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას.
12. ამოღების ოქმის მიხედვით, 2023 წლის 12 მაისს, 09:40-09:53 საათზე, ... მიმდებარედ, ა. ლ-საგან ამოღებულია მოვერცხლისფრო ნაჭერში შეხვეული, მოთეთრო აბის ნატეხები და ფხვნილი, რომლებიც, მისი განმარტებით, შეიძინა ი. მ-საგან.
13. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2023 წლის 16 მაისის ქიმიური ექსპერტიზის №.... დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი, ვერცხლისფერ-თეთრი ფოლგის ნაწერში მოთავსებული, თეთრი ფხვნილისებრი ნივთიერება, ტაბლეტის სხვადასხვა ზომის ნატეხებთან ერთად, წონით – 0,5641გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს”, რაოდენობით – 0,0109 გრამს.
14. ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების შესახებ 2023 წლის 13 მაისის ოქმის მიხედვით, გამომძიებელმა – ბ. ლ-მ – ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით, ა. ლ-ს გადასცა 70 ლარი.
15. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერით დგინდება, რომ 2023 წლის 13 მაისს, 09:12:45 საათიდან 09:14:20 საათამდე, ... მიმდებარედ, საჭესთან მჯდომი ა. ლ. აჩერებს მოძრავ ავტომანქანას და წინა სავარძელზე, მძღოლის გვერდით ჯდება ი. მ., რომელიც მაშინვე უწვდის მას ხელს. ხელში კი მოთავსებული აქვს პატარა შეფუთვა, რომელსაც ა. ლ. ართმევს. ი. მ. მძღოლსა და მგზავრს შორის არსებული სათავსიდან იღებს გადაკეცილ ქაღალდის კუპიურებს, შლის და ითვლის.
16. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების – „საკონტროლო შესყიდვის“ შესახებ 2023 წლის 13 მაისის ოქმის მიხედვით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების „საკონტროლო შესყიდვის“ დავალების საფუძველზე, განხორციელდა ი. მ-საგან სავარაუდო ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა. ამ მიზნით ა. ლ-ს გადაეცა 70 ლარი. 2023 წლის 13 მაისს, ა. ლ. მივიდა ... მიმდებარედ, სადაც შეხვდა ი. მ-ს, რომელიც ჩაუჯდა ავტომანქანაში და გაემართნენ ... ძეგლის მიმართულებით. ხ-ს ქუჩის ასახვევთან, ა. ლ-მ გააჩერა ავტომანქანა და ჩამოსვა ი. მ., ხოლო თავად განაგრძო გზა ლ-სკენ. ი. მ-სა და ა. ლ-ს შეხვედრასა და ა. ლ-ს გადაადგილებას ლ-სკენ, თვალს ადევნებდა დეტექტივი – ლ. ხ., რომელმაც ზემოაღნიშნული დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას.
17. ამოღების ოქმის მიხედვით, 2023 წლის 13 მაისს, 09:40-09:55 საათზე, ... მიმდებარედ, ა. ლ-საგან ამოღებულია მოვერცხლისფრო ნაჭერში შეხვეული, მოთეთრო აბის ნატეხები და ფხვნილი, რომლებიც, მისი განმარტებით, შეიძინა ი. მ-საგან.
18. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2023 წლის 16 მაისის ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი, ვერცხლისფერ-თეთრი ფოლგის ნაჭერში მოთავსებული, თეთრი ფხვნილისებრი ნივთიერება, ტაბლეტის სხვადასხვა ზომის ნატეხებთან ერთად, წონით – 0,4667 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს”, რაოდენობით – 0,00927 გრამს.
19. პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2023 წლის 18 მაისს, 08:55-09:18 საათზე, ქ... მიმდებარედ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად, ი. მ-ს ხელთნაქონი ჩანთიდან ამოღებულია: მოვერცხლისფრო ქაღალდის ნაჭერსა და პოლიეთილენის პარკში შეხვეული მოთეთრო აბის ნატეხი, 2 ნაწილად და მცირედი ფხვნილი. საგამოძიებო მოქმედების ოქმში არსებული შენიშვნის თანახმად, ი. მ-ს მტკიცებით, მისგან ამორებული ნივთიერება არის „სუბოქსინი“, რომელიც უნდოდა პირადი მოხმარებისთვის.
20. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისის ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნითა და მოწმის სახით დაკითხლი ექსპერტის – თ. ო-ს – ჩვენებით, ექსპერტიზაზე წარდგენილი, ვერცხლისფერ-თეთრი ფოლგის ნაჭერში მოთავსებული, თეთრი ფხვნილისებრი ნივთიერება, ტაბლეტის 2 ნატეხთან ერთად, წონით – 0,1011გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რაოდენობით – 0,00176 გრამს.
21. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენით, ი. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დამატებითი სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი. ასევე – ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
22. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2023 წლის 17 მაისის წერილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის განაჩენით ი. მ-სათვის დაკისრებული ჯარიმა – 5000 ლარი გადახდილი არ არის.
23. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა და მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები ი. მ-ს მიმართ, შერაცხილი კვალიფიკაციით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ: მოწმე ა. ლ-ს ჩვენება, რომლის მიხედვით, მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა პირადი ჩხრეკისას ამოუღეს ნარკოტიკული საშუალება, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ამხილა ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი, თანმიმდევრული და დამაჯერებელია, ასევე – თანხვდენილია და დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა არაერთი უტყუარი მტკიცებულებით: ა. ლ-სგან ი. მ–საგან შეძენილი ნარკოტიკული საშულებების ამოღების ოქმებით, მოწმეების – ბ. ლ-ს, ლ. ხ-სა და გ. რ-ს ჩვენებებით, ისევე, როგორც – ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერებით, რომლებიც ცხადყოფს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ფარგლებში, საკონტროლო შესყიდვებისას, ი. მ-ს მიერ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინის“ 70-70 ლრად გასაღების ფაქტებს. შპს ,,....“ დირექტორის – ზ. ლ-ს – ჩვენებით კი დადგენილია, რომ ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამის განყოფილების პაციენტს – ი. მ-ს – რომელიც ყოველდღიურად იღებდა ნარკოტიკულ ნივთიერება „ბუპრენორფინის“ შემცველ პრეპარატს, არ ჰქონდა დაწესებულებიდან მისი გატანის უფლება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ი. მ-მ ა. ლ-ს ორჯერ უკანონოდ მიასაღა, მის მიერ უკანონოდ შენახული ნარკოტიკული საშუალებები.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: არც დაცვის მხარე უარყოფს, რომ ი. მ-მ შპს ,,დსმც – დამოკიდებულების სამედიცინო მართვის ცენტრიდან“ გამოტანილი ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც მისი პირადი მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი, 2023 წლის 12 და 13 მაისს გადასცა ა. ლ-ს, თუმცა ამტკიცებენ, რომ არ მიუსაღებია, არამედ – მათ რიგრიგობით გამოჰქონდათ ხოლმე სამედიცინო ცენტრიდან ნარკოტიკული საშუალებები, რაც ეწინააღმდეგება, როგორც საქმეში წარმოდგენილი, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებს, რომელთაც, ამ სამხილების ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების შეფასების დროს, უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს, ასევე, საქმეზე დადგენილ ობიექტურ მოცემულობას, როდესაც ი. მ-მ მისთვის, სამედიცინო მიზნით განკუთვნილი ნარკოტიკული საშუალებები, თანხის სანაცვლოდ გადასცა ა. ლ-ს. საკასაციო სასამართლო, რა თქმა უნდა, კვლავაც იმეორებს, რომ ნარკოტიკული საშუალების გადაცემა ავტომატურად არ ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების გასაღებას და, რომ, ნარკოტიკული საშუალების ხელიდან ხელში გადაცემა არ გამორიცხავს – ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განაჩენი საქმეზე №844აპ-22, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 8), მაგრამ განსახილველ შემთხვევაში, მხედველობაშია მისაღები ი. მ-ს ქმედებები, რომელიც უკავშირდება არა მარტო ნარკოტიკული საშუალების ფორმალურად ხელიდან ხელში გადაცემას, არამედ – მათთვის კონკრეტული ფასის განსაზღვრას და მის მიერ დადგენილი ანაზღაურების სანაცვლოდ სხვისთვის გადაცემას, რაც ეჭვგარეშე მიუთითებს ნარკოტიკული საშუალებების საკუთარი მიხედულებით განკარგვაში და, შესაბამისად, მათ გასაღებაში ი. მ-ს აქტიურ მონაწილეობაზე.
25. საკასაციო სასამართლო აქვე ადასძენს, რომ კასატორის საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში, რასაც იზიარებს საკასაციო სასამართლოც და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009).
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდონარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. მ-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობს ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე საფუძველი.
27. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, გათვალისწინებული, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით, თუმცა ამავე კანონის მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა), ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, ამ მუხლის პირველი ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო გასაღებისა, ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა ან მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღებისა) ჩადენისთვის.
შესაბამისად, ი. მ-ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელებზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება, მაგრამ მას უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელები.
28. ამავდროულად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა). შესაბამისად, . უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით შეფარდებული სასჯელისაგან – 4 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩათვლილი ჰქონდა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით, მაგრამ ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 1-ელი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა), მისთვუს შეფარდებულ, 5000-ლარიან ჯარიმაზე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ ვრცელდება.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ი. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ი. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განაჩენი შეიცვალოს:
3. ი. მ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 12 მაისის ეპიზოდი) და მიესაჯოს – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდეს და განესაზღვროს – 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 12 მაისის ეპიზოდი) – 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 13 მაისის ეპიზოდი) და მიესაჯოს – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდეს და განესაზღვროს – 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 13 მაისის ეპიზოდი) – 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 18 მაისის ეპიზოდი) – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდეს და განესაზღვროს – 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 12 მაისის ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქას სხვა სასჯელები და ი. მ-ს განესაზღვროს – 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი;
11. ი. მ. გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით შეფარდებული სასჯელისაგან – 4 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩათვლილი აქვს პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით;
12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა – 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქას წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5000-ლარიანი ჯარიმა – და ი. მ-ს, საბოლოო სასჯელად განესაზღვროს – 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალოს 2023 წლის 18 მაისიდან;
13. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება – 5 წლით; საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები – 15 წლით, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება – 20 წლით;
14. ნივთმტკიცებებად ცნობილი – ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკული საშუალებების შესაფუთი მასალა განადგურდეს; ი. მ-სგან ამოღებული მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო დისკები – შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
15. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი