Facebook Twitter

საქმე N 330100123008011792

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№1139აპ-24 12 თებერვალი, 2025 წელი

მ. ე., 1139აპ-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 თებერვლის განაჩენით ე. მ., – დაბადებული ..., – ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 25 აგვისტოს ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 6 სექტემბრის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 7 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახლედად, ხოლო 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ე. მ-ს საბოლოოდ მიესაჯა – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 7 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახლედად, ხოლო 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 2 წელი და 6 თვე. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. სასამართლომ დაადგინა, რომ ე. მ-მ ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა (ორი ეპიზოდი) და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2023 წლის 25 აგვისტოს, ... კორპუსის მიმდებარედ, ე. მ-მ ა. გ-ს 200 ლარად უკანონოდ მიასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული – 0,0122 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2023 წლის 25 აგვისტოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელებმა ამოუღეს ა. გ-ს.

2.2. ე. მ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 0,0093 გრამი ნარკოტიკული საშუალება – „ჰეროინი“, რომელსაც 2023 წლის 6 სექტემბერს, ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად, ... ქუჩის №-- კორპუსის მიმდებარედ და შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოუღეს 2023 წლის 6 სექტემბერს ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპატამენტის პროკურორმა – შმაგი გობეჯიშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ე. მ-სათვის სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, მის სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრას.

4. მსჯავრდებულ ე. მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი – ფ. მ., წარდგენილი სააპელაციო შესაგებლით, ითხოვდა, არ დაკმაყოფილებულიყო სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩენილიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 თებერვლის განაჩენი, რომელიც კანონიერად და სამართლიანად მიაჩნდა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 თებერვლის განაჩენი შეიცვალა: ე. მ. ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 25 აგვისტოს ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 6 სექტემბრის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ე. მ. საბოლოოდ მიესაჯა – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 6 სექტემბრიდან. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ფ. მ-მ, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ე. მ-სათვის სასჯელის შემსუბუქებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან გამოყენებულია სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნათლად იკვეთება წაქეზება, რომლის გარეშე, ე. მ-ი საერთოდ არ ჩაიდენდა დანაშაულს. მსჯავრდებული დაავადებულია ნარკომანიით, რაზეც მიუთითებს: ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნა, რომელიც ცხადყოფს, რომ დაკავებისას, იგი კლინიკურად იმყოფებოდა ნარკოტიკული თრობის მდგომარებაში: ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ ე.მ. „მეტადონის“ ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარია და №... პენიტენციური დაწესებულების მთავარი ექიმის წერილი და ფორმა №100, რომლებითაც დგინდება, რომ მსჯავრდებულს სპეციალური მკურნალობა ესაჭიროება. ე. მ-მ აღიარა დანაშაული, დაცვის მხარემ კი სასამართლოს წარუდგინა ე. მ-ს გამოკითხვის ოქმი, რომელიც ადასტურებს გამოძიებასთან მის თანამშრომლობას, რომლის შედეგად დაკავებულია ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული ა. ა. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მსჯავრდებულს სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა – მოწმეების: ა. გ-ს, კ. გ-ს, ნ. ყ-სა და ო. ჩ-ს გამოკითხვის ოქმები/ჩვენებები; ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმი; ამოღების ოქმი; პირადი ჩხრეკის ოქმი; ნარკოლოგიური შემოწმების №... დასკვნა; ქიმიური ექსპერტიზების №.... და №...- დასკვნები; ფარული საგამოძიებო მოქმდებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერები; ფონოსკოპიური №...., ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური №... ექსპერტიზების დასკვნები – რომლებიც, მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარებასთან ერთობლივად, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ე. მ-მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებები – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა (ორი ეპიზოდი) და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება – რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოდ არც გამხდარა.

