საქმე N 030100124008924529
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1051აპ-24 ქ. თბილისი
ჟ. მ., 1051აპ-24 20 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განაჩენზე ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის – ალექსანდრე კოდუას საკასაციო საჩივარი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. ჟ-ს ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:
2024 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, ხ-ს მუნიციპალიტეტის ხ-ს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მ. ჟ-სა და მისი დის – ი. ჟ-ს – საცხოვრებელ სახლში, მ. ჟ-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს (აღენიშნება მენჯ-ბარძაყის ამოვარდნილობა და გადაადგილდება ხელჯოხით) – ი. ჟ-ს წაართვა ხელჯოხი, ჰკრა ხელი, წააქცია და თავის მიდამოში ხელჯოხის ერთხელ დარტყმით, მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 აპრილის განაჩენით მ. ჟ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
მ. ჟ., – დაბადებული ... წელს, ნასამართლობის არმქონე – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მ. ჟ-ს სასჯელის ვადად ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2024 წლის 12 იანვრიდან 2024 წლის 28 მარტის ჩათვლით.
მ. ჟ-ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალა პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გაუქმდა მ. ჟ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილე, ალექსანდრე კოდუამ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ – მ. ჟ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილემ, ალექსანდრე კოდუამ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მ. ჟ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და შესაბამისი სასჯელის შეფარდებას, შემდეგ გარემოებათა გამო: საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილია, რომ ი. ჟ-ს აქვს მენჯ-ბარძაყის ამოვარდნილობა და გადაადგილდება ხელჯოხით, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზარალებულს რეალურად აქვს შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობა. ის გარემოება, რომ დაზარალებულმა არ ისარგებლა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებით (არა ვალდებულებით) და აღნიშნული სტატუსის მისაღებად არ მიმართა კომპეტენტურ ორგანოს – არ გამორიცხავს დანაშაულის ჩადენას – მითითებული დამამძიმებელი გარემოებით. სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასა და საერთაშორისო კანონმდებლობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის, ალექსანდრე კოდუას საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საქმეში არსებული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: გამოძიების დაწყვების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინებით, პატაკით, დაზარალებულ ია ჟ-----ს, მოწმეების: რ. გ-ს, შ. ბ-ს, კ. გ-ს, ნ. ბ-ს, ს. კ-ს, ნ. ც-ს, ბ. ბ-ს, კ. კ-ს, თ. თ-ს, დ. ბ-ს გამოკითხვის ოქმებით, მ. ჟ-ს აღიარებითი ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნიმუშის აღების ოქმებით, დაკავების ოქმით, შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით, ამოღების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება მ. ჟ-ს მიერ ოჯახის წევრის – დის ი. ჟ-ს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტი, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
3. რაც შეეხება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრით წამოჭრილ სადავო საკითხს, საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, მ. ჟ-მ ჩაიდინა თუ არა დანაშაული მაკვალიფიცირებელი ნიშნით, კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, ბრალდების შესახებ დადგენილების კვალიფიკაციის მიხედვით – საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
4. სააპელაციო პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ. 2023 წლის 1 ივნისის განაჩენი, N208აპ-23 საქმეზე) და განმარტავს, რომ ვინაიდან დაზარალებულ ი ჟ-ს არ აქვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი და არ არის წარმოდგენილი მისთვის მინიჭებული სტატუსის დამდგენი შესაბამისი დოკუმენტი, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, დამოუკიდებლად განსაზღვროს დაზარალებულის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი. ამდენად, მ. ჟ-ს ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების თაობაზე, კანონიერია. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: იმისათვის, რათა პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს, წინასწარი შეცნობით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ჩადენილად, მნიშვნელოვანია ორი გარემოების ერთდროულად არსებობა: პირი ნამდვილად უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ამის შეცნობა უნდა იყოს შესაძლებელი დანაშაულის ჩამდენი პირისათვის.
6. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. ჟ-ს ოფიციალურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი არ გააჩნია. საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხ-ს სერვისცენტრის 2024 წლის 29 იანვრის წერილის თანახმად, დასტურდება, რომ ი. ჟ-ს ოჯახი არაა რეგისტრირებული სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა ერთიან ბაზაში, არ იღებს რაიმე სახის სახელმწიფო გასაცემელს (სახელმწიფო პენსიას, სოციალური პაკეტი, სახელმწიფო კომპენსაცია).
7. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებით, დაზარალებულ ი. ჟ-ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ცხოვრობს ხ-ს მუნიციპალიტეტის ხ-ს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მ. ჟ-ს და თავის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, მ. ჟ-სთან ერთად. დაზარალებულს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, კერძოდ, მენჯ-ბარძაყის ამოვარდნილობა, რის გამოც, 3-4 წელია გადაადგილდება ხელჯოხით. ი. ჟ-ს განმარტებით, მას ხელჯოხის გარეშე გადაადგილება არ შეუძლია. მათი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების ბაზაში. ამ ეტაპზე სოციალურ დახმარებას არ იღებენ. 2024 წლის 11 იანვარს ის და მ. იმყოფებოდნენ სახლში, დღის მეორე ნახევარში მ-მ ჩააბარა სახლში მოყვანილი დაფნის ფოთოლი. ი. ჟ-მ ჰკითხა, თუ რა ფასად ჩააბარა და სად წაიღო მიღებული შემოსავალი, რაზეც მან უპასუხა, რომ დაფნა იყო 120 ლარის ღირებულების, მაგრამ თანხა არ ჰქონდა. ამის გამო, დაზარალებული გაბრაზდა და შეელაპარაკა მ-ს, რომელიც იყო ნასვამი. ამ დროს იქნებოდა, დაახლოებით, 2024 წლის 12 იანვრის 01.00 საათი, დაზარალებული ადგა და ხელჯოხის მეშვეობით, გაემართა საპირფარეშოსკენ. ამ მომენტში მ. ჟ-მ ხელიდან წაართვა ხელჯოხი, რომლითაც გადაადგილდებოდა, ხელი ჰკრა და წაიქცა, ხოლო წაქცეულს მ-მ ხელჯოხი ერთხელ ძლიერად ჩაარტყა თავის არეში. ი. ჟ-ს თავიდან წამოუვიდა სისხლი და იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი, რის გამოც, მან დაიკივლა. დაზარალებულმა დამოუკიდებლად ვერ შეძლო წამოდგომა და თვითონ მ-მ შეიყვანა სახლში. რამდენიმე წუთში მივიდა სამედიცინო დახმარების ბრიგადა და აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.
8. საკასაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ივნისის N208აპ-23 გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ ვინაიდან პირს არ აქვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი და არ არის წარმოდგენილი მისთვის მინიჭებული სტატუსის დამდგენი შესაბამისი დოკუმენტი, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, დამოუკიდებლად განსაზღვროს დაზარალებულის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი.
9. მითითებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა გავმიჯნოთ საკასაციო სასამართლოს მიერ ამჟამად განსახილველი საქმის გარემოებებისგან, კერძოდ: N208აპ-23 გადაწყვეტილების მიხედვით, გ. კ-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვაიფაის აპარატის, ე.წ. „როუტერის“ თავის არეში რამდენჯერმე დარტყმით, ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა ს. ვ-ს, რომელსაც წარსულში მიღებული ფიზიკური ტრავმების გამო, შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უნარი. განსახილველ საქმეზე კი, მ. ჟ. დაზარალებულ ი. ჟ-ს შეზღუდულ შესაძლებლობას, რაც მსჯავრდებულს კარგად აქვს შეცნობილი, იყენებს მის წინააღმდეგ, ხელიდან ართმევს სწორედ იმ ხელჯოხს, რომლითაც გადაადგილდებოდა, შემდეგ ხელს ჰკრავს და წააქცევს, წაქცეულს კი ხელჯოხს თავის არეში ერთხელ ძლიერად ურტყამს, რის შემდეგაც, დაზარალებული დამოუკიდებლად წამოდგომაც კი ვერ ახერხებს და თვითონ მ-ს შეჰყავს სახლში.
10. განსახილველ საქმეზე ცალსახად დასტურდება, რომ, ერთის მხრივ, დაზარალებულ ი. ჟ-ს აქვს მყარი, აშკარად გამოხატული და თვალსაჩინო ფიზიკური დარღვევა, რაც მსჯავრდებულისათვისაც ცნობილია, ხოლო, მეორე მხრივ, მ. ჟ. მისი ქმედებით – ჯოხის წართმევით, ხელის კვრითა და წაქცევით – დაზარალებულის შეზღუდულ შესაძლებლობას იყენებს ი. ჟ-ს წინააღმდეგ, რის შედეგადაც, ართმევს და ობიექტურად უზღუდავს თავდაცვის თანაბარ, თანასწორ შესაძლებლობას. ასეთ ვითარებაში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღარ არის საჭირო, განსხვავებით წინა საქმისგან, შშმ სტატუსის დამატებით დადგენა.
11. გარდა ზემოაღნიშნულისა, შეზღუდული შესაძლებლობების ქონა, როგორც მაკვალიფიცირებელი გარემოება, სისხლისსამართლებრივი მიზნებისათვის უნდა შეფასდეს არა მარტო მკაცრად ფორმალური მიდგომით, კერძოდ, სასამართლო ყოველთვის არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ იმ ფაქტით, რომ დაზარალებულს შესაბამისი ორგანოს მიერ არ აქვს მინიჭებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი, არამედ – სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, უნდა დაადგინოს და შეაფასოს, იკვეთება თუ არა შესაძლებლობათა შეზღუდვის რეალურად და ფაქტობრივად გამოხატული დარღვევები, რამაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს, გავლენა იქონიოს პირის თავდაცვისუნარიანობაზე და მიუთითებდეს მის მოწყვლადობას. შეზღუდული შესაძლებლობების ქონის მაკვალიფიცირებელ გარემოებად მიჩნევით, კანონმდებლის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ ხაზი გაესვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის მომეტებულ საჭიროებაზე.
12. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ პირის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ოფიციალური სტატუსის არარსებობის განმაპირობებელი გარემოებები, შესაძლებელია აგრეთვე იყოს ისეთი მოცემულობა, როგორიცაა, მაგალითად: მითითებულ საკითხზე საერთოდ ინფორმაციის არქონა, სერვისების ხელმისაწვდომობაზე ფიზიკური სიშორე და სხვა ობიექტური მიზეზები. დასაშვებია ისეთი ვითარებაც, როდესაც პირმა კომპეტენტურ ორგანოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ოფიციალური სტატუსის მოსაპოვებლად მიმართა, მაგალითად, დანაშაულის ჩადენამდე ერთი ან რამდენიმე დღით ადრე, რა დროშიც, კანონით დადგენილი პროცედურების გავლისა და შესაბამისი დასკვნის გაცემის პროცესში, ვერ მოესწრო მისთვის შშმ სტატუსის მინიჭება. ყოველივე აღნიშნული კი გამოიწვევს პირის უფლებრივად არათანასწორ მდგომარეობაში ჩაყენებას.
13. ამავდროულად, ხაზგასასმელია, რომ სასამართლო არ ადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსს, სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის თვალსაზრისით და სასამართლოს დასკვნა ამ მიმართებით არ უთანაბრდება პირისათვის შშმ პირის სტატუსის მინიჭებას (რაც განსაზღვრულია კანონით დადგენილი წესითა და შესაბამისი პროცედურის გავლით). სასამართლო აფასებს მხოლოდ იმ გარემოებას, ობიექტურად და რეალურად იკვეთება თუ არა პირის ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევები, რამაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს, გავლენა იქონიოს მის თავდაცვისუნარიანობაზე და მიუთითებდეს პირის განსაკუთრებულ მოწყვლადობას, რაც ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის დადგენად და, შესაბამისად, შშმ სტატუსის დამდგენ სათანადო დოკუმენტად. ამასთან, საკასაციო სასამართლო აზუსტებს, რომ სისხლისსამართლებრივი მიზნებისათვის შეზღუდული შესაძლებლობების განსაზღვრა, ყოველთვის არ უნდა იყოს მხოლოდ პირის სტატუსსა და მის მიერ საკუთარი უფლების გამოყენება/არგამოყენებაზე დამოკიდებული, არამედ აღნიშნული უნდა დადგინდეს, ყოველი კონკრეტული საქმის ინდივიდუალური ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ჟ-მ დანაშაული ჩაიდინა – მაკვალიფიცირებელი ნიშნით – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ. ამდენად, უნდა შეიცვალოს მის მიმართ მსჯავრად შერაცხილი ქმედების კვალიფიკაცია და მ. ჟ-ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
15. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
16. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
18. საკასაციო სასამართლომ შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-531-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული), მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, წარსულში არ არის ნასამართლევი, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია) და დამამძიმებელი (დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ) გარემოებების მხედველობაში მიღებით, მიაჩნია, რომ მ. ჟ--ს, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით (ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას) უნდა მიესაჯოს – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების გამოყენებით, უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, იმავე გამოსაცდელი ვადით. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული სრულად აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ, პირობითი მსჯავრის დანიშვნისათვის აუცილებელ წინაპირობებს, სახელდობრ, მან ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელსაც აღიარებს, ასევე თანამშრომლობს გამოძიებასთან და წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. აქვე საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. ჟ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათები ვერ გავრცელდება − ამავე კანონის მე-9 მუხლის მეორე პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე (ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე), ვინაიდან მან ჩაიდინა ოჯახური დანაშაული.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის ალექსანდრე კოდუას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განაჩენი უნდა შეიცვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის – ალექსანდრე კოდუას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მ. ჟ-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
4. მ. ჟ. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი.
5. მ. ჟ-ს სასჯელის ვადად ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2024 წლის 12 იანვრიდან 2024 წლის 28 მარტის ჩათვლით.
6. მსჯავრდებულ მ. ჟ-ს დაეკისროს მოვალეობა – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ. ჟ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.
8. ნივთმტკიცებები: სისხლის, ნერწყვისა და ხელის ანაბეჭდის ნიმუშები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნაწილაკები – განადგურდეს, ხოლო: ხის ხელკეტი, ბალიშის პირი, მ. ჟ-სა და ი. ჟ-ს ტანსაცმელი – დაუბრუნდეთ მათ მესაკუთრეებს.
9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. ფაფიაშვილი