3. საკასაციო საჩივარში გაცხადებულ, დანაშაულის შესაძლო წაქეზებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სახელისუფლებო ორგანოებს განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდების გამოყენება უწევთ, რაც საჭიროა ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების პროცესში. ამასთან დაკავშირებით, სასამართლომ დაადგინა, რომ განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდები, კერძოდ, ფარული ოპერაციების ჩატარების ტექნიკა, თავისთავად, არ არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას. მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ ასეთი ტექნიკის გამოყენება დაკავშირებულია დანაშაულის წაქეზების რისკთან, მათი გამოყენება მკაცრად დაცულ ფარგლებში უნდა იყოს დასაშვები (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პუნქტი 51). სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პოლიცია უფლებამოსილია, ჩაატაროს ფარული ოპერაციები, მაგრამ არა წააქეზოს დანაშაული (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Khudobin v. Russia, პუნქტი 128). განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ე. მ-ს საქმის სამართალწარმოებისას დაცული იყო შეჯიბრებითი პროცესის უფლება და დაცვის მხარეს ჰქონდა ეფექტური შესაძლებლობა, სასამართლოში ედავა მსჯავრდებულის მიმართ დანაშაულის შესაძლო პროვოკაციის თაობაზე. საკასაციო სასამართლომ კი, შესაბამისად, იმსჯელა საკასაციო საჩივარში ამ კუთხით გაცხადებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით (პროცესუალური ტესტი). ხაზგასასმელია, რომ საქმეზე გამოძიებას საფუძვლად დაედო მოქალაქე ა. გ-ს მიერ სამართალდამცავებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ე. მ-მ, რომელიც ასაღებდა ნარკოტიკულ საშუალებებს, შესთავაზა, რომ ერთ შეკვრა „ჰერონს“ მიჰყიდდა 100 ლარად. ა. გ-მ ე. მ-ს მხილების მიზნით, თავად განაცხადა თანხმობა, მონაწილეობა მიეღო საგამოძიებო მოქმედებებში; ა. გ-ს გამოკითხვისას მითითებული, შესაძლო დანაშაულის გამოძიებისა და დამნაშავის მხილების მიზნით, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა პროკურატურისა და სასამართლოს უშუალო კონტროლით; ე. მ-ს დანაშაულებრივი წინასწარგანწყობა კი, სარწმუნოდ დგინდება ა. გ-სთან შეხვედრისას გამოვლენილი აქტივობით. კერძოდ, ცხადად იკვეთება, რომ მსჯავრდებული თავად განკარგავს სრულად, რა ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებას გადასცემს ა. გ-ს და – რა ფასად. შეხვედრისთანავე ეუბნება მას: „ორის ფული მომეცი“. ა. გ-ს ჩაკითხვაზე: „ – ორის ხომ? აქვე მოგცე?“ კვლავ უმეორებს: „ – ორის ფული მომეცი“. ნარკოტიკული საშუალების გადაცემის შემდეგ კი, როდესაც ა. გ. საყვედურობს მას სიტყვებით: „– აუ, ამაში არაფერი არ არის“, ე. მ. არწმუნებს: „ – ბავშვებს გეფიცები, სავსეა. ხელით გასინჯე. დარწმუნებული ვარ, კარგია“. ამავდროულად, სწორედ მსჯავრდებულის ქმედებაში იკვეთება ა. გ-ასთან დანაშაულებრივი ურთიერთობის გაგრძელების სურვილი, როდესაც დამშვიდობებისას ეკითხება მას: „ – ისე, როდის შევხვდებით კიდევ?“ შესაბამისად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერი ცხადყოფს მსჯავრდებულის აქტიურ როლს ნარკოტიკული საშუალებების გასაღებაში, ადასტურებს, რომ ე. მ თავისი სურვილით მოქმედებდა და მასზე რაიმე სახის ზეწოლას ან/და იძულებას ადგილი არ ჰქონია (მატერიალური ტესტი). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ე. მ-ს მიმართ დანაშაულის შესაძლო პროვოკაცია არ იკვეთება.

4. რაც შეეხება მსჯავრდებულ ე. მ-სათვის განსაზღვრულ სასჯელს, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97).

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ასევე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (აღიარა ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) მხედველობაში მიღებით, ე. მ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის სანქციით დადგენილი მინიმალური სასჯელი – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა – განუსაზღვრა, რომლის კიდევ უფრო შემსუბუქება და სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა, ამოღებული ნარკოტიკული საშუალების სახეობიდან (,,ჰეროინი“ ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებაა) გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი.

7. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ საქმეზე ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები და განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რისი გათვალისწინებითაც, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის ჩადენაში მხილება, იმავდროულად, წარმოადგენდა დანაშაულზე წასწრებას, რის გამოც, სასამართლო კანონისმიერად იყო შეზღუდული, ე. მ-სათვის შეფარდებული სასჯელის ნაწილი ჩათვალა პირობით მსჯავრად. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამდენად, სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის ერთ-ერთი სავალდებულო წინაპირობაა ჩადენილი ქმედების აღიარება, იმ დათქმით, რომ დამნაშავისათვის დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე არ წაუსწრიათ, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მიზნებისთვის, უკარგავს სწორედ ფასს დანაშაულის აღიარებას, რომელსაც წინ უსწრებდა დამნაშავის მხილება და მისი დევნა. შესაბამისად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას, დანაშაულის მხილება, რომელსაც ჩადენისას ან ჩადენისთანავე არ მოჰყოლია დამნაშავის სისხლისსამართლებრივი დევნა, იმავდროულად ვერ შეფასდება დანაშაულზე წასწრებად (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განაჩენი №947აპ-14 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 6) ამავდროულად, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება, მასში გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის დროსაც კი, წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და არა – ვალდებულებას. შესაბამისად, გადაწყვეტილების მოტივაციისას ზემოხსენებულ არგუმენტებზე მითითებით, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ე. მ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას.

8. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა). შესაბამისად, ე-–-------- მ------ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით შეფარდებული სასჯელებისაგან. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ სასჯელს, საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით. ამდენად, ე. მ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეფარდებულ სასჯელზე საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი ვერ აღსრულდება.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ე. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განაჩენი უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ე. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ე. მ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 25 აგვისტოს ეპიზოდი) და მიესაჯოს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლისგანაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს;

4. ე მ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 6 სექტემბრის ეპიზოდი) და მიესაჯოს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლისგანაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს;

5. ე. მ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიესაჯოს – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალოს 2023 წლის 6 სექტემბრიდან;

6. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება – 5 წლით; საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები – 15 წლით, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება – 20 წლით;

7. ნივთმტკიცებებად ცნობილი – ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოტიკული საშუალებების შესაფუთი მასალა და ნერწყვის ნიმუში განადგურდეს; ამოღებული: სათვალე, ფსალმუნი, მობილური ტელეფონი, „ბლუთუზი“, ბრტყელტუჩა, „ID“ ბარათი, მართვის მოწმობა, ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა, აფთიაქის ბარათი, ქვითარი და ფული – დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო დისკები და პაკეტი – შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